ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა 5 ლარი გახდა, გაძვირება არ ეხება თაგოელებს 

01.09.2022 • 2607
ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა 5 ლარი გახდა, გაძვირება არ ეხება თაგოელებს 

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობის საფასური ოფიციალურად გაიზარდა და ერთი მგზავრისთვის 5 ლარია. გაიზარდა ტვირთის გადატანის ტარიფიც: 30 კილოგრამზე ზევით, ყოველ 50 კილოგრამზე – 5 ლარი.

შესაბამისი დადგენილება, ტარიფების გაზრდაზე, ხულოს საკრებულომ უკვე დაამტკიცა. თუმცა, ახალი დადგენილებით, სოფელ თაგოში მცხოვრებლები, ასევე ისინი, ვინც სოფელში არიან დასაქმებულები, მგზავრობის საფასურს საერთოდ აღარ გადაიხდიან.

ამ დრომდე საბაგიროთი მგზავრობა, ასევე ტვირთის გადატანაც, ოფიციალურად 20 თეთრი ღირდა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, საბაგიროთი მგზავრობისას მათ 5 ლარი აქამდეც გადაახდევინეს.

გაცილებით ადრე კი, ასეთი მექანიზმიც მოქმედებდა: თუ ვთქვათ, მარტო მოინდომებდით საბაგიროთი მგზავრობას, 5 ლარს გახდევინებდნენ; თუმცა, მოქალაქეს შეეძლო მგზავრების შეგროვებას დალოდებოდა და სტანდარტულად, 20 თეთრადაც ემგზავრა.

ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, გვითხრეს, რომ უნდა მოეწყოს ბილეთების გასაყიდი ადგილი საბაგიროს სადგურის შენობაში და „როცა ყველაფერი იქნება მზად, ახალი ტარიფებიც ამოქმედდება“.

რატომ ახდევინებდნენ და რის საფუძველზე ამ დრომდე 5 ლარს მგზავრებს? – ამ კითხვაზე ორგანიზაციაში არ გვიპასუხეს და ხულოს მერიაში გადაგვამისამართეს.

ხულოს მერის პირველმა მოადგილემ, ნადიმ ვასაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მგზავრობის საფასური დღემდე 20 თეთრი იყო „თუმცა, ვინმეს ცალკე, ან ვთქვათ, ოჯახთან ერთად, სურდა გადასვლა მათ ახდევინებდნენ შესაძლოა 5 ლარს, ასეთი სერვისი შეიძლება საბაგიროს ჰქონოდა“.

ნადიმ ვასაძის თქმით, „მგზავრობის ტარიფი – 5 ლარი, ამ ეტაპზე დაწესდა, როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, გარდა თაგოს მაცხოვრებლებისა, რომლებიც მგზავრობის გადასახადისგან მთლიანად გავათავისუფლეთ. დავაკვირდებით როგორ იმუშავებს ახალი ტარიფი, რა შემოსავლები იქნება და გამორიცხული არაა ტარიფებს გადავხედოთ“.

რაც შეეხება ტვირთის გადატანას, მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ „აქ საუბარია ბარგზე, ასე ვთქვათ, თანმხლებ ტვირთზე და არა მაგალითად სამშენებლო მასალებზე. ეს სამგზავრო გზაა და არა სატვირთო. თაგოს მცხოვრებლები ბარგის გადასახადსაც აღარ გადაიხდიან.“

შესაბამისი დადგენილება ტარიფების გაზრდაზე ხულოს საკრებულომ 2022 წლის 30 აგვისტოს დაამტკიცა და ის 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. ამ დადგენილებით, „ხულო-თაგოს ბაგირგზას“ მიენიჭა უფლება, რომ „მგზავრებს დაწესებული ტარიფის გადახდა დააკისროს“.

„ხულო-თაგოს ბაგირგზის“ თანამშრომლები, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს მცხოვრებლები და სოფლად დასაქმებულები გათავისუფლდნენ აღნიშნული ტარიფის გადახდისაგან“ – აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში.

ბოლო დროს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინასაც და საბაგირომ მუშაობა აგვისტოს დასაწყისში განაახლა. ამ თემაზე: ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინას გაარემონტებენ

ხულო-თაგოს საბაგიროს რეაბილიტირებული კაბინა / ფოტო: ხულოს მერია

2021 წელს კი, ხულო-თაგოს საბაგირო გზის პირველ სადგურს [დაბა ხულოში] ჩაუტარეს რეაბილიტაცია. ამ თემაზე: ხულო-თაგოს საბაგიროს სადგურის რეაბილიტაციაში 113 000 ლარი დაიხარჯება

ხულოს მერიის ინფორმაციით:

  • ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა.
  • საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.
  • საბაგირო პირველად 1985 წელს გაიხსნა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: