მთავარი,სიახლეები

უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვია – კონტრშეტევა და რეაქციები

29.08.2022 • 4235
უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვია – კონტრშეტევა და რეაქციები

29 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის არმიამ უკან დაახევინა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის 109-ე პოლკს და რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც საბრძოლო პოზიციები მიატოვეს.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერი, ნატალია გუმენიუკი სამხრეთში საბრძოლო მოქმედებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ კონტრეშეტევისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყო – უკრაინის არმია რუსების სატრანსპორტო არტერიებსა და ლოგისტიკურ კვანძებს ურტყამს და საბრძოლო მასალების საწყობებს ანადგურებს.

„სამხრეთში“ აცხადებენ, რომ სამხრეთში ვითარება მარტივი არაა, თუმცა მას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მოუწოდეს მოსახლეობას, უსაფრთხო ადგილებს მიაშურონ და წყალი, წამლები და საკვები მოიმარაგონ.

უკრაინული მედიის ცნობით, „კონტრშეტევის შესახებ სიახლემ ოკუპანტებში პანიკა გამოიწვია, დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ ლიმანში, რუსებმა გასამგზავრებლად მზადება დაიწყეს“.

უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება უკრაინის სამხრეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე არ გაუკეთებია. პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოუწოდა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, „არ ისპეკულირონ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ან უკრაინის თავდაცვის ოფიციალური პირების განცხადებებამდე“.

„ასევე, ვთხოვ ჟურნალისტებს, დღესაც და მომავალ დღეებშიც, განსაკუთრებული სიფრთხილით გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები და სპიკერების ექსპერტიზა,“ – დაწერა პოდოლიაკმა.

„ხერსონი უკრაინაა. წინ ჩვენი ხერსონია“, – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ტელეგრამზე ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი.

მან უკრაინელი სამხედროს ფოტოც გამოაქვეყნა მინაწერით: „თქვენ არასოდეს გატყდებით. უკრაინას სჭირდება გამარჯვება და ის იქნება“.

პარალელურად, რუსების თავდასხმის შესახებ ნიკოლაევში იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება.

„ინტენსიურად ესვრიან ქალაქის ცენტრს. არ გამოვდივართ თავშესაფრებიდან, თუმცა სულს მაინც უხარია :) გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების,“ – წერს ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი.

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში რუსების ბაზა გაანადგურეს და დაარტყეს ბერისლავსკის მანქანათმშნებელ ქარხანას, რომელშიც რუსეთის არმიას ტექნიკა და საბრძოლო მასალები ჰქონდა და ცოცხალი ძალა ჰყავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების ხმა ისმოდა ანტონოვსკის ხიდზე. ანტონოვსკისა და ნოვა კახოვკის ხიდები უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად დაზიანებულია და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის გამოიყენება.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები/ფოტო: სარდლობა “სამხრეთი”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: