მთავარი,სიახლეები

სარდინიაზე პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს 11 ვილა დაუყადაღეს – იტალიური მედია

01.09.2022 • 1230
სარდინიაზე პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს 11 ვილა დაუყადაღეს – იტალიური მედია

იტალიის ხელისუფლებამ ადმინისტრაციული წესით დააყადაღა სარდინიაზე მდებარე 11 ვილა, რომლებიც რუს ოლიგარქს ვიაჩესლავ მოშე კანტორს ეკუთვნის.

როგორც Европейская правда წერს, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა L’Unione Sarda იუწყება.

68 წლის კანტორი აპრილში ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქცირებულ ბიზნესმენთა სიაში მოხვდა. ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.

მოშე კანტორი მსოფლიოს უმსხვილესი მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიის – „აკრონის“ ძირითადი მფლობელი იყო, თუმცა სანქციების შემდეგ თავისი წილი მან მართვაში მენეჯმენტს გადასცა.

კანტორის ქონება Forbes-ის მიერ $13 მილიარდადაა შეფასებული.

სწორედ სანქციების გამო გადაწყვიტა იტალიის ხელისუფლებამ 11 ვილის დაყადაღება პორტო-როტონდოში. ვილების ნაწილი პირდაპირ კანტორზე, ნაწილი კი მასთან დაკავშირებულ პირებზეა რეგისტრირებული.

დაყადაღებულ ქონებას შორისაა ვილები, რომლებიც რუსმა ბიზნესმენმა იტალიის ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის დედისა და ძმისგან შეიძინა.

იტალიური გამოცემა წერს, რომ როდესაც სამართალდამცველები რეზიდენციებში მივიდნენ, ერთ-ერთში მათი ყურადღება იქ მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა მიიქციეს. როგორც გაირკვა, მათ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დატოვეს უკრაინა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ კანტორის მეუღლე უკრაინული წარმოშობისაა.

2013 წელს ვიაჩესლავ მოშე კანტორი იტალიის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯო ნაპოლიტანომ, დიდი ჯვრის კავალერის ორდენით დააჯილდოვა „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“.

მთავარ ფოტოზე: ვიაჩესლავ მოშე კანტორი ვლადიმერ პუტინთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: