მთავარი,სიახლეები

რუსეთს უკრაინაში ელიტური დანაყოფების 900-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა – BBC

01.09.2022 • 3957
რუსეთს უკრაინაში ელიტური დანაყოფების 900-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა – BBC

BBC-მ გამოარკვია, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის ელიტური დანაყოფების სულ მცირე 900 სამხედრო დაიღუპა – სპეცრაზმელები, საზღვაო ქვეითები და პარაშუტისტები, რომელთა მომზადებაზეც წლები და მილიონობით დოლარი დაიხარჯა.

დაღუპული სამხედროები  დანაყოფების მიხედვით:

  • საზღვაო ქვეითები – 337
  • რუსეთის გვარდიის სპეცდანაყოფები – 245
  • სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი – 151
  • საჰაერო-სადესანტო ძალები  – 144
  • სამხედრო მფრინავები – 67
  • ФСБ და ФСО (დაცვის სამსახური) – 20

ეს არის მონაცემები, რომელთა დადასტურებაც BBC-მ შეძლო. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის 151 დაღუპულიდან ყოველი მეოთხე ოფიცერი იყო (22%).

BBC დასძენს, რომ ეს რიცხვები რუსეთის რეალურ დანაკარგს არ ასახავს, თუმცა საშუალებას იძლევა დაახლოებით მაინც შეფასდეს, სპეცდანიშნულების დანაყოფების რა ნაწილი დაეღუპა რუსეთს უკრაინაში.

რუსეთის გვარდიის 245 დაღუპულიდან, უმრავლესობა სპეციალური დანიშნულების დანაყოფის წევრი იყო, მათგან ყოველ მეოთხეს ოფიცრის წოდება ჰქონდა.

BBC-მ ღია წყაროებით მოიპოვა ინფორმაცია სპეცსამსახურების, დაცვის თანამშრომლებისა და საჰაერო-სადესანტო ძალების შესახებაც. ყველაზე დიდი დანაკარგი გვარდიის 331-ე პოლკმა განიცადა – 80 ოფიცერი და პოლკის მეთაური. საჰაერო-სადესანტო ძალების ყველაზე ელიტური 45-ე გვარდიიდან კი  BBC-მ 14 სამხედრო დაღუპვის დადასტურება მოახერხა.

საზღვაო ქვეითებიდან ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს ოკუპირებულ ყირიმში ბაზირებულ 810-ე ბრიგადას. ცნობილია სულ მცირე 56 მოკლული სამხედრო შესახებ, მათ შორის ბრიგადის ორი მეთაურიცაა.

BBC ასევე იუწყება 67 სამხედრო მფრინავის დაღუპვაზეც და აღნიშნავს, რომ სამხედრო პილოტები ნებისმიერი არმიის ელიტაა, ხოლო ერთი მფრინავ-სნაიპერის მომზადებას 15-17 წელი სჭირდება.

როგორც BBC წერს, რუსეთის საერთო-საჯარისო დანაყოფები არ აღმოჩნდნენ მზად შეტევებისთვის. შესაბამისად, იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც ჩვეულებრივ ქვეითი ჯარის საქმეა, სპეცრაზმს, საზღვაო ქვეითებსა და მედესანტეებს დაევალათ.

ტრადიციულად, სწორედ ისინი მიიჩნევიან რუსული არმიის ელიტად. ექსპერტების აზრით, ამ დანაკარგის შევსება რუსეთს ძალიან გაუჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: