„ოცნების“ მთავრობა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის საკითხს კვლავ დაუბრუნდა. ჭოროხზე ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.
ამჯერად „ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის/მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი 5,5 მილიონი ლარით გამოაცხადა.
საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით:
„პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში არსებული ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის განახლება/მოწყობა და მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა, რომელიც უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს სივრცეების ფუნქციონირებასა და გამოყენებას წლის ყველა სეზონზე, რაც უზრუნველყოფს დასვენებისა და ტურისტული მომსახურების ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ინფრასტრუქტურის შექმნას.“
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „დავალების მიზანია საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება ტერიტორიისთვის, რომელიც აერთიანებს ქალაქ ბათუმის ძველ ბულვარს – კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ახალ ბულვარს და მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეებს.
საპროექტო სამუშაოები ითვალისწინებს ტერიტორიის სივრცით დაგეგმარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებას, მათ შორის როგორც ახალი შენობა-ნაგებობების დაგეგმვას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
პროექტი უნდა მოიცავდეს გამწვანების, გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების, აგრეთვე უნივერსალური დიზაინის პრინციპების სრულყოფილ ინტეგრაციას. საპროექტო გადაწყვეტები უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამშენებლო სამუშაოების, როგორც ეტაპობრივი, ისე პარალელური განხორციელების შესაძლებლობა, პროექტის ეფექტიანი და უწყვეტი შესრულების მიზნით.“
მდინარე ჭოროხზე ბათუმისა და გონიოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა. ხიდის მშენებლობაზე საუბარი გაგრძელდა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, თუმცა სხვადასხვა კონცეფციის შემუშავებისა თუ პროექტების არსებობისა, ხიდი არ აშენებულა.
ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან: რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
ახალი ბულვარის გაგრძელება დღეს დავით ართმელაძის ქუჩაა, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლის ბოლოში [ანწუხელიძისა და კაჩინსკების კვეთაში არსებული წრიულიდან] იწყება და მდინარე ჭოროხის კალაპოტთან წყდება.
ამ თემაზე: რატომ წყდება გზა ბულვარიდან გონიომდე – ჭოროხით გაყოფილი პრომინადი და ველობილიკი
ეს გზა გონიოს მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო და ჭოროხზე ახალი ხიდის აშენებით გონიოს პლაჟს უნდა დაჰკავშირებოდა, თუმცა ეს პროექტი აღარ განხორციელებულა.
იყო საუბარი იმაზეც, რომ ჭოროხის დელტა „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშია, რაც სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვდა.
„მდინარე ჭოროხის შესართავთან არსებული ზურმუხტის ქსელის საზღვრებში ხიდის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემული არ არის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი საქმიანობებისთვის [მათ შორის, ხიდის მშენებლობა] გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გადაწყვეტილება/დასკვნა მიიღება კოდექსით დადგენილი შესაბამისი პროცედურის [სკრინინგის/სკოპინგის/გზშ] განხორციელებით“, – მოგვწერეს 2025 წელს გარემოს დაცვის სამინისტროდან.
ამ თემაზე: ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი
მდინარე ჭოროხის მიმდებარედ არსებულ ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობამ არაბული „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაც დააანონსა. „იგლ ჰილსის“ რენდერების მიხედვით კი, ჭოროხის შესართავთან ხელოვნური ყურეს და იახტკლუბის მოწყობაც იგეგმება.
შესაბამისად, გაურკვეველია საფეხმავლო ხიდი როგორ დააკავშირებს უშუალოდ ბათუმის და გონიოს ბულვარს ერთმანეთთან, თუ აქ იახტკლუბიც უნდა განთავსდეს.

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოში / რენდერი
მთავარი ფოტო: მდინარე ჭოროხი
ამ თემაზე:
რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

![არჩილ ხაბაძე და მისი პარტნიორის კომპანია კვარიათში ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავენ [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/06/gumbatis-axaali-1.jpg)




