მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია კორპუსების ფასადებს შეცვლის – კონკურსი დიზაინის შესარჩევად

19.11.2018
ბათუმის მერია კორპუსების ფასადებს შეცვლის – კონკურსი დიზაინის შესარჩევად

ბათუმის მერია რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის  შესაცვლელად ესკიზებისთვის 14 300 ლარს დახარჯავს. საცხოვრებელი ბინების ექსტერიერის  საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად კონკურსი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

შეიცვლება ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ მდგარი 12-სართულიანი კორპუსების ფასადები – [ახმეტელის N1-ში, N3-ში, N5-ში, N7-სა და N9-ში და რუსთაველის N10-ში]. ასევე  ე.წ. კგბ-ს ბინების ფასადები [რუსთაველის ქ. N57-ში, N59-სა და N61-ში] და  ვაჟა ფშაველას N5.  ბენზეში, თამარის დასახლებაში, ზღვის პირას მდგარი  12-სართულიანი საცხოვრებელი სახლების ექსტერიერი [თამარ მეფის გამზირი N5-ში, N7-სა და N9-ში].

ჯამში კორპუსების ექსტერიერის ესკიზებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ბათუმის მერიას 14 300 ლარი აქვს გათვალისწინებული.

საკონკურსო პირობების მიხედვით:

ესკიზური პროექტი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი და კრეატიული დიზაინის კონცეფციით. ესკიზურ პროექტში გათვალისწინებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი, მსუბუქი, ბიომდგრადი, სასურველია ჰქონდეს კედლის თბოსაიზოლაციო, ნესტგამძლე, ხმაურსაწინააღმდეგო თვისებები; უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მდგრადი ტემპერატურის ხშირი და სწრაფი ცვლილების მიმართ, მონტაჟის შესაძლებლობა ნებისმიერ ამინდში, მასალა 100%-ით არ უნდა იწვოდეს. ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას პანორამული და ვიტრაჟული შემინვა მაღალხარისხიანი პროფილური სისტემებით.

საკონკურსო წინადადებების მიღება 23 ნოემბერს დაიწყება და 28 ნოემბერს დასრულდება. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში. კონკურსში გამარჯვებული ნამუშევარი გადადის შემსყიდველის საკუთრებაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

ესკიზის შერჩევის შემდეგ, ტენდერი გამოცხადდება ფასადების რეაბილიტაციაზე, რისთვისაც თანხას მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.

გარდა ამ კორპუსებისა, უკვე გამოცხადებულია ტენდერი რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და სახურავის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 531 346 ლარი გამოიყო.

ეს ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ელექტრონულ სისტემაში მონაწილეები ღიად არ ჩანს. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყველაზე დაბალ ფასს – 466 446 ლარს, კეთილმოწყობის სამმართველოს შპს „ლადა“ სთავაზობს.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე 12-სართულიანი კორპუსები / მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: