მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ უნდა იცხოვრო გულის ოპერაციის შემდეგ – ავსტრიელი კარდიოქირურგის რჩევები

01.09.2022 • 2731
როგორ უნდა იცხოვრო გულის ოპერაციის შემდეგ – ავსტრიელი კარდიოქირურგის რჩევები

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის ანუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წამყვანია [37%].

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 35 000 ოპერაცია ჩატარდა გულზე. სტატისტიკა ასე გამოიყურება: გული და გულმკერდის მთავარი სისხლძარღვები – 19073; სამკარიანი სარქველი – 81; კორონარული არტერიების შუნტირება – 3 572; სტენტირება – 11 959.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგი, ავსტრიელი პროფესორი ოტო ტაპუნტი ამბობს, რომ კარდიოქირურგია ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა დარგია, თუმცა ამის მიუხედავად, დღეს კარდიოქირურგიული ოპერაციები შესაძლებელია ჩატარდეს ძალიან კარგი შედეგებით, შედარებით დაბალი რისკით, მათ შორის თანმხლები დაავადებების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

„მოსახლეობაში გავრცელებული შიში გულის ოპერაციასთან დაკავშირებით, ვერ პოულობს დასაყრდენს სამეცნიერო მონაცემებში. ეს უფრო ემოციური კომპონენტია, რომელიც აფიქრებინებს ადამიანებს, რომ გულის ოპერაციის საჭიროება კატასტროფის ტოლფასია. ოპერაციების შემდეგ, საგრძნობლად უმჯობესდება პროგნოზი, ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობა“ – ამბობს კარდიოქირურგი. 

ბათუმში მყოფ ოტო ტაპუნტისთან ინტერვიუ „ბათუმელებმა“ წერილობით ჩაწერა.

  • მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ.

მე კარდიო და ზოგადი ქირურგი ვარ, ქირურგიულ სფეროში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილებით. დიდი ხანია, რაც ჩემი პროფესიული საქმიანობა ფოკუსირებულია გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაზე, რომელიც მოიცავს კორონარული არტერიებისა და სარქვლების ქირურგიას. განსაკუთრებული ინტერესი მაქვს მინიინვაზიურ და აორტის ქირურგიაში, გულის დამხმარე მოწყობილობებსა და გულის გადანერგვაში.

ამ სფეროში ჩემი ქირურგიული დახელოვნება მიმდინარეობდა სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტში – ავსტრიაში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. მათ შორის ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტსა და მაუნთ-საინას სამედიცინო ცენტრში.

2010 წლიდან ჩვენ დავიწყეთ გაცვლითი პროგრამა თსსუ-სა და ჩემს ყოფილ სამუშაო კლინიკებს შორის, რა დროსაც დავატრენინგეთ 100-ზე მეტი ქართველი სტუდენტი და რეზიდენტი.

საქართველოსთან ამ დიდხნიანი ურთიერთობის განმავლობაში, ჩემი სიყვარული ქვეყნისა და მისი ხალხის მიმართ გაიზარდა, რის გამოც დავთანხმდი შემოთავაზებაზე, მემუშავა საქართველოში. თავიდან დროებით, 2019 წლიდან – მუდმივად.

  • როგორ შეიცვალა კარდიოქირურგია ბოლო წლებში (მინიმალური ინვაზიური ტექნიკა) და რა შედეგი მოგვცა ინოვაციურმა მეთოდებმა?

კარდიოქირურგია ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა დარგია, თუმცა პირველი ქირურგიული ჩარევები სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში 50-იანი წლების ბოლოს ჩატარდა. 

დღეს კარდიოქირურგიული ჩარევების უმეტესობა კარგად სტანდარტიზებულია და პაციენტის პრეოპერაციული მდგომარეობის შესაბამისად, შესაძლებელია ჩატარდეს შედარებით დაბალი რისკით.

ბოლო 20-30 წლის განმავლობაში გამოიგონეს და დანერგეს ძალიან ბევრი ახალი პროცედურა და ოპერაცია, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ტრავმის შემცირებისკენ. ეს კიდევ უფრო ამცირებს რისკებს პაციენტის დისკომფორტსა და რეაბილიტაციის დროს.

დღეისათვის, კარდიოქირურგიული ჩარევების დიდი ნაწილი შეიძლება ჩატარდეს მკერდის ძვლის გახერხვის გარეშე, მიდგომა შესაძლებელია პატარა განაკვეთით, ნეკნებს შორისი სივრციდან. 

დღეს ჩვენ სწორედ ასეთ ოპერაციებს ვთავაზობთ პაციენტებს.

  • მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უტარდება კორონაროგრაფია. რატომ და რა შემთხვევაში ტარდება აღნიშნული პროცედურა? 

კარდიოქირურგიული ოპერაციების უმეტესობის დროს კორონაროგრაფიის ჩატარება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს არ აქვს კორონარული არტერიების დაავადების სიმპტომატიკა. ქირურგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია კორონარული არტერიების ტოპოგრაფის შესახებ და არის თუ არა კორონარული არტერიის დაზიანება, რომელმაც შესაძლებელია აუცილებელი გახადოს სარქვლოვან ან/და სხვა ჩარევასთან ერთად აორტო-კორონარული შუნტირების ჩატარებაც.

  • როდის ტარდება კორონარული შუნტირება, როდის სტენტირება – რა განსხვავებაა მათ შორის?

ბოლო გაიდლაინების მიხედვით, არტო-კორონარული შუნტირება უნდა გაუკეთდეთ იმ პაციენტებს, რომელთა სამივე მთავარი კორონარული არტერია მძიმედ არის შევიწროებული, ან მნიშვნელოვანი შევიწროება აღინიშნება მარცხენა კორონარული არტერიის ღეროზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დაზიანებები ძალიან კომპლექსურია.

ეს ყველაფერი ფასდება სპეციალური სისტემით, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. ასეთ შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევას აქვს უკეთესი, ხანმოკლე და ხანგრძლივი შედეგები და, ასევე, განმეორებითი ჩარევის უფრო ნაკლები რისკი.

შედარებით ნაკლებად კომპლექსური დაზიანებების შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთი ან ორი სისხლძარღვია შევიწროებული, სტენტირება უნდა იყოს არჩევის მეთოდი. ეს ასევე ეხება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მდგომარეობას, რადგან სტენოზირებული [შევიწროებული] ან დახშობილი კორონარული არტერიები სტენტირებისას შეიძლება გაიხსნას ბევრად უფრო სწრაფად, დრო კი ძალიან მნიშვნელოვანია მიოკარდიუმის ინფარქტის ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად. 

მწვავე ინფარქტის დროს, რადიკალური ქირურგიული ჩარევა ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სტენტირება ტექნიკურად შეუძლებელია, ან იყო წარუმატებელი მცდელობა ან/და ტარდება მიოკარდიუმის ინფარქტის ისეთი გართულებების დროს, როგორიცაა პარკუჭთშორისი ძგიდის დეფექტი, პაპილარული კუნთის გაგლეჯა მიტრალური სარქვლის მძიმე უკმარისობით და პარკუჭის თავისუფალი კედლის რუპტურა. ასეთი ოპერაციები, როგორც წესი, ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს.

  • რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ოპერაციის შემდეგ? რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის შეცვლა?

კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდეგ ცხოვრების წესის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას დიდი გავლენა აქვს არამარტო სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, არამედ ცხოვრების ხარისხზე. 

მაგალითად, კორონარული ოპერაცია არ არის ჩარევა, რომელიც კურნავს დაავადების მიზეზს, არამედ კურნავს მხოლოდ კორონარული მალპერფუზიის [არასაკმარისი სისხლის მიწოდება] სიმპტომს.

პაციენტებს შეუძლიათ საკუთარი პროგნოზის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცხოვრების სტილის ოპტიმიზაციით.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახით თამბაქოს მოხმარება უნდა გამოირიცხოს მკაცრად. უნდა იყოს დაცული ხმელთაშუა ზღვის ტიპის დიეტა [ეს დიეტა ძირითადად მოიცავს მცენარეულ საკვებს, კერძოდ, მთლიან მარცვლეულს, ბოსტნეულს, პარკოსნებს, ხილს, თხილს და თესლს, მწვანილებსა და სანელებლებს. დიეტის საფუძველია: ხილი, ბოსტნეული, ზეითუნის ზეთი, ზღვის პროდუქტები). 

ხაჭაპური ან მსგავსი კერძები ქართული სამზარეულოდან უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ მცირე პორციებით.

ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. თუმცა ღვინის მცირე მოცულობები (დღიურად მაქსიმუმ 250 მლ კაცებისთვის და 125 მლ ქალებისთვის) შესაძლებელია სარგებლის მომტანი იყოს კორონარული არტერიების დაავადების პროგრესის შენელებისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ, ქვევრში დაყენებულ ღვინოებს, რომლებიც უხვად შეიცავენ ტანინებსა და ფენოლებს.

პოსტოპერაციულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ნებისმიერი სახის ვარჯიში (სიარული, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა და ა.შ), რომლებიც შეიძლება შესრულდეს შედარებით დაბალი ინტენსივობითა და დატვირთვით, განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ სრულდება რეგულარულად, მინიმუმ 45 წუთის განმავლობაში დღეში და მინიმუმ 4-ჯერ კვირაში.

არ არსებობს წამალი ან სხვა თერაპია, რომელსაც შეუძლია ისეთივე შედეგების მოტანა ცხიმისა და შაქრის მეტაბოლიზმზე, არტერიულ წნევაზე და ა.შ., ვიდრე ზომიერი დატვირთვით შესრულებულ, რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშებს.

როგორც წესი, ამ აქტივობებს არ სჭირდება დიდი ფინანსური დანახარჯი და შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ ასაკში. 

  • ალკოჰოლის, თამბაქოსა და მარიხუანის მოხმარება რამდენად საზიანო შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის?

როგორც აღვნიშნეთ, ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღება – განსაკუთრებით ღვინის, შესაძლებელია სასარგებლო იყოს კორონარული დაავადების პრევენციისთვის. თუმცა ალკოჰოლის დიდი რაოდენობით რეგულარული მიღება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ვინაიდან ალკოჰოლს პირდაპირი უარყოფითი გავლენა აქვს გულის კუნთის უჯრედებზე. ასევე, მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიც არის ღვიძლის ციროზი, ოროფარინგეალური სიმსივნეები და ფსიქიკური დარღვევები.

ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი სახის მოწევა ან ნებისმიერი სახით თამბაქოს მოხმარება, სრულად უნდა იყოს შეწყვეტილი, მათ შორის, პასიური მწეველობა.

მარიხუანის მოხმარება არ არის რეკომენდებული განსაკუთრებით გულის დაავადების მქონდე პაციენტებისთვის. აშშ-ში ჩატარებულმა უახლესმა კვლევებმა აჩვენა მარიხუანის გულზე პირდაპირი ტოქსიკური ეფექტი, თუმცა ზუსტი მექანიზმი ჯერ უცნობია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: