ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინას გაარემონტებენ

10.05.2022
ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინას გაარემონტებენ

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინის რეაბილიტაცია და გენერატორის შესყიდვა აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება.

ხულოს მუნიციპალიტეტმა მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების სატენდერო ღირებულება 115 ათას 888 ლარია.

საბაგირო გზის ვაგონი ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას. ის იმდენადაა დაზიანებული, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია, როგორც ვიზუალური – ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე ფიზიკური მდგომარეობით არ არის მიზანშეწონილი, რადგან არ არის უზრუნველყოფილი მგზავრთა უსაფრთხოება – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები:

  • „ვაგონის დემონტაჟი და რეაბილიტაციის შემდგომი მონტაჟი.
  • ვაგონის მზიდი კონსტრუქციის შემოწმება კოროზიაზე და დაზიანებული ელემენტების შეცვლა.
  • ვაგონის კარების და საკეტების აღდგენა-შეცვლა.
  • დაზიანებული სარკმლების აღდგენა-შეცვლა.
  • კორპუსის გარე და შიდა დაზიანებების აღმოფხვრა.
  • ვაგონის იატაკის შეცვლა.
  • ვაგონის შიდა კედლების თანამედროვე მასალით მოპირკეთება.
  • ვაგონის შიდა და გარე განათების, გაყვანილობის შეცვლა.
  • დასამონტაჟებელია 120 ვტ სიმძლავრის აკუმულატორი.
  • ვაგონის საკიდს და ურიკას ჩაუტარდეს რევიზია, გასუფთავდეს კოროზირებული უბნები.
  • ჩატარდეს გარე და შიდა სამღებრო სამუშაოები.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 31 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 დღეში უნდა დასრულდეს.

„70 დღე არის  გაწერილი, მაგრამ ამ დროში გამარჯვებულმა უნდა შეიძინოს გენერატორი და ეს დრო ასევე გამოიყენოს მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. ამ პერიოდში საბაგირო ჩვეულებრივად იმუშავებს. რაც შეეხება უშუალოდ კაბინის ჩამოხსნას და რემონტს, ამას ალბათ 10 დღე დასჭირდება. ამ პერიოდში, ბუნებრივია, არ იმუშავებს საბაგირო, თუმცა ეს პერიოდიც დაზუსტდება.

ამ ტენდერით შევიძენთ ისეთ გენერატორს, რომელიც მოგვცემს საშუალებას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში უზრუნველვყოთ მგზავრების გადაყვანა. კაბინაში კი, ისეთი მინა დამონტაჟდება, რომ მაგალითად, ტურისტები ისე შეძლებენ კაბინიდან ფოტოების გადაღებას, რომ ხარისხზე უარყოფითად არ აისახება“, – გვითხრეს ხულოს მერიაში.

სარეაბილიტაციო პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, „ბაგირგზა ექსპლუატაციაში შევიდა 1985 წელს. იგი წარმოადგენს ქანქარისებრი ტიპის ერთხაზიან, ორბაგირიან, უსაყრდენო გზას მზიდი ბაგირის ყრუდ ჩამაგრებით.“

გასულ წელს ხულო-თაგოს საბაგირო გზის პირველ სადგურს [დაბა ხულოში] ჩაუტარეს რეაბილიტაცია.

ხულო-თაგოს საბაგირო სადგური

ხულო-თაგოს საბაგიროს სადგური და ბაქანი დღეს / ხულო / 10.05.2022

მთავარი ფოტო: ხულო-თაგოს საბაგირო / თამარ ნერგაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: