ბულვარში, იქ, სადაც კაფე „ტყუპები“ დაანგრიეს, ბათუმის მერია მუნიციპალურ სკვერს აწყობს ისე, რომ არც ტენდერი გამოუცხადებია და არც ბიუჯეტშია საამისოდ ფული გათვალისწინებული.
რა ხდება?
საქმე ისაა, რომ მერიამ მშენებელ კომპანიებთან გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც ისინი ბათუმის ძველ ბულვარში სკვერის მოწყობას დააფინანსებენ, მერია კი ამ კომპანიებს სამშენებლო პროექტების კოეფიციენტებს გაუზრდის, ან მშენებლობის ნებართვებს მისცემს გაზრდილი კოეფიციენტით ქალაქის სხვადასხვა უბანში.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კონკრეტულ უბანში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ 7 სართულის აშენება შეეძლო სამშენებლო კომპანიას, გაზრდილი კოეფიციენტით 10 ან მეტი სართულის აშენებას და მეტი ბინის გაყიდვას შეძლებს. შესაბამისად, მოგებაც მეტი ექნება. მაგრამ, როცა მერია K2 კოეფიციენტს უზრდის კომპანიას, ის ბიუჯეტში ამისთვის დაწესებულ გადასახადს იხდის, ისე როგორც აშენებული ფართობის 10%-ს.
მსგავს გარიგებაზე წასვლას კანონი მხოლოდ მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის შემთხვევაში ითვალისწინებს, ამიტომაც, ბევრი არ უფიქრიათ და კაფე „ტყუპების“ ადგილზე დაგეგმილ სარეკრეაციო სკვერს ბათუმის მერის სათათბირო საბჭომ „მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა.
სკვერის მოსაწყობად 5 მილიონ 435 199 ლარია საჭირო – მერიის განმარტებით, ხარჯთაღრიცხვა დადასტურებულია შპს „გოუ თუ ექსპერტის“ 2026 წლის 28 მაისის ინსპექტირების ანგარიშით.
ბათუმის მერია გვარწმუნებს, რომ ამ პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობის სურვილი კომპანიებმა თავად გამოთქვეს – შესაბამისი განცხადებით მიმართეს მერიას და სანაცვლოდ „დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება“, ანუ თავიანთი კომპანიების პროექტებისთვის კოეფიციენტების გაზრდა მოითხოვეს.
ბათუმის მერიის განკარგულების პროექტისა და განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, გარიგებაში მონაწილე კომპანიები ბულვარში სკვერის მოსაწყობად იხდიან მხოლოდ იმდენს, რამდენიც კოეფიციენტის გაზრდისთვის ბიუჯეტში უნდა გადაეხადათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გარიგებაში „ალიანს ჯგუფიც“ მონაწილეობს, მთავრობის წინაშე აქამდე აღებული სხვა ვალდებულების ფარგლებში. თუმცა, ამის შესახებ არც სხდომაზე უთქვამთ და არც დოკუმენტშია ნახსენები. საკრებულოს წევრის, ვაჟა დარჩიას ინფორმაციით, კომპანიამ უკვე ჩარიცხა 1 მილიონ ნახევარი ლარი, წინასწარ ცნობილი შემსრულებლის „ანაგის“ ანგარიშზე [სკვერის მშენებელი კომპანია].

ფოტო გადაღებულია 2 ივნისს, როცა „ბათუმელები“ ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა
გარდა „ალიანს ჯგუფისა“, ამ ეტაპზე გარიგებაში კიდევ 6 კომპანია და ერთი ფიზიკური პირი მონაწილეობს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მათი წილი სკვერის მშენებლობის საქმეში, პროექტების გაზრდილი კოეფიციენტების მიხედვით, 2 მილიონ 620 000 ლარი იქნება.
საქმე ისააა, რომ 2 მილიონ 620 000 ლარი მშენებელ კომპანიებს, კოეფიციენტების გაზრდისთვის, ისედაც უნდა გადაეხადათ ბიუჯეტში.
მაგალითად, გარიგების მონაწილეა შპს „გორგ თაუერი“, რომელიც გონიოში ანდრია პირველწოდებულის IV ჩიხში, №23-ში მდებარე 1056 კვ.მეტრზე სასტუმროს აშენებს.
კომპანიამ მერიას შეატყობინა, რომ მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტში ჩართვის სანაცვლოდ ამ ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული 443 კვ.მეტრის სამშენებლო ფართობისთვის მიერთება და საპროექტო ობიექტზე სამი სართულის დამატება სურს.
„გორგ თაუერი“ მერიას ასევე ატყობინებს, რომ ავტოსადგომს დაემატება გაზრდილი ფართობის შესაბამისი რაოდენობა. ნამატი K2 კოეფიციენტის 10% ფართობი, საცხოვრებელი ბინების სახით, გადაეცემა ბათუმის მერიას. ამ კომპანიის მონაწილეობა თანადაფინანსებაში 80 000 ლარია. შპს „გორგ თაუერის“ წილებს ლევან გორგოშაძე [60%] და ვანო დოლაბერიძე [ 40%] ინაწილებენ.
მზევინარ აბაშიძეს ელიავას 22-ში დაგეგმილი აქვს 20-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა – ის სკვერის მოსაწყობად 400 000 ლარს გადაიხდის.
კიდევ ერთ კომპანიას, შპს „ბიჩ ჰაუსს“, ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის #17-ში 3 343 კვ.მეტრზე მრავალბინიანი სახლის შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანა სურს: კერძოდ, მიმდებარე ნაკვეთების გაერთიანება, პროექტის კიდევ ერთი ბლოკის მშენებლობის ნებართვა და კოეფიციენტის გაზრდა – ეს მას 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შესაძლებლობას მისცემს.
კომპანია მერიას ჰპირდება, რომ ავტოსადგომების ოდენობას კანონის შესაბამისად გაზრდის და ნამატი K2 კოეფიციენტის 10%-ს, საცხოვრებელი ბინების სახით, მერიას გადასცემს. ეს კომპანია 310 000 ლარს გადაიხდის. „ბიჩ ჰაუსის“ 100 პროცენტი ოფიციალურად გვანცა ბერიძის საკუთრებაა.
შპს „სილვერგეითი“ მშენებლობას ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარედ გეგმავს, კომპანიამ აქ მერიას 27-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მოსთხოვა. ისიც დაჰპირდა მერიას, რომ პარკინგს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწყობს და ნამატი ფართობის 10 პროცენტს მერიას გადასცემს.
ეს კომპანია 340 000 ლარს გადაიხდის ბულვარის სკვერისთვის. ამ მისამართზე მშენებლობის ნებართვას 2023 წელსაც ითხოვდნენ, თუმცა მაშინდელმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა უარი უთხრა. შპს „სილვერგეითის“ ასი პროცენტი ზურაბ ბაკურიძის საკუთრებაა.
შპს „ნიუ ჰოუმ რეზიდენსმა“ თაყაიშვილის ქუჩაზე 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა, ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე. კომპანიის მფლობელები არიან მაია მსხალაძე და თინათინ ჩიხლაძე, კომპანიამ 520 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
შპს „მეიქერს გრუფმა“ ჩაიკოვსკის ქუჩაზე 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. კორპუსის მშენებლობა ამ კომპანიასაც ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე სურს. კომპანიის მფლობელია თამაზ გოგიტიძე, 450 000 ლარს გადაიხდის.
შპს „გრინ ლაიფ პროჯექთმა“ თბილისის მოედანზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. 520 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

მიმდინარე სამუშაოები – 2026 წლის 2 ივნისი
როგორ შეარჩიეს „ანაგი“ შემსრულებლად არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ადგილზე „ანაგი“ მუშაობს. ერთი თვის წინ, 2 ივნისს „ანაგის“ წარმომადგენლად გაგვეცნო „ბათუმელებს“ ერთ-ერთი პირი ადგილზე, როცა იქ მკითხველის შეტყობინების შემდეგ ფოტოების გადასაღებად გავედით. მკითხველს ეჭვი ჰქონდა, რომ ბულვარში ეს ტერიტორია გასხვისებული იყო.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, რომ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გააპროტესტა საკითხის პროცედურის დარღვევით გავლა, როცა „ტყუპები“ ჯერ დაანგრიეს და შემდეგ მიმართეს საკრებულოს გენგეგმაში შესაბამისი ცვლილების შესატანად. ამჯერად განმარტეს თითქოს ეს იყო ინვესტიცია და საჭირო იყო მაქსიმალური მხარდაჭერა, ამიტომაც გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღოთ.
„სწრაფად უნდა დავამტკიცოთ ეს საკითხი, რადგან ინვესტიციააო, „ალიანსს“ თავისი წილი უკვე ჩარიცხული აქვს „ანაგისთვის“ და ამას დაემატება ამ კომპანიების თანხაც, რომლებსაც კოეფიციენტებს უზრდიანო. ვიკითხე, დანარჩენს რას ვიზამთ-მეთქი და მიპასუხეს – ვიშოვითო“, – ამბობს ვაჟა დარჩია.
როგორც თავად გვიამბო, მას ასევე უთხრეს, რომ „ანაგთან“ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტს უკვე აქვს დადებული.
„ბათუმელებისთვის“ ჯერ უცნობია, არსებობს თუ არა მსგავსი ხელშეკრულება. საზოგადოებას ბულვარში კაფე „ტყუპების“ ადგილზე მშენებარე სკვერის არც პროექტი უნახავს და არც ესკიზი. არც ის ვიცით, რა პროექტის მიხედვით გამოთვალა კომპანიამ ხარჯი.
4 ივლისის მდგომარეობით იქ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

მიმდინარე სამუშაოები – 4 ივლისი

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა მერიისა და შესაბამისი სამმართველოს შესყიდვებიც, თუმცა მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთ. თავად ბათუმის მერია ინფორმაციას არ ასაჯაროებს, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს. ამ საკითხით სხდომაზე არც საკრებულოს წევრები დაინტერესებულან „ოცნებიდან“.
კითხვები კი ნამდვილად ჩნდება.
საქმე ისაა, რომ 2 მილიონ 620 000 ლარი მშენებელ კომპანიებს, კოეფიციენტების გაზრდისთვის, ისედაც უნდა გადაეხადათ ბიუჯეტში, ისინი ზედმეტს არაფერს იხდიან და სად არის აქ ინვესტიციაო – იკითხა ვაჟა დარჩიამ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, 30 ივნისს.
მას მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, არჩილ გირკელიძემ უპასუხა, რომ ნებისმიერმა კომპანიამ კოეფიციენტით ნამატი ფართობის 10 პროცენტი მერიას უნდა გადასცეს.
სხვათა შორის, უკვე დამტკიცებული განკარგულების მიხედვით, კოეფიციენტის საფუძველზე გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ი მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს და ეს ინვესტიცია არ არის. ეს ფართობები მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს – ბინები ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის უნდა გამოიყენოს.
ჩნდება სხვა კითხვებიც:
- რატომ არ დაიწყეს სკვერის მოწყობა ბიუჯეტის გავლით და რატომ დადეს საზოგადოებისთვის უცნობი ხელშეკრულება „ანაგთან“, თუ ასეთი ხელშეკრულება, ან თუნდაც ზეპირი შეთანხმება მხარეებს შორის მართლა არსებობს?
- რატომ არ აწყობდა მერიას 4 120 000 ლარით [„ალიანსისა“ და კომპანიების ფული] ტენდერის გამოცხადება და კონკურენტული გარემოს შექმნა ბიუჯეტის გავლით?
- რატომ არ შეატანინეს K2-ის გაცემის შემდეგ სავალდებულო მოსაკრებელი კომპანიებს ბიუჯეტში, როგორც ამას კანონი ითხოვს, ვის არ აწყობდა, რომ მილიონები, რაც ბიუჯეტს უნდა მიეღო, ბიუჯეტში არ შევიდა და გამოცხადდა ინვესტიციად, რომელიც ბულვარში სკვერის მოწყობაში უნდა დაიხარჯოს.
- ვის არ აწყობს პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს, რატომ წავიდა ამაზე ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებასთან?
ვაჟა დარჩიას ინფორმაციით, „ანაგთან“ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტს აქვს დადებული, თუმცა ხელშეკრულება არც მას უნახავს და ეს ამბავი გადმოცემით იცის. მისი თქმით, „ანაგი“ სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს ბულვარში, „ალიანსისი“ მიერ ჩარიცხული ფულით. როგორც სხდომაზე ითქვა, ამ ფულს 6 კომპანიისგან და ერთი ფიზიკური პირისგან 6 თვეში უნდა დაემატოს თანხა – კოეფიციენტების გაზრდის სანაცვლოდ.
თუმცა, სკვერის მოსაწყობად საჭირო ბიუჯეტი სრულად მაინც არ გროვდება, რაზეც საკრებულოს წევრს, ვაჟა დარჩიას მერიაში განუმარტეს, რომ „ეს ფულიც უნდა იშოვონ“.
სკვერის მშენებლობის დასრულება დადასტურებული უნდა იყოს აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს დასკვნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულებების შესაბამისად.
სკვერის მოწყობის ვადა განისაზღვრეს არაუმეტეს 6 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მინიჭებული შეღავათები ჩაითვლება გაუქმებულად.
განკარგულების დასკვნით ნაწილში მერია კომპანიებისთვის, რომლებიც გარიგებაში მონაწილეობენ, ასევე განმარტავს:
„განკარგულების გაცემიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში გაფორმდეს ხელშეკრულება რეკრეაციული სივრცის მოწყობის ვალდებულების თაობაზე, სკვერის მოწყობის ვადა კი განისაზღვროს არაუმეტეს 6 თვე [ხელშეკრულების გაფორმებიდან].
ხელშეკრულებითვე განისაზღვროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემწყობ ღონისძიებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე/მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების შემდეგ ეტაპებზე ნებართვის მაძიებელი ვერ დააკმაყოფილებს, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ გაიცემა სამშენებლო ნებართვა, განმცხადებელს ეზღუდება უფლება მოითხოვოს ვალდებულებებისგან გათავისუფლება, გაწეული ხარჯის ან/და ზიანის ანაზღაურება.“
ეს ჩანაწერი თითქოს ერთგვარი დაზღვევა იმ შემთხვევისთვის, თუ გარიგებაში მონაწილე კომპანიები ვალდებულებას არ შეასრულებენ. ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კომპანიებმა ვერ მიიღონ შესაბამისი ნებართვები, რადგან საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

შემოღობილია უფრო დიდი ტერიტორია, ვიდრე კაფე „ტყუპებს“ ჰქონდა დაკავებული. ადგილზე გვითხრეს, რომ სკვერი ბულვარის ნაწილი იქნება და გამწვანებას არაფერი ემუქრება.

კაფე „ტყუპების“ ნგრევის პროცესი

შემოღობილის უფრო დიდი ტერიტორია, ვიდრე კაფე ტყუპებს ჰქონდა დაკავებული, ადგილზე გვითხრეს, რომ სკვერი ბულვარის ნაწილი იქნება და გამწვანებას არაფერი ემუქრება
რაც შეეხება კიდევ ერთი პროცედურის დარღვევას.
საქმე ისაა, რომ ბათუმის მერიამ ბულვარში კაფე „ტყუპები“ ჯერ დაანგრია, შემდეგ კი საკრებულოს მიმართა ბულვარში განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. ცვლილებების პროექტი, რომლითაც მერიამ საკრებულოს მიმართა, კაფე „ტყუპები“ გენგეგმაში დემონტაჟს დაქვემდებარებულ ობიექტად ჩაწერეს, ნაცვლად რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული არსებული ობიექტისა.
მაშინ თქვეს ისიც, რომ ამ ადგილზე შადრევანის მოწყობა იგეგმებოდა, ამაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა.
ამ თემაზე: შადრევანი კაფე „ტყუპების“ ნაცვლად – ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა ისევ შეცვალა






