საქართველოდან უცხოეთში ყველაზე მეტად მეგობრებისა და ნათესავების სანახავად იმოგზაურეს 2025 წელს

2025 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ 2.9 მილიონი საქართველოს მოქალაქე წავიდა, რაც 2.8 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

მოგზაურთა უმეტესი ნაწილი, 43.5 პროცენტი, 31-50 წლის იყო.

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა იმყოფებოდა თურქეთსა (836 ათასი ვიზიტი) და რუსეთის ფედერაციაში (367 300  ვიზიტი). თურქეთში მოგზაურობაში იგულისხმება ერთდღიანი ვიზიტებიც, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში პროდუქტის ან წამლების საყიდლად გადადიან.

საერთო სტატისტიკა ასე გამოიყურება – თურქეთს ეწვია საქართველოს მოქალაქეთა 36.2 %, რუსეთის ფედერაციას – 15.9%, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეწვია მოგზაურთა 18%, სომხეთს – 14,4%, აზერბაიჯანს – 1.9% და სხვა ქვეყნებს, ჯამში – 13.6 %.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მიერ 2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 36.1 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

„2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა და 1 068.6 ლარი შეადგინა,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

მშობლები პირველ კლასში ჩარიცხვის წესში გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ – პეტიცია

მოქალაქე მარიამ ბოხუა „ქართული ოცნების“ პარლამენტს მიმართავს და პირველკლასელთა მიღების წესში გამონაკლისის დაშვებას ითხოვს.

პეტიციის ტექსტში, რომელიც 3 თებერვალს დარეგისტრირდა პარლამენტის გვერდზე, წერია, რომ პირველკლასელთა მიღების წესში ცვლილება უნდა შევიდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„გთხოვთ, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება მიეცეს 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს.

ან სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმის გამოყენებით, მოხდეს იმ ბავშვების მზაობის შეფასება, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და შეფასების საფუძველზე მოხდეს, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“ – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისთვის 115 მშობელი აწერს ხელს.

„განათლების შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია და მოლოდინი, რომ ბაღის ან წინასასკოლო მომზადების დასრულების შემდეგ, ბავშვები შეძლებდნენ პირველ კლასში შესვლას.

ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო მათი მიზანმიმართული მომზადება სკოლის ეტაპზე გადასასვლელად.

რეგულაციის შეცვლა სასწავლო წლის მიმდინარეობისას შეეხება ბავშვებს, რომლებიც უკვე აკადემიურად, ფსიქოლოგიურად მზად არიან და თავს მომავალ პირველკლასელებად აღიქვამენ.

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას იმის გაგება, რომ ისინი ვერ წავლენ პირველ კლასში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი თანატოლების დიდი ნაწილი სკოლაში მიდის, ბავშვებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ სტრესს და აზიანებს სწავლის მოტივაციას.

ამასთან, წინასასკოლო მომზადების პროგრამებში ჩართულ ბავშვებს მოუწევთ იმავე წინასასკოლო პროგრამის ხელახლა გავლა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მზად არიან სკოლისთვის.

ეს კი ზრდის იმის რისკს, რომ ბავშვში განვითარდება სოციალურ-ემოციური და შემეცნებითი ინტერესების დაქვეითება, მათ შორის – მომავალში პირველი კლასის სასწავლო მასალის მიმართ მოტივაციისა და ინტერესების შემცირება“ – წერს მარიამ ბოხუა პეტიციის ტექსტში.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია 28 იანვარს დაამტკიცა.

ამ კონცეფციის მიხედვით, პირველ კლასში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ 2026 წლის 16 სექტემბრამდე დაბადებულ ბავშვებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 247 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 654 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 013 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 37 056 ერთეული [+12]
  • MLRS – 1 637 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 295 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 127 962 ერთეული [+413]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 270 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 77 552 ერთეული [+113]
  • სპეცტექნიკა – 4 069 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 924 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 553 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 661 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 150 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 913 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსია ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას და არა ყოველდღიურ დილემას – წამალი ვიყიდო თუ საჭმელი“ – ლევან ცუცქირიძე

„ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა იქნება არა პრივილეგია, არამედ ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში და ადამიანის ცხოვრებაში.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსია ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას და არა ყოველდღიურ დილემას – წამალი ვიყიდო თუ საჭმელი.

„ქართული ოცნება“ არ არის ჩვენი ბედისწერა, ეს არის განსაცდელი, რომელსაც ერთად დავძლევთ,“ – თქვა „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ დღეს, სამოქალაქო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

დღეს, 8 თებერვალს, თბილისში, „თავისუფლების მოედნისა“ და „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ ორგანიზებით, გაიმართა ფორუმი სახელწოდებით – „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება ­ საქართველოს გულისთვის“.

ფორუმი მიეძღვნა მოქალაქეების განსხვავებული აზრების შეჯერებას და ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავებას.

ფორუმზე სიტყვით გამომსვლელებმა იმსჯელეს სახელმწიფოს როლზე, მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და საქართველოს ადგილზე მსოფლიოში.

ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი იყო „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე.

გთავაზობთ მის გამოსვლას სრულად:

„მინდა ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს, სამი რამ გითხრათ, რაც ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი.

პირველი – არ შეგეშინდეთ. აქ ძალიან ბევრ უშიშარ ადამიანს ვხედავ, მაგრამ მაინც. და ამას ვამბობ იმიტომ, რომ აი, აქ შევიკრიბეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც გვაქვს განსხვავებული ხედვები, განსხვავებული მოსაზრებები. ყველანი სხვადასხვა გზით მოვედით აქამდე, მაგრამ ამ მოედანზე ჩვენ გაგვაერთიანა საქართველოს სიყვარულმა და იმ განსაცდელის შეგრძნებამ, რომელიც ჩვენს წინაშე არის და იმ განცდამ, რომ ჩვენ ახლა ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს.

ეს არის რეალური ძალა. რეალური ძალა არის ჩვენი ერთობა, განსხვავებული ადამიანების ერთობა და არა ერთფეროვნება. და არა ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ – ის ცდილობს ლეგიტიმაცია ადამიანების ჩაგვრით მოიპოვოს, ის ცდილობს აღიარება უსამართლობით მოიპოვოს და ის ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება სრულიად უსამართლოდ. ეს არის არა ძალა, არამედ პოლიციელის ხელკეტს და მუნდირს ჩაბღაუჭებული ძალის სიმულაცია. ნამდვილი ძალა აი აქ არის და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას ყველანი გრძნობთ.

მეორე, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ. ჩვენ ყველამ ვიცით, რას ვეწინააღმდეგებით.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით კორუფციას, როდესაც ქვეყნის თანამდებობის უმაღლესი რანგის პირებს სძინავთ სკოლების, საბავშვო ბაღების და ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით გატენილ მატრასებზე.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ უსამართლობას, როდესაც პარტია ციხეში ამწყვდევს ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ უსამართლობას, იმ სისასტიკეს, იმ ცინიზმს, რომელიც ამბობს, რომ მთავარი პრინციპი, რაზეც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დგას, ეს არის თანაგრძნობის არარსებობა.

მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ამ წინააღმდეგობის გაწევა.

დიდი დრო გავიდა უკვე, შევდექით, ვაჩვენეთ ნამდვილი სოლიდარობა.

მაგრამ თუკი მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგი დავრჩებით, ჩვენ აღმოვჩნდებით „ქართული ოცნების“ დაგებულ მახეში და ეს არის ხელოვნური დაპირისპირებები: „ჩვენ და ისინი“, „უსამშობლოები და პატრიოტები“, „ჩვენიანები და სხვები“, „ომი ან მშვიდობა“. წინააღმდეგობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ მახეში არ უნდა გავებათ და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა წავიდეთ მომავლისკენ.

აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ მომავალზეც, იმიტომ, რომ მომავალზე თანხმობა გაგვიადვილებს მისკენ სავალ გზას.

და ეს არის მესამე, რაც მინდა გითხრათ.

ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც აქ ვართ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საფუძველი პოლიტიკისთვის, რომელზეც უნდა აშენდეს, უნდა წარმოვიდგინოთ მომავალი ქვეყანა. და ჩემთვის ეს არის სახელმწიფო, რომელშიც მრავალფეროვნება არ ნიშნავს ერთგვაროვნებას, რომელშიც მრავალფეროვნება არის ჩვენი სიმტკიცის საფუძველი.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პროფესიონალები პოლიტიკაში მოდიან, პროფესიონალიზმი აჯობებს უმეცრებას, როგორც ახლა იმართება სახელმწიფო.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც აღარასდროს აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები და ამიტომ მინდა მათაც აქედან შევძახოთ ყველამ – თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პოლიტიკოსები გახდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ცოდნის გამოყენება უნდათ საზოგადო სიკეთისთვის და არა საკუთარი კერძო სიკეთისთვის.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა იქნება არა პრივილეგია, არამედ ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში და ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსია ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას და არა ყოველდღიურ დილემას – წამალი ვიყიდო თუ საჭმელი.

და ბოლოს, ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც არავინ აღარასოდეს იტყვის ისეთ ფრაზას, რომელიც ჩემთვის ყველაზე შემზარავია: „მე რა შემიძლია, მე პატარა ადამიანი ვარ“. ამიტომ ვართ სოლიდარულები და ამიტომ ვიბრძვით ყველანი დემოკრატიისთვის.

მესამე – ეს არის შემობრუნების წერტილი. არაფრის დასასრული, არამედ დასაწყისი.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ შევაჯამოთ, არამედ იმისთვის, რომ ახალი ეტაპი დავიწყოთ და პროტესტის და წინააღმდეგობის ის დიდი ენერგია, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, ვაქციოთ ორგანიზებულ პოლიტიკურ მოქმედებად და სტრატეგიად. და ამის პირობას გაძლევთ, როგორც „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი ამ შეხვედრაზე.

მომავლის პოლიტიკას საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი რაღაცები, რაზეც დღევანდელი საუბრობდა, რომ დღეს თითქოს ტაბუ დაედო და ამაზე ვეღარ უნდა ვილაპარაკოთ: მრავალპარტიული დემოკრატია ერთპარტიული დიქტატურის ნაცვლად, მრავალფეროვნება ერთფეროვნების ნაცვლად, ცოდნა უმეცრების ნაცვლად, პოლიტიკოსები, რომლებმაც საქმის კეთება იციან და არა იმიტომ არიან პოლიტიკაში, რომ სხვაგან ვერაფერი ვერ შეძლეს.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა დაცალა ზნეობისა და მორალისგან და ეს, ჩემი აზრით, არის მისი ყველაზე დიდი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა.

ამიტომ ჩვენ ზნეობა, პოლიტიკა, თანაგრძნობა, სოლიდარობა, პატიოსნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში და მე აქ ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ.

„ქართული ოცნება“ არ არის ჩვენი ბედისწერა, ეს არის განსაცდელი, რომელსაც ერთად დავძლევთ.

ჩვენ გპირდებით, რომ ის მართალი სიტყვა, რასაც აქ ვამბობთ, რაც აქ ისმის და კიდევ ითქმება, რომ ამ მართალ სიტყვას ყველაზე შორეულ სოფელშიც მივიტანთ.

გპირდებით, რომ შევქმნით სამოქალაქო ორგანიზების ახალ შესაძლებლობებს საქართველოს ყველა მხარეში. გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩავრთავთ სამოქალაქო აქტივიზმში, პოლიტიკურ აქტივიზმში და სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

გპირდებით, რომ მოვივლით მთელ საქართველოს და დაგიბრუნდებით კიდევ უფრო დიდი შეკრებით თბილისში, კიდევ უფრო ბევრნი, კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო თავდაჯერებულები და კიდევ უფრო ახლოს გამარჯვებასთან, რომელსაც აუცილებლად მოვიპოვებთ.

მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ან სხვებს, რომლებიც გვიყურებთ, შეიძლება ონლაინ სტრიმით: თუკი ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ – ჩემი პასუხი ამაზე მარტივია: შემოგვიერთდით. შემოგვიერთდით არა როგორც დამკვირვებელი, არამედ როგორც თანამონაწილე და საკუთარი მომავლის თვითონ შემქმნელი.

საქართველოს გულისთვის შემოგვიერთდით!

გამარჯვება ჩვენია! დღე ჩვენია! ეს ქვეყანაც ჩვენია! და გახსოვდეთ, რომ გაზაფხული აუცილებლად მოვა!” – თქვა ლევან ცუცქირიძემ სიტყვით გამოსვლისას.

სამოქალაქო ფორუმზე „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის“ სპიკერები იყვნენ: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი თოზუ გულმამედლი, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მწერალი დათია ბადალაშვილი,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და  „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე.

სამოქალაქო ფორუმი: “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის” “თავისუფლების მოედნის” ორგანიზებით გაიმართა.

ლევან ცუცქირიძის სიტყვა სამოქალაქო ფორუმზე

ამავე თემაზე:

“დასასრულის დასასრული: როგორ კვდება თავისუფალი კულტურა საქართველოში“ – ნინო კასრაძის სიტყვა სამოქალაქო ფორუმზე

“დასასრულის დასასრული: როგორ კვდება თავისუფალი კულტურა საქართველოში“ – ნინო კასრაძის სიტყვა სამოქალაქო ფორუმზე

„როგორ საქართველოს ვხედავ? ჩვენ ხელოვანი ხალხი ვხედავთ საქართველოს, და თქვენც უნდა ხედავდეთ ამას, მხოლოდ კულტურასთან ერთად. მხოლოდ კულტურა უნდა იყოს ქვეყნის ავანგარდი.

ახლა უმრავლესობა იტყვით ეს ისედაც ასეა… არა, ეს ისედაც ასე არ არის. დღეს რაც ხდება, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო თეატრმა მოხსნა სპექტაკლი მიზეზით და დაწერა თავის გვერდზე, რომ „სპექტაკლი იხსნება იმის გამო, რომ რეჟისორი თავის სუბიექტურ პოლიტიკურ აზრს გამოხატავს და თეატრი არ არის ის ადგილი, სცენა, სადაც ეს შეიძლება მოხდესო“.

აი, ეს არის უკვე დასასრულის დასაწყისი კი არა, დასასრულის დასასრულია.

ამაზე მეტი რა უნდა ითქვას?

ეს არის, შემდგომი რამდენიმეწლიანი გეგმა გაცხადებული, რომ სცენაზე არ არის ამის ადგილი,“ – თქვა ნინო კასრაძემ დღეს, 8 თებერვალს, თბილისში გამართულ სამოქალაქო ფორუმზე.

დღეს, 8 თებერვალს, თბილისში, „თავისუფლების მოედნისა“ და „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ ორგანიზებით, გაიმართა ფორუმი სახელწოდებით – „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება ­ საქართველოს გულისთვის“.

ფორუმი მიეძღვნა მოქალაქეების განსხვავებული აზრების შეჯერებას და ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავებას.

ფორუმზე სიტყვით გამომსვლელებმა იმსჯელეს სახელმწიფოს როლზე, მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და საქართველოს ადგილზე მსოფლიოში.

ფორუმზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ნინო კასრაძეს, რომლის სიტყვასაც სრულად გთავაზობთ.

„ახლა კულტურა მოიაზრება, ხომ – გავარემონტეთ, ხელფასი ხომ მოვუმატეთ. ეს არაფერს არ ნიშნავს. განსხვავებული აზრი იდევნება. სახელმწიფო თეატრები მუშაობენ, რომ ჰკითხო მათ ხელმძღვანელობას, იტყვის: „რა გინდათ ხალხო, ვმუშაობთ, დაგვანებეთ თავი“, მაგრამ შეუძლებელია განსხვავებული აზრის გარეშე არსებობდეს თეატრი, კულტურა და კულტურის სხვადასხვა დარგები, მით უმეტეს თეატრი და კინო.

წარმოუდგენელია ეს.

ეს შეუძლებელია.

ასეთ პარადოქსულ მდგომარეობაში ვართ. მე შემიძლია ვთქვა, როგორც ჰამლეტმა, რომ „რაღაცა დალპა დანიაში“, დამთავრდება სპექტაკლი, გადმოვდგამ ნაბიჯს და არ შემიძლია დავიწერო „თავისუფლება სინდისის პატიმარს“. ეს არის, აი როგორ გითხრათ…   აი, აქამდე მივედით, ასეთ კანონებს ღებულობენ და თვითონაც რომ დაფიქრდნენ, რა საზიანოა მომავალი თაობისთვის…

ჩვენ ვეღარ მივიღებთ ასეთ პროტესტს, როგორიც ეხლა გვაქვს. იცით, ეს პროტესტი, სადაც ჩვენ ხელოვანებმა თავი ასე აჩვენეს, ეს ამ 30 წლის დამსახურებაა, ავად თუ კარგად, მაგრამ ეს არის ხელოვანი დამოუკიდებელ საზოგადოებაში აღზრდილი. მაგრამ თუ ასეთი კანონებით ვიცხოვრეთ, რაზეც ჩვენ ვთქვით, ხვალ არავინ აღარ გამოვა, იმიტომ რომ – არ არის სცენა, არ არის სცენა ეს სუბიექტური აზრისთვის და ხელოვნება სუბიექტურია.

ასევე მინდა ვთქვა კინოზე.

თქვენ იცით, რომ მესამე წელია ჩვენი კინოცენტრი არ ფუნქციონირებს? კი, არსებობს, მას ჰყავს თავისი დირექტორი, მაგრამ ბოლო ნამუშევარი… აი, ამ შემოდგომის ფესტივალზე ბოლო ფილმი იყო და მორჩა, აღარაფერი აღარ დაფინანსდება, აღარაფერი არ იქნება. თბილისის საერთაშორისო ფესტივალიც, დაფინანსების გარეშეა. აი, სულს ღაფავს – ან იქნება, ან არ იქნება.

რომ მივიდნენ ვიღაცასთან და უთხრან, რომ დამაფინანსეო, ისიც დაფიქრდება ათასჯერ –   ეს ჩაეთვლება პოლიტიკურში? არ ჩაეთვლება? და არ დააფინანსებს.

კერძო თეატრებს არ აქვთ მხარდაჭერა, არანაირად.

განწირულები არიან: ერთი წელი, წელიწადნახევარი, ორი წელი და დამთავრდება. თუ უნდათ რომ შეინარჩუნონ, უნდა გადავიდნენ კომპრომისზე, ან პორნოგრაფია აჩვენონ ან რაღაცა, რომ გადარჩნენ.

ვინც ამას არ აკეთებს, გაჭირვებულ მდგომარეობაშია. ურთულესი მდგომარეობაა.

უნდა იცოდეთ, ეს კინოცენტრი არის ჩვენი მთავარი არტერია კინოსი. კინო როგორი წარმატებული იყო, მერე იყო წყვეტა და შემდეგ, აი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩამოყალიბდა ეს კინოცენტრი, შემდეგ „ქართული ოცნების“ პირობებში კვლავ აგრძელებდა, მუშაობდა და იქ შეიქმნა ველი… სხვადასხვა ხელმძღვანელები იყვნენ – კონკურსის პრინციპი არსებობდა, დაფინანსება არსებობდა, წახალისება არსებობდა და ახალი სისხლი!

ისეთი წარმატებები იყო და ეს გაჩერდა.

რატომ?

იმიტომ, რომ ხელოვანების 70%, ვინც კინოშია, ვინც წარმოადგენს მართლაც ჩვენ ლოკომოტივს კინოში, ბოიკოტში არიან.

არ მიდიან.

ბოიკოტში არიან მსახიობები, რეჟისორები და ტექნიკური პერსონალი.

აი, მათი საჭმელი რომ ამაზეა დამოკიდებული, რას გადაიღებენ? გადავიდა ეს ხალხი რეკლამაში, გადავიდა რაღაცა დროებით სამუშაოზე.

აი, დღეს რომ შეიცვალოს სიტუაცია, დღეს რომ ყველამ შეწყვიტოს ბოიკოტი და დავიწყოთ მუშაობა, 5-6 წელიწადში არც მივალთ იმ დონემდე, სადაც გაგვაჩერეს და სადაც გავჩერდით.

ეს ისეთივე მნიშვნელოვანია მომავალი საქართველოსთვის, როგორც არის სოციალური პრობლემები, როგორც არის ჯანდაცვა, როგორც არის უსაფრთხოება, როგორც არის ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა, კრიმინალი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა – ასეთივე რანგის მნიშვნელობისაა.

შეიძლება თქვენ უბრალოდ არ იცით ამის შესახებ.

იგივე ხდება მხატვრობაში და არაფრით არ შემიძლია არ ვთქვა ლიტერატურა. ლიტერატურა – აი, აქ [ექსპო ჯორჯიაში], 25 წელიწადზე მეტია იმართება წიგნის ფესტივალი. წიგნის ფესტივალი, რომელმაც უპრეცედენტო რამე გააკეთა. ყოველ წელს ვაკვირდები, სულ თავიდან ფილარმონიაში იყო, ცოტა გამომცემელი იღებდა მონაწილეობას. დღეს კი ზოგჯერ ისეთი წარმატება აქვს დღეში 25 000-ს ვერ ატევენ, ისეთი ამბავი ხდება, ამ პავილიონში.

წიგნის ფესტივალი, რომელმაც 2018 წელს უპრეცედენტო რამ გააკეთა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც წარადგინა ქართული კულტურა, როგორც უნიკალური.

მე იქ ვიყავი და ვნახე ეს რა მაღალი დონის ტრიბუნა იყო.

როგორ წარსდგა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. როგორი შეფასება ჰქონდა ჩვენს ინტელექტუალურ მარაგს. მართლაც უპრეცედენტო რამ მოხდა.

დღეს კი წიგნის ფესტივალს არ აქვს დაფინანსება.

არის წვალება – იმან დამაფინანსოს, ამან დამაფინანსოს, იქნებ ვინმემ დამაფინანსოს.

აი, ასეთ მდგომარეობაშია კულტურა.

"სპექტაკლი იხსნება იმიტომ, რომ რეჟისორი სუბიექტურ პოლიტიკურ აზრს გამოხატავსო" - ნინო კასრაძე

მუზეუმებზე აღარ ვიტყვი.

დღევანდელი მოცემულობით უმძიმეს მდგომარეობაში ვართ.

ლაშა ჩხვიმიანი, დმანისის თეატრის რეჟისორი, რომელმაც გააცოცხლა დმანისში რაღაცა [თეატრალური] კერა, შექმნა… ეს უნიკალური ადამიანი გაუშვეს [თეატრიდან]…

გადააბარეს თეატრი სხვას, მისცეს დიდი დაფინანსება – ერთი სპექტაკლი არ ჩატარებულა მას შემდეგ.

ყველაზე საშინელება ის არის, როცა ჩავდივართ დმანისში, მინდა ის ახალგაზრდები [ჩვენ ძალიან ბევრ ბავშვთან გვაქვს საქმე] ჩამოვიყვანოთ, ვერ ჩამოდიან თუ ხარ ასოცირებული ამ ხალხთან. ისეთი შიშია დანერგილი. და ამას იცით როგორ ვგრძნობთ ხელოვანი ხალხი და მსახიობები?

კულტურის საკითხი, კულტურის დარგების საკითხი არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ყველა სხვა საკითხი.

არ იფიქროთ, რომ მოხვალთ ხელისუფლებაში, ყველაფერს მოაწესრიგებთ და ბოლოს – ნუ, კულტურა ხომ თავისთავად, თეატრი… არა, ეს ასე არ არის, ამასობაში დაიკარგება.

იმიტომ, რომ ის ხალხი, ახალგაზრდები, ვინც არიან დღეს, ისინი წავლენ. ისედაც წკიპზე არიან. რამდენხანს შეიძლება უფულოდ, უხელფასოდ, უსიტყვოდ იყო ასეთ მდგომარეობაში?

ხელოვნება და სპორტი ახალგაზრდებისთვის – ეს არის ის, რაც გადაარჩენს ახალგაზრდას ნარკოდამოკიდებულებისგან, სასმელისგან, თამაშისგან, ათასი მავნე რამისგან… აბა როგორ მოხდება? ეს ერთმანეთთან არის კავშირში, ყველაფერი არის კავშირში.

კულტურის სამინისტრო იმის მაგივრად რომ იმით იყოს დაკავებული, აგერ მამაჩემის ხნის ხალხს სანახავი ჰქონდეს… აქვთ უფროსებს, მოხუცებს აქვთ ადგილი სადაც შეუძლიათ წავიდნენ და რაღაცას მოუსმინონ, რაღაცა ნახონ?

არა, ასე არ შეიძლება.

ყველა სეგმენტს აქვს თავისი ადგილი, ესეც კულტურაა. ესეც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს მშენებლობები, რომლებმაც სუნთქვის საშუალება აღარ დატოვეს… ესეც კულტურის ნაწილია.

ერთი რამე მინდა გითხრათ – მეტი ყურადღება უნდა ჩვენ დარგებს, მეტი. არ იფიქროთ, რომ ისინი რაღაცა დადიან და იქნებ თავს გადარჩნენ. ვერ გადავირჩენთ თავს. ჩვენზე გადის ახლა ეს ფრონტის ხაზი.

ერთი 10 წლის წინ უელბეკი, მიშელ უელბეკი გვყავდა ჩამოყვანილი, რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, ერთ-ერთი გამომცემლობის მოწვევა იყო. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და შემდეგ ერთმა ფრანკოფონმა, ძალიან სიმპატიურმა ქალმა, ლიტერატორმა რამოდენიმე საკითხზე ჩამოაგდო საუბარი და მათ შორის ძალიან კარგად აღწერა ფრანგული საზოგადოების და საერთოდ ფრანგული ფილოსოფიის სუსტი და მანკიერი მხარე.

უელბეკმა მოუსმინა და მერე ისეთი რამე თქვა: „მართალი ხართო,“ – დაეთანხმა – „დიახ, ეს არის ჩვენი მანკიერი, ჩვენი საზოგადოების მანკიერი მხარე, ეს არის ჩვენი პრობლემაო, მაგრამ ეს ასევე არის ჩვენი საზოგადოების სიძლიერეო“.

აი, ამაში გვჭირდება ჩვენ კულტურა. რომ ჩვენი ნაკლი, ჩვენი პრობლემა დაგვანახოს. 360 გრადუსით მოგვცეს საშუალება ყველაფრის დანახვის, შემდეგ ცვლილების, რაღაც კათარზისის და წინსვლის. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

გაუფრთხილდით კულტურას, შეინარჩუნეთ და გახსოვდეთ მომავალო პოლიტიკოსებო, რომ დღეს ახალგაზრდები ვინც  არიან, მაშინაც ძალიან კრიტიკულები იქნებიან შემდგომი ხელისუფლებების მიმართ,“ – თქვა ნინო კასრაძემ სიტყვით გამოსვლისას სამოქალაქო ფორუმზე.

„ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის“ სპიკერები იყვნენ: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი თოზუ გულმამედლი, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მწერალი დათია ბადალაშვილი,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და  „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე.

სამოქალაქო ფორუმი: “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის” “თავისუფლების მოედნის” ორგანიზებით გაიმართა.

 

 

საქართველოს რკინიგზა ბათუმში 10 ჰეტარ მიწას ყიდის, ტერიტორიაზე დგას შენობებიც

საქართველოს რკინიგზის კომპანია, შპს „ჯიარ ქონების მართვა“ ბათუმში 10 ჰექტარ ფართობს  [107 586 კვ.მ] და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს სამ ლოტად ყიდის. გასაყიდი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის მდებარეობს, მას „ბათუმის სატვირთო ეზოს“ უწოდებენ.

მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთები

ქონება ელექტრონულ აუქციონზე ერთხელ უკვე გაიტანეს 2026 წლის 21 იანვარს, აუქციონი 4 თებერვალს უშედეგოდ დასრულდა, ინტერესი არავინ გამოხატა. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სავარაუდოდ ამ ქონებას განმეორებით აუქციონზე ფასდაკლებით გაიტანენ.

სამივე მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, ჯამურად, 59 მილიონ 712 497 ლარი იყო  – 1 კვ.მეტრი 551 ლარი, თითოეულის ბიჯი კი 10 000 ლარი.

ფოტო – აუქციონი

აუქციონის პირობების მიხედვით, რომლითაც შპს „ჯიარ ქონების მართვამ“ მიწის ნაკვეთები გასაყიდად ერთხელ უკვე გაიტანა,  მყიდველს შეუძლია, გამყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის პირობებში, ნასყიდობის საფასური იპოთეკური სესხით დაფაროს.

ამ უფლების გამოსაყენებლად მყიდველმა წერილობით უნდა მიმართოს გამყიდველ ორგანიზაციას ნასყიდობის დარჩენილი საფასურის გადახდის ვადის გასვლამდე ნებისმიერ დროს, თუმცა არაუგვიანეს 45 კალენდარული დღით ადრე.

ერთ-ერთი პირობაა ასევე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, სარეალიზაციო უძრავი ქონებით შპს „ჯიარ ქონების მართვის“ მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, შეძენილი ქონების ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველი არ არის უფლებამოსილი გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე, შესყიდულ მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და სხვა ქონება დაანგრიოს.

სააუქციონო პირობების სრულად შესრულებამდე უძრავ ქონებაზე რაიმე შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, უძრავი ქონების მყიდველი ვალდებულია შესაბამისი პროექტი სს „საქართველოს რკინიგზას“ წინასწარ შეათანხმოს.

შპს „ჯიარ ქონების მართვა“ 2009 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია სს „საქართველოს რკინიგზა“.  ეს კომპანია უზრუნველყოფს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არაპროფილური უძრავ-მოძრავი ქონების მართვას და შემოსავლის მიღებას.

„ფეისბუქზე“ უნებართვო შეღწევისა და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, სექსუალური ხასიათის იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

აჭარის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ანგარიშზე უნებართვო შეღწევის გზით გაეცნო დაზარალებულის პირად მიმოწერას, რის შემდგომაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, ასევე სახელის გამტეხი და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით, დაზარალებულს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით , პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით [პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება] და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით [კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 თებერვლის 21 საათიდან 9 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა. მაღალმთაში თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0– 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 10-11 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 246 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 651 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 010 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 37 044 ერთეული [+8]
  • MLRS – 1 637 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 295 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 127 549 ერთეული [+468]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 269 ერთეული [+24]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 77 439 ერთეული [+60]
  • სპეცტექნიკა – 4 069 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 924 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 553 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 661 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 150 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 913 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„დილის 5 საათზე დაიწყო ჩვენი გამოსახლება“ – უსახლკაროები ბაქოს ქუჩიდან თავშესაფარში წაიყვანეს

დღეს, 7 თებერვალს, ბაქოს ქუჩაზე სახელმწიფოს  ბალანსზე არსებული შენობიდან თვითნებურად შესახლებული ოჯახები გამოასახლეს.

„დილის ხუთ საათზე დაგვიბრახუნეს კარზე და გვითხრეს, რომ შენობა უნდა დაგვეცალა. როცა გამოვიხედეთ გარეთ, მუნიციპალური ინსპექციისა და პოლიციის წარმომადგენლებით იყო გადავსებული აქაურობა. დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ნორმალურად იქცეოდნენ, მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენი ნივთები აგველაგებინა“, – გვიყვება მოქალაქე, რომელიც კიდევ რამდენიმე ოჯახთან ერთად ბაქოს ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში იყო შესახელებული.

ამ მოქალაქეს სურს, რომ მისი სახელი არ დავასახელოთ: „მომავალში პრობლემა რომ არ შემექმნას“, ის ტელეფონით გვესაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე, სახელმწიფოს შენობაში შესახლებულებიდან 8 ოჯახი გამოასახლეს, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

გამოსახლებულები ურეხის თავშესაფარში გადაიყვანეს.

მოქალაქე, რომელიც „ბათუმელებს“ ესაუბრა აცხადებს, რომ თავშესაფარში საცხოვრებლად კარგი პირობები დახვდათ. აქ რამდენ ხანს დარჩებიან ამ ეტაპზე არ იციან. ერთ-ერთი ამბობს, რომ აქედან საკუთარ ბინებში უნდა გადავიდნენ:

„სავარაუდოდ ოზთურქის აშენებულ ბინებში გადაგვიყვანენ, ვისაც უსახლკაროს სტატუსი გვექნება.“

 

მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ, ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას სთხოვენ ისინი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში შეასახლონ.

ფოტო: „მაუწყებელი“

აჭარის ჯანდაცვის არალეგიტიმურმა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებს აქციაზე დაუდასტურა, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს. მოქალაქეებმა განცხადებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.

გარდა ამისა, არალეგიტიმურმა მინისტრმა განმარტა, რომ ოზთურქის კორპუსები ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინის პირობებს არ აკმაყოფილებს:

„საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რასაც სჭირდება გარკვეული დრო. ამ დროის განმავლობაში მოხერხდება ყველა იმ განცხადების განხილვა, რომელიც დღემდე არის მერიაში დარეგისტრირებული“, – თქვა მან.

ნინო ნიჟარაძეს არ დაუზუსტებია, დაახლოებით რა ვადა დასჭირდება კომისიას განცხადებების შესასწავლად. „არ ვიცი რამდენი განაცხადია უკვე მერიაში და რამდენი კიდევ შევა“, – აღნიშნა მან.

დაკეტილი მუზეუმი – კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის რემონტი არათუ ჯერ არ დასრულებულა, არამედ ახლა იწყება. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

მუზეუმი უკვე 1 წელზე მეტია დაკეტილია.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სარდაფის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის მუზეუმების გაერთიანებამ 2023 წლის ბოლოს გამოაცხადა.

სამუშაოების დაწყებიდან მალევე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუზეუმების გაერთიანების დირექტორს აცნობა, რომ გამოიკვეთა რიგი ფაქტორები, რაც სამუშაოების პროექტის ავტორთან განხილვას საჭიროებდა.

როგორც დოკუმენტებით ირკვევა სამუშაოების მიმდინარეობისას წარმოიქმნა მთელი რიგი პრობლემები, კერძოდ: სარდაფის გადახურვის მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციებსა და მზიდ კონსტრუქციებს აღმოაჩნდა მნიშვნელოვანი დაზიანებები, რის გამოც სარდაფის გადახურვა და მზიდი კონსტრუქციები ავარიულ მდგომარეობაში იყო.

საბოლოოდ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადაწყდა შესაბამისი საპროექტო ორგანიზაციის მიერ შენობის ფუძისა და კონსტრუქციების გამაგრების პროექტის მომზადების საჭიროება.

2024 წლის აგვისტოში აჭარის მუზეუმების გაერთიანებამ არქეოლოგიური მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის ჩასატარებლად კვლევითი სამუშაოებისა და  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად შესაბამის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა.

თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით კომპანიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 180 დღის განმავლობაში უნდა დაესრულებინა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს ეტაპები მოიცავდა საინჟინრო-გეოლოგიურ, მათ შორის ჰიდროლოგიურ გამოკვლევას, შენობის დეტალურ გამოკვლევას და რეკომენდაციების შემუშავებას და შენობის არქიტექტურულ-ისტორიულ კვლევას.

სამუშაოებს შპს „Georgianhouse“ ასრულებს, ხელშეკრულების ღირებულება 250 000 ლარია.

აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის თეონა ზოიძის ინფორმაციით, კომპანიამ პროექტი უკვე ჩააბარა შემსყიდველს.

მუზეუმების გაერთიანება ამჯერად ტენდერს უკვე მომზადებული პროექტის შესაბამისად  სამუშაოების ჩატარებაზე გამოაცხადებს.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 245 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 650 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 009 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 37 036 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 637 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 295 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 127 084 ერთეული [+1 161]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 245 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 77 379 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 4 064 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 882 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 542 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 660 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 133 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 855 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსებს აძლევენ დავალებას – შეიპარონ, ჩაარჭონ დროშა და სურათი გადაიღონ“ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში 16 წლის მოზარდი ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან მოზარდი გადავარდა და დაიღუპა.

შემთხვევა დღეს, 6 თებერვალს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული 16 წლის ბიჭია.

მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა.

„ბათუმელების“ პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე რამდენიმე მოზარდი ფოტოებს იღებდა.

ჯერჯერობით უცნობია, მოზარდი დაიღუპა ვარდნის შედეგად თუ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას, რომელიც ხიდის ქვეშ, მატარებლის ლიანდაგების თავზეა განთავსებული.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

„ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

„რუსებს აძლევენ დავალებას – შეიპარონ, ჩაარჭონ დროშა და სურათი გადაიღონ“ – ინტერვიუ

„ძალიან გახშირდა ე.წ. დროშის ჩამრჭობების ვიზიტები რუსების მხრიდან. ეს არის რუსების 3-5 კაციანი ჯგუფი, რომელსაც აძლევენ დავალებას – რაღაცნაირად შეიპარონ კუპიანსკში ან კუპიანსკ-უზლოვაიას რომელიმე დასახლებულ პუნქტში, ჩაარჭონ დროშა, გადაიღონ სურათი da შემდეგ ეს მიაჩეჩონ პროპაგანდისტულ არხებს, რომ თითქოს ეს რაიონი ექვემდებარება რუსების კონტროლს…,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზს.

სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსები წინსვლას ვეღარ ახერხებენ, თუმცა პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება ისე არ სურს, რომ დამარცხებული გამოჩნდეს.

ამასობაში, სამხედრო დაპირისპირების საფრთხე იზრდება ირანში: „ქირურგიული დარტყმები განხორციელდეს უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე – ეს ერთი ვარიანტია, მეორე ვარიანტია დაიწყოს ფართომასშტაბიანი საჰაერო კამპანია, რომელიც ირანელებს თავის აწევის საშუალებას არ მისცემს. ამით შეიძლება აიძულონ შეიარაღებული ძალები, გადავიდნენ ხალხის მხარეს,“ – ვახტანგ კაპანაძე ირანში მოვლენების შესაძლო განვითარების რამდენიმე სცენარზეც გვესაუბრა.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ზამთრის ყინვაში რუსეთი ძირითადად ენერგოობიექტების განადგურებით ცდილობს იმას, რომ უკან დაახევინოს უკრაინას? წუხელ უკრაინელებმაც ჩააბნელეს რუსეთის ქალაქი ბელგოროდი. რა შეიძლება გამოუვიდეს ამ გზით რუსეთს?

არაფერიც არ გამოუვა. რუსეთი უბრალოდ დამატებით ამწარებს უკრაინელებს. მაგალითად, კიევში, დნიპროს რაიონში ისე ძლიერად დააზიანეს ენერგოსადგურები, რომ შეიძლება ორი თვე გათბობის გარეშე დარჩეს მოსახლეობა, მაგრამ ეს ვერ შეცვლის განწყობას უკრაინელების და არანაირად ამ ეტაპზე არ აისახება ომის მიმართ განწყობებზე.

ეს ჰუმანიტარული კატასტროფისკენ გადადგმული ნაბიჯებია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა.

  • დნეპროპეტროვსკის ოლქზე 5-6 თებერვლის ღამეს, ანუ წუხელ, რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. რუსები ასევე გააქტიურდნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით. რა იცვლება კონკრეტულად ფრონტის ხაზზე?

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბოლო მონაცემებით, მკვეთრად შემცირდა რუსების შეტევები ფრონტის მთელ ხაზზე, რაც დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა „სტარლინკის“ გამოთიშვასთან.

როგორც მოგეხსენებათ, რუსები იყენებდნენ „სტარლინკს“. მათ კონტრაბანდულად, თუ რაღაც მაქინაციებით შეძენილი ანტენები გაუჩნდათ და იყენებდნენ ამ კავშირის საშუალებებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ფრონტისპირა რეგიონებში, სადაც „სტარლინკის“ მიერ იყო ტერიტორია გადაფარული.

მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა დააფიქსირეს დრონები „სტარლინკის“ ანტენებით და გაზრდილი სიზუსტე [სწორედ ასეთი დრონების შეტევებით იქნა აფეთქებული ავტობუსი, სადაც 16 მეშახტე მოკლეს], ასევე, კავშირის და მართვის ოპერატიულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რუსებში, „სტარლინკმა“ მოითხოვა უკრაინელებისგან ე.წ. თეთრი სიები, სადაც შეყვანილი იქნება უკრაინელების მიერ გამოყენებული ტერმინალები, თავისი ნომრებით, ხოლო რუსების ხელში მყოფი დაუფიქსირებელი „სტარლინკები“ კი, გამოირთვება. ის ობიექტი, რომელიც გარკვეული 75კმ/სთ-ი სიჩქარით დაფრინავს და ეს სიჩქარე აღემატება მისთვის ტექნიკურად განსაზღვრულ მონაცემებს, შეეზღუდება სიგნალის მიღება, ანუ ოპერატორი სურათს ვერ დაინახავს, ხოლო თუ სიჩქარე მიაღწევს 90 კმ/სთ-ს, ავტომატურად იქნება გამორთული — ჯერ ჩაახშობენ, ხოლო თუ სიჩქარე მოიმატებს, საერთოდ გამოირთვება.

მთავარ მიმართულებებად რჩება ისევ კუპიანსკი. რუსებმა კუპიანსკში ჩარჩენილ რუსულ ძალებს საერთოდ მიანებეს თავი, მგონი. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკი – უზლავოისკენ. ეს არის კუპიანსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულება, ქალაქის მიმდებარე დასახლებული პუნქტია, სადაც ძალიან გახშირდა ე.წ. დროშის ჩამრჭობების ვიზიტები რუსების მხრიდან.

ეს არის რუსების 3-5 კაციანი ჯგუფი, რომელსაც აძლევენ დავალებას – რაღაცნაირად შეიპარონ კუპიანსკში ან კუპიანსკ-უზლოვაიას რომელიმე დასახლებულ პუნქტში, ჩაარჭონ დროშა და გადაიღონ სურათი, შემდეგ ეს მიაჩეჩონ პროპაგანდისტულ არხებს, თითქოს ეს რაიონი ექვემდებარება რუსების კონტროლს.

უკრაინელები ხუმრობენ, უკვე რუსების იმდენი დროშა დაგვიგროვდა, ჩვენც შეგვიძლია მოვაწყოთ დროშების აღლუმიო – გახსოვთ ალბათ, 1945 წლის აღლუმი რომ ჩატარდა მოსკოვში და გერმანიის ფაშისტურ დროშებს ყრიდნენ მოედანზე.

რა თქმა უნდა, უკრაინელები მიხვდნენ რუსების ვირეშმაკობას – უსაფრდებიან და დრონებიც აამუშავეს.

მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზზე არაფერი ხდება. ერთადერთი ისაა, რომ კონსტანტინოვკა თითქმის აიღეს რუსებმა — სამი მხრიდან უტევდნენ და მკვეთრად მოუჭირეს მარწუხები. გარკვეული აქტიურობა არის ზაპოროჟიეს მიმართულებითაც, გულიაი-პოლიესთან, სადაც რუსები შესულები არიან დასახლებულ პუნქტში, თუმცა იქ უკრაინელების მცირე ჯგუფები მაინც განაგრძობენ ბრძოლას.

  • რაზე მიუთითებს მოსკოვში სამხედრო დაზვერვის გენერალზე დღეს მომხდარი თავდასხმა? ვლადიმერ ალექსეევი დღეს, 6 თებერვალს, დაჭრილი გადაიყვანეს ჰოსპიტალში.

ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად მუშაობს უკრაინელების დაზვერვა. ვლადიმერ ალექსეევი არის „გრუს“ დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე. ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა და მსუყე, ლეგიტიმური სამიზნეა ნამდვილად უკრაინელებისთვის. ძალიანაც კარგი, რომ მოსკოვშიც არ გრძნობენ თავს დაცულად რუსი მაღალჩინოსნები.

ერთი ვერსია არის კიდევ ის, რომ სწორედ ალექსეევი მოუწოდებდა პრიგოჟინს ღია ეთერებიდან, შეწყვიტეთ ეს გამოსვლებიო. შესაძლოა, „ვაგნერმაც“ ივაჟკაცა. ისე, ერთი მეორეს არ გამორიცხავს! ვერ გეტყვით ზუსტად.

  • სამმხრივი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით აბუ-დაბიში გრძელდება. იკვეთება ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა? „პოლიტიკო“, მაგალითად, იტყობინებოდა, რომ ძირითადი დახურულ კარს მიღმა საუბრის თემა ისევ არის ტერიტორიული საკითხები.

ორივე მხარე პოზიტიურად აფასებს ამ შეხვედრებს.

ყველაზე პოზიტიური ამ შეხვედრაზე არის ის, რომ 157 – 157-ზე გაიცვალა ტყვეები მოლაპარაკებების პერიოდში. ვერ გეტყვით, რამდენად ახლოს არის ცეცხლის შეწყვეტის მიზანთან ეს მოლაპარაკებები, მაგრამ პოზიტიური ძვრები არის. შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მზადდება.

მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის წარმომადგენელი შეხვდა რუსეთის წარმომადგენელს. ემანუელ ბონი არის მაკრონის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში, რომელიც სამშაბათს გაემგზავრა მოსკოვში. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ევროპა ჩაერთვება ამ მოლაპარაკებებში, თუნდაც მაკრონის წარმომადგენელი, არა მგონია, ნაკლები მომლაპარაკებელი იყოს, ვიდრე ამერიკული მხარის წარმომადგენელი ვიტკოფი.

იმედი მაქვს, რომ ჩაერთვება თურქეთიც, რომელსაც საკმაოდ დიდი ძალა გააჩნია რუსეთზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. მივესალმებოდი ჩინეთის ჩართვასაც.

  • 2022 წლიდან, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტეს ევროკავშირის ქვეყნებმა კონტაქტი პუტინთან. გამონაკლისი იყო მხოლოდ სერბეთი და უნგრეთი. დღეს ემანუელ მაკრონი აპირებს, დაელაპარაკოს პუტინს. ეს როგორ აღიქმება – გარკვეულ დათმობად?

რაც უნდა, ის დაარქვან, მთავარია, შედეგი მივიღოთ. შედეგი ამართლებს საშუალებას.

ჩემი აზრით, მხოლოდ აშშ-ზე არ უნდა იყოს გადაბარებული პროცესი.რაც უფრო ჩაერთვება ევროპა ამ საკითხებში, მით უკეთესი.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ყველაზე რთული საკითხი არის მაინც დონბასი – მიწების დათმობის საკითხი. პუტინს სურს, რომ გამოჩნდეს მისი რაღაც წარმატება, რომ ამდენი მსხვერპლის შემდეგ რაღაცას მიაღწია, ზელენსკიმ კი თქვა, პუტინმა რომ აიღოს დონბასი, მას კიდევ დასჭირდება 800 ათასი დაღუპული მებრძოლი და მინიმუმ ორი-სამი წელიწადი.

  • როგორ ძლიერდება ამასობაში უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები? უახლოეს, ან გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება უკრაინამ შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება?

არა. დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი ნაადრევია, მიუხედავად იმ სურვილებისა, რომელიც ყველას გაგვაჩნია.

რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ადამიანურ დანაკარგთან, ასევე ეკონომიკური პრობლემებთან, მაგრამ მაინც ახერხებს სამხედრო რელსებზე მრეწველობის გადაწყობას.

რუსებმა სამჯერ გაზარდეს „ისკანდერების“ წარმოება ბოლო თვეებში ჩინეთის დახმარებით. ახლა ისინი თვეში 50-მდე ამ რაკეტას აწარმოებენ. ეს სამხედრო დახმარება დაახლოებით 10 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩინეთიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ორმაგი დახმარების საშუალებების მიწოდება. ეს არის კრისტალები რადარებისთვის, კაბელები, ჩიპები, ლითიუმის ელემენტები, რაც ასე მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის.

უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, რომელიც არაა სამხედრო პირი, მენეჯერია და თავის დროზე ძალიან კარგად ააწყო უპილოტოების წარმოება, განაცხადა, რომ ამ ომის დასრულების ფორმულაა – თვეში 50 ათასი რუსი სამხედროს განადგურება. ეს აღებულია მონაცემებიდან, რომ რუსები თვეში ახერხებენ 30-35 ათასამდე მებრძოლით შევსებას და მათ ფრონტზე გაგზავნას.

დაახლოებით ამდენივე იღუპება ყოველთვიურად ფრონტის ხაზზე. ამდენად, რუსეთი ვერ ახერხებს, შექმნას რეზერვები. მართლაც, თუ 50 ათასამდე გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი, ჩემი აზრით, სრულიად შესაძლებელია რუსების მინიმუმ შეჩერება.

უკრაინელები აქტიურად ავითარებენ სამხედრო მრეწველობას. იარაღის წარმოება ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზეა, ნაწილი – ქვეყნის გარეთ. ახლა გახსნეს ტყვია-წამლის წარმოების ხაზი ჩეხეთთან ერთად.

ამერიკაც აპირებს ზუსტი დამიზნების ჰაერი-ხმელეთი რაკეტების მიწოდებას უკრაინისთვის, ბრიტანეთი უშუალოდ უკრაინისთვის ამზადებს ბალისტიკურ რაკეტებს, რომელიც შედარებით იაფია, მაგრამ ეფექტურობით გამოირჩევა. ასევე, ბრიტანეთში იწყობა „ოქტოპუსები“ – დრონსაწინააღმდეგო უპილოტო საფრენი აპარატები, შვედეთმა დაიწყო უშუალოდ უკრაინისთვის დამრტყმელი დრონების წარმოება და ა.შ. აგერ, თავად უკრაინა საკუთარი „ფლამინგოებით“ უკვე კაპუსტინ იარის გამშვებ მოედანს არტყამს. სწორედ აქედან ხდება რუსული „ორეშნიკების“ გაშვება უკრაინის მიმართულებით.

ასე რომ, უკრაინა ტექნოლოგიურად ვითარდება და იგი უფრო და უფრო კარგ აღჭურვილობას იღებს. პრობლემა ადამიანური რესურსია, რომელიც, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს უკრაინას რუსეთთან შედარებით.

  • ასევე, ირანზე მინდა გკითხოთ: რა სახის და რა მასშტაბის სამხედრო ძალები შეიყვანა აშშ-მა ირანის სიახლოვეს? 

ფაქტობრივად, ორი ავიამზიდის დაჯგუფება უკვე არის ირანის სიახლოვეს. ავიამზიდი „ლინკოლნის“ დაჯგუფება იმყოფება 750 კილომეტრში ირანის სამხრეთით. ეს საკმაოდ დიდი ძალაა.

ავიამზიდი ძალიან ძლიერი ხომალდია – „ლინკოლნს“ შეუძლია 90 თვითმფრინავამდე გადაყვანა, ანუ მხოლოდ ერთ ხომალდს. ბორტზე ახლა ზუსტად რამდენი თვითმფრინავია, ძნელია ამის თქმა, მაგრამ ბორტზე არის ავიაფრთა CVW – 9, რომელიც შედგება 8 ესკადრილიისაგან. წესით, ესკადრილიაში შედის დაახლოებით 10-დან 30 თვითმფრინავამდე, ასევე, სახელგანთქმული დარტყმითი გამანადგურებლები – Top Hetters-ები ზედმეტ სახელად, რომელიც გამორჩეულია თავისი ეფექტიანობით.

ამ ავიაფრთაში ჩვეულებრივ შედის F-18 E, Super Hornet, F-18 G Growler [ეს არის რადარების საწინააღმდეგო თვითმფრინავი], ასევე არის E-2 Advanced Hawkeye – ეს არის მზვერავი თვითმფრინავი, რომელიც სარადარო გამოსხივების და სარადარო ველის დაზვერვას ახორციელებს.

ამავე დროს, ავიამზიდში შედის რამდენიმე CMV-22B Osprey — კონვერტოპლანი თვითმფრინავი პროპელერების ცვლილებით. იგი მოქმედებს, როგორც ვერტმფრენი და როგორც თვითმფრინავი. განთავსებულია ვერტმფრენთა 2 ესკადრილია, სატრანსპორტო და სამაშველო ამოცანების გადასაწყვეტად.

ამ ავიამზიდს აცილებს სამი ნაღმოსანი, რომელიც ტომაჰავკებით და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით არის აღჭურვილი. როგორც წესი, მას აცილებს ატომური წყალქვეშა ნავი.

ამათ გარდა, სპარსეთის ყურეში უკვე იმყოფება ორი ნაღმოსანი და სამი სანაპირო ზოლის ხომალდი, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით და რაკეტებით.

ამერიკიდან გადასროლილი იქნა რეგიონში RS-135. სულ ორი თვითმფრინავი არსებობს ასეთი და ორივე ამერიკას აქვს – მზვერავი თვითმფრინავი, რომელიც სპეციალიზებულია მოწინააღმდეგე ელექტრონული პროფილის გამოვლენასა და იდენტიფიცირებაზე.

35-დან 40 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება რეგიონში სხვადასხვა ბაზაზე: იორდანიაში, კატარში, ქუვეითში, საუდის არაბეთში.

  • სერიოზული ძალების მობილიზებაა, როგორც ჩანს, ხომ? არსებობს მოსაზრება, რომ ირანი არაა ვენესუელა და აშშ თავდასხმას არ გარისკავს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

რუსოფილებს მინდა მოკითხვა გადავცე თქვენი მედიასაშუალებით: ერთ-ერთი მათგანი ძალიან აქტიურად მეკამათებოდა სატელევიზიო ეთერში, რომ ამერიკა ვერაფერს ვერ უზამს ვენესუელას. კარგად ვნახეთ, რაც მოხდა ვენესუელაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა. ვენესუელაში იყო მონოსამიზნე, ირანში ცოტა უფრო რთულადაა საქმე იმიტომ, რომ უფრო ფესვგადგმულია ეს სისტემა. აქ არის, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე რელიგიური ხელმძღვანელობა, ასევე, რევოლუციის გუშაგების კორპუსი, რომელიც 125 ათას კაცს შეადგენს. მას თავისი საზღვაო და საჰაერო ძალები აქვს.

ირანში 60 მილიონზე მეტი მოსახლეა, ქვეყანას ჰყავს 610-ათასიანი შეიარაღებული ძალები და ამით მე-7 ადგილზეა მსოფლიოში. ირანს დაახლოებით 300 თვითმფრინავი აქვს — რა თქმა უნდა, მოძველებული, მაგრამ აქვს. მისი საჰაერო თავდაცვა დაკომპლექტებულია რუსული საშუალებებით „КУБ“, С-200, С-300, ТОР-М1, ასევე ირანული BAVAR -373-ით.

ექსპერტები თვლიან, რომ მიუხედავად ისრაელის და ამერიკის წინა დარტყმებით მიღებული ზარალისა, ირანს ჯერ კიდევ აქვს 2000 ბალისტიკური რაკეტა.

მსოფლიოს არ უნდა, რომ აირიოს სიტუაცია ისე, რომ უმართავი გახდეს რეგიონი. ირანის მთავარი მუქარა არის ის, რომ თუ თქვენ ჩვენ დაგვარტყამთ, ჩვენ დავარტყამთ ქუვეითს და ისრაელს. ამერიკას რომ ვერ სწვდება ირანი, გასაგებია. ეს ბაზები არის ქუვეითში, კატარშიც არის და იორდანიაშიც. რეგიონი ჩაერთვება მაქსიმალურად ამ დაპირისპირებაში.

ქირურგიული დარტყმები განხორციელდეს უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე – ეს ერთი ვარიანტია, მეორე ვარიანტია დაიწყოს ფართომასშტაბიანი საჰაერო კამპანია, რომელიც ირანელებს თავის აწევის საშუალებას არ მისცემს, ხოლო მასთან ინტეგრირებული იქნება სპეციალური ოპერაციების შეზღუდული რაოდენობა ხმელეთზე. ამით შეიძლება აიძულონ შეიარაღებული ძალები, გადავიდნენ ხალხის მხარეს.

ეჭვი მეპარება, რომ იყოს სახმელეთო ოპერაცია. ყველაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი არის ვითარება, რასაც Day After-ს ეძახიან, ანუ დარტყმის შემდეგ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს ირანში? აი, ეს არის პრობლემატური, ვინაიდან ირანი, მოგეხსენებათ, მონოეთნიკური ქვეყანა არ არის: სპარსელი არის მხოლოდ 65%,ისიც მაზანდარელებთან ერთად; 16% აზერბაიჯანელია, 7%  – ქურთი, 2% – არაბი, კიდევ ბელუჯები და ქაშქაის თურქული ტომებია. ეშინიათ, რომ არ გახდეს ირანი ახალი სირია, რაც მნიშვნელოვნად არავის არ აწყობს, ვინაიდან მისი მდებარეობა ძალიან სტრატეგიულია. ეს არ იქნება არავისთვის კარგი.

მე არ გამოვრიცხავ არაფერს. საუბარია, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესი. როგორც მითხრეს, ეხლა გამოცხადებულია რადიოდუმილი ამ დაჯგუფებებში. ეს რაღაცის მანიშნებელია. ასევე, ისრაელში გააქტიურეს ახალი დანამატი მობილურებზე, რომელიც ყოველ მოქალაქეს აქვს და ფაქტობრივად შეუფერხებლად მუშაობს. ჯერ მოდის საერთო გაფრთხილება, რომ შესაძლებელია თავდასხმა, შემდეგ მოდის გაფრთხილება, რომ რაკეტები აიწია ჰაერში და ბოლოს – 10 წუთით ადრე: „შედით თავშესაფარში!“

  • მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევის ალბათობა ნაკლებია? 

ჩემი აზრით, ნაკლებია, კი.

მოლაპარაკებებზე აშშ აყენებს ოთხ საკითხს: დემონსტრანტების არდახვრეტა, თუმცა ფაქტობრივად ისე დაიწია მღელვარებამ, შეიძლება მოიხსნას ეს საკითხი; მეორეა ბირთვული განვითარების შეჩერება; შემდეგია პროქსი ორგანიზაციების მხარდაჭერის შეწყვეტა — ეს არის ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუსიტები და აქვე კიდევ სხვა, მცირე ზომის ტერორისტული დაჯგუფებები და აშშ-ს კიდევ ერთი პირობაა ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საკითხები, რაც ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, არ იქნება განხილული ირანის მხრიდან. არ ვიცი, ამ საკითხებიდან საბოლოოდ რა ამოვარდება და რა დარჩება დღის წესრიგში, მაგრამ ფაქტია: ირანი არ მიდის ამ ყველაფრის შესრულებაზე.

„რეჟიმს ჩვენი პროფესიის მკვლელობა აქვს დაგეგმილი“ – მზია ამაღლობელის წერილი

დღეს, 6 თებერვალს, თბილისში გაიმართა კონკურსის – ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დაჯილდოების ცერემონია, სადაც წაიკითხეს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის წერილი. 

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს:

„მოგესალმებით,

ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმ სივრცეში ყოფნა, თუნდაც ვირტუალურად, სადაც მეტ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მის მნიშვნელობასა და როლზეა საუბარი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ეს შეხვედრა განსაკუთრებით ღირებული და წონადი მგონია იმის გამოც, რომ ის ევროკავშირის ორგანიზებულია – გაერთიანების, რომელიც იყო და მჯერა, მომავალშიც იქნება მსოფლიოს უსაფრთხოების, სამართლიანობის, თანასწორობისა და კეთილდღეობის კომპასი.

აუდიტორიას გახსოვთ ალბათ 20 წლის მუსიკოსი ბიჭი, ერთ-ერთი იმ პოლიტპატიმრებს შორის, ვინც ქუჩაში ევროპული მომავლის მოთხოვნით გამოვიდა და დააკავეს. გახსოვთ, რა სიტყვებით დატოვა მათე დევიძემ სასამართლო დარბაზი განაჩენის გამოტანის შემდეგ: „მივდივარ სინათლის საძიებლად წყვდიადში“.

ციხე – ადგილი, სადაც გამოკეტილი ვართ, მართლაც წყვდიადს ჰგავს. აი, სინათლე კი ამ ბნელ უსასრულობაში ჩემთვის ინფორმაციაა, ის ამბები, რომლებსაც თქვენ – კრიტიკული მედია ქმნით და როგორც სინათლე და მზის სხივი, ისე შემოდის ჩემამდე.

მადლობა ამისთვის.

ვფიქრობ, ამ დარბაზში ბევრი იდეალისტი უნდა იყოს – ჩემი ნაცნობ-მეგობარი ჟურნალისტების მსგავსად. მათ რიგებში ვხედავდი საკუთარ თავს, ოღონდ მანამდე, სანამ დამაპატიმრებდნენ.

დაპატიმრებამდე ვიყავი მიუკერძოებელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წარმომადგენელი. მას შემდეგ კი, რაც ხელბორკილები დამადეს და საზოგადოებისთვის საშიშ პირად, სისხლის სამართლის დამნაშავედ გამომაცხადეს, ასე მგონია, პროფესიაც წამართვეს. იძულებული გავხდი, სხვის ისტორიებსა და ფაქტებზე კი არა, საკუთარ თავზე მელაპარაკა. მხარედ მაქციეს.

დიახ, როცა შენს უფლებებსა და თავისუფლებაზე გიწევს საუბარი, როცა უსამართლობასთან, უკანონობასა და უთანასწორობასთან გიწევს ბრძოლა, როგორც მოქალაქეს და არა როგორც ჟურნალისტს, იქ მხარე ხარ.

დღეს ჩემი კოლეგების – ჟურნალისტების ყოველდღიურობა კი დანაღმულ ველზე სიარულს დაემსგავსა. კრიმინალიზებულია ყველა ის ჯგუფი, რომელიც იბრძვის თავისუფალი და ეთიკური ჟურნალისტიკის გადასარჩენად.

არ იქნება გადაჭარბებული, ალბათ, თუ ვიტყვი, რომ რეჟიმს თავისი რეპრესიული და მტრული დამოკიდებულებებით ჩვენი პროფესიის – ჟურნალისტიკის მკვლელობა აქვს დაგეგმილი.

დაუშვებს კი ამას ქართული საზოგადოება? მაგრამ მათაც ხომ ოლიგარქიის რეჟიმი პოლიტიკურად ავიწროებს, განათლების შესაძლებლობას უზღუდავს, სულიერი სამყაროსგან იზოლირებულ ცხოვრებას უგეგმავს, საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებად საყოფაცხოვრებო, სამომხმარებლო ინტერესებს გვიტოვებს.

რა იქნება ხვალ? – არ ვიცი. წესით, უნდა იყოს ის, რაც ქართველ ხალხს გვინდა და არა ოლიგარქიის რეჟიმს და პუტინის რუსეთს. ქართველ ხალხს თავისუფლება და ევროპული მომავალი უნდა. მომავალი, რომელსაც არავინ გვაჩუქებს – ის ჩვენ უნდა შევქმნათ და მოვიპოვოთ. 

ღირს ამისთვის ბრძოლა.

მადლობა.

მზია ამაღლობელი“.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი წელიწადზე მეტია უკანონო პატიმარია.

2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

„პოლიტიკის და ხელოვნების გამიჯვნა შეუძლებელია. „ოცნება“ ცენზურას უკვე აღარ მალავს “- ინტერვიუ

„ძალიან სავალალოა, როდესაც უკვე აღარ მალავს „ოცნება“ ცენზურას. მათ აღარ სჭირდებათ არანაირი კამუფლაჟი, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ასე თუ ისე დემოკრატიული თამაშის წესებს მიჰყვებიან“- ამბობს კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თეო ხატიაშვილი, ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის მიერ სპექტაკლის გაუქმებაზე.

„რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- ეწერა თეატრის განცხადებაში.

როგორია პოლიტიკისგან გამიჯნული თეატრი? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თეო ხატიაშვილს.

  • ქალბატონო თეო, რამდენად სწორია, როცა ამბობენ, რომ „თეატრში პოლიტიკის ადგილი არ არის“? სწორედ ამ მოტივით გააუქმეს ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლი და უკვე აღარც მალავენ, რომ ცენზურა ღიად ამუშავდა. რას ფიქრობთ ამაზე?

თავისთავად, ის პროპაგანდა, რომ სპორტი და პოლიტიკა ან ხელოვნება და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს და ასე შემდეგ, დიდი ხანია მუშაობს. თუმცა ესეც შერჩევითია, რადგან გამიჯვნაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც „ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები გამოხატავენ აზრს, მაგრამ ამავე დროს, თვითონ ძალიან აქტიურად იყენებენ სპორტსაც და კულტურასაც, თუნდაც თავიანთ საარჩევნო კამპანიაში.

  • თუ რეჟიმს უჭერ მხარს, მაშინ შეიძლება და თუ არა – გამიჯნულია ხელოვნება და პოლიტიკა. ეს პრინციპია? 

დიახ, მხოლოდ მაშინ არის დასაშვები.

არც ის გამიკვირდება, ცოტა ხანში რომ მიიღონ კანონი და დასჯადი გახდეს ხელოვანის მხრიდან პოლიტიკაზე საუბარი.

ზოგადად, ხელოვნების გამიჯვნა პოლიტიკისგან და მითუმეტეს თანამედროვე ხელოვნებისგან, არის შეუძლებელი. შუა საუკუნეების ან რენესანსის პერიოდში, როდესაც არ არსებობდა, ასე ვთქვათ, იდეოლოგიები და ასეთი დიფერენციაცია არ იყო, არაჩვეულებრივი მხატვრები მეფის ან თუნდაც პირსისხლიანი ტირანის ქვეშევრდომებიც ყოფილან, მაგრამ მაინც შეუქმნიათ გენიალური ნამუშევრები და ამისთვის მათ პასუხს არავინ სთხოვდა.

რატომ გამოვყავი თანამედროვე ხელოვნება – იმიტომ, რომ თანამედროვე, მოდერნული საზოგადოება და ეპოქა ზოგადად, ამითაც გამოირჩევა ბევრ სხვა თვისებებთან ერთად, რომ ეს არის უკვე იდეოლოგიების ეპოქა, როდესაც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრება, სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა, – იქნება ეს ლიბერალური, კონსერვატორული, მემარცხენე და ა.შ., რომელსაც იზიარებენ ადამიანები და შესაბამისად, ამ მსოფლმხედველობის საფუძველზე გამოთქვამენ აზრებს, მათ შორის ხელოვნებაშიც.

ხელოვნების ისტორიაში თუ თეორიაში იმდენად მიღებულია უკვე ეს, რომ ამაზე კამათი და დავა უკიდურეს უვიცობასთან, არაპროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული.

ამას ემატება დემაგოგიაც, რადგან დარწმუნებული ვარ, ვინც ამას ლაპარაკობს და ავრცელებს, სინამდვილეში მასაც ძალიან კარგად მოეხსენება, რომ ხელოვნებას და პოლიტიკას ერთმანეთისგან ვერ გამიჯნავს.

ამ დღეებში ხშირად მომყავს ხოლმე „ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერი რეჟისორის, რობერტ სტურუას მაგალითი, რადგან მთელი მისი კარიერა არის პოლიტიკურ თეატრთან დაკავშირებული და მისი ოვაციებით ჩავლილი სპექტაკლები, ცხადია, იყო პოლიტიკური თეატრი.

როდესაც რობერტ სტურუამ ლაშა ბუღაძის პიესა დადგა, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე გვაჩვენა სააკაშვილის კრიტიკა, რადგან მთავარი გმირი იყო მიხეილ სააკაშვილის კარიკატურული პერსონაჟი და ამის გამო მისი სპექტაკლი არავის აუკრძალავს. მაშინ ხომ მოსწონდა „ოცნებას“ ან მათ მხარდამჭერებს პოლიტიკური თეატრი და უკრავდნენ ტაშს?!

ამიტომ ვწუხვარ რობერტ სტურუაზეც, რადგან მან ხომ ძალიან კარგად იცის თეატრის ისტორია, თუნდაც საკუთარი ბიოგრაფიიდან გამომდინარე და დღეს ახალგაზრდა კოლეგებს არანაირად არ უჭერს მხარს, უბრალო სიტყვიერ სოლიდარობასაც კი არ გამოხატავს და ვფიქრობ, ეს თავად მას აკნინებს და უკვე მის შემოქმედებასაც ფაქტობრივად ხაზს უსვამს, როდესაც ამგვარ, მართლაც აღვირახსნილი პროპაგანდის თუ ცენზურის ბატონობისას შეუძლია მშვიდად დახუჭოს თვალი, დაიხშოს ყური და არ გამოეხმაუროს ამ ყველაფერს.

  • ყველა პიესა, მათ შორის ანტიკური ნაწარმოებებიც ხომ ადამიანურ ტკივილებზე, ძალაუფლების მქონეთა სისასტიკეზე ან უსამართლობაზე ლაპარაკობს და როგორ უნდათ ამ ყველაფერზე ისაუბრონ „პოლიტიკის გარეშე“? 

რასაკვირველია. ანტიკური თეატრი სხვა რა იყო, თუ არა პოლიტიკური არენა.

ამიტომ ვთქვი, დღეს ამაზე საუბარი არაპროფესიონალიზმი და უვიცობაა-მეთქი. ვინც ამას ამბობს, ესე იგი არ იცი თეატრის ისტორია და მხოლოდ თეატრზეც არ მაქვს ლაპარაკი.

პეპლებზეც შეიძლება ილაპარაკო სცენიდან და ესეც შეიძლება იყოს პოლიტიკური, გააჩნია როგორ აკეთებს ამას ავტორი. მაგრამ უბრალოდ პეპლებზე რომ წერო, ეს უკვე დანაშაულია, თუ ამას არ ექნება ქვეტექსტი და ამ კონტექსტში ვერ დაინახავ მთელ იმ უბედურებას, რაც დღეს საქართველოში დუღს – იქნება ეს პოლიტპატიმრები, ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ისეთი კანონების მიღება, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება… ეს თუ არ გაჟღერდა, მაშინ რა ხელოვანი ხარ?

  • ბოლოს და ბოლოს მათი კოლეგები არიან ციხეში, უსამართლოდ. ამაზე მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ პროტესტი?

კი და ძალიან სავალალოა, როდესაც უკვე აღარ მალავს „ოცნება“ ცენზურას, მათ აღარ სჭირდებათ არანაირი კამუფლაჟი, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ასე თუ ისე დემოკრატიული თამაშის წესებს მიჰყვებიან.

პირდაპირ გეუბნება, რომ პოლიტიკური აზრის გამო აკრძალა სპექტაკლი. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების წართმევა ადამიანისთვის, როცა გამოხატვის თავისუფლებას უსპობ, მითუმეტეს – რეჟისორს.

ცენზურის მაგალითები ადრეც იყო, როდესაც, მაგალითად, კინოცენტრის რეორგანიზაცია დაარქვეს და სინამდვილეში იყო იმისთვის, რომ მკაცრი კონტროლი დაეწესებინათ. შემიძლია ჩემი რედაქტორობით გამოსული ჟურნალის აკრძალვა მოვიყვანო მაგალითად, სადაც თემა იყო სწორედ „პოლიტიკა და ხელოვნება” და მაშინ, როცა თეა წულუკიანი იყო კულტურის მინისტრი, გამზადებული ნომერი, რაშიც სხვათა შორის ფული დაიხარჯა, ჰონორარები გაცემული გვქონდა და დაკაბადონებული იყო ჟურნალი, არ გამოიცა და შემდეგ საერთოდ შეწყვიტეს ამ ჟურნალის გამოცემა.

ასევე, სალომე ჯაშის ფილმის, “მოთვინიერების” ჩვენება იყო დაგეგმილი კინოს სახლში და ეს ჩვენებაც გააუქმეს. მაშინ ასე პირდაპირ არ იყო ნათქვამი რა ნიშნით მოხდა კინოჩვენების გაუქმება, მაგრამ მიზეზი იყო პოლიტიკური მოტივი, რადგან ფილმი იყო ივანიშვილის ბაღის ხეების გადაზიდვაზე.

ახლა უკვე აღარ ყოყმანობენ და ეს ძალიან საგანგაშოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ არათუ ვადგავართ დიქტატურის გზას, არამედ უკვე ვართ დიქტატურაში.

  • ერთი პერიოდი, როდესაც ნაკლები მაყურებელი ჰყავდა თეატრს, ამის მიზეზად გვესმოდა ის, რომ თეატრი ვეღარ პასუხობდა მაყურებლის მოთხოვნებს, რომ არ ისმოდა იქ ხალხის ხმა. დაცენზურებული თეატრი შეინარჩუნებს კი მაყურებელს?

საერთოდ ქვეყანა გადარჩება თუ არა, ამ საშიშროების წინაშე ვდგავართ დღეს. ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენ ყველანი გადავრჩებით. თუ ქვეყანა ვერ გადარჩა, მერე უკვე თეატრის არსებობა-არარსებობაზე ლაპარაკსაც აზრი არ აქვს.

  • სპექტაკლის გაუქმებაზე გვინდოდა მსახიობების აზრი მოგვესმინა, თუმცა მათ ამჯერად დუმილი ან ფეისბუქზე კომენტარები არჩიეს. რას მოუტანს ეს დუმილი მათ და ზოგადად, ხელოვნებას?

სწორედ დუმილმა დაღუპა ეს ქვეყანა, თორემ „ოცნების“ ხელისუფლებას ახლა არ დაუწყია ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიქართული პოლიტიკა. ფაქტობრივად, მოსვლის წუთიდან ის ძალიან მიზანმიმართულად კლავდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ბევრი დუმილს არჩევდა ამაზე. სადღაც მტრის ხატი იყო „ნაციონალების“ სახით ამოტივტივებული, ზოგი კონფორმიზმის გამო იყო ჩუმად, ზოგს კიდევ მაინც ჰქონდა იმედი, რომ „ბატონი ბიძინა ასეთი ცუდიც არ არის“ და აი, აქამდეც მოვედით.

რასაკვირველია, დუმილი არის ყველაზე დიდი მხარდამჭერი უსამართლობის და დიქტატურის.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს  ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ონლაინ ტურში, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა.

Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.

უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც დასკვნითი ტურისთვის მოემზადებიან. შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.olyinfo.ge

OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე გაიმართა.

თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბი ერთიანი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალი თაობას საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ტექნოლოგიებში პირველი ნაბიჯები გადადგან.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. ჰაბი, ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.

თიბისი, ჰაბის გენერალური პარტნიორი, განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს, ამიტომ ბრენდი სისტემურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.

„მოსაპარი ცოტაა და რაც არის, ისიც ბიძინასთან უნდა მივიდეს“ – ინტერვიუ

„დიდებს იმიტომ იჭერენ, რომ აჩვენონ — ყველას მივწვდებით, პატარებს კი — დასაშინებლად,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი თემურ გორგაძე. მას ბათუმის ბულვარში ერთ კვირაში დაცვის ორი პოლიციელის დაკავებაზე ვესაუბრეთ.

რას აჩვენებს ეს ამბავი მაშინ, როცა ყოფილ მაღალჩინოსნებს მილიონების მითვისებას ედავება პროკურატურა? როცა ყოფილი პრემიერი, თუ სუს-ის უფროსი ციხეშია?

„წარმოიდგინეთ, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივმა აღმოაჩინა, რომ გაძვირდა საწვავი, პური, შაქარი, ის 200-500 ლარი აღარ ჰყოფნით. ხომ შეიძლება პროტესტი გაუჩნდეთ? მაგრამ როგორც კი გაუჩნდებათ პროტესტი, ეგრევე გაახსენდებათ ის, რომ მისი მეორე პარტაქტივი, ძმაკაცი რომ იყო მისი, დაიჭირეს. შეეშინდება, რომ ისიც არ დაგიჭირონ. ეს არის შიშის ეტაპი,“ – ამბობს თემურ გორგაძე.

„ბათუმელებმა“ თემურ გორგაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერია აჭარაში.

თემურ გორგაძე ფოტო: ედო მჟავანაძე
  • ბატონო თემურ, 1 კვირაში უკვე მეორე პოლიციელი დააკავეს ბათუმის ბულვარში, სიდედრ-სიმამრის ბიზნესს მფარველობდაო. რას აჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი პრემიერი, სუს-ის უფროსი, თუ თავდაცვის მინისტრი ციხეშია და ამ შემთხვევებში საუბარია მილიონების მითვისებაზე? 

ძირითადად ბოლო დაკავებები მაღალი დონიდან დაბალ დონემდე, დაწყებული ყოფილი პრემიერიდან და სუს-ის უფროსიდან – დამთავრებული ბულვარის დაცვის პოლიციელებით, ჩემი აზრით, ნიშნავს ორ რამეს: ერთი, რომ ეს ხალხი, ვისაც იყენებდნენ აქამდე არჩევნებში აგიტატორებად, კოორდინატორებად, აქტივად, აღარ სჭირდებათ. რეალურად აჩვენეს, რომ არჩევნებზე ხალხის გამოყვანას აღარ აპირებენ.

  • „ოცნების“ აქტივი: კოორდინატორები, აგიტატორები და სხვა პირები, თქვენი აზრით, ყველა გარიგებული იყო „ოცნებასთან“ კონკრეტული კორუფციული ინტერესით? 

რა თქმა უნდა. მაჩვენეთ ერთი „ქოცი“, ვინც, მაგალითად, ეკონომიკური პოლიტიკის, განათლების რეფორმის, ან რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით უჭერს მხარს „ოცნებას“.

ახლა ეს აქტივი აღარ სჭირდებათ. არჩევნების ჩატარებას აღარ აპირებენ, მაგრამ შიში უნდა დანერგო, რომ, მათ შორის, შენიანები და უფრო მეტად შენიანები დაიჭირო, რომ მეორე შენიანს შეეშინდეს. მას თუ რამე წამოსცდება, ეშინოდეს, რომ ისიც შეიძლება დაიჭირონ. რომ გადავხედოთ, ეს ეტაპი გაიარა რუსეთმა, ბელარუსმა და უამრავმა სხვა ქვეყანამ…

ჩვენ ახლა შევედით კლასიკურ სტაგნაციაში. ეკონომიკური კრიზისი ყველა ვარიანტში დაიწყება უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო. მოსაპარიც ნაკლები რჩება საერთაშორისო გრანტების არარსებობის და ეკონომიკის ნელი ზრდის გამო. ბიძინას საბოლოო შედეგი უფრო ახლოვდება – არ ვამბობ, რომ ხვალ ან ზეგ – შესაბამისად, ივანიშვილი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ფული წაიღოს თვითონ და ცოტა დაუტოვოს დაბალ დონეზე ადამიანებს.

თორნიკე რიჟვაძის მაგალითიც მაგას აჩვენებს.

მოსაპარი ცოტაა და რაც არის, ისიც ბიძინასთან უნდა მივიდეს.

  • შიშის გაძლიერება „ოცნებას“ საკუთარ მხარდამჭერებში რატომ დასჭირდა? 

წარმოიდგინეთ, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივმა აღმოაჩინა, რომ გაძვირდა საწვავი, პური, შაქარი, ის 200-500 ლარი აღარ გყოფნით. ხომ შეიძლება პროტესტი გაუჩნდეთ?

მაგრამ როგორც კი გაუჩნდება პროტესტი, ეგრევე გაახსენდება ის, რომ მისი მეორე პარტაქტივი, ძმაკაცი რომ იყო მისი, დაიჭირეს. შეეშინდება, რომ ისიც არ დაგიჭირონ. ეს არის შიშის ეტაპი.

ოპოზიციის მხარეს იციან, რომ ამ ხალხს დაჭერის აღარ ეშინია. მაგრამ შენიანებს თუ იჭერ, გვერდით მყოფს, ვისაც შეიძლება ავტობუსის 70 თეთრად გახდომაზე პროტესტი გაუჩნდა, ეგრევე გაახსენდება ეს ამბავი და გაჩუმდება.

  • თვითონაც რაღაცას იპარავდა და ამიტომ?

ბუნებრივია. „ქართული ოცნების“ პარტაქტივის ძალიან დიდი ნაწილი მცირე დონეზე, რაღაც დონეზე მაინც იპარავდა. ეს სისტემა ასე მუშაობს — ყველა საკუთარი „ვიგოდის“ [სარგებლის] გამოა იქ, სადაც არის. ყველამ იცის, რომ ვიღაცას 500 ლარი აქვს მოპარული, ვიღაცას – 500 ათასი. მოპარულიც რომც არ გქონდეს, ღარიბაშვილი დაიჭირეს, ლილუაშვილი დაიჭირეს და შენ ვინ ხარ, რომ არ დაგიჭირონ? – ეს არის შიშის დანერგვის კლასიკური მეთოდი დიქტატურებში.

ვინც 400 დღეა ქუჩაში დგას, ბიძინა მაგ ხალხს ვერ დაამარცხებს. გამორიცხულია, მაგ ხალხს ვერ შეაშინებ, მათ შიშიც გადალახეს და ყველაფერი. ეს ის ხალხია, ვინც საბოლოოდ ბიძინას ბოლოს მოუღებს.

პროტესტი გაიზრდება ყველა ვარიანტში, რადგან ჩვენ სოციალური აფეთქებისკენ მივდივართ. ფასების ზრდა, მაგალითად, ავტობუსით მგზავრობის ფასი, ყველას ეხება, მარტო ოპოზიციას კი არა.

ბევრია ისეთი, ვისაც პროტესტი აქვს, მაგრამ მას ვერ გამოხატავს შიშის, სხვადასხვა ფაქტორის გამო. გაპროტესტება ამ ქვეყანაში გახდა ძალიან ძვირი, დაწყებული 5-ათასლარიანი ჯარიმით, დამთავრებული პატიმრობით. ვისაც პროტესტი აქვს და ვერ გამოხატავს, მას კიდევ უფრო მეტად შეეშინდება.

  • ბათუმის ბულვარის დირექტორი ყოფილი პოლიციელია – „მზია ამაღლობელის საქმის“ ცრუ მოწმე. ეს რაზე მიუთითებს? 

ეს ყველაფერი შიშის დანერგვაა. მიზანია ის, რომ სხვა პატარა „ქოცს“, მაგალითად, გამწვანების სამსახურში, შემთხვევით არ მოუნდეს საწვავის ფასის გაპროტესტება. ის უნდა შეაშინო. თემურ გორგაძეს თუ დააკავებ, ამით დაბალი რგოლის „ქოცი“ ვერ შეშინდება, მაგრამ ბულვარში დასაქმებულ შენსავე მომხრეს თუ დაიჭერ, შეეშინდება სხვასაც.

დიდებს იმიტომ იჭერენ, რომ აჩვენონ — ყველას მივწვდებით, პატარებს კი — დასაშინებლად.

  • რა გზავნილია ეს საზოგადოებისთვის, ვინც არაა შესული „ოცნებასთან“ გარიგებაში? რა მასშტაბის კორუფციასთან გვაქვს საქმე? 

5-10 წლის წინ, ასე საჯაროდ და უტიფრად არ აჩვენებდნენ, რომ მილიონები აქვთ. ეს ეტაპი გადაილახა უკვე. ახლა პირდაპირ გვეუბნებიან: „ვჭამთ, ვსვამთ, „ვგულაობთ“ და საერთოდ არ გვაინტერესებს თქვენი აზრი“.

კორუფცია ყველგან არის, მათ შორის, მართვის მოწმობის აღებაშიც ფულს იხდიან, რაც არ იყო, მაგალითად, სააკაშვილის მმართველობის დროს. ადრე თუ იყო „ელიტარული კორუფცია“, ანუ რამდენიმე კაცში, ახლა სისტემა საბჭოთა კავშირს დაემსგავსა. მახსოვს, მამაჩემი და ბიძაჩემი ჰყვებოდნენ – ფერმაში ქატოსაც კი იპარავდნენ.

ეს სისტემაა, რომ ახლა ყველამ ყველაფერი უნდა მოიპაროს, ოღონდ ისე, ვითომ არ იპარავს. 

ეს არ არის კორუფცია – ეს არის მმართველობის რაღაც სტილი, რომელიც დამყარებულია მომხვეჭელობაზე და ყველა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოს. იციან, რომ შანსი არა აქვთ ხანგრძლივ მმართველობაში დარჩნენ, საბოლოო ჯამში დასრულდებიან. ამიტომაც, სანამ აქვთ ძალაუფლება ხელში — დიდი თუ პატარა — ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი მოიპაროს, რომ როცა დასრულდება მმართველობა, შერჩეთ რაღაც.

ასე არის მათი სისტემა აწყობილი, რომ ყველამ მაქსიმალურად უნდა გამოხრას და გაიტანოს საკუთარ სარგებელი, რაც კი შეიძლება, რომ გაიტანოს.

არ არსებობს სისტემა, რომელიც კორუფციის გარეშე იმუშავებს, მაგრამ კორუფცია თუ გამონაკლისი შემთხვევაა, იქ სისტემა მუშაობს, ხოლო როცა კორუფცია მმართველობის და ცხოვრების სტილად იქცა, ის მიდის იქამდე, სადაც ჩვენ მივედით ახლა.

ბათუმელი მედროშის სასამართლო 9 თებერვალს განახლდება – „ყველას მოკითხვას გითვლით“

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ, რომელსაც ბათუმელ მედროშეს უწოდებენ, შიმშილობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლემ, მარინა გორჯელაძემ უთხრა.

მისი თქმით, ზურაბ ჭავჭანიძემ ჯამში 58 დღე იშიმშილა. ზურაბ ჭავჭანიძემ ერთხელ განაცხადა კიდეც შიმშილობის შეწყვეტაზე, თუმცა შემდეგ მან თქვა, რომ ისევ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას.

„მოკითხვას გითვლით ყველას, კარგად ვარო, ჩივილები არ აქვს… როცა მირეკავს ტელეფონზე, მალევე თიშავს, მეუბნება, სხვების ხმების გაგონებაც მინდაო. ჯვრებს ვაკეთებ ახლა ასანთის ღეროებით და ამით გამყავს დროო,“ – ამბობს მარინა გორჯელაძე.

ზურაბ ჭავჭანიძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 თებერვალს განახლდება, 11 საათზე.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში. იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში გადაადგილდება.

ცენზურა ბათუმის დრამატულ თეატრში – პრემიერამდე ორი დღით ადრე სპექტაკლი მოხსნეს

ბათუმის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლ DARK WEB-ის პრემიერა გააუქმა, რომელიც 7-8 თებერვალს უნდა გამართულიყო.

პრემიერამდე ორი დღით ადრე, 5 თებერვალს, ღამით, ბათუმის დრამატულმა თეატრმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სპექტაკლის გაუქმების მიზეზად სპექტაკლის რეჟისორის „პოლიტიკური აქტი“ დაასახელა.

„თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში თეატრის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ თეატრში პოლიტიკის ადგილი არ არის.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს.

შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი, რომლის შინაარსიც  არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება“ – წერს თეატრის ადმინისტრაცია.

ბათუმის დრამატული თეატრის განცხადება.

რას ნიშნავს „სუბიექტური პოლიტიკური აქტი“?

რატომ არ არის პოლიტიკის ადგილი თეატრში?

რაზე ლაპარაკობს მაშინ თეატრი?

– ამ კითხვებზე პასუხის მიღება ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორისგან, კოტე მჟავიასგან გვინდოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არც რეჟისორი გეგა გაგნიძე პასუხობს.

თეატრის ოფიციალურ განცხადებას ფეისბუქზე ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ გოგუაძე გამოეხმაურა, რომელიც ოფიციალური განცხადების პათოსს იზიარებს.

„შვიდი თვის განმავლობაში, ძალიან ღირსეულად, ბეწვის ხიდზე იარა (თეატრმა) და არ მისცა არანაირი საფუძველი არავის, თეატრი ექცია პოლიტიკური ინსინუაციების კერად“ – დაწერა ზაალ გოგუაძემ.

ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერის გაუქმებას ფეისბუქზე გამოეხმაურნენ მსახიობებიც.

„უძლიერესი გუნდი ვმუშაობდით თითქმის სამი თვე. 6 ცალი მხეცი არტისტი და უკარგესი სადადგმო ჯგუფი. ბევრი ჭორ-მართალი დაიწერება ამ ფაქტის შესახებ, სიმართლე კი ის არის, რომ ამჯერადაც ციხე შიგნიდან გატყდა. ვისაც ძალიან უნდოდა და ვერაფრით ვერ მოახერხა ჩვენს სპექტაკლში შემოკვეხება, პატარა მიიბოღმნენ და ყველა რესურსი გამოიყენეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს შორის უკიდურესად დაეძაბათ ურთიერთობა. ბრავო, კოლეგებო, მიზანს მიაღწიეთ, სპექტაკლი არ შედგება.

გეგა გაგნიძესთან მუშაობა ინატროს ყველა არტისტმა. კარგი სპექტაკლით გვინდოდა გაგვეხარებინა მაყურებელი, მაგრამ მოგვიხსნეს“ – წერს ფეისბუქზე მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი.

თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მოტივით სპექტაკლის გაუქმება უკვე შეაფასეს ცენზურად.

მაგალითად, ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი გიორგი გვახარია ფეისბუქზე გამოეხმაურა ამ თემას და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, ცენზორს ეღიარებინოს, რომ ხელოვნების ნაწარმოებს პოლიტიკური მოტივით კრძალავს.

„ათი წელია ცენზურის ისტორიას ვსწავლობ. მართალია, მხოლოდ კინოში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ჰოდა, არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს  ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს.

სტალინი და მისი “რედაქტორებიც” კი , როცა რამეს იწუნებდნენ ან კრძალავდნენ, ამას ხსნიდნენ “ისტორიის ცუდი ცოდნით”(“ივანე მრისხანე”), ფორმალიზმით (“ჩემი ბებია”), უკონფლიქტობით (აბრაამ რომის “მკაცრი ყმაწვილი”), ნაციონალიზმით (სავჩენკოს “ბედნიერება”)… აღარაფერს ვამბობ შემდგომ ეპოქებზე  – “მაყურებელი ტოვებს დარბაზს” (“დიდი მწვანე ველი”), “მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე” (“გიორგობისთვე”), პორნოგრაფია (“ანდრეი სმირნოვის “შემოდგომა”)

ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას  ავტორის პოლიტიკური  პოზიციის გამო კრძალავს და იცით რატომ გააკეთა? სულელები გგონიათ? – არა, ყველა ცენზორი, ცხადია, სულელია, მაგრამ ესენი არა!

ამით ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პატაკი ჩააბარა პარტიას – ხომ ხედავ, როგორი ერთგული ვარ, ჩემზე ერთგულს ვერ ნახავ ვერსად, იმიტომ ავკრძალე, რომ “ჩვენიანი”, უფრო სწორად “შენიანი” არ აღმოჩნდა მისი ავტორიო. ჰოდა, დიდება პარტიასო!“ – წერს გიორგი გვახარია.

პოლიტიკური ნიშნით სპექტაკლის ცენზურას დრამატურგი ალექს ჩიღვინაძეც გამოეხმაურა:

„თეატრი თავისი ბუნებით, ანტიკური ხანიდან დღემდე, პოლიტიკურია.

სხვა რა არის სოფოკლეს „ანტიგონე“, სადაც სახელმწიფო კანონი პიროვნულ მორალსა და ღირსებას უპირისპირდება?

სხვა რა არის არტურ მილერის „სეილემის პროცესი“, სადაც ნაჩვენებია ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, სადაც ბრალდება უკვე თავისთავად ნიშნავს დანაშაულს, ისევე როგორც თანამედროვე საქართველოში. რომ აღარაფერი ვთქვათ ბრეხტზე ან აუგუსტო ბოალზე, ვინც თეატრი ჩაგრულთა ხმებით აავსო.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მე როგორც დრამატურგი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ყოველდღიურად ვახორციელებ “სუბიექტურ პოლიტიკურ აქტებს”, რადგან მიმაჩნია, რომ სოლიდარობა არის უმთავრესი პოლიტიკური და ადამიანური ღირებულება. ჩემი პიესაც – სოლიდარობაზეა. შესაბამისად პოლიტიკურია და თქვენი „ლოგიკით“, მასაც შეეხება ცენზურა.

თეატრიდან სპექტაკლები კი არ უნდა იხსნებოდეს, არამედ ის ადამიანები, ვინც თავის მაყურებელს ასეთ განცხადებას, ასეთ პროფესიულ უმეცრებასა და პოლიტიკური კონიუნქტურას ჰკადრებს.
თეატრი, სადაც არ აწუხებთ, არ აპროტესტებენ, თეატრი კი არ არის – საბანკეტო დარბაზია.

თუ გეგა გაგნიძის ადგილი არ არის მაგ თეატრში, არც ჩემი პიესის ადგილია იქ. სოლიდარობა გეგა გაგნიძეს, სოლიდარობა ბათუმის თეატრის მსახიობებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე“ – წერს ალექს ჩიღვინაძე.

ბათუმის თეატრის ადმინისტრაციის მიერ სპექტაკლის დაცენზურებას მწერალი და სცენარისტი ლაშა ბუღაძეც გამოეხმაურა.

მან გაიხსენა 2007 წელი, როცა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუამ მისი პიესა, „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი” დადგა, რომელიც, ლაშა ბუღაძის თქმით, „სავსე იყო სარკაზმით და აგრესიით სააკაშვილის მიმართ, თუმცა არავის აზრად არ მოსვლია ამ სპექტაკლის აკრძალვა.

„ივანიშვილის „დემოკრატიის” ჟამს, ბათუმში სპექტაკლს კრძალავენ “რეჟისორის სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელების” გამო. ნეტა ასეთი რა სუბიექტური აქტი იყო, რომელმაც ასე შეაშინა ეს ობიექტური მონები?!“ – წერს ლაშა ბუღაძე.

ქართული თეატრი საქართველოში მიმდინარე პროევროპული მოძრაობის ნაწილია ქვეყანაში პროტესტის დაწყების პირველივე დღეებიდან. თეატრალური დასები თბილისსა თუ რეგიონებში, ცალკეული მსახიობები, პროტესტს გამოხატავენ სცენაზეც.

ქართული თეატრის პროტესტი განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა მას შემდეგ, რაც თბილისში დააკავეს ანდრო ჭიჭინაძე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი, რომელიც ახლაც პატიმრობაშია.

_____________________

ფოტოზე: რეჟისორი გეგა გაგნიძე. ფოტო: ბათუმის დრამატული თეატრი

ამავე თემაზე:

„ქუჩაში რაც ხდება, თუ სცენაზე არ გადმოვა, თეატრი მოკვდება“ – საუბარი დათა თავაძესთან

„ოზთურქის ბინების“ მოქალაქეებისგან დასაცავად ბათუმის მერია ორ თვეში 186 930 ლარს გადაიხდის

ბათუმის მერია გოგოლის ქუჩაზე მდებარე, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული ქონების დასაცავად დაცვის პოლიციას 186 ათას 930 ლარს გადაუხდის. მერიის ინფორმაციით ,ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა.

ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გასაფორმებლად თანხმობის მისაღებად ბათუმის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი კორპუსებიდან იქ შესახლებული პირები უნდა გაიყვანონ, უნდა გაათავისუფლონ ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ საოფისედ დაკავებული ფართობი და კორპუსებში გაითიშოს ელექტროენერგია.

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 29 იანვრის ბრძანებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა ქალაქ ბათუმში, ნიკოლოზ გოგოლის ქ. N11ბ-ში მდებარე 16 081 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული ფართის თვითნებურად [უკანონოდ] დაკავების თავიდან აცილების მიზნით [რისი მცდელობაც უახლოეს დღეებში არაერთხელ ყოფილა] მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ობიექტების დაცვით უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია მერიის განაცხადში.

აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებული „ობიექტის დაცვის თვალსაზრისით მოკვლევის აქტის“ მიხედვით, ობიექტის დაცვისთვის სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიებებია:

„ობიექტის დაცვა განხორციელდეს 1 ინსპექტორის და 17 უმცროსი ინსპექტორის მიერ, სადღეღამისო, 24-საათიანი რეჟიმით;

ობიექტის კუთვნილი შენობა-ნაგებობები დაიკეტოს [ან დაილუქოს]. დაცვის პოლიცია უზრუნველყოფს მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მატერიალური პასუხისმგებლობის გარეშე.

ობიექტის ხელმძღვანელობამ გამოყოს პირი [პირები], რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან დაცვასთან კომუნიკაციაზე.

სასაშვო რეჟიმის განხორციელების შემთხვევაში, ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ დაცვასთან შეთანხმებით შემუშავდეს სასაშვო რეჟიმის წარმოების ინსტრუქცია [საშვთა ნიმუშები] და იგი წერილობით გადაეცეს დაცვას.

ობიექტის ტერიტორიაზე მოწყობილი თვითორგანიზებული ავტოსადგომიდან უზრუნველყოფილი იქნას ავტომანქანების გაყვანა;

მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნას სრულფასოვანი, უწყვეტი ღამის განათება;

საცხოვრებელი კორპუსებიდან უზრუნველყოფილი იქნას შესახლებული პირების [მობინადრეების] გაყვანა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის მიერ დაკავებული ფართობის გათავისუფლება;

გაითიშოს ელექტროენერგია საცხოვრებელ კორპუსებში, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც საყოფაცხოვრებო და სანიტარული მიზნებისთვის დაეთმობა პოლიციელებს;

ობიექტზე განთავსებულ საპოლიციო ჯიხურებში უზრუნველყოფილი იქნას ელექტროენერგიის მიწოდება“.

წყარო: „ობიექტის დაცვის თვალსაზრისით მოკვლევის აქტი“

უძრავი ქონება [7 კორპუსი] ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში, სახელმწიფომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ჩამოართვა. საუბარია იმ კორპუსებზე, რომლებიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის სასამართლოში.

რამდენიმე ოჯახი თვითნებურად შესახლდა ოზთურქისთვის ჩამორთმეულ და უკვე სახელმწიფოსთვის გადაცემულ კორპუსებში, სადაც რამდენიმე დღეა დაცვის პოლიციაა და შენობაში სხვებს აღარ უშვებენ.

მოქალაქეებმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, გოგოლის ქუჩა #11 ბ-ში აქციები გამართეს.

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებთან, აქციაზე, დაადასტურა, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს. მოქალაქეებმა განცხადებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.

ოზთურქისთვის ჩამორთმეული ქონების სახელმწიფოსგან ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად გადაფორმებას ამ ეტაპზე საჯარო რეესტრი განიხილავს.

ამ თემაზე ნახეთ:

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 თებერვლის 21 საათიდან 7 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1– 6 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 8-9 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

ბათუმის ბულვარში 1 კვირაში უკვე მეორე პოლიციელი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. მას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო 1 კვირაში, როცა ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციის თანამშრომელს აკავებენ.

გამოძიების ვერსიით, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას.

„გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 6 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

31 იანვარს დაკავებულ პოლიციელს კი გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. გამოძიების ვერსიით, მან გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. ეს მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 244 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 648 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 24 007 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 37 014 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 637 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 295 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 125 920 ერთეული [+826]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 245 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 77 311 ერთეული [+162]
  • სპეცტექნიკა – 4 063 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 714 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 522 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 659 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 107 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 786 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვაიაფებთო და აძვირებენ“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში ფასებსა და მგზავრობის გაძვირებაზე

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაძვირდა. რას ფიქრობს ხალხი ტრანსპორტის გაძვირებაზე, როცა „ოცნების“ მთავრობა საკვები პროდუქტების გაიაფებაზე საუბრობს? ელის ხალხი საკვებზე ფასების კლებას? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

რას ამბობს ხალხი ბათუმში ავტობუსით მგზავრობის გაძვირებაზე? - გამოკითხვა ბათუმში

1 მლნ ლარი საყიდლებსა და მოგზაურობაში – „ოცნების“ რომელი დეპუტატი ხელმძღვანელობს ფასების კომისიას

„ოცნების“ პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ე.წ. ფასების კომისიას უხელმძღვანელებს დეპუტატი სამშენებლო ბიზნესიდან, რომელმაც გასულ წელს 1 მილიონამდე ლარი მხოლოდ საყიდლებისთვის დახარჯა და 300 ათას ლარამდე – მოგზაურობაში. 

„ოცნების“ პარლამენტმა პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისია დეპუტატ შოთა ბერეკაშვილს ჩააბარა, მილიონერ ბიზნესმენს სამშენებლო ბიზნესიდან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა სეფაშვილი აირჩიეს, დეპუტატი „ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალიდან“.

პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, რომელიც 4 თებერვალს გაიმართა, კომისიის წევრებმა პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება დაამტკიცეს.

დებულების თანახმად, კომისიის მიზანია „სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება“. 

კომისიაში 14 წევრია.

„ოცნებიდან“ კომისიის წევრები არიან: ნინო წილოსანი, ვატო თურნავა, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე და გელა სამხარაული.

კომისიაში სამი წევრი ეყოლება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე, ქეთევან ბაკარაძე.

სამი წევრი ეყოლება „ოცნების“ სატელიტ „ხალხის ძალას“: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკა სეფაშვილი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.

კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი 30 წელზე მეტია სამშენებლო ბიზნესშია, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2025 წლის 27 იანვარს შეავსო, 2024 წელს მან „ბკ ჰოლდინგიდან“ შემოსავლის სახით 4 712 134 ლარი მიიღო.

 შოთა ბერეკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის რუსეთის მოქალაქეც არის.

მას შემდეგ, რაც შოთა ბერეკაშვილი „ოცნების“ დეპუტატი გახდა, კომპანიის წილებს ოფიციალურად მისი მეუღლე მაკა კვიციანი მართავს.

დეპუტატი ამ ჰოლდინგის 50 პროცენტის მფლობელია, დარჩენილ 50 პროცენტს კი ირაკლი ბურდილაძე ფლობს.

„ბკ ჰოლდინგი“ 3 მაღალბიუჯეტიან კომპანიას: სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ 2“-ს აერთიანებს.

შპს „თეთრი კვადრატი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს მასშტაბით თავისი შვილობილი კომპანიებით, როგორიც არის, მაგალითად, შპს „თეთრი კვადრატი ჯიქიაზე“, „თეთრი კვადრატი ისანში“, „მინდელზე“ და ასე შემდეგ.

ანგარიშგების პორტალის მიხედვით, 2024 წელს შპს „თეთრი კვადრატის“ წმინდა მოგება 4 მილიონამდე იყო [3,961,389 ]. ჯგუფთან აფილირებულმა სააქციო საზოგადოება – „ნიუ დეველოპმენტმა“, რომელსაც იმავე მენეჯმენტი მართავს და „თეთრი კვადრატის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს, 2024 წელს 25-მილიონიანი შემოსავალი მიიღო, აქედან წმინდა მოგება 5 მილიონ ლარზე მეტი იყო.

„ბიქეი ქონსთრაქშენი“ თბილისის მერიის ავარიული სახლების აღდგენის პროგრამაში მონაწილეობს – პროექტების ღირებულება მილიონობით ლარია. კომპანიას თბილისის განვითარების ფონდთან რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ფოტო კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

„თეთრი კვადრატის“ მართვის ქვეშაა შპს „ფილიგრინიც“ – ანგარიშგების პორტალის მიხედვით ამ კომპანიის წმინდა მოგება 2024 წელს 4 მილიონამდე ლარი იყო.

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია „ბიქეი კოსტრაქშენი“ 2022 წელს USAID-თან წარმატებით თანამშრომლობდა.

კერძოდ, USAID-ის საგრანტო პროგრამაში „ბიქეი ქონსთრაქშენი“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ 2“-თან ერთად მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში „კონსტრუქტ 2-მა“ ახალი პროექტის განხორციელება აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით დაიწყო.
პროგრამა მიზნად ისახავდა პროფესიული განათლებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროგრამის ფარგლებში სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ 2“-ს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც სტუმრობდა.
ელჩთან შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა
USAID-თან თანამშრომლობას მაშინ კომპანია დიდი მონდომებით აპიარებდა, ამ თემაზე კომპანიის ვებგვერდზე არაერთი პოსტი და შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა დღემდე იძებნება. თუმცა პარტია, რომელსაც ის მიეკუთვნება – „ქართული ოცნება“ USAID-ს ბოლო ორი წელია ათასგვარი უარყოფითი ეპითეტით ესხმის თავს, ხოლო იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებსაც USAID-ი აფინანსებად აგენტებად და მოღალატეებად მოიხსენიებენ.
სქრინები კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან
ფოტო კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შოთა ბერეკაშვილი კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი ან თანამფლობელია, კომპანიებს ფლობს ან თანამფლობელია მისი მეუღლე, მაკა კვიციანიც. მათ შორის ერთ-ერთი კომპანია, შპს Dalood-ი, სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით წლებია საერთაშორისო მოდის კვირეულებში მონაწილეობს.

დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, მაკა კვიციანს „ბკ ჰოდინგიდან“ 2024 წელს შემოსავლის სახით 693 156,93  ლარი მიუღია, ის კომპანიის ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდება.

დეპუტატმა 2025 წლის ქონებრივ დეკლარაციაში სხვადასხვა ხარჯის სახით 4 მილიონ  764 476  ლარი მიუთითა, აქედან 732 315,99 ლარი საყიდლების ხარჯია.

ამონარიდი დეკლარაციიდან

ამ ხარჯებში არ შედის ასევე ქონების შესყიდვის ხარჯი. იმავე დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს „ოცნების“ დეპუტატს ბაგების სატყეო უბანში 3 მიწის ნაკვეთი, 1000 კვ.მეტრზე მეტი, ჯამში 640 250  ევროდ შეუძენია.

ბერეკაშვილი ერთადერთი მილიონერი არ არის „ოცნების“ საპარლამენტო კომისიაში, რომელმაც სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურა უნდა შეისწავლოს.

მაგალითად, კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, „ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა 2024 წელს ნახევარ მილიონამდე ლარი შვილებსა და მშობლებს აჩუქა.

ასევე, კომისიის წევრია „ოცნებიდან“ დეპუტატი ვახტანგ თურნავა. ის ძვირადღირებულ აქსესუარებში იხდის იმაზე მეტს, ვიდრე საჯარო სამსახურში, მაგალითად ბათუმის მერიაში, ერთი რიგითი სპეციალისტის მთელი წლის ხელფასია.

„ბათუმელებმა“ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით დათვალა, რომ ვახტანგ თურნავას მხოლოდ საათებში 177 ათას ევროზე მეტი აქვს გადახდილი, რაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

დეკლარაციის თანახმად, მილიონობით ლარის ღირებულების ქონებას ფლობს ფასების კომისიის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი „ოცნებიდან“, გელა სამხარაული.

„მოუწევთ უკან დახევა ან საერთოდ წასვლა“ – პროფესორი ლევან გორდეზიანი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

„რაც უფრო შეურაცხმყოფელი ნაბიჯები გადაიდგმება ხელისუფლებისგან, მით უფრო სწრაფად მოუღებს ეს ბოლოს თავად ხელისუფლებას. რაღაც წითელი ხაზი ყველას გვაქვს“- ამბობს თსუ-ს პროფესორი და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი ლევან გორდეზიანი. „ბათუმელები“ მას ესაუბრა თემაზე, როგორი შეიძლება იყოს ლექტორ-მასწავლებლების წინააღმდეგობა, რომელთაც არ სურთ ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება.

  • ბატონო ლევან, როგორც ვიცით, თსუ-ს სენატმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თსუ და სტუ არ უნდა გაერთიანდეს. რა იქნება ამის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ მომავალში, რომ ეს მიზანი იყოს მიღწეული?

პირველ რიგში, მივესალმები სენატის გადაწყვეტილებას. ძალიან კარგია, რომ აკადემიურმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დაიმჩნია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

  • „ოცნების“ განათლების მინისტრიმოადგილე ამბობდა, რომ „გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“. ფიქრობთ, რომ მაინც მოუწევთ ამ გადაწყვეტილების გადახედვა და რა შემთხვევაში?

პრინციპში, ეს „რეფორმა“ არის უშნო ახირება ხელისუფლების მხრიდან და მისი მეტ-ნაკლებად ლოგიკური შემადგენელი ნაწილია ამ ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება. თუ იქნება სერიოზული წინააღმდეგობა, შესაძლებელია, რომ ან გადაიფიქრონ ან შეანელონ. მერე გამოჩნდება, რა იქნება.

თუ წინააღმდეგობა არ იქნება სერიოზული, დავჯერდებით მხოლოდ განცხადებებს და ჩავთვლით, რომ ამით ვალი მოვიხადეთ, მაშინ ეს პროცესი გაგრძელდება.

  • სერიოზულ წინააღმდეგობას როგორ ხედავთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ?

პირველ რიგში, ეს არის რაოდენობა ხალხის და კატეგორიულობა ამ ცვლილებების არმიღების თვალსაზრისით.

ბუნებრივია, რომ ჩვენ აზრის გამოთქმის გარდა სხვა ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ როდესაც ბევრი ადამიანი გამოთქვამს და მკაფიოდ, მაშინ, როგორც წესი, ასეთი გაუაზრებელი ინიციატივები შეიძლება აღარ განხორციელდეს.

  • ბევრ ადამიანში გულისხმობთ საპროტესტო გამოსვლებს?

დიახ, ამას ვგულისხმობ.

მკაფიოდ უნდა დავიმჩნიოთ ყველამ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი მიდგომა, როცა არავინ არაფერს გვეკითხება. ვიღაცამ გადაწყვიტა სადღაც და ისიც ვერ დავადგინეთ ვინ. ეს ასე არ უნდა მოხდეს.

არავითარი არგუმენტაცია არ არის, რატომ უნდა მოხდეს გაერთიანება. „ხარისხის ამაღლება“ – ესეც ძალიან პირობითი რამაა. რეიტინგებზე ლაპარაკი საერთოდ სასაცილოა, როცა უცხოეთთან კონტაქტი ოფიციალურად გეკრძალება და ამის კრიმინალიზაცია ხდება, მაშინ რეიტინგი საერთოდ რატომ გვაინტერესებს, თუ ერთი უნივერსიტეტი იქნება.

გრანტები სალანძღავი გახდა და აგენტის დაფინანსების სინონიმად აქციეს, მაშინ როცა მთელი ჩვენი მეცნიერება და განათლება ბოლო ხანებში უცხოური დახმარების ხარჯზეა.

  • უცხოელი დონორები ალბათ აღარ ითანამშრომლებენ, თუკი მათ აიძულებენ რაღაც ახსნა-განმარტებების კეთებას?

ბუნებრივია. წარმოიდგინეთ, რომელიღაც ქვეყანა, რომელიც გეხმარება, რაღაც კარგი უნდა რომ შენთან გააკეთოს და ამაზე ითხოვოს ნებართვა, თუ შეიძლება ამ პროექტს დავაფინანსებო და შემდეგ დაელოდოს იმას, როდის შეისწავლიან ჩვენი ფეისბუქის გვერდებს და ამის მიხედვით ან მოგვცემენ ნებართვას რომ გრანტი მივიღოთ, ან – არა.

ეს ვერ წარმომიდგენია. ამის გამო ვიცი, რომ ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდა, რადგან თავმოყვარე დონორ ორგანიზაციას არ აქვს სურვილი, რომ ჩვენს ინსტანციებს ეაჯოს.

  • თქვენ ერთობაზე საუბრობდით და თუ გრძნობთ ამ ერთობას უნივერსიტეტის შიგნით?

ძნელი სათქმელია, რამდენად ერთნაირია გააზრების ხარისხი და სიმწვავე.

პრინციპში, პრობლემა რომ არსებობს, ყველა ხედავს. ზოგი ცდილობს ინდივიდუალურად გადაჭრას, ზოგი ჩუმად დრტვინავს, ზოგი ხმამაღლა გამოთქვამს უკმაყოფილებას. უარყოფითია დამოკიდებულება. არ ვიცი ადამიანი, ვისაც ეს მოსწონს. სამთავრობო მედიამაც კმაყოფილი კრუტუნი ვერ მოგვასმენინა ვერავისი, მაგრამ უკმაყოფილების გამოხატვა მაინც სხვადასხვანაირად ხდება და იმედი მაქვს, ეს თავის როლს მაინც შეასრულებს.

  • როცა ითქვა, – „ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი”, თუ არსებობდა მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე ინფორმაცია და რატომ დაიწყეს თქვენით? ფიქრობდნენ, რომ წინააღმდეგობა არ შეხვდებოდათ? 

პრინციპში, თსუ-ც და ტექნიკური უნივერსიტეტიც საკმაოდ თვინიერად გამოიყურებოდნენ ბოლო ხანებში და ალბათ ამითაც დაიმსახურეს ეს. თუმცა, ძალიან კარგია, რომ სენატმა გააკეთა განცხადება, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესურაც აქციებს მართავენ. არ უნდათ ასე იოლად შეელიონ თავიანთ დაწესებულებას, მაგრამ რამდენად მყარი იქნება მათი პოზიცია, ძნელი სათქმელია. ამის მიხედვით, ან ცოტა გაჭიანურდება პროცესი ან საერთოდ შეჩერდება.

  • როგორ ფიქრობთ, ასე იძულებით, ხისტად რამდენად შესაძლებელია მიზანს მიაღწიოს „ოცნებამ“?

ის, რომ ამას დადებითი შედეგი ჰქონდეს, სრულიად გამორიცხულია. იმიტომ, რომ ასე მოუფიქრებლად და ერთი, ზემოდან ნასროლი ბრძანებით რაღაც გასამხედროებულ სტრუქტურაშიც კი ძნელია რაღაც შედეგს მიაღწიო და მით უმეტეს, სასწავლო დაწესებულებაში.

თუ მე ვერ მივხვდი რას მავალებენ, იმას ვერც შევასრულებ. ამ იდეის ავტორები, ცხადია, ჩვენს მაგივრად ლექციებს ვერ ჩაატარებენ და ვერც სასწავლო პროცესს წარმართავენ, ამიტომ სრულიად გამორიცხულია ამან რაიმე დადებითი მოიტანოს სწავლის ხარისხის თვალსაზრისით.

ძნელი სათქმელია ეს პროექტი საერთოდ როგორ გაჩნდა, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ეს არის საქმეში ჩაუხედავი ხალხის სურვილები.

ზოგიერთის მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ იყო ორგანიზებული უნივერსიტეტები საბჭოთა კავშირში, ზედაპირული შთაბეჭდილებაა და არა, ვთქვათ, სიღრმისეული ცოდნა იმისა, თუ რა ხდებოდა მაშინ. უბრალოდ იმის გახსენება, რომ მაშინ უფასო იყო სწავლა და მაღალი ხარისხის.

  •  ანუ საბჭოთა განათლების სისტემას აბრუნებენ?

ცხადია. რასაც გვეუბნებიან, რომ თურმე სტუდენტი არ უნდა იყოს ყველა, ზოგი სჯობს სხვაგან წავიდეს, დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალაა თურმე საჭირო, რომ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ რა სფეროში იმუშაოს, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს რა ვასწავლოთ – ეს ყველაფერი საბჭოთა მოდელია.

მეორე მხრივ, თუ რექტორი მოხსნეს, ის სავარაუდოდ გავა თავის კაბინეტიდან, ხომ არ გამაგრდება იქ.

  • გაჟღერდა ვერსია, რომ შეიძლება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დანიშნონ რექტორად. თუ ასე მოხდა, ნიშნავს ეს იმას, რომ ძალისმიერი მეთოდებით შეეცდებიან სიტუაციის გაკონტროლებას?

თავისთავად ეს ქმედებები, რაც არის, ძალისმიერი მეთოდია.

როდესაც შენთან შეუთანხმებლად, გაუაზრებლად ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ სასწრაფოდ კანონში შეაქვთ ცვლილებები, რომელიც გააიოლებს ამ ახირების აღსრულებას – ეს არის ძალადობა, მაგრამ გამორიცხულია რომ ამან მოიტანოს რაიმე დადებითი შედეგი სწავლის ან მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოსახლეობის, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლების ძირითადი ნაწილი კანონმორჩილია, თუ მთავრობის მორჩილი, რაღაც წითელი ხაზი ყველას გვაქვს და სანამ საკუთარი ღირსების შეგრძნება ჯერ კიდევ არსებობს, როცა ძალადობა რაღაც ზღვარს გადასცდება, იქ უკვე ნებისმიერმა შეიძლება ამოიღოს ხმა. არა მარტო შფოთისთავებმა.

რაც უფრო შეურაცხმყოფელი ნაბიჯები გადაიდგმება ხელისუფლებისგან, მით უფრო სწრაფად მოუღებს ეს ბოლოს თავად ხელისუფლებას.

იმ უნივერსიტეტში, რომელიც იქნება პირდაპირ მართული მთავრობისგან პროგრამების დონეზე, პერსონალის შერჩევის დონეზე, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ და ძალიან ბევრი კოლეგაც ასევეა. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ამას ვერ მოახერხებენ და ვერ მოასწრებენ.

მოუწევთ ან უკან დახევა, ან საერთოდ წასვლა, რადგან ეს ქმედებები მაინც და მაინც საღ აზრში ვერ ჯდება. ამიტომ არა მგონია, რომ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს.

„დასჭირდებათ მხოლოდ იაფი მუშა ხელი“ – როგორ აისახება გრანტების კანონი უნივერსიტეტებზე

„ყველა თავმოყვარე უნივერსიტეტს აქვს და უნდა ჰქონდეს საერთაშორისო პროექტები, მაგრამ საერთაშორისო პროექტები უკვე მოექცა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. რაღაც პროექტებზე იტყვიან – „არ გვინდა“, „ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს“, ან „ნაციონალურ ინტერესებს“… ამას აუცილებლად იტყვიან, თუ დაინახავენ, რომ რომელიმე პროექტი მიმართულია დემოკრატიის გაძლიერებაზე“- ამბობს „ბათუმელებთან“ თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

მას „ბათუმელები“ გრანტების კანონში შესატან ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც, სპეციალისტების აზრით, იზოლაციაში აქცევს უნივერსიტეტებს და მეცნიერებას.

  • ბატონო იაგო, გვინდა ნათლად ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ ქმნის რეალურ საფრთხეს უნივერსიტეტებისთვის „ოცნების“ რეფორმა, რა იგულისხმება იზოლაციაში და რატომ აღარ მოუნდებათ მაგალითად, დონორებს, დააფინანსონ ესა თუ ის კვლევა საქართველოში?

„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი კანონები მიიღო და ამ ბოლოს დრო, ისეთი ცვლილებები შეიტანა დამატებით „გრანტების შესახებ კანონში“, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც უცხოეთიდან იქნება მიღებული უნდა შეთანხმდეს ხელისუფლებასთან.

ცვლილება ამბობს, რომ თუ ეს თანხა მოხმარდება არა უბრალოდ პოლიტიკურ აქტივობას, არამედ მოხმარდება ისეთ აქტივობასაც, „რომელსაც აქვს პოტენციალი საზოგადოებაზე იქონიოს გავლენა“, ასეთი თანხა უნდა შეთანხმდეს ხელისუფლებასთან.

  • რეალურად, ყველა მნიშვნელოვანი საქმე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ეს ბუნებრივია, არა?!

რა თქმა უნდა. რა არის აკადემიის, უნივერსიტეტების ფუნქცია? – ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც ზედაპირზე დევს, ეს არის ცოდნის გადაცემის ფუნქცია, ხომ?! ასევე, ეს არის ახალი ცოდნის შექმნის ფუნქცია, რაც უფრო კვლევის სფეროა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს აქვს მისია – აღზარდოს მოქალაქე.

აი, ეს ფუნქციები – კვლევა, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოქალაქის აღზრდა და ასე შემდეგ, არის თუ არა საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა?!

  • „ცოდნის გადაცემა“ ნამდვილად არის ნახსენები ამ საკანონმდებლო ცვლილებებში.

საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება არის თუ არა უნივერსიტეტის ფუნქცია, უნივერსიტეტის ექსპერტული დანიშნულება?! – რასაკვირველია არის.

შესაძლებელია თუ არა ეს ყველაფერი დონორული დახმარების, ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო პროექტების მობილიზაციის გარეშე?! – შეუძლებელია.

არ არსებობს აკადემია და საუნივერსიტეტო ინსტიტუციები ინტერნაციონალიზაციის გარეშე, კონტაქტების გარეშე, არ არსებობს საერთაშორისო პროექტების გარეშე და ასე შემდეგ. შეუძლებელია ეს ამბავი.

ანუ რას ეუბნება ხელისუფლება უნივერსიტეტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომ თანხები, რომლებსაც თქვენ მიიღებთ არ უნდა ითვალისწინებდეს ამ ყველაფერს?! – ეს შეუძლებელია.

  • ესე იგი, „ქართული ოცნება“ შეუძლებელზე შეთანხმებას ითხოვს, ასე გამოდის?

დიახ. შეუძლებელია ეს ყველაფერი არ ითვალისწინებდეს საზოგადოებაზე ზემოქმედებას და ეს უნდა შევუთანხმო ხელისუფლებას. ხელისუფლებასთან შეთანხმება კი ნიშნავს ტოტალურ კონტროლს. ანუ ხელისუფლება მხოლოდ ისეთ პროექტებს დააფინანსებს, მხოლოდ ისეთ გრანტებს დააფინანსებს, რომლებიც მისთვის კომფორტულია. ნებისმიერი ავტორიტარული ხელისუფლება ასე იქცევა.

ნებისმიერი ავტორიტარული ხელისუფლება კლავს ავტონომიას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, კლავს ჭეშმარიტებას, იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტებას აყენებს საკუთარი ძალაუფლების სამსახურში.

საკუთარი ძალაუფლების სამსახურში ჩაყენებული ცოდნა არის იდეოლოგია და არა მეცნიერება.

  • რომც შეუთანხმო მთავრობას, რამდენად მოუნდება თავად დონორ ორგანიზაციას ავტორიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობა? მარტო შეთანხმების პრობლემა არ დგას აქ, როგორც ვხედავთ.

რასაკვირველია არ მოუნდება. გრანტების სისტემა, დონორებთან ურთიერთობა, საერთაშორისო პროექტები, ეს არის, ასე ვთქვათ, თავისუფალი მიმოცვლა თუ გაცვლა უნივერსიტეტებს, მეცნიერებს და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.

საერთაშორისო კონტაქტები არ ემსახურება ავტორიტარიზმის გაძლიერებას. ამას არავინ დაეთანხმება.

ამიტომ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები და „რეფორმა“ ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან ჩვენი იზოლირების ქვაკუთხედია. მით უმეტეს ის, რომ მაგალითად აკადემიური წელი შეამცირეს და ბაკალავრიატი ხდება სამწლიანი, 10-წლიანი საბაზო განათლების პირობებში. ესეც ანომალიაა. სამწლიანი ბაკალავრიატი განა არ არსებობს, ჩვეულებრივი ამბავია ევროპულ საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სივრცეში, მაგრამ ის შეჭიდულია, თუ შეიძლება ასე ითქვას, 12 ან 13-წლიან ზოგად განათლებასთან.

უნივერსიტეტებში მოდიან მომზადებული ახალგაზრდები. შენ, როდესაც საშუალო განათლება დაგყავს 10 წელზე, ეს დისბალანსი ზოგად განათლებასა და უმაღლეს განათლებას შორის უკვე სახეზეა. ასეთი ზოგადი განათლებით მოგყავს ადამიანი საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელსაც ფუნდამენტური ბაზისური რაღაცები აქვს სასწავლი.

  • სხვათა შორის, უნივერსიტეტები ხშირად აღნიშნავდნენ ჩვენთან საუბარში, რომ ამ 12-წლიანი სწავლების პირობებშიც კი, პირველკურსელებს ძალიან უჭირდათ სწავლა და ფიქრობთ, რომ 10-წლიანი სწავლების პირობებში ასეთი პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება? 

რასაკვირველია. ის 11-წლიანიც ხომ მოგონილია, ფაქტობრივად 10-წლიანი გახდა სკოლა. რეპეტიტორიუმი დაარქვეს, რომელიც ნებაყოფლობითია. ან ეს რეპეტიტორიუმი რას ნიშნავს? ცოდნის გამეორება, გამყარება ხდება და ახალ ცოდნას არ იძენენ, როგორც ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად არავინ იცის რას ნიშნავს ეს რეპეტიტორიუმი.

მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ 10-წლიანი, თუნდაც 11-წლიანი განათლება და სამწლიანი ბაკალავრიატი უკვე ანომალიაა ევროპული სისტემისათვის.

  • აკადემიური წლის შემცირება, როგორც ვიცი, გაცვლით პროგრამებზეც შეუშლის ხელს სტუდენტებს და ლექტორებსაც ალბათ, თუ ამოვარდება ბოლონიის პროცესიდან ჩვენი სისტემა?

რასაკვირველია, ეს შექმნის სერიოზულ პრობლემებს გაცვლითი პროგრამებისთვის. ჩვენ უკვე დაგვაკლდა ერაზმუსის პროგრამების რაღაც ნაწილი გასულ წელს აი, ამ რუსული კანონების მიღების შემდეგ.

  • ილიაუნი ხშირად ახსენებს ხოლმე საერთაშორისო პროექტებს, საერთაშორისო კვლევებს, რომლებშიც ჩართული არიან და შესაძლებელია, რომ ამ ტიპის პროექტების განხორციელებასაც შეუშალოს ხელი „გრანტების კანონმა“, მხოლოდ იმიტომ, რომ „ოცნებას“ რომელიმე მეცნიერის პოლიტიკური შეხედულება ან სამოქალაქო პოზიცია არ მოსწონდეს?

ყველა თავმოყვარე უნივერსიტეტს აქვს და უნდა ჰქონდეს საერთაშორისო პროექტები. მაგრამ ეს საერთაშორისო პროექტები უკვე მოექცა, ასე ვთქვათ, ხელისუფლების კონტროლის, ზედამხედველის ქვეშ. რაღაც პროექტებზე იტყვის – „არ გვინდა“, „ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს“, ან „ნაციონალურ ინტერესებს“ და ამას აუცილებლად იტყვიან, თუ რომელიმე პროექტი მიმართულია, ვთქვათ, ლიბერალური კულტურის, დემოკრატიის გაძლიერებაზე.

ასეთ პროექტებს ამოშლიან და შესაძლოა დარჩეს რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება გულუბრყვილო ხომ არ არის?! დონორი მექანიკურად კი არ ახორციელებს ვინმეს დაფინანსებას.

საგრანტო დაფინანსების შეწყვეტას მოჰყვება შრომის ბაზრის კიდევ უფრო გაღატაკებაც.

საქართველო ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანაა და შრომის ბაზარი არ არის მრავალფეროვანი, ძალიან ჩამორჩენილია. ეს კიდევ მეორე უბედურებაა ამ განათლების რეფორმის.

„ოცნება“ ამბობს, რომ სასწავლო პროგრამები უნდა შეიქმნას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ანუ მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის საფუძველზე და ესეც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, იმიტომ, რომ შრომის ბაზარზე ვაკანსიებს რომ შეხედოთ ახლა, ძირითადად მომსახურების სფეროში და IT ტექნოლოგიებშია ვაკანსიები და თუ საერთაშორისო დაფინანსება არ იქნება, ეს ბაზარი კიდევ უფრო გაღარიბდება.

  • თუ უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს ადამიანი და დისტანციურად მუშაობს სხვა ქვეყანაში, იქიდან აღებული ხელფასიც ხომ დაექვემდებარება ხელისუფლების კონტროლს? თუ დასაქმებული პოლიტიკურად აქტიურია, კანონი მას აგენტად აცხადებს. ეს ნიშნავს, რომ შრომის ბაზარს არათუ აფართოებენ, ავიწროებენ რეალურად?

რა თქმა უნდა. თანაც ბევრი სპეციალობა უკვე აღარ იქნება საჭირო. ვის დასჭირდება პოლიტოლოგი, სოციოლოგი, თუ მან საერთაშორისო კვლევებში არ მიიღო მონაწილეობა. ეს პროფესიები თანდათან გაქრება. საუნივერსიტეტო კვალიფიკაცია შრომის ბაზარს აღარ დასჭირდება. დასჭირდებათ მხოლოდ იაფი მუშა ხელი, „ბოთლის მბერავები“, როგორც ვოლსკიმ თქვა, მაგალითად.

ეს „ბოთლის მბერავობა“ იქნებ არ უნდა ყველას. ვიღაცას უნდა აიშენოს წარმატებული კარიერა ხარისხიანი განათლების საფუძველზე.

არაჩვეულებრივი სისწრაფით მიდიან ავტორიტარიზმის რელსებზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ყველაფერს ერთი ხელის დარტყმით ხომ ვერ მოაშთობენ. ეტაპობრივად ხდება.

ერთი წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ დღეს ასეთ პირობებში ვიქნებოდით?! იმ მდგომარეობამდე მივიდოდა საქართველოში დემოკრატია, რომ ადამიანები დასჯილიყვნენ ტროტუარზე დგომისთვის?! რომ ნებისმიერი უცხოური დახმარება, მათ შორის საკუთარი ოჯახების მიერ, საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი დახმარება გახდებოდა საეჭვო და ადამიანის დასჯის მექანიზმი?!

წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესი და იქნება სოციალურად, პოლიტიკურად აქტიური და დაწერს ვთქვათ ფეისბუქზე პოსტს, გამოვა აქციაში მიიღებს მონაწილეობას, მას ეტყვიან, რომ „ეწევა სხვა საქმიანობას“ და ამის გამო 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ.

  • „ოცნების“ დეპუტატები არ ეწევიან „სხვა საქმიანობას“? მათი უმრავლესობა ხომ ბიზნესიდან მოვიდა პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, მათაც შეეხებათ, მაგრამ მათ იმედი აქვთ, რომ არ მიადგებიან, რადგან „ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და შერჩევითად დაიჭერენ ადამიანებს, მაგრამ არ ხდება ასე. ასე ეგონა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას, რომ არ შეეხებოდნენ, დიდი წერილიც გამოაცხვეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, – „თქვენი მხარდამჭერები ვართ, გვიშველეთ, რა საშინელება ხდებაო“, მაგრამ უშველა? პირიქითაა. ეს აქლემი ყველას კართან დაიჩოქებს, მაგრამ ახლა მათ კართან დაიჩოქა.

  • ერთმა პროფესორმა მითხრა, ახლა გრანტს ველოდები სახელმწიფოსგან და თავს შევიკავებ „რეფორმის“ შეფასებისგანო. ნიშნავს ეს, რომ თვითცენზურა უკვე ამუშავდა?

ჩვენ ქვეყანას სამწუხაროდ არ აკლდა კონფორმიზმი და კონფორმისტები და როდესაც ადამიანს არ უტოვებ დამოუკიდებელი აზროვნების შესაძლებლობას, ეს ნიშნავს კონფორმიზმის წახალისებას საზოგადოებაში. ის მიბმული გყავს, როგორც შენი ქვეშევრდომი და ცდილობს გასიამოვნოს იმისთვის, რომ გადარჩეს.

სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა – მდინარაძის ხელფასი 15 945 ლარი გახდა

„ოცნების“ მთავრობამ გამოსცა დადგენილება #41, რომლითაც პირველი თებერვლიდან სუსში ხელფასები კიდევ გაიზარდა. გაიზარდა როგორც თანამდებობრივი, ასევე წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები. კობახიძის ხელმოწერით სუს-ში ხელფასები დაახლოებით ერთი თვის წინაც გაიზარდა – 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით.

ახალი, 2026 წლის 4 თებერვლის დადგენილებით სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის ხელფასი პირველი თებერვლიდან ჯამში 15 945 ლარი იქნება [აქედან 15 690 თანამდებობრივი სარგოა, 255 ლარი კი წოდებრივი].

იანვარში კი მდინარაძის ხელფასი 15 170 ლარი იყო [14 940 ლარი თანამდებობრივი და 230 ლარი წოდებრივი სარგო].

მამუკა მდინარაძის, როგორც სუს-ის უფროსის თანამდებობრივი სარგო გასულ წელთან შედარებით 2 110 ლარით გაიზარდა.

სუსის უფროსის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია მის წოდებაზე. მაგალითად, 4 თებერვლის დადგენილებით, სუს-ში თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი წოდების მქონე უფროსისთვის არის 15 690 ლარი, ხოლო იგივე განაკვეთი წოდების არმქონე უფროსისთვის 14 340 ლარი.

თანამდებობრივი სარგო სუს-ში 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, 2025 წლის 26 ოქტომბერს ვადამდე მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის წოდება. მანამდე კი, 3 სექტემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის, 23 ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის, 25 ოქტომბერს კი – კაპიტნის წოდება მიანიჭა.

მაიორის წოდებით მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში არსებული საშუალო სპეციალური წოდებიდან უფროს სპეციალურ წოდებაზე გადაინაცვლა.

წოდებრივი სარგო სუს-ში 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან

 

ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – გასული წლის მეოთხე კვარტლის სტატისტიკა

2025 წლის მეოთხე კვარტალში [ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი] საქართველოში 1.7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მოგზაურთა უდიდესი ნაწილი, 45.2 პროცენტი, 31-50 წლის იყო.

გასული წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში შემოსულ უცხოელ ვიზიტორთა მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების 79.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, ექსკურსანტების წილმა 16.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატის განმარტებით, ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ექსკურსანტი არის ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.

2025 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 280.6 ათასი, შემოვიდა რუსეთის ფედერაციიდან – ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.1 %, მეორე ადგილზე იყო თურქეთი – 17.1%, ხოლო მესამეზე სომხეთი – 12.7%.

ვიზიტების უმეტესი ნაწილი განხორციელდა თბილისში [866.8 ათასი ვიზიტი] და აჭარაში [466.9 ათასი ვიზიტი].

წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე სულ დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.8 მილიონი ვიზიტი, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

2024-2025 წლებში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული
ვიზიტების რაოდენობის განაწილება ვიზიტორების მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით

ნინო ბაციაშვილი მეხუთედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში, ნინო ბაციაშვილმა ერთი ტურით ადრე გაიმარჯვა საქართველოს ქალთა 85-ე პირველობაზე.

ამ გამარჯვების შედეგად ნინო ბაციაშვილი უკვე მეხუთედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში.

ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის.

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

მთავარია გჯეროდეს – შენი მიზნების და მისწრაფებების, თიბისის AI განათლების კურსებზე კი თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად სფეროს, ნულიდან პროფესიულ დონემდე შეისწავლი.

თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, AI ლიგის პირველი ტური ჩატარდა. AI ლიგა ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის ნაწილია და მოსწავლეებს ადგილობრივი და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ამზადებს.

ლიგა კურსის პრაქტიკულ კომპონენტს წარმოადგენს და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ, ოლიმპიადის ფორმატში გამოცადონ საკუთარი ცოდნა და შეძენილი უნარები. ეს პროცესი მოსწავლეებს, არა მხოლოდ ოლიმპიადებისთვის, არამედ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ამოცანებზე მუშაობისთვისაც ამზადებს.

AI ლიგის პირველ ტურში მონაწილეობა 50-მდე მოსწავლემ მიიღო. ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) „საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ AI-ის საოლიმპიადო კურსი GAIA-ს ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით უკვე მეორედ ტარდება. 2025 წლის საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ქვეყანა 2026 წლის ეროვნული და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ემზადება, რომელიც დუბაიში გაიმართება.

თიბისისთვის AI განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბრენდის მიზანია, საკუთარი ექსპერტიზისა და პარტნიორული პროექტების საშუალებით ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარების კულტურის განვითარებას, ახალი თაობის პროფესიონალების ჩამოყალიბებას და საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 243 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 642 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 996 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 36 975 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 636 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 293 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 125 094 ერთეული [+1 351]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 245 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 77 149 ერთეული [+200]
  • სპეცტექნიკა – 4 062 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 596 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 503 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 659 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 080 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 713 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა მასშტაბური შეტევა განახორციელა უკრაინაში -20, -24 გრადუსი ყინვის ფონზე

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქუთაისის საკრებულოს წევრის მამა ისტორიულ ციხეს ანგრევს და იქ კორპუსების ჩადგმას გეგმავს

ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამის კომპანია, შპს „იბერია სტარ გრუპი“ ქალაქის ცენტრში, ტაბიძის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობის დანგრევას აპირებს და იმ ადგილას კორპუსების ჩადგმას გეგმავს.

მაგდა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა.

ისტორიული ციხის დემონტაჟის ნებართვა ქუთაისის მერიამ უკვე გასცა.

ისტორიული ციხის ადგილას კორპუსების მშენებლობას ეწინააღმდეგება საზოგადოების ნაწილი.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე საგუბერნიო ციხე ქუთაისის ისტორიის ნაწილია და მისი სწორად დატვირთვის შემთხვევაში, იქ შეიძლება მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია გაკეთდეს. ეს ისტორიულ ქალაქს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

  • ვინ იყიდა საგუბერნიო ციხე და რის მოწყობას გეგმავს 

საგუბერნიო ციხე წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.

2019 წლის ნოემბერში ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა ტაბიძის ქუჩა №39ა-ში მდებარე სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი (ფართობით – 9 196 კვ.მ). ქონების საწყისი ფასი – 3 490 000 ლარი იყო, ბიჯი 5000 ლარი, საგარანტიო თანხა კი 349 000 ლარი.

აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო თანხა მყიდველს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45  დღის  ვადაში უნდა გადაეხადა.

2019 წელს საგუბერნიო ციხე არ გაიყიდა, არცერთი ბიჯი არ დადებულა, ინტერესი არავის გამოუხატავს.

ორი წლის შემდეგ, 2021 წელს, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, იგივე ქონება აუქციონზე განახევრებული ფასით, 1 მილიონ 745 000 ლარად და უპირობოდ გაიტანა.

ქონების სააგენტომ მოკლე აღწერილობაში ჩაწერა, რომ ობიექტის სამომავლო განვითარების პროფილი შეიძლება ყოფილიყო სასტუმრო კომპლექსი. ამ ჩანაწერს სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა.

საგუბენიო ციხე და მასთან დაკავშირებული ერთ ჰექტრამდე ფართობი „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამამ, დავით კოსტავამ 2021 წელს განმეორებით აუქციონზე განახევრებულ ფასად, 1 მილიონ 745 000 ლარად იყიდა.

ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი 9 196 კვ. მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით კოსტავამ 1 კვ. მეტრ ფართობში 190 ლარი გადაიხადა.

ელექტრონული ვაჭრობისას მას კონკურენტი არ ჰყოლია.

აუქციონს ერთადერთი პირობა ჰქონდა – მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღეში გადაეხადა.

ამრიგად, ქუთაისის ცენტრში მდებარე ისტორიული ციხე 2021 წლის ივნისში კერძო მესაკუთრის, დავით კოსტავას საკუთრებაში გადავიდა.

2022 წლის თებერვალში საგუბენო ციხეს მეპატრონე შეეცვალა – ფიზიკური პირიდან იურიდიულზე გადავიდა.

საჯარო რეესტრს კომპანია „იბერია სტარ გრუპმა“ მიმართა და იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

„იბერია სტარ გრუპი“ დავით კოსტავას კომპანიაა. ის ამ კომპანიაში წილის 60 % ფლობს, ხოლო 40 % წილის მფლობელი ოთარ კოსტავაა, დავით კოსტავას შვილი. დავით კოსტავა „იბერია სტარ გრუპში“ მფლობელთან ერთად კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს.

2024 წლის მარტში კომპანიამ აუქციონზე შეძენილი ქონება საქართველოს ბანკში იპოთეკით დატვირთა. 2025 წლის მაისში კი საქართველოს ბანკიდან იპოთეკა ლიბერთი ბანკში გადაიტანეს.

  • კორპუსები ისტორიული ციხის ნაცვლად

ის, რომ ისტორიული ციხის ადგილას საცხოვრებელი კორპუსების ჩადგმა იგეგმებოდა, მისი გაყიდვიდან მალევე გახდა ცნობილი.

საგუბერნიო ციხეს თითქმის ორი საუკუნის ისტორია კი აქვს, მაგრამ არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

შესაბამისად, როცა ისტორიულ შენობას სახელმწიფო არ იცავს, მისი დანგრევა ადვილია.

2021 წელს საგუბერნიო ციხის მფლობელს, „იბერია სტარ გრუპს“ ქუთაისის მერიამ მშენებლობის ნებართვა დაუმტკიცა. დემონტაჟისა და ახალი მშენებლობის დაწყების ნებართვაში ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსმა რუსუდან ჩინჩალაძემ ბრძანებაში ჩაწერა, რომ პროცესს თავად გააკონტროლებდა: „ბრძანების შესრულების კონტროლს ვივალებ პირადად.“

მიუხედავად ამისა, კომპანიამ მშენებლობა ვერ დაიწყო.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „იბერია სტარ გრუპმა“ სამშენებლო ნებართვა 2025 წლის ოქტომბერში განაახლა.

საგუბერნიო ციხის შენობა რომ ისტორიული ღირებულებისაა, ამის შესახებ წერია მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტებშიც. მიუხედავად ამისა, მის შენარჩუნებაზე არავინ იფიქრა.

უფრო მეტიც, ქუთაისის მერიამ დასკვნა, რომ „ყოფილი ციხის ტერიტორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობით, წარმოადგენს დისკომფორტს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მეპატრონეებისთვის და, ზოგადად, მიმდებარე არეალისთვის“.

გუბერსკის ციხე ქუთაისის ისტორიულ უბანში
  • სტალინის საკანი და მეფის რუსეთის დროინდელი ციხე

საგუბერნიო ციხე ქუთაისში, მდინარე რიონის პირას, თეთრი ხიდიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.

ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილე – ცნობილი, როგორც ე.წ. „გუბერსკის ციხის“, მე-19 საუკუნეშია აგებული.

ორსართულიანი, ძველი, ქალაქური სტილის შენობა ქუთაისში, ისტორიულ უბანში დგას – საინვესტიციოდ მიმზიდველ და სარფიან ადგილას.

უცნობია შენობის თავდაპირველი დანიშნულება, თუმცა ისტორიული წყაროებით დასტურება, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს შენობა უკვე გამოიყენებოდა, როგორც საგუბერნიო საპყრობილე.

საგუბერნიო ციხე ცნობილია იმით, რომ აქ 1903 წელს სასჯელს იხდიდა იოსებ ჯუღაშვილი, სტალინი.

ციხეში სტალინის საკანი მის დახურვამდე იყო შემორჩენილი.

საგუბერნიო ციხეში სასჯელს იხდიდნენ კატორღამისჯილებიც. ლეო ქიაჩელის რომანში „სისხლი“, მოთხრობილია ამბავი ციხიდან გაქცევის შესახებ. ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებში აღწერილი ეს ეპიზოდი, სწორედ ქუთაისის ციხეში ხდება და მას საფუძვლად რეალური ამბები უდევს.

მეფის რუსეთის დროს ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილე სავსე იყო პოლიტიკური პატიმრებით, ხოლო 1920-21 წლებში იქ მოუყარეს თავი ე.წ. ბოლშევიკურ ელიტას.

საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ, ქუთაისის ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული კრიმინალები იხდიდნენ სასჯელს.

ციხემ სრულად ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება გახსნეს ქუთაისში.

მისი პირვანდელი ფუნქციის შეწყვეტის შემდეგ ქუთაისის ციხის უფუნქციოდ დარჩენილი შენობა მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს გაიხსნა სახელოვნებო პროექტისთვის.

„გუბერსკი – ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ – ასე ერქვა პროექტს, რომელიც მოიცავდა გამოფენებს, ინსტალაციებს, სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის კონცერტებს. სახელოვნებო პროექტში ქართველი, გერმანელი, ჰოლანდიელი, შვეიცარიელი, პოლონელი და იტალიელი ხელოვანები მონაწილეობდნენ.

გუბერსკის ციხის შიდა ეზო – დახურვის შემდეგ ციხის ტერიტორია მხოლოდ ერთხელ გაიხსნა სახელოვნებო პროექტისთვის
  • რას ითხოვს ქუთაისის საზოგადოების ნაწილი

ქუთაისელების უმრავლესობას საგუბერნიო ციხის არც გაყიდვა გაუპროტესტებიათ და არც მის დანგრევას აპროტესტებენ.

მოქალაქეთა ერთი ჯგუფი – სამოქალაქო აქტივისტები, ფოტოგრაფები, ტურიზმის სექტორში მომუშავეები, რომლებსაც ესმით შენობის ისტორიული სტატუსის მნიშვნელობა, მის გადასარჩენად იბრძვიან.

სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი მიშიკო მუმლაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „გუბერსკის ციხის“ გადასარჩენად იბრძვის. ის ქუთაისის მერიას მიმართავს, გამოისყიდოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გაყიდული შენობა და მის ამჟამინდელ მეპატრონეს ალტერნატიული ადგილი შესთავაზოს.

მიშიკო მუმლაძე ფიქრობს, რომ გუბერსკის ციხის კულტურულ-შემეცნებითი დატვირთვა ქუთაისს, როგორც ქალაქს, მუდმივ შემოსავალს გაუჩენს, ტურისტულ დატვირთავს გაუზრდის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მაგალითად აქცევს.

„შეიძლება შეიქმნას ახალი ქუთაისის კონცეფცია ისე, რომ 3500-წლოვან ქალაქს რაღაც ისტორიული ნაწილი შერჩეს, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულება. ეს ქალაქი აეროპორტით ცოცხლობს, ტურისტულ ბიზნესზე ბევრი ოჯახია მიბმული და ბევრ სფეროში პირდაპირი უცხოური ფული შემოდის. მაგრამ ტურისტი აქ ძირითადად 2 დღე ჩერდება.

მე-19 საუკუნის საგუბერნიო ციხეში ტურისტისთვის საინტერესო ატრაქციების შექმნა ადვილია. აქ მე-20 საუკუნის დასაწყისში რევოლუციონერები იხდიდნენ სასჯელს, თუნდაც სტალინის საკნის შეფუთვა შეიძლება ტურისტულ პროდუქტად.

9 ათას კვ.მეტრზე მეტია ეს ტერიტორია. იქ მდგარი შენობები რომ მოწესრიგდეს, კერძო პირები იქირავებენ. მუზეუმი შეიძლება გაკეთდეს – ყველაფერი შეიძლება გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო ქუთაისის ბიუჯეტში,“ – ამბობს მიშიკო მუმლაძე.

მაგრამ რა შანსი აქვს მოქალაქეების სურვილს და იდეას დაიცვას ისტორიული შენობა დიდი ფულის წინააღმდეგ?

ოფიციალური პასუხების მიხედვით, არავითარი.

ქუთაისის მერიას ვკითხეთ, გასცა თუ არა ტაბიძის ქ.#39ა-ს სამხრეთით მდებარე საგუბერნიო ციხის დემონტაჟის და მის ნაცვლად ახალი შენობის აშენების ნებართვა.

„ქუთაისში, ტაბიძის ქ. #39ა-ს სამხრეთით მდებარე, შპს „იბერია სტარ გრუპის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია ორი ნებართვა: 2025 წლის 12 ივნისს გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა (ვადა 84 თვე) და 2025 წლის 22 ოქტომბერს გაიცა  არსებული ამორტიზებული შენობის დემონტაჟის ორგანიზების ნებართვა – (ვადა 12 თვე),“ – მოგვწერეს ქუთაისის მერიიდან.

„ბათუმელებმა“ კითხვებით მიმართა „იბერია სტარ გრუპს“. გვინდოდა კომპანიის მფლობელის, დავით კოსტავასთვის გვეკითხა, ხომ არ აპირებს კომპანია შეცვალოს გადაწყვეტილება და არ დაანგრიოს ისტორიული ციხე.

„იბერია სტარ გრუპს“ 2 თებერვალს მივმართეთ. 4 თებერვალს, კომპანიიდან გვიპასუხეს, რომ „ბატონი დავითი კომენტარს, ზეგ, ანუ 6 თებერვალს გააკეთებს“.

კომენტარის მოპოვების შემთხვევაში „ბათუმელები“ ბიზნესმენის პასუხს მასალაში ასახავს.

  • ვინ არის დავით კოსტავა და რას აშენებს „იბერია სტარ გრუპი“

დავით კოსტავა ქუთაისელი ექიმი და ბიზნესმენია. მისი შვილი, მაგდა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს ორი მოწვევის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

სწორედ საკრებულოს იმ შემადგენლობამ, რომლის წევრიც მაგდა კოსტავა იყო 2021-2025 წლებში, დაამტკიცა „იბერია სტარ გრუპის“ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა „გუბერსკის ციხის“ დანგრევაზე.

დავით კოსტავა ფლობს კომპანიებს – შპს „ნიულანი“, შპს „იმერ-ტრანსი“, შპს „ქუთმოლი“, შპს „იბერია სტარ გრუპი“, შპს „დაკოსტა“ და შპს „იბერიის ვარსკვლავი“.

კომპანია „იბერია სტარ გრუპის“ [მას ეკუთვნის „გუბერსკის ციხე“] ძირითადი მიმართულება ბიზნეს ცენტრების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სასტუმროების მშენებლობაა.

„იბერია სტარ გრუპის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია 1990 წელს დაარსდა მოსკოვში, ქუთაისის ფილიალით და წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობდა.

კომპანია „იბერია სტარ გრუპის“ სახელით ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს.

  • როგორ ეხმარება სახელმწიფო ბიზნესმენ დავით კოსტავას 

საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების თანახმად, 2024 წლის 17 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება „შპს „იბერია სტარ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე.

ამ განკარგულების მიხედვით, „იბერია სტარ გრუპს“  სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2027 წლის 13 ივნისამდე გადაუვადეს.

დოკუმენტების თანახმად, გუბერსკის ციხის გარდა, დავით კოსტავას 2021 წელს სხვა სახელმწიფო ქონებაც შეუძენია. თუმცა აღებული ვალდებულება ვერც იქ შეასრულა და პრემიერის განკარგულება გახდა საჭირო იმისათვის, რომ ბიზნესმენისთვის ვადა გაეზარდათ.

საუბარია ქუთაისში, ზ. ანჯაფარიძის ქუჩა N120-ში არსებული 6259.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობებზე.

დავით კოსტავამ ეს ქონება 2021 წლის ნოემბერში ელექტრონული აუქციონით იყიდა, კონკურენციის გარეშე ერთი ბიჯით – 659 500 ლარად და პირობით.

აუქციონის პირობის მიხედვით, დავით კოსტავას საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან  45 კალენდარული დღეში უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, აიღო ვალდებულება პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 200 მოსწავლის/სტუდენტის სწავლებაზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულება გაეხსნა, იმავე ვადაში უნდა შესულიყო შენობა ექსპლუატაციაში და საგანმანათლებლო დაწესებულებას ფუნქციონირება დაეწყო.

დავით კოსტავამ და მისმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

როცა თანამდებობის პირი „ქურდული სამყაროს“ მიმდევართან ქეიფობს – რას აჩვენებს რესტორანში პოლიციელის ცემის საქმე

„ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები, ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რაც ამ ორ ქმედებას მოჰყვა,“ – ადვოკატი ლია მუხაშავრია გვიყვება, რომ ჩოხატაურის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის დაპატიმრების ამბავი აქტიური მედიაგაშუქებისა და საზოგადოების რეაქციის შედეგია.

ლია მუხაშავრიას ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ:  ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ ორ პირთან ერთად პოლიციელს სცემა. პროკურატურა ამბობს, რომ დაპირისპირების საგანი „ქურდული სამყაროს პატივისცემა“ იყო.

„თუკი დავით შარაშიძე არ დაისჯება ისე, როგორც მას ეკადრება – კანონის მთელი სიმკაცრით, მაშინ ჩვენ, მთელ საზოგადოებას, შეგვექმნება კიდევ უფრო მყარი აზრი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ხელისუფლება არის სრულიად უსამართლო, უკანონო და ის მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიის მექანიზმს, გამორჩევით ასამართლებს ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების, საქმიანობის თუ სხვა ნიშნების მიხედვით,“ – ამბობს ლია მუხაშავრია „ბათუმელებთან“. ის სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს.

„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლია, დავით შარაშიძეს, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და გამოძიების ვერსიით, მან  პოლიციელს ჯგუფურად სცემა, დღეს სააპელაციო სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა. რა ჩანს ამ შემთხვევიდან? 

დიდი მადლობა მედიას. დღეს, როცა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მეტისმეტად ცდილობს დააკნინოს მედიის როლი და გავლენა საზოგადოებაზე, აი, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მედიის როლი უმნიშვნელოვანესია, ხანდახან გადამწყვეტიც კი, ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების ცხოვრებაში გასატარებლად. აი, ამ შემთხვევაში ნამდვილად მედიამ შექმნა ის საზოგადოებრივი აზრი და გამოხატა საზოგადოების აღშფოთება ამ ფაქტის გამო, რამაც აიძულა მართლმსაჯულება დამდგარიყო სიმართლეზე.

ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები. ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რაც ამ ორ ქმედებას მოჰყვა. კარგია, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და გამოიყენა საპატიმრო ღონისძიება.

თანამდებობის პირებსა და განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებს ავიწყდებათ, რომ ისინი უნდა იყვნენ უმაღლესი მორალური სტანდარტის დამამკვიდრებელი და სამაგალითო მოქალაქეები საზოგადოების თვალში და არა პირიქით. ბოლო დროს სულ ვხედავთ საპირისპირო მაგალითებსა და შემთხვევებს, რაც იწვევს საზოგადოების აღშფოთებას, რეაქციას უსამართლობაზე.

ეს არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ არც სასამართლოს, არც საკანონმდებლო ხელისუფლებას და არც ადგილობრივ ხელისუფლებას. მგონი, ეს იქნება კარგი ჭკუის სასწავლებელი სხვა რეგიონების პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის და, ზოგადად, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, როგორ უნდა იქცეოდნენ საჯარო სივრცეში და ანგარიშს უწევდნენ საზოგადოებრივ აზრს.

ლია მუხაშავრია
  • ამ შემთხვევაში TV პირველის მიერ მოპოვებული რესტორნის სათვალთვალო ვიდეოკადრებით ჩანს, როგორ ურტყამს დავით შარაშიძე – ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელს მუშტებს. ის ოზურგეთის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, როცა სილის გაწვნის გამო ციხეშია მზია ამაღლობელი და ის წინასწარ პატიმრობაშიც დატოვეს… 

ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. „მზია ამაღლობელის საქმე“ დარჩება უსამართლობის აღმაშფოთებელ ქეისად ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც ქალის მხრიდან პოლიციელისთვის სილის გაწვნა ჩაითვალა მძიმე დანაშაულად, რის გამოც მიუსაჯეს ასეთი მძიმე სასჯელი.

„მზია ამაღლობელის საქმე“ ყველაზე შავი ლაქა იქნება უახლეს მართლმსაჯულების ისტორიაში.

ამ შემთხვევაში საბედნიეროდ ვიდეომასალა არსებობს, როგორი ძალადობრივი ქმედება ჩაიდინა თანამდებობის პირმა პოლიციელის მიმართ. თანაც, აქ გასათვალისწინებელია მოტივი: რის გამო დაიწყო ეს ძალადობა. ერთ შემთხვევაში იყო მზიას პროტესტი და შეიძლება უნებლიე ქმედებაც, შეიძლება აფექტურიც მის მიმართ შეურაცხყოფის გამო და მეორე შემთხვევაში მოტივი იყო ის, რომ პოლიციელმა გამოთქვა უკმაყოფილება თანამდებობის პირის მიერ ქურდულ სამყაროსთან კავშირების, თუ ქურდული სამყაროს მიმართ პატივისცემის გამოხატვის გამო.

  • ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ვიდრე პოლიციელს სამი კაცი ცემას დაუწყებდა, მათ შორის, დავით შარაშიძე, პოლიციელს ეკამათება ლუკა ჩხიკვაძე, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის, „კახა ჩოხატაურსკის“ შვილია. პროკურორმა ელგუჯა ადეიშვილმა ოზურგეთის სასამართლოში, სხდომაზე თქვა, რომ პოლიციელთან კონფლიქტის მიზეზი გახდა „კრიმინალური სამყაროს პატივისცემა“. 

დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ პოლიციელი სავარაუდოდ აღშფოთდა – ბუნებრივია, უნდა აღშფოთებულიყო – როცა დაინახა, რომ „კანონიერი ქურდის“ შვილი ზის სუფრასთან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთან ერთად და ქეიფობს. ამ ნიადაგზე უკმაყოფილებას მოჰყვა ძალადობა პოლიციელზე.

ჩემი საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე ხშირად მომისმენია პოლიციელებისგან აღშფოთება, როდესაც ისინი აპატიმრებენ ადამიანს და სასამართლო მას ათავისუფლებს გირაოთი. სოციალურ კონტექსტში ეს ფენა [„ქურდული სამყარო“] მართლაც მიუღებელი უნდა იყოს და არის კიდეც.

რეგიონში მეტი პოლიტიკური თანამდებობა არაფერია – საკრებულოს თავმჯდომარეა და ის აშკარად ძალადობს პოლიციელზე. ამ დროს სასამართლოს რეაქცია მართლაც იყო აღმაშფოთებელი საზოგადოებისა და მედიისთვის. როგორც ჩანს, სააპელაციო სასამართლომ ანგარიში გაუწია საზოგადოებრივ აზრს.

  • სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე ხომ არ გამოჩნდა ისე, რომ „ოცნების“ სისტემამ არჩია – დაეცვა თავისი რეგიონული ლიდერი და „ქურდული სამყარო“ და არა პოლიციელი, რომელიც „ოცნების“ რეჟიმის მთავარი საყრდენია? 

სრულიად შესაძლებელია, რომ ეს იყოს.

საკრებულოს თავმჯდომარე რეგიონში, ადგილზე წარმოადგენს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს. მისი თანამდებობიდან ჩამოცილება ამ საპატიმრო ღონისძიებით იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეიძლება ამანაც დააფრთხო სასამართლო…  კარგია, რომ სააპელაციოში ეს შეცდომა, დარღვევა თუ უგუნურება გამოსწორდა.

  • დაზარალებულად ცნობილ, ნაცემ პოლიციელს შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. ეს რაზე მიუთითებს?  

გურიის მასშტაბით და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ეს არის უპრეცედენტო ამბავი და შესაძლოა, გადაწყვეტილება მისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოწვეული იყოს იმით, რომ მისი სამსახურში დაბრუნება შეიძლება გამოიწვევდა გარკვეულ დისონანსს საზოგადოებაში, ან თვით პოლიციის ორგანოებში. არ ვიცი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

  • გუშინ დავით შარაშიძემ ფეისბუქპოსტი დაწერა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო, ჟურნალისტები გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი ჯინჭარაძე რესტორანში პოლიციელის მოვალეობას არ ასრულებდა. 

ფორმა არ ეცვაოა, ხომ? შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ ის პოლიციელი იყო. ეს ერთი, მეორეც: პოლიციელს ყველგან და ყოველთვის მისი პროფესიული მოვალეობა გააჩნია დ პოლიციელად რჩება მიუხედავად იმისა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს უშუალოდ თუ არა. ამიტომაც, ეგ სრულიად უადგილო არგუმენტი იყო და დავით შარაშიძის ამ პოსტმაც გამოიწვია საზოგადოების შემდგომი აღშფოთება.

მიუღებელი იყო ასეთი განმარტება: თუ პოლიციელის მოვალეობას არ ასრულებს ადამიანი, ის შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი? ეს სამარცხვინო კომენტარი მის წინააღმდეგ ძალიან სერიოზულად ამუშავდა. ერთია, რომ ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს უკანონო ქმედება, მაგრამ როცა ცდილობ ამის გამართლებას და საჯაროდ გამოდიხარ გამართლების დასაბუთებით, ეს უფრო აღმაშფოთებელია.

  • რას ნიშნავს მაღალი თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს კავშირი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან? 

გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს ეს მომენტი. დღეს იხილავდა სასამართლო ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს: თითქოს დედა ეხმარებოდა მას ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობაში.

ეს „ქურდული სამყაროს“ შესახებ კანონი, ანუ  სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლი თავის დროზე არის პოლიტიკური მოტივებით მიღებული. მართლაც კარგად არ არის განსაზღვრული არც კოდექსით და არც სასამართლო პრაქტიკით მისი გამოყენების ფარგლები. ეს ძალიან საშიშს ხდის ამ მუხლს.

ერთ შემთხვევაში შეიძლება დედა ჩაითვალოს დამნაშავედ ამ მუხლით, იმიტომ, რომ შვილთან ჰქონდა კომუნიკაცია. მეორე მხრივ, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ქურდის შვილთან ქეიფობს და მას „იცავს“ სავარაუდოდ პოლიციელის შენიშვნისგან, ეს არ ჩაითვალოს ქურდულ სამყაროსთან არაპირდაპირ კავშირად. ეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია.

ამ კუთხითაც საინტერესოა ამ საქმის გამოძიება. ჩვენ არ ვიცით მხარეებს შორის შელაპარაკების ზუსტი დეტალები და საუბრის შინაარსი, რომელიც მათ შორის მოხდა და რომელსაც მოჰყვა ეს დავა. მე ძალიან მაინტერესებს ეს საქმე, ვფიქრობ. ამიტომაც, მედიამ უნდა მოსთხოვოთ გამოძიებას, ანგარიში წარუდგინოს საზოგადოებას: რა დაადგინეს, როგორ დაადგინეს და რა ხდება კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ვიდრე სასამართლოში განიხილება საქმე. შემდეგ უკვე საჯარო პროცესზე ალბათ გვექნება შესაძლებლობა, დეტალურად გავიგოთ, როგორ წარიმართება საქმე.

  • თქვენი დაკვირვებით ე.წ. ქურდულ სამყაროს აქტიურად იყენებს „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება? 

ბოლო დროს მასობრივად აპატიმრებენ ადამიანებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. მეჩვენება, რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არ არის „ქურდულ სამყაროსთან“ გარიგებებში, რაღაც უკანონო შეთანხმებებში. ეს ტენდენცია სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური მიზნებით იყენებენ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს.

ვინც ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს, მათ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა არ შეუძლიათ დაპატიმრების შიშით – ისინი გადახვეწილი არიან სამშობლოდან. ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე რჩება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ იმუნიტეტი, თორემ ასეთი მკვეთრი გაყოფა სხვანაირად ვერ აიხსნება. მე გარკვეული პროფესიული პრაქტიკა მქონდა ამ კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით და კარგად მესმის ეს საკითხი.

  • ახსენეთ „ქურდული სამყაროს“ წევრების „პოლიტიკური მიზნებით“ გამოყენება. რას გულისხმობთ კონკრეტულად? 

არჩევნების პროცესში ეს ადამიანები ძალიან აქტიურდებიან და იწყებენ ამომრჩევლებზე ზეგავლენას სხვადასხვა ფორმით. იქ, სადაც მათი ავტორიტეტი ჭრის, იყენებენ ავტორიტეტს. იქ, სადაც მათ ავტორიტეტი არ აქვთ, თესავენ შიშს და ტერორს. ეს ცნობილი ამბავია. ამაზე ადეკვატური რეაქცია და მათი უკანონო ქმედების მიმართ სახელმწიფოს რეაქცია ჩვენ არ გვინახავს. ამიტომაც, შეიქმნა საკმაოდ მყარი აზრი, რომ ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, მასთან თანამშრომლობს.

ამ სოციუმის ჩამოყალიბება დაკავშირებულია საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც ამ ჯგუფს იყენებდა საზოგადოების კონტროლისთვის, ერთი მხრივ, პენიტენციური სისტემის შიგნით, ხოლო თუ ვინმე გარეთ იყო – გარეთ. ეს მავნე, საბჭოთა და ძალიან მანკიერი ტრადიცია პოლიტიკურ სფეროში გადაიზარდა და ვხედავთ, რომ ის ისევ მოქმედებს.

მე მინდა მადლობა ვუთხრა მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელმაც ამ საქმის [ოზურგეთში, რესტორანში პოლიციელის ცემა] გაშუქებაში მიიღო მონაწილეობა. მინდა გთხოვოთ თქვენ, მედიას, გააგრძელოთ ამ საქმის საჯაროობაზე მუშაობა და მოსთხოვოთ საგამოძიებო ორგანოებს და სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაცია გასაჯაროონ გამოძიების მიმდინარეობის და საქმის წარმოების დეტალების ჩათვლით.

საზოგადოების პროგრესული, დიდი ნაწილი თვლის, რომ მზია ამაღლობელი არის რეჟიმის ტყვე და ამ შემთხვევაში, თუკი დავით შარაშიძე არ დაისჯება ისე, როგორც მას ეკადრება – კანონის მთელი სიმკაცრით, მაშინ ჩვენ, მთელ საზოგადოებას, შეგვექმნება კიდევ უფრო მყარი აზრი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ხელისუფლება არის სრულიად უსამართლო, უკანონო და ის მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიის მექანიზმს, გამორჩევით ასამართლებს ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების, საქმიანობის თუ სხვა ნიშნების მიხედვით.

Exit mobile version