ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, „ოცნების“ მთავრობამ არაბული ინვესტიციის განხორციელება დააანონსა.
აღნიშნული ტერიტორია შედის ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ ტერიტორიის [საიტის] საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს.
საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაც აქვს ვალდებულება შექმნას და დაიცვას ზურმუხტის ტერიტორია. საინვესტიციო პროექტის გამო კი მთავრობა, „საჭიროების შემთხვევაში“, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის საზღვრის კორექტირებასაც განიხილავს.
„მე შემიძლია გითხრათ „ზურმუხტის ქსელის“ საიტს ამ პროექტის გარეშე რა პრობლემები აქვს. ეს პრობლემები რამდენად გამძაფრდება, ან პირიქით შერბილდება, ამ პროექტის განხორციელების შედეგად – ეს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს უნდა განიხილონ.
საზღვრის შეცვლა კი მარტივი პროცესი არ არის. ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორია და საკითხი დაისმება ბერნის კონვენციის სამდივნოს და ევროკომისიის დონეზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საზოგადოება „საბუკოს“ დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი.
საზოგადოება „საბუკო“ ძირითადად ბიომრავალფეროვნების დაცვასა და კონსერვაციას ემსახურება.
რას ნიშნავს ზურმუხტის ქსელი და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის, ამ თემაზე „ბათუმელები“ ირაკლი მაჭარაშვილს ესაუბრა.

ირაკლი მაჭარაშვილი
- ბატონო ირაკლი, რას ნიშნავს „ზურმუხტის ქსელი“ და კონკრეტულად „ჭოროხის დელტა“ რითია უნიკალური?
„ზურმუხტის ქსელი“ არის ბერნის კონვენციის, ანუ „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ ცხოვრებაში დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი და გულისხმობს ამ კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების ანუ საბინადრო გარემოს შენარჩუნებას. არის ჩამონათვალი თუ რომელ სახეობებს, ჰაბიტატებს იცავს კონვენცია. ქვეყნები, რომლებიც არიან ბერნის კონვენციის წევრები, ვალდებულნი არიან თითოეული სახეობა და ჰაბიტატი ჰქონდეთ სათანადო დონეზე დაცული თავის ქვეყანაში.
სათანადო დონეზე დაცული ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს არცერთი სახეობა და არცერთი ჰაბიტატი ქვეყანაში [ამ შემთხვევაში საქართველოში, წევრ ქვეყანაში], სადაც არ იქნება სპეციალური ეს „ზურმუხტის ქსელის“ საიტი გამოყოფილი და სადაც არ იქნება მათი დაცვის მექანიზმები. ამის ეკვივალენტური ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის ეგრეთ წოდებული Natura 2000-ის ქსელი. ანუ, დაახლოებით ერთი და იგივე ქსელია და ფუნქციონირებისთვის დამატებითი სამართლებრივი მექანიზმია ე.წ. „ჰაბიტატების დირექტივა“.
„ჰაბიტატების დირექტივაც“ არის ევროკავშირის კანონმდებლობის, ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ამ კანონმდებლობის მიხედვით გამოყოფილი უნდა იყოს ბუნების კონსერვაციის სპეციალური ტერიტორიები და ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიები. სწორედ ამ კრიტერიუმების კომბინაციით იქმნება „ზურმუხტის ქსელის“ საიტები, ანუ ტერიტორიები. ამას ჰქვია „სპეციალური კონსერვაციული ინტერესის მქონე ტერიტორიები“.
საქართველოში ამ კონვენციის მიხედვით არის სამი ბიოგეოგრაფიული რეგიონი: ალპური, შავი ზღვის და სტეპური.
თითოეულ ამ ბიოგეოგრაფიულ რეგიონში უნდა იყოს თითოეული სახეობა სათანადოდ დაცული. აი, მაგალითად, მურა დათვი სამივე რეგიონში არის, მაგრამ სამივე რეგიონში უნდა არსებობდეს სათანადო რაოდენობის, ზომისა და ხარისხის „ზურმუხტის ქსელის“ საიტები, სადაც ეს სახეობა – მურა დათვი იქნება დაცული.
ჭოროხის დელტა, როგორც ასეთი კლასიკური დაცული ტერიტორია არ არის. ის არის „ზურმუხტის ქსელის“ საიტი, ასე ჰქვია – „ჭოროხის დელტა“ სათანადო კოდით. საიტის დამტკიცებას თავისი კრიტერიუმები აქვს. მაგალითად საქართველოს მთავრობა ამზადებს ექსპერტული შეფასების საფუძველზე, მერე აგზავნის ბერნის კონვენციაში და იქ სათანადო შეფასების საფუძველზე ამტკიცებენ ან არ ამტკიცებენ ამა თუ იმ საიტს.
საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ჭოროხის დელტა, როგორც აღვნიშნე, დამტკიცებული საიტია.
- მოგეხსენებათ ამ ტერიტორიაზე არაბული ინვესტიციაა დაანონსებული და ხელშეკრულებაც სახელმწიფოს გაფორმებული აქვს. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალურად მომწერა, რომ ინვესტორს (Eagle Hills) ჯერ არ წარმოუდგენია სგშ და „ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასების“ დოკუმენტაცია. თუმცა, არსებობს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის განკარგულება, რომელიც ავალებს სამინისტროს „ზურმუხტის“ საზღვრების კორექტირებას „საჭიროებიდან გამომდინარე“. ხომ არ გამოდის, რომ თამაშის შედეგი წინასწარვე ცნობილია და ეს „შეფასებები“ მხოლოდ ფორმალობა იქნება?
საინტერესოა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] უნდა წარმოადგინონ, თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ანუ გზშ? „ზურმუხტის ქსელზე“ ზემოქმედების შეფასება კიდევ სხვა რაღაცაა. სამი სხვადასხვა ტიპის დოკუმენტია.
იმისდა მიხედვით, რა ტიპის პროექტი იგეგმება, პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი არის, რა ტიპის შეფასება ეკუთვნის.
რადგან ზუსტად არ ვიცით კონკრეტულად რა იგეგმება, ვერ გეტყვით – მიეკუთვნება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
„ზურმუხტის ქსელზე“ ზემოქმედების შეფასება კი არის დოკუმენტი, რომელიც მზადდება ევროკომისიის, უფრო სწორად „ჰაბიტატების დირექტივის“ შესაბამისად. ნებისმიერი პროგრამა ან პროექტი ამ დირექტივის შესაბამისად, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს „ზურმუხტის ქსელზე“, ექვემდებარება ეგრეთ წოდებულ შესაბამისობის შეფასებას [Appropriate Assessment], საქართველოს პრაქტიკაში უწოდებენ ხოლმე „ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასებას“ და აუცილებელია, რომ გაიაროს.
ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასება არც ისე მოცულობითი შეფასებაა, როგორც ყოვლისმომცველი გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ის ამოწმებს, წარმოდგენილი პროექტი ან პროგრამა ახდენს თუ არა ზეგავლენას „ზურმუხტის ქსელით“ დაცულ სახეობებზე და ჰაბიტატებზე და ხომ არ მოახდენს ზემოქმედებას ქსელის მთლიანობაზე – მეტს არაფერს. მაგრამ, თუ პასუხი არის უარყოფითი, ცალსახად, ასეთი პროექტი ვერ განხორციელდება.

ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის – „ჭოროხის დელტას“ რუკა. მწვანე ფერით მონიშნულია საიტის საზღვრები. ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, რომელსაც არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ, მთლიანადაა მოქცეული ამ საზღვრებში /24.06.2026 / წყარო: ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტო
თქვენ რაც ბრძანეთ, რომ მთავრობის განკარგულება არსებობს, რომელიც კორექტირებას ითხოვს საზღვრების, რამ გამოიწვია ასეთი განკარგულების გამოცემა, ჩემთვის ცოტა რთული გასაგებია, იმდენად, რამდენადაც „ჰაბიტატების დირექტივა“ არ ადგენს რა მანძილზე უნდა მიმდინარეობდეს ესა თუ ის დაგეგმილი საქმიანობა თვითონ ამ „ზურმუხტის საიტიდან“.
იმისათვის რომ ჩატარდეს „ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასება“, არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც საიტის ტერიტორიაზე ხდებოდეს საქმიანობა. შეიძლება ხდებოდეს გვერდით, ან ამ „ზურმუხტის საიტიდან“ მოშორებით, თუმცა წესით უნდა დაექვემდებაროს შეფასებას, თუ ზემოქმედება მოსალოდნელია.
რით არის გამოწვეული მთავრობის ასეთი განკარგულება, ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ, რომ ამ განკარგულებით თუ მოახდენენ საზღვრების კორექტირებას, ამით ასეთი ტიპის შეფასების საჭიროებას ვერანაირად ვერ აიცილებენ.
- სამინისტრო აცხადებს, რომ სტრატეგიული შეფასების (სგშ) მიზანია „უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება“. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ჭოროხის დელტაზე მეგასასტუმროების, იახტკლუბის და სხვა ინფრასტრუქტურის აშენება ისე, რომ ზიანი „მინიმალური“ იყოს? თუ ჩაბეტონება აქ ავტომატურად ნიშნავს არსებული ეკოსისტემის განადგურებას?
არა, ვერაფერს ვერ გეტყვით წინასწარ. ძალიან არაპროფესიული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა, რომ პროექტი, რომელიც არ მინახავს და არ შემიფასებია მოახდენს რაღაცა ტიპის ზეგავლენას, ან არ მოახდენს ზეგავლენას. ეგ შეუძლებელია. პროექტი უნდა ვნახოთ და კონკრეტულად რა ზეგავლენა ექნება, იმის მიხედვით უნდა შეფასდეს. ზოგადი რენდერების მიხედვით ეგ არ ფასდება. ფასდება იმ ზემოქმედების მიხედვით, რომელსაც კონკრეტული პროექტი შეიძლება ახდენდეს გარემოზე.
ზემოქმედების შეფასების დროს ორი მიმართულებაა: ის, თუ ეს პროექტი რა ზეგავლენას მოახდენს გარემოზე [ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე] და პირიქით – გარემო რა ზემოქმედებას მოახდენს ამ პროექტზე. ორივე მნიშვნელოვანია ხომ? აი, ვთქვათ რატომ გვაქვს, რომ მაგალითად მდინარემ რაღაცა გზა წაიღო, ხიდი წაიღო… იმიტომ რომ მარტო ის კი არ უნდა შეესწავლათ, ვთქვათ, ამ ხიდის მშენებლობა დააბინძურებდა თუ არა მდინარეს, არამედ ისიც უნდა შეესწავლათ ამ მშენებლობას რას უზამდა ეს მდინარე.
ასე რომ, გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის არა ბიუროკრატიული ინსტრუმენტი, არამედ ინსტრუმენტი, რომ საქმიანობის განმხორციელებელმაც უკეთ, ნაკლები რისკით და ნაკლები დანახარჯებით განახორციელოს ესა თუ ის პროექტი.
- 2025 წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ “ბათუმელებს” მოწერა, რომ ჭოროხის დელტაში ზურმუხტის ტერიტორიაზე „საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი“. თავად ტერმინი „კომპენსაცია“ ხომ იმის აღიარებაა, რომ რაღაც ბუნების ნაწილი უნდა განადგურდეს? თუ გონიოში, ბიომრავალფეროვნების და ფრინველების მიგრაციის უნიკალურ ადგილებში ბეტონს ჩავასხამთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ სხვაგან, რომ ეს ზიანი აანაზღაუროს?
ეს ასეთი მარტივი პროცესი არ არის. ეს არის საერთაშორისო ტერიტორია და საკითხი დაისმება ბერნის კონვენციის სამდივნოს და ევროკომისიის დონეზე. ასე რომ, საკომპენსაციო ღონისძიებები შესათანხმებელი იქნება ევროკომისიასთან.
იცით როგორ არის? კომპენსაცია „ზურმუხტის ქსელის“ შემთხვევაში ხდება შემდეგნაირად: ვთქვათ აღმოჩნდა, რომ პროექტის შედეგად ზიანდება რომელიმე ჰაბიტატი. ვთქვათ, „მუდმივი ოლიგოტროფული გუბურები“. საქართველო ვალდებულია, რომ ახალი ადგილი მოძებნოს, სადაც იმავე ტიპის ჰაბიტატს იპოვის და ახალ „ზურმუხტის საიტს“ დააწესებს. აი ეგ არის კომპენსაცია.
- ანუ ჭოროხის დელტის შემთხვევაში ასეთი რამ შესაძლებელია?
გააჩნია რა ტიპის ჰაბიტატი ან სახეობა ზიანდება. თუ ისეთი სახეობა ან ჰაბიტატი ზიანდება, რომლის ეკვივალენტს იპოვი სხვაგან, კომპენსაცია შესაძლებელია.
როგორც მოგახსენეთ, ქვეყანა ვალდებულია, რომ თავის ფარგლებში სათანადო დონეზე ჰყავდეს დაცული ბერნის კონვენციით დაცული ყველა სახეობა და ყველა ჰაბიტატი. თუ აღმოჩნდება, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად ზიანდება ისეთი ჰაბიტატი, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება [საქართველოს „ზურმუხტის ქსელის“ სხვა საიტებზე არ მოიპოვება], მაშინ საქართველო ვალდებული იქნება, რომ ახალი „ზურმუხტის საიტი“ დააწესოს.
შეიძლება ისეც აღმოჩნდეს, რომ ისეთი ჰაბიტატი ზიანდება, რომელიც სხვაგანაც არის და ამიტომ კომპენსაცია არ იყოს საჭირო. ასეთი რამეც შეიძლება. თუმცა, ქვეყანას ზურმუხტის ქსელის საზღვრის შეცვლის უფლება ცალმხრივად არ აქვს. უნდა მიმართოს ბერნის კონვენციის სამდივნოს.
- მიმართვის საფუძველი რა შეიძლება იყოს – მთავრობას შეუძლია მიმართოს, რომ აი, რაღაც მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება?
„ჰაბიტატების დირექტივა“ ამბობს მხოლოდ შემდეგ საფუძვლებს – სახელმწიფო უსაფრთხოება, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, რაიმე ტიპის პროექტი, რომელიც უკეთესია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ან სხვა რაღაცა საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ევროკომისიასთან.
სხვა გამონაკლისი ამისი არ არსებობს.
ანუ, საიტის საზღვარი შეიცვალოს რაღაც პროექტისთვის, რომელიც საინვესტიციოა – ასეთ დასაბუთებას ევროკავშირის კანონმდებლობა არ ცნობს.
- სამინისტროს პასუხში ასევე ვკითხულობთ: ჭოროხის დელტის „მართვის გეგმა შემუშავებულია, თუმცა ამ ეტაპზე არ არის დამტკიცებული“. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია 2021 წლიდან მოყოლებული დღემდე რატომ არ მტკიცდება ეს გეგმა, რომელიც თქვენი ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული? რა შეიძლება იყოს მასში ისეთი, რის გამოც მთავრობას მისი ოფიციალურად ამოქმედება არ აწყობს? სამინისტრო გვწერს, რომ „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონი არ არის მიღებული და ამიტომ ვერ ვამტკიცებთ გეგმასო. ეს სამართლებრივად გამართლებული არგუმენტია, თუ უბრალოდ ხელოვნურადაა შექმნილი საკანონმდებლო ვაკუუმი, რათა მანამ, სანამ კანონი არ არსებობს, ინვესტორებს ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდეთ?
ამ კანონზე მუშაობა დაიწყო, მგონი 2013 წელს და რამდენჯერმე, ასე ვთქვათ, განხილვაც იყო. ორი წლის წინ, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტში შეიტანეს და ახლა პარლამენტმა უკან დაუბრუნა გარემოს დაცვის სამინისტროს. ცოტა ძნელია ითქვას რეალური მიზეზები რა არის და რატომ ფერხდება.
დიდი კანონი იყო. თავიდან დაიწყეს ძალიან დიდი ამბიციით. კანონს უნდა მოეცვა ყველა ტიპის დაცული ტერიტორია, ნადირობის და თევზჭერის საკითხები, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის ზურმუხტის ქსელთან დაკავშრებული ეროვნული კანონმდებლობა… მერე ნადირობა და თევზჭერა გამოაკლეს [ცალკე კანონი კეთდება თუმცა არა გვაქვს ჯერ არც ნადირობის და არც თევზჭერის კანონი]. ვერ წარმართა პროცესი კარგად სამინისტრომ.
ჩვენმა ორგანიზაციამაც შენიშვნები დაწერა – ბევრ საკითხში კანონპროექტი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის კანონმდებლობას, რომლის ჰარმონიზაციის მიზნითაც შემუშავდა. იყო აცდენები ბერნის კონვენციასთან, ფრინველთა დაცვის და ჰაბიტატების დირექტივებთან… საბოლოო ჯამში პოლიტიკური ნების საკითხია თუ რატომ არ ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საქართველოს კანონმდებლობის.
სამინისტროში მართალი უთქვამთ, საკმაოდ დიდი კანონი არის, ეხება სწორედ ამ „ზურმუხტის ქსელის“ მართვას და მენეჯმენტის გეგმების შემუშავებას, დამტკიცებას და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს კანონი რადგან არ არსებობს, მართალია შემუშავებულია მართვის გეგმები, მაგრამ იმ მართვის გეგმებს ფაქტობრივად ძალა არ აქვს.
ამასთან, რადგან კანონი არ ვიცით როდის იქნება მიღებული, ამიტომ, თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ დაწერილი გეგმა მინიმუმ გადასაკეთებელი იქნება.
- როგორც გავიგე, მთავრობას „ზურმუხტის ქსელის“ ამა თუ იმ საიტის საზღვრის დამოუკიდებლად შეცვლის უფლება არ აქვს და გადაწყვეტილება ბერნის კონვენციის ფარგლებში მიიღება. თუმცა, მთავრობის განკარგულების საფუძველზე თუ მაინც მოხდა ცალმხრივად საზღვრის კორექტირება/შემცირება, ეს ხომ არ გამოიწვევს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას ვთქვათ, იგივე ბერნის კონვენციის სამდივნოში, ან ვინ შეიძლება იყოს მოსარჩელე?
თუ დაარღვევს და ისე დაიწყებს, მოსარჩელე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, მათ შორის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია. ჩვეულებრივად არსებობს ბერნის კონვენციაში საჩივრის შეტანის მექანიზმი და ეს მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს.
იყო ასეთი საკითხი თავის დროზე ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით – შეცვალა საზღვრები და წარადგინეს შეცვლილი საზღვრები [მაშინ ჯერ კიდევ კანდიდატი იყო სვანეთის საიტი]… ამას მოჰყვა ხანგრძლივი პროცესი და საბოლოო ჯამში არც ის ნენსკრა ჰესი გაკეთდა ამის გამო.
- ამ შემთხვევაში რომ გადაწყვიტონ, შეუძლიათ, ვთქვათ, პროექტი დაიწყონ ისე, რომ არ დაელოდონ ჭოროხის საიტის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვას?
არ ვიცი ახლა, როგორ უნდა გითხრათ, მაგაზე პასუხი არ მაქვს.
- Eagle Hills-თან ხელშეკრულება გაასაიდუმლოეს, ირაკლი კობახიძის თქმით კი დავები ბრიტანული სამართლით წყდება. რამდენად დიდია შანსი, რომ სახელმწიფო დღეს ჩიხშია: თუ ბუნებას დაიცავს, არაბული კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებს, ამიტომ იძულებულია საკუთარი ქვეყნის უნიკალური ტერიტორია გაწიროს? თუ ეს წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, რომ ადვილად შეცვლიდნენ ზურმუხტის ქსელის საზღვრებს?
ხომ არ ვიცი ხელშეკრულებაში რა წერია? იქნებ წერია ხელშეკრულებაში, რომ უნდა შეისწავლოს „ზურმუხტის ქსელის“ მდგომარეობაო და არა პირდაპირ, ვთქვათ, შეცვლის ამ საზღვრებს.
- კონკრეტული პროექტი არ ვიცით, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება თუნდაც რაიმე მასშტაბური პროექტი ამ ტერიტორიაზე იმ ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, რეალურად რაც არის დღეს და იმ საზღვრებში – მთლიანი ტერიტორია ფაქტობრივად 220 ჰექტარზე მეტია.
იცით რა არის? რამდენადაც არ ვიცით ეს პროექტი რას გულისხმობს და სად იქნება, ცოტა ძნელია ამაზე სპეკულაცია. რენდერებს საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს… ხელშეკრულებაშიც ხომ არ ვიცით რა წერია…

Eagle Hills Georgia-ს მიერ დაგეგმილი პროექტი გონიოში [ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე] / წყარო: Eagle Hills Georgia-ს ფეისბუქი
მე შემიძლია გითხრათ ჭოროხის საიტს ამ პროექტის გარეშე რა პრობლემები აქვს და ეს პრობლემები რამდენად გამძაფრდება ან პირიქით შერბილდება ამ პროექტის განხორციელების შედეგად – ეს, ასე ვთქვათ, განხილვის საგანი უნდა იყოს სწორედ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს.
მოკლედ რომ გითხრათ, ჭოროხის დელტას თავისთავად, ბუნებრივად ჰქონდა და აქვს ბევრი პრობლემა
ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ მდინარე ჭოროხი მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე მინიმუმ სამი დიდი ტოტით ჩაედინებოდა შავ ზღვაში და პლაჟწარმომქმნელი ფუნქცია ჰქონდა… ჯერ მეჯინის ტოტი გადაკეტეს, შემდეგ 1975 წელს გონიოს ტოტი და მდინარის მთელი ჩამონადენი ერთ ცენტრალურ ტოტში მოექცა. შესართავი ზღვის ღრმა კანიონიდან სადღაც 70-100 მეტრშია და პლაჟწარმომქმნელი ნატანის უდიდესი ნაწილი პირდაპირ ამ კანიონში ხვდება, ვეღარ მონაწილეობს ნაპირის ფორმირებაში და ძალიან დაიწყო უკან დახევა სანაპირომ.
ამას კიდევ დაემატა ჰესების მშენებლობა ჯერ თურქეთში, შემდეგ საქართველოში და ფაქტობრივად, როგორც თვითონ ენერგეტიკოსები ამბობენ, მომდევნო 300-400 წელიწადში ერთი პატარა ქვაც აღარ შეემატება სანაპიროს. წარმოიდგინეთ, რომ სანაპიროზე ჩამოტანილი მყარი ნატანის რაოდენობამ უკვე მოიკლო 98 პროცენტით და ამ ნატანის 83 პროცენტი მდინარე ჭოროხს ჩამოჰქონდა.
მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება ნახევარი კილომეტრით შემოიწიოს ზღვამ ხმელეთისკენ. ანუ წარმოიდგინეთ, რაც აშენდება იმასაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს. წყლის გამწმენდი ნაგებობა რომ არის ბათუმის, ისიც კი შეიძლება ზღვაში აღმოჩნდეს.
როდესაც ნატანი აკლდება არის არა მარტო ზღვის სანაპიროს ეროზია, არამედ მდინარე თავის ნაპირებსაც ჭამს. ანუ ჭოროხიც ფართოვდება… ეს ორი საკითხი ცუდი იყო „ზურმუხტის ქსელის“ საიტისთვისაც და ცუდი იქნება მომავალი პროექტისთვისაც. ეს გასათვალისწინებელია.
ამასთან, ბათუმის ნაგავსაყრელი, რომელიც იქვე მდებარეობს, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა იყო და არის „ზურმუხტის საიტისთვის“. ასევე იქნება იმ ქალაქისთვისაც რომლის გაშენებაც იგეგმება.
ეს როგორ უნდა გადაიჭრას წარმოდგენილი არ მაქვს. ვიღაცამ შეიძლება თქვას ნაგავსაყრელს დავხურავთო. ნაგავსაყრელი შეიძლება დააკონსერვო, მაგრამ ის ნარჩენები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა, ის სად უნდა წაიღო?
თბილისის მაგალითი რომ ავიღოთ – გლდანის ნაგავსაყრელი რამდენი წლის წინ დაიხურა, მაგრამ გარემოს დაბინძურებას კვლავ აგრძელებს… და ახლა ასეთი მდიდრული პროექტის ფანჯრებიდან რომ ნაგავსაყრელი ჩანს, არ ვიცი ვისთვის შეიძლება იყოს ეს მიმზიდველი.
კიდევ იყო იქ პრობლემა – პოლიგონი. იქ არის ინფრასტრუქტურა, რომელიც „ზურმუხტის ქსელის“ საიტს დიდად არ შეესაბამება, მაგალითად ტრაილერების პარკი და სხვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ჭოროხის დელტა? არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გადამფრენი ფრინველებისათვის. შავი ზღვის სანაპიროს გაივლის ევრაზიის გადამფრენი ფრინველები და მნიშვნელოვანი ნაწილი აქ ისვენებს. ჭოროხის დელტა იყო გამოსაკვები ადგილი ზღვის ძუძუმწოვრებისათვის – დელფინებისთვის და ზღვის ღორებისთვის, რადგან იქ ქაფშიის ქარავნები იკრიბებოდნენ.
ჭოროხის დელტა მიმზიდველია იმ ფრინველებისთვისაც, რომლებიც ამ თევზს ჭამენ. მოკლედ, ეს ადგილი ძალიან გლობალური და მნიშვნელოვანი ადგილია ფრინველთა დაცვის თვალსაზრისით.
ამ გლობალური მნიშვნელობის ადგილს ძალიან აზიანებდა ზღვარგადასული ბრაკონიერობაც. ჭოროხის დელტა „ზურმუხტის ქსელის“ საიტი რომც არ იყოს, მაინც არ შეიძლება ნადირობა, ვინაიდან შედის ბათუმის საზღვრებში და ნადირობა ქალაქის საზღვრებში არ შეიძლება. მაგრამ არაფერი არ ეშველა ამ ბრაკონიერობას.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გამო ჭოროხის ეკოსისტემის აღდგენა შეუძლებელია, ხომ? – ახლა იმ გაუქმებულ ორ ტოტს ვეღარ აღადგენ და რომც აღადგინო, მაინც ვერ შეასრულებს პლაჟწარმომქმნელ და ნაპირის გამაგრების ფუნქციას, ჰესების მიერ ნატანის შეცერების გამო. თუმცა, შესაძლებელი იყო ის პატარ-პატარა ჰაბიტატები – მცირე გუბურები, ჭალის ტყეები, სხვადასხვა მიკროჰაბიტატებისა და ეკოსისტემის კომპონენტების აღდგენა ისე, რომ ჭოროხის დელტას სრულფასოვნად ეფუნქციონირა, როგორც ფრინველთათვის მნიშვნელოვან ჰაბიტატს.
- ამ ტერიტორიის – როგორც გლობალური მნიშვნელობის ადგილის და ამასთან ქალაქის ნაწილის – განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?
ჩვენ, საქართველოს კონსერვაციული საზოგადოება, კოლეგები მუდამ ვფიქრობდით, რომ ეს „ზურმუხტის ქსელის“ საიტი შეიძლება გაკეთდეს ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, ქალაქის ტიპის ურბანული ტიპის საიტად, სადაც იქნება ადამიანების მიმოსვლის საშუალება, ბილიკები, პარკები, ველოსიპედის გზები, ბავშვების სათამაშო ადგილები…
იყო შესაძლებელი რაღაცნაირად კომბინაცია, თუ ეს ტერიტორია გახდებოდა ბათუმის ბულვარის შემადგენელი ნაწილი და რაღაცნაირად ჰარმონიული თანაცხოვრება შეიძლება მომხდარიყო ამ ბიომრავალფეროვნებასა და ქალაქის ცხოვრებას შორის.
ქალაქის ტიპის ურბანული პარკი, სადაც იქნება ჰარმონიაში ადამიანი და გარეული ცხოველები, ველური ბუნება და გადამფრენი ფრინველები. ამ ფრინველებზე დაკვირვების ტურების ადგილი, ფრინველთა სამეცნიერო დაკვირვებისა და დარგოლვის ცენტრი, სასწავლო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისათვის – ბევრი რაღაცა შეიძლება გაკეთდეს, შესაძლებელია ამის მიღწევა… უბრალოდ, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნებაც და, ასე ვთქვათ, შინაგანი სურვილიც ვისაც ფული აქვს, რომ ჩადოს ასეთ რაღაცაში.
არ ვიცით რამდენად იქნება კეთილი ნება და პოლიტიკური ნება ამისი, თორემ შეუძლებელი არ არის არაფერი. რა თქმა უნდა ეს ჰარმონია არ უნდა ჩაყლაპოს რაღაც მონსტრმა პროექტებმა და შენობებმა… ახლა, აი ამ დაანონსებული პროექტით, რამდენად არის ეს ყველაფერი შესაძლებელი, ვერ გეტყვით.

ჭოროხის დელტა / ხედი გონიოს მთიდან / 24.06.2026






