მთავარი,სიახლეები

ხერსონის ოლქში დაბნეული კი არა, უკვე დაშტერებულები არიან რუსები – ვანო ნადირაძე

01.09.2022 • 9880
ხერსონის ოლქში დაბნეული კი არა, უკვე დაშტერებულები არიან რუსები – ვანო ნადირაძე

„როგორც ვარაუდობენ, ამ ორ დღეში 2 ათასი რუსი ტყვედ უნდა ჩავარდეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე. ის სწორედ უკრაინის სამხრეთის ფრონტზე იბრძვის. მიმდინარე კვირაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდათ ხერსონის მიმართულებაზე. ნადირაძის თქმით, ძირითადი აქცენტი რუსული ლოჯისტიკის განადგურებაზეა მიმართული. უკრაინელები მნიშვნელოვან წინსვლას ელიან მომდევნო დღეებშიც.

  • ბატონო ვანო, ითქვა, რომ ამ კვირაში ხერსონთან რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს უკრაინელებმა, რა არის იმ ამბებიდან რეალური, რასაც მედიიდან ვისმენთ და რა არა?

ტელევიზიებს მეც ვუსმენ ხოლმე და რაღაც ეტაპზე ეიფორია შექმნეს, თითქოს მთელი ხერსონი გათავისუფლდა რუსებისგან, მაგრამ ასე არ არის. რა თქმა უნდა, გვქონდა მნიშვნელოვანი წარმატება აღმოსავლეთ ხერსონის მიმართულებით და რამდენიმე სოფელი – ნოვა დმიტრიევკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო გაიწმინდა კიდეც რუსებისგან.

პირველი, რაც ამ კვირაში მოხდა, ეს იყო ლოჯისტიკის განადგურება რუსების ზურგში, რომ მომარაგება შეჩერებულიყო. განადგურდა ოთხი ხიდი, მათ შორის ანტონოვსკის და კახოვკისკენ მიმავალი ხიდი, რკინიგზის და საავტომობილო ხიდები.

ანტონოვსკის საავტომობილო ხიდზე ორი ფრთა იყო დარჩენილი და გუშინ ისინიც ჩამოიშალა. რუსები ცდილობდნენ სამხედრო ხიდების გაკეთებას, მაგრამ ვეღარ ახერხებენ.

პირველი ეტაპის მიზანი სწორედ ეს იყო – ლოჯისტიკის განადგურებით შეერბილებინათ რუსული ძალა.

  • რამდენკილომეტრიანი მონაკვეთის გარღვევა მოხერხდა ამ კვირაში ხერსონის მიმართულებაზე?

დაახლოებით, 10-კილომეტრიანი გარღვევაა. სუხოი სტავოკი, რომელიც გავათავისუფლეთ, ერთ-ერთი სტრატეგიული მონაკვეთი იყო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ნოვა კახოვკის მიმართულებას „ჰაიმარსების“ გარეშე, არტილერიით მივწვდომოდით. ამ მიმართულებაზე შეტევა ჯერ არ არის დასრულებული. კრასნოპოლიასთან ალყაში არიან რუსები და გასაქცევიც აღარ აქვთ. საიდანაც გარბიან, იქაც ძალიან ბევრ ტექნიკას ტოვებენ, ბევრიც ტყვედ აგვყავს.

მეორე ეტაპი არის ჩერნობაივკას გაწმენდა, რადგან ერთ-ერთი სტრატეგიული პუნქტია – ეს უნდა ავიღოთ, რომ ქალაქ ხერსონს მივწვდეთ. ასე, რომ მეორე ეტაპის პირველი ნაწილი ჯერ არ დასრულებულა.

  • ხერსონში როგორია რუსების შესაძლებლობები, ჩერნობაივკას აღებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება?

ხერსონის მიმართულებაზე რუსებს ჰყავთ დაახლოებით 24 ტაქტიკური ბატალიონი, აქვთ ტანკები და სხვა ბრონირებული ტექნიკა. სადღაც 16-20 ათასამდე კაცი გამოდის მთლიანობაში, ამიტომ ასე ადვილი არ არის მათი გაყრა.

სანამ ხერსონამდე მივალთ, პატარ-პატარა ალყები ექნებათ რუსებს. თუმცა გამწარებული და გაბრაზებული რუსები მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ და ეს ეტაპებია გასავლელი.

ხერსონი გათავისუფლდება, ეს კონტრშეტევა დაწყებულია, ძალიან ჭკვიანური ტაქტიკური შეტევა მიდის, არათუ მომარაგება, უკან დასახევიც კი არ აქვთ რუსებს ამ ნაწილში. ამ კვირაში ძალიან ბევრი რუსი ტყვე ეყოლება უკრაინულ მხარეს, 2 ათასი რუსი მაინც ჩავარდება ტყვედ, ამის მოლოდინი მაქვს.

  • ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ 24 აგვისტოს რუსეთმა ახალი დანაყოფების გამოყვანა დაიწყო, რამდენად ეფექტური იქნება მათი მოქმედება, როგორ ფიქრობთ?

მეც მოვისმინე, რომ სადღაც 150 ათასი კაცის მობილიზებას აკეთებს რუსეთი. თუმცა ესენი არ არიან პროფესიონალი სამხედროები, მოხალისეთა ბატალიონია და ვფიქრობ, არაეფექტური იქნება, რადგან მათ მინიმუმ 6-თვიანი მომზადება მაინც დასჭირდებათ. ესენი ქუჩაში აყვანილი ხალხია, ზოგი ციხიდან არის გამოშვებული, ამათ რეკრუტირებას მინიმუმ 20 ათასი ინსტრუქტორი სჭირდება.

ასე, რომ მე არ აღვიქვამ მათ საშიშ ძალად, ეს არის სახორცე მასალა, რადგან აქედან 80 პროცენტი დეზერტირია.

  • დანაკარგი როგორი აქვს ორივე მხარეს?

ერთი ათზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ფაქტობრივად მოუმზადებელი ჯარი ჰყავთ რუსებს. თვითონ ოფიცერთა კადრებიც კი მოუმზადებელია და ვერ უმკლავდებიან დასავლურ საარტილერიო დანადგარებს.

  • ამ კვირაში უცხოური მედია წერდა, რომ უკრაინელებმა ფანერის „ჰაიმარსები“ გამოიყენეს, რასაც რუსებმა ბევრი რაკეტა მიახარჯეს, მართლა ასე იყო?

კი, იყო ასეთი ფაქტი. კარგი თვითშემოქმედება აქვთ უკრაინელებს, ხის „ჰაიმარსები“ გააკეთეს და ძალიან ბევრი რაკეტა დაახარჯვინეს რუსებს. ამ დროისთვის არც ერთი „ჰაიმარსი“ არ არის განადგურებული რუსების მიერ და ყველა მოქმედებაშია.

  • ყველაზე სუსტი წერტილი სად აქვთ რუსებს ამ კვირაში?

სუხოი სტავოკთან გარღვევა როცა მოხდა, იქ ჰქონდათ სისუსტე, თავის დროზე, როცა ბახმუტის მიმართულებაზე გადაიყვანეს ძირითადი ძალები, თუმცა ერთი მტკაველითაც კი ვერ წავიდნენ წინ. ეს „ჰაიმარსების“ დამსახურებაა, რადგან ლოჯისტიკა იქაც განადგურებულია.

ამას ემატება ისიც, რომ სამხრეთ უკრაინაში – მელიტოპოლში, ბერდიანსკში პარტიზანები ძალიან კარგად მუშაობენ და ზუსტ კოორდინატებს აწვდიან უკრაინულ დაზვერვას.

იყო ინფორმაცია, რომ ყირიმში აგროვებენ ჯარსო, მაგრამ რით უნდა გადმოიყვანონ ჯარი? მდინარე დნეპრს ვეღარ გადალახავენ, სადმე თუ რამე გადამალული საწყობები ჰქონდათ, ყველაფერი განადგურებულია. მელიტოპოლთან ახლოს სოფელ ოსიპოვში ჰქონდათ იარაღის ბაზა და გუშინწინ ისიც განადგურდა თავის საწყობიანად.

  • ბოლო პერიოდში რუსები ძალიან ხშირად ცვლიან გენერლებს, თუ აისახება ეს ცვლილება ომის სტრატეგიაზე?

ხერსონის ოლქში დაბნეული კი არა, უკვე დაშტერებულები არიან რუსები. როგორი ცვლილებაც არ უნდა მოახდინოს პუტინმა, ერთი უვიცი, კომუნისტურად გაზრდილი გენერლის მეორე უვიცით შეცვლა, შედეგს ვერ გამოიღებს.

უკრაინულ არმიაშიც იყო იგივე მმართველობა ადრე, თუმცა ახლა მაღალი რანგის ოფიცრები გადამზადდნენ და ნატოს შეიარაღება და თანამედროვე ტექნოლოგიები შველით. თუმცა აქაც ბევრი რამეა შესაცვლელი, მოსასპობია ბიუროკრატია.

  • ყირიმის ხიდზე რას გვეტყვით, ვნახეთ როგორ დაიბომბა ბაზები იქაც. ხიდთან დაკავშირებით რაიმეს უნდა ველოდეთ ახლო მომავალში?

ამ დაბომბვამ ის შეცვალა, რომ ყირიმშიც დაიწყო რუსული მოსახლეობის დემორალიზაცია, რუსებმა თავიანთი თვალით ნახეს, რა ადვილად შეიძლება დაიბომბოს მათი სამხედრო ბაზები.

ყირიმის ხიდის განადგურებას რაც შეეხება, დღეს ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან რუსებს ჯერჯერობით ვუტოვებთ გასაქცევს. სჯობს, გაიქცნენ.

  • წინა კვირას ერთი ქართველი კიდევ დაიღუპა, როგორ არიან სხვა მებრძოლები? ითქვა, რომ დაიჭრა რამდენიმე.

დაჭრილები არ არიან, კანტუზირებული არიან. თუმცა მათი მდგომარეობა არ არის მძიმე.

  • წინა კვირას ვიდეოში ამბობდით, რომ საქართველოში უკრაინელი კაცები თუ ნახეთ, პანჩური ამოარტყით და გამოუშვითო, რატომ თქვით ეს?

მე სადაც ვმუშაობ, იქ რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. როგორც ვიცით, 24 თებერვლის შემდეგ ბრძანებით აკრძალული აქვთ 18-60 წლის კაცებს ქვეყნის დატოვება. მხოლოდ მეზღვაურებს მისცეს ახლახან ამის უფლება.

მესმის, რომ ყველას არ შეუძლია ომი, მაგრამ არ არის აუცილებელი ავტომატი ეჭიროს ყველას ხელში, შეუძლიათ ზურგში იყვნენ და ვიღაცას წყალი მაინც მიაწოდონ, რაც შეუძლიათ, ის გააკეთონ.  ჩემი აზრით, ვინც ქვეყნიდან გარბის, ყველა დეზერტირია. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია დაწყებული.

სხვათა შორის, ძალიან ბევრი უკრაინელი დაბრუნდა უკან, ვინც ომამდე იყო გასული ქვეყნიდან. ძალიან ბევრია ასეთი ახალგაზრდა. რამდენი ქართველი დაიღუპა ამ ომში, სხვა უცხოელებიც იბრძვიან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთ დროს, უკრაინელი კაცებიც აქ უნდა იყვნენ.

როგორც ვიცით, დღეს უნდა შექმნან რუსებმა 10-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზოლი, რომ იქ ექსპერტები შევიდნენ. ეს შეთანხმება მიღწეულია, რადგან სადგურის დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს და შეიარაღება, ტექნიკა უნდა გავიდეს ატომური ელექტროსადგურიდან, რომ ექსპერტებს მუშაობის საშუალება მიეცეთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: