მთავარი,სიახლეები

ბრიტანელი მოხალისე ხარკოვში სხვისი გადარჩენის დროს დაიღუპა – მედია

01.09.2022 • 923
ბრიტანელი მოხალისე ხარკოვში სხვისი გადარჩენის დროს დაიღუპა – მედია

ბრიტანული მედია წერს, რომ ხარკოვში დაიღუპა 48 წლის ბრიტანელი, რომელიც მოხალისედ იყო წასული უკრაინაში, როგორც მედიკოსი.

კრეიგ მაკინტოში 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოკლეს. იგი სასიკვდილოდ დაიჭრა ყელში, როცა რუსული ტანკებიდან მათი ავტომანქანის დაბომბვის შემდეგ დაჭრილი თანამშრომლისთვის ცდილობდა პირველადი დახმარების გაწევას.

კრეიგ მაკინტოშის შესახებ „ბიბისი“ წერს ბრიტანულ Times-ზე დაყრდნობით.

დაღუპულის და, ლორნა მაკინტოში ამბობს, რომ მისი ძმა დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის დროს, როგორც ნამდვილი გმირი.

კრეიგ მაკინტოში მებაღედ მუშაობდა ტეტფორდში. მედიის ცნობით, მას 4 შვილი დარჩა, ორი საკუთარი და ორიც – ნაშვილები.

ბრიტანული მედია წერს, რომ 16-დან 23 წლამდე იგი სამხედრო მოსამსახურე იყო, თუმცა კარიერისთვის თავის დანებება მოუხდა ჯანმრთელობის გამო.

იგი უკრაინაში 24 მარტს გაემგზავრა, აპრილში ცოტა ხნით დაბრუნდა სახლში და მალე ისევ კიევში წავიდა.

„შეიარაღებულ ძალებში სამსახური მისი ოცნება იყო. როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მიხვდა, რომ უნდოდა ხალხის დასახმარებლად წასულიყო,“ – ამბობს მისი და.

ლორნა მაკინტოშმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას დახმარება სთხოვა ძმის გადასასვენებლად საჭირო თანხის – 4 000 ფუნტის შესაგროვებლად. დღეის მდგომარეობით შეგროვდა 11 000-ზე მეტი ფუნტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: