განათლება,მთავარი,სიახლეები

№2 სკოლის რემონტის გამო ონლაინსწავლებაზე გადასვლას მშობლების ჯგუფი აპროტესტებს

25.03.2022 • 4887
№2 სკოლის რემონტის გამო ონლაინსწავლებაზე გადასვლას მშობლების ჯგუფი აპროტესტებს

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის რემონტის გამო მოსწავლეები ონლაინსწავლებაზე გადადიან. სკოლის გადაწყვეტილებას ზოგიერთი მშობელი აპროტესტებს, მათ მიაჩნიათ, რომ პანდემიის პერიოდში ბავშვები ისედაც დაზარალდნენ და ვერ მიიღეს ხარისხიანი განათლება.

„ახლა კი ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, თითქოსდა ბავშვების ინტერესების გამო ვაკეთებთ რემონტს, მეორე მხრივ კი, ვაზარალებთ მათ ყველაზე საუკეთესო ინტერესებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება,“ – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თამარ მამეიშვილი „ბათუმელებთან“.

„ჩემს შვილს პირველ კლასშიც ონლაინ მოუწია სწავლა, შემდეგ წელს კი პანდემიის გამო ასევე ხან ონლაინ სწავლობდნენ, ხან – სასკოლო სივრცეში.

ჩვენი შვილები ძალიან დაზარალდნენ პანდემიის დროს და უჭირდათ ადაპტირება. რა თქმა უნდა, სკოლის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვების განათლების უფლება და მათი სასკოლო სივრცეში ყოფნის უფლება. რემონტის მიზეზით ბავშვები ორი თვით ისევ სახლებში უნდა გამოვკეტოთ,“ – ამბობს თამარ მამეიშვილი.

მისი თქმით, 15 მშობელი დღეს, 25 მარტს, აპირებს განცხადებით მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და განათლების სამინისტროსაც.

„ონლაინსწავლება ვერ იქნება სრულყოფილი ალტერნატივა ამ ბავშვებისთვის და ამაში დაგვარწმუნა ბოლო ორმა წელმა.

ალტერნატივა შეიძლება იყოს მცირეკონტინგენტიანი სკოლის შემოთავაზება, თუნდაც სივრცის დაქირავება. არ გვინდა, ჩვენს შვილებს შეეზღუდოთ სრულყოფილად სწავლის შესაძლებლობა სასკოლო სივრცეში.

ბოლო პერიოდში ბავშვები თითქოს იმუშავებენ მათთვის მნიშვნელოვან თვისებებს და უცებ, კიდევ ვუცვლით მათ გარემოს,“ – ამბობს ის.

თამარ მამეიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დირექციას მშობლებისთვის არ უცნობებია და ამის შესახებ მათ შემთხვევით გაიგეს შვილებისგან.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მშობლებიც ყოფილიყვნენ ჩართული, მოესმინათ ჩვენი მოსაზრებებიც, გვემსჯელა და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება,“- გვითხრა თამარ მამეიშვილმა.

მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ესკიზი

„ბათუმელები“ მეორე საჯარო სკოლის დირექტორს მარიზა აბაშიძეს ესაუბრა. დირექტორის თქმით, სკოლის ადმინისტრაციას ონლაინსწავლების გარდა ამ ეტაპზე ბავშვებისთვის სხვა ალტერნატივის შეთავაზება არ შეუძლია.

„ონლაინრეჟიმით ვისარგებლებთ სასწავლო წლის ბოლომდე, გამოცდილება და რესურსი გვაქვს, “- ამბობს დირექტორი.

კითხვაზე, იცნობს თუ არა მშობლების პოზიციას ამ საკითხზე და ჰქონდა თუ არა სხვა ალტერნატივებზე საუბარი მათთან, დირექტორი ამბობს, რომ მისთვის არც ერთ მშობელს პრეტენზიით არ მიუმართავს.

„მე მშობლებისგან არც ერთი პრეტენზია  არ მომსვლია. ინფიცირების გამო კლასების უმრავლესობას მაინც ონლაინსწავლა უწევდა. ახლა ძალიან დიდი საქმე კეთდება, სკოლას კაპიტალური რემონტი 2005 წლის შემდეგ არ ჩატარებია და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია.

ორ თვეზეა საუბარი. ხელშეკრულების მიხედვით, სკოლის რემონტი 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. ახალი სასწავლო წელი გარემონტებულ შენობაში უნდა დავიწყოთ,“ – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, მშობლებს მოთმინება მართებთ.

„სხვა გამოსავალი არ არის. რა ვქნათ, რემონტს ხომ ვერ გადავდებთ. ჩვენს სკოლაში 2030 ბავშვია, სად წავიყვანოთ ამდენი ბავშვი“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

დირექტორს ვკითხეთ, რადგან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უფრო მეტად სჭირდებათ გარკვეული უნარების განვითარება და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო სივრცეში ყოფნა, ხომ არ უფიქრიათ, ამ საფეხურის ბავშვები მაინც რომ გაეყვანათ ალტერნატიულ სივრცეში?

მარიზა აბაშიძემ გვითხრა, რომ ვერც ეს გამოვა, რადგან ქალაქში ყველა სკოლა გადატვირთულია.  „სად წავიდეთ, სად ვნახოთ ადგილი?!“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: