მთავარი,სიახლეები

ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სახლს ანგრევენ, ძეგლის დაცვის ზონაში

02.09.2022 • 2722
ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სახლს ანგრევენ, ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #14-ში, მშენებელი კომპანია საცხოვრებელ სახლს ანგრევს. ნგრევა დღეს, 2 სექტემბერს, ამ წუთებში [14:00], მიმდინარეობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროექტი, რაზეც მერიას ამ მისამართზე ნებართვა აქვს გაცემული, ითვალისწინებდა რეკონსტრუქციას, რაც არსებულ შენობაზე დაშენებას გულისხმობდა. არის თუ არა ეს ასე – მერიაში აზუსტებენ და ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

„ბათუმელების“ ხელთარსებული დოკუმენტების მიხედვით, ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, #14-ში, სავარაუდოდ, ახალი, რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ, როგორც უკვე ირკვევა, არსებულის დემონტაჟის ხარჯზე.

ნგრევა ვაჟა-ფშაველას #14-ში ფოტო: მარიამ მუთიძე

ამ სახლის გვერდით, #14ა-ში, კიდევ ერთი ბათუმური ბელეტაჟია, რომელსაც თავდაპირველი იერსახე აქვს. მის მესაკუთრეებს სახლის შენარჩუნება სურთ, თუმცა მათი საცხოვრებლის გვერდით დაგეგმილი, ახალი, 8-სართულიანი სახლის აშენების შემდეგ ისინი ბევრად განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდებიან: მათი სახლის მეორე მხარეს – #16-ში უკვე აშენდა იმავე მასშტაბის კორპუსი და ბელეტაჟი მაღალსართულიან სახლებში მოექცევა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა [287.57 კვ.მ.] უკვე შპს „ჯი ემ ბილდს“ შეუძენია. კომპანიას მამუკა კუნჭულია და გიორგი ოვჩარენკო ფლობენ.

განახლებული ინფორმაცია:  მერიის განმარტებით „პროექტში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც გათვალისწინებულია შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა იმავე გაბარიტებით, რაც შეთანხმებული იყო ძველი პროექტით. ასევე მოხდა სახანძრო ნორმების გათვალისწინება და ფასადის ცვლილება [გაუმჯობესება]. შენობის გაბარიტები არ შეცვლილა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: