მთავარი,სიახლეები

თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ კილომეტრების გავლა ასე მოგიწევთ – შშმ ქალი

02.09.2022 • 1489
თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ კილომეტრების გავლა ასე მოგიწევთ – შშმ ქალი

„ერთი წუთით დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სოფლად, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ტრანსპორტთან მისასვლელად კილომეტრობით გზის გავლა გიწევთ. ასე ხდება ყოველდღიურად, – წვიმიან ამინდში, ზამთარში – მუხლამდე თოვლში, ქარიან ამინდში…

როგორ შეძლებთ, რომ ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიიღოთ განათლება ან დასაქმდეთ და შემდეგ, სამსახურში იაროთ ყოველდღიურად ასეთ პირობებში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამილა საგინაძე, მცირედმხედველი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ჭარნალში ცხოვრობს.

28 წლის თამილა საგინაძეს მხედველობის შეზღუდვა აქვს. „ჩემი დიაგნოზი ორმაგი რქოვანის შემღვრევაა – უიშვიათესი დაავადებაა. მოვახერხე და სკოლამდელი განათლება თბილისის 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლაში მივიღე.

სკოლის დასრულების შემდეგ სამი პროფესიული სასწავლებელი დავამთავრე, ინფორმაციული ტექნოლოგიის განხრით მივიღე განათლება და შევისწავლე საოფისე პროგრამები საქმის წარმოების მიმართულებით. ამის მიუხედავად, მოწყვეტილი ვარ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ვერც ჩემი ცოდნით ვრეალიზდები, რადგან არაადაპტირებულ გარემოში მიხდება ცხოვრება“, – გვეუბნება თამილა.

თამილას თქმით, მან ხელვაჩაურის მერიას ოთხი თვის წინ, წერილობითაც მიმართა და სთხოვა, მოეგვარებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მის სოფელში, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტამდე მივიდე, სოფელ თხილნარში უნდა გადავიდე ფეხით, რომელიც სულ ცოტა ერთი კილომეტრითაა დაშორებული სახლიდან. ჭარნალის ცენტრში თუ ჩავალ, მაშინ 3 კილომეტრის გავლა მომიწევს. ჩემთვის ეს ძალიან რთულია, რადგან მხედველობის შეზღუდვა მაქვს.

სოფლის გზები ადაპტირებული არ არის, წვიმაში გუბეები დგას, მოუწესრიგებელია, ამიტომ ისედაც ძალიან რთულია გადაადგილება. მცირედმხედველისთვის კი, წარმოიდგინეთ როგორი რთული იქნება ამ მანძილზე მოუწესრიგებელი გზის გავლა.

ცოტა ემოციურად გამომდის, მაგრამ ზოგჯერ გათენება აღარ მინდა. დავიღალე ყოველდღე იმაზე ფიქრით, რომ ასეთ გარემოში მიწევს ცხოვრება – სოფელში გამოკეტილი. ხელვაჩაურის მერიას ერთოთახიანი ბინის გადმოცემაც ვთხოვე, რომ ასე უფრო ადვილი იქნებოდა ჩემთვის სასწავლებელში გადაადგილება, სამუშაოს შოვნა და სამსახურში სიარულიც, მაგრამ ამაზეც უარი მითხრეს“, – ამბობს თამილა.

მისი თქმით, ზოგჯერ, ძალიან ცუდ ამინდში, ნაცნობი მძღოლები კეთილ ნებას იჩენენ და სახლამდე ტრანსპორტიც მიჰყავთ. „მაგრამ ყოველთვის ასე ვერ იქნება, მათ ვერ დავავალდებულებ, რომ სახლამდე მიმიყვანონ“, – გვეუბნება თამილა საგინაძე.

თამილა სექტემბრიდან ხალხური ხელოვნების სკოლაში სწავლას იწყებს, ამიტომ მას ყოველდღე მოუწევს სასწავლებელში მისვლა და იმ რთული გზის გავლა, რაზეც გვესაუბრება.

„ბათუმელებს“ თამილას მამა, შალვა საგინაძეც ესაუბრა. მისი თქმით, მათ არაერთხელ მოითხოვეს ავტობუსი, მაგრამ ეს საკითხი დღემდე არ მოგვარდა.

„ნახევარო სოფელი უავტობუსოდ დადის, ხალხს სამი კილომეტრის გავლა უწევს, რომ ტრანსპორტამდე მივიდეს. ჩემ შვილსაც ძალიან უჭირს გადაადგილება ამ გზებზე. ბათუმში „ვოქსიდან“ თბილისის მოედნამდე რომ ჩახვიდე, როგორი გასავლელია? ჩვენ რომ გვიადვილებენ, თვითონ გაივლიან ამ მანძილს? ტვირთი აქვთ ადამიანებს, სოფელია, უამრავი საჭიროებაა, სადღაც ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ამ უბანში და რატომ არ უნდა მოდიოდეს ტრანსპორტი“, – ამბობს შალვა საგინაძე.

მისი თქმით, რადგან სოფელში ცუდი გზებია, არც ავტობუსს და არც მიკროავტობუსს ამ გზებზე სიარული არ უღირთ. „თამილასთვის ძალიან რთულია ამ გზებზე გადაადგილება. სასწავლებელში როცა დადიოდა, დილით წასული, მეცადინეობის დასრულების შემდეგ მთელი დღე დედამისს ელოდა, რომ სახლში დაბრუნებულიყო. ტრანსპორტი რომ იყოს, გამოჰყვებოდა სასწავლებლიდან და ლოდინი აღარ დასჭირდებოდა ქალაქში“, – გვეუბნება ის.

თამილა სახელმწიფოს კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს, რომ მას აქვს უფლება მიიღოს განათლება და ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილებაზე წვდომა. ასევე თვითმმართველობას – რომ ვალდებულია უზრუნველყოს ხელმისაწვდომი გარემო ყველა მოქალაქისთვის და მათ შორის შშმ პირებისთვის. თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან თამილა ჯერჯერობით დუმილს იღებს.

„ბათუმელები“ ესაუბრა აჭარის განათლების სამინისტროს და ჰკითხა, ხომ არ აქვს რაიმე პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა ტრანსპორტირებას სასწავლებელში, რაზეც გვითხრეს რომ – არა.

„ჩვენ რაც შეგვეძლო ვიზრუნეთ, რომ ეს პროგრამები დაგვეარსებინა. ერთი ადამიანის ტრანსპორტირებას ვერ მოვახერხებთ, გამორიცხულია. მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს ამაზე“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.

„შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი, რომელიც შშმ ქალთა უფლებებზე მუშაობს, ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ორი გამოსავალი არსებობს, ან მუნიციპალიტეტმა უნდა შესთავაზოს სოციალური ტაქსის სერვისი შშმ პირს, ან უქირაოს (ან გადასცეს) ბინა ისეთ ადგილზე, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის გარემოს.

„ბათუმის და ქობულეთის გარდა არსად არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი და იგივე პრობლემებია მუნიციპალიტეტებშიც. გამოსავალი არის სოციალური ტაქსი. შესაძლოა უფასოდ არა, მაგრამ შეღავათიან ფასად მოემსახუროს. ეს ბევრ ადამიანს მოუხსნიდა პრობლემას. ეს მოდელი არსებობს განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც შეგვიძლია დავნერგოთ“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

მისი თქმით, სერვისის დანერგვა შესაძლებელია, თუ ის რამდენიმე ადამიანს მაინც სჭირდება. „გაეროს შშმ პირთა კონვენციით განსაზღვრულია, რომ ადამიანმა სერვისი უნდა მიიღოს დასახლებულ პუნქტში. მის სოციალურ სერვისებში ჩართვაზე წვდომა უნდა ჰქონდეს. იყო ამის მაგალითად – გაეროს შშმ პირთა კომიტეტში ადამიანმა უჩივლა ავსტრიაში ერთ-ერთ ქალაქის ადმინისტრაციას მხოლოდ იმის გამო, რომ ათი გაჩერებიდან რვამდე მიდიოდა ადაპტირებული ავტობუსი და ორ გაჩერებაზე არ მიდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი პრობლემა არ ექმნებოდა ამის გამო, კომიტეტმა მაინც დაავალდებულა პროვაიდერი კომპანია, ის ორი გაჩერებაც ადაპტირებული ყოფილიყო. ამ ადამიანს აქვს უფლება მოითხოვოს ტრანსპორტი“, – ამბობს დეა.

მისი თქმით, იქმნება იმის პრეცედენტიც, რომ შშმ პირს მუნიციპალიტეტმა გადასცეს ალტერნატიული საცხოვრებელი და ამით გააუმჯობესოს მისი ცხოვრება. „ეტლით მოსარგებლე გოგოზე ვითხოვთ საცხოვრისით დააკმაყოფილონ, ის ძალიან მაღალ სოფელში ცხოვრობს, სადაც ფიზიკურად არ არის გზა. დადებითი პასუხი გვაქვს და დღე-დღეზე ველოდებით, რომ ბინას მისცემენ. თამილას შემთხვევაშიც შესაძლებელია რაიმე ალტერნატივის შეთავაზება“, – ამბობს დეა.

ასისტენტის პროგრამაც დაეხმარება გადაადგილებაში, თუმცა ეს პროგრამა 2025 წლიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მერიას, როგორც აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, წელს განიხილავენ ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხებს, სამომავლოდ რომ შეიძინონ მუნიციპალური ტრანსპორტი იმ სოფლებისთვის, სადაც მოთხოვნა არსებობს.

„ჯერ მხოლოდ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, დავდებთ კონკრეტულ მიმართულებებს და ამის შემდეგ გადავჭრით ტრანსპორტის პრობლემას.

რაც შეეხება ჭარნალს, წელს ჭარნალში ექვსი გზა გავაკეთეთ, თუმცა გარკვეული უბნები რჩება. ეტაპობრივად საგინაძის უბანიც გაკეთდება“, – ამბობს მერის მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე.

_______________________

ამ თემაზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: