მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის, 4 ივლისს, 14:00 საათზე, ბათუმში განათლების პოლიტიკის შესახებ ფორუმს მართავს.
მოძრაობა ფორუმზე დასასწრებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს – პედაგოგებს, განათლების სპეციალისტებს, სტუდენტებს, მშობლებს, აკადემიური სფეროსა და მეცნიერების წარმომადგენლებს.
„ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივი სიკეთეა,“ – ნათქვამია მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის მიერ გავრცელებულ ანონსში.
მოძრაობა წერს, რომ დღეს საქართველოში განათლების სისტემა უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას, საერთაშორისო კვლევები კი აჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან თანატოლებს სხვა ქვეყნებში.
„რაც კიდევ უფრო საგანგაშოა – ქვეყნის შიგნით არსებული უთანასწორობა სულ უფრო ღრმავდება. საცხოვრებელი ადგილი, სკოლის სტატუსი, ოჯახის შემოსავალი თუ ეთნიკური კუთვნილება ხშირად გადამწყვეტი ხდება იმისთვის, მიიღებს თუ არა ბავშვი ხარისხიან განათლებას. სისტემა ვერ უზრუნველყოფს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს.
ახალი საგანმანათლებლო ინიციატივები კი არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს: განათლება ხდება უფრო ელიტური და ხარისხიანი სწავლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგიად იქცევა. დაბალშემოსავლიანი ოჯახების შვილებს უმაღლესი განათლების გზაზე ახალი, ხელოვნური ბარიერები უჩნდებათ, უნივერსიტეტებს ეზღუდებათ ავტონომია, ხოლო სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფერო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგება,“ – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
4 ივლისს საჯარო ფორუმზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მისამართი: სასტუმრო მონარქი, მელაშვილის 37.
განათლების ფორუმზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ფორუმის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე, იმავე დარბაზში, მოძრაობა ღია კარის დღეს უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღია კარის დღეზე ვუპასუხებთ სტუმრების შეკითხვებს, გავუზიარებთ მათ ცნობებს მოძრაობის მიერ განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ.





