ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი პირველ ოქტომბერს განახლდება. სკოლის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და როგორც სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, სამუშაოები ოქტომბრამდე დასრულდება.
„სწავლას პირველ ოქტომბერს ვიწყებთ. მე გავავრცელე ეს ინფორმაცია როგორც დახურულ ჯგუფებში, ასევე პედაგოგებში, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთ მშობლამდე ინფორმაცია არ მივიდა. სწავლა დისტანციურად არ იქნება“, – ამბობს დირექტორი.
მეორე საჯარო სკოლამ საკლასო ოთახში სწავლების პროცესი მარტის ბოლოს შეაჩერა და ბავშვებს დისტანციური ფორმატი შესთავაზა, რასაც მშობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, როგორც მაშინ დირექტორმა განაცხადა, მშობლების უკმაყოფილების გამო სკოლის სარემონტო სამუშაოებს ვერ გადადებდა.
მარიზა აბაშიძის თქმით, სკოლაში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სკოლა სრულად უნდა აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგებით, ასევე შენობა უნდა გახდეს ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
დირექტორის თქმით, წელს მეორე საჯარო სკოლაში 203 პირველკლასელი ისწავლის.