ბათუმი

ბელეტაჟის მფლობელები ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან

18.05.2015 • 2167
ბელეტაჟის მფლობელები ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან

 

საპატრულო პოლიცია მანელიშვილების სახლთან
საპატრულო პოლიცია მანელიშვილების სახლთან

ეთერ და ნათელა მანელიშვილები ვაჟა-ფშაველას ქუჩის #14 ა-ში ცხოვრობენ, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებულ ბათუმურ ბელეტაჟში. ბოლო ოთხი წელია საპატრულო პოლიციას აქ ხშირად იძახებენ. მას შემდეგ, რაც მათი სახლის გვერდით კორპუსის მშენებლობა დაიწყო, დები ამბობენ, რომ მათი პრობლემები არ სრულდება.

 

„როცა მოვიდნენ და მითხრეს, სახლს ვაშენებთო, ვუთხარი, დაიცავით კანონი და სასაზღვრო კედელი დატოვეთ-მეთქი. ადგილი, რაც ჰქონდათ სახლის ასაშენებლად, 17 მეტრი იყო დაახლოებით და პროექტი იყო 19 მეტრსა და 20 სანტიმეტრზე. ადგნენ და ჩემ ხარჯზე გააკეთეს პროექტი, მიიტაცეს ჩვენი მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში იმდენი მატერიალური, მორალური ზიანი მოგვაყენეს, თავს რომ ვეღარ ვიცავდით, საპატრულო პოლიციაში ვრეკავდით. აღარ მახსოვს უკვე ამ ხნის მანძილზე რამდენჯერ გამოვიძახეთ პატრული“, – ამბობს ეთერ მანელიშვილი.

 

სამშენებლო სამუშაოებს მანელიშვილების სახლის გვერდით კომპანია „დიეს ჯგუფი“ ასრულებს. მანელიშვილები ამბობენ, რომ გასულ კვირას კომპანიამ მშენებარე სახლის კედელზე, რომელიც მათ ეზოშია, ხარაჩოების მიმაგრება გადაწყვიტა, მათი თანხმობის გარეშე. 

 

„ხარაჩოები ააშენეს გამყოფ კედელზე. დაცვის პოლიცია მოგვიგზავნეს, ეზოს კარი გაგვიღეთო, იძახდნენ. მათი იურისტი ეუბნებოდა მუშებს, კარი გაგვიღეთ, მე ვარ „ატვიჩაიო“. როგორ შემოვლენ მუშები ჩემს ეზოში? გამოვიძახე პატრული და მათ შეაჩერეს. უთხრეს, ეს კერძო საკუთრებაა და სასამართლოს ნებართვის გარეშე კენჭის ჩაგდების უფლება არ გაქვთო“, – ყვება ნათელა მანელიშვილი.

 

ამირან ცეცხლაძე, კომპანია „დიეს ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, კომპანია იძულებული ხდება სასამართლოს მიმართოს: „ყველა გზა ვცადეთ, მოლაპარაკება, კომპენსაცია შევთავაზეთ, ვთხოვეთ, შევეშვით ეზოში რამდენიმე საათით, რომ განვათავსოთ ხარაჩო კედლის შესაღებად, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი არიან. წავალთ სასამართლოში, სხვა გზა ჩვენ არ გვექნება. ბინები გაყიდული გვაქვს, ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ სახლი ექსპლუატაციაში შევიყვანოთ. ფასადი უნდა მოპირკეთდეს, სხვაგვარად სახლს მერიაში ვერ წარვადგენთ“. იგი უარყოფს, რომ კომპანიამ მანელიშვილების მიწის ნაკვეთი მიითვისა.

 

მანელიშვილები ამბობენ, რომ მიწის თაობაზე, რომელიც მათი თქმით, სამშენებლო კომპანიამ მიისაკუთრა, სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, რადგან საქმის მსვლელობისთვის საქმის ღირებულების სამი პროცენტი წინასწარ უნდა დაიფაროს, მათ კი ამის საშუალება არ აქვთ. მანელიშვილები ამბობენ, რომ კომპანიისგან არც კომპენსაცია არ მიუღიათ.  

 

„ღამის ოთხ საათზე მიდიოდა მუშაობა, ბულდოზერებით. გამინადგურეს ხეები ეზოში, მიწა საერთოდ გამოაცალეს ეზოს, პატრულის დახმარებით ვაიძულეთ, რომ დაეყარათ მიწა. ბათუმის საკრებულოს დადგენილებაც არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ წაგვართვეს მიწის ნაკვეთი და შევიწროვებული ვართ. ვიბრძვით რაც შეგვიძლია. რატომ არ შეიძლება ჩემს სახლში მშვიდად ვიცხოვრო? მათ ტერიტორიაზე რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგრამ მე ნუ მეხებიან“, – ამბობს ეთერ მანელიშვილი.

 

დები იმ სტერეოტიპებზეც ყვებიან, რასაც მუდმივად აწყდებიან, განსაკუთრებით საკუთრების უფლებებისათვის ბრძოლაში. „კაცი არ გყავთ?! – ეს შეკითხვა მესმის ხშირად. რას ნიშნავს ეს, მე დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, მაქვს იმდენი განათლება და საკუთარი თავის, შესაძლებლობების რწმენა, რომ თავი დავიცვა. თუ დაინახეს, რომ ქალები არიან, თვლიან, რომ ადვილად შეიძლება მოტყუება. მე არავის დაცვა არ მჭირდება, მთავარია კანონმა დამიცვას, ამისთვის არ არის აუცილებელი კაცი იყო“, – ამბობს ნათელა მანელიშვილი. 

 

ბელეტაჟი, სადაც მანელიშვილები ცხოვრობენ, ეთერისა და ნათელას მშობლების აგებულია. მაშინ, როცა ქალაქის ცენტრში კერძო სახლების მეპატრონეები სიხარულით ხვდებიან და ხშირად მენაშენეს თავადაც კი ეძებენ, მანელიშვილები ამბობენ, რომ სახლის გაყიდვაზე არასოდეს უფიქრიათ. „1953 წელს დაასრულა მამაჩემმა, შაქრო მანელიშვილმა ამ სახლის მშენებლობა. „სახლის ასაშენებლად ქვას რომ ვდებდი, ვამბობდი – ეს ქვა ნათელას, ეს – ეთერისო“, – ასე მიყვებოდა მამა. ოთახები მისი ხელითაა შელესილი, უსწორმასწოროა. რემონტი რომ გავაკეთე, მითხრეს, ჩამოვფხიკავთო და არ ჩამოვაფხეკინე, ასე მირჩევნია, ძვირფასია ჩემთვის. ჩვეულებრივად, ბათუმის შესაფერისად ვცხოვრობთ, რატომ უნდა ვიფიქროთ გაყიდვაზე“, – ამბობს ეთერ მანელიშვილი.  

 

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ბელეტაჟის პატარა ეზოს ახლა მაღალსართულიანი სახლის ყრუ კედელი ჩრდილავს. მანელიშვილები ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების გამო ხეხილი განადგურდა, ეზოში აღარ დგას არც ნეკერჩხალი, არც იპონური ჯიშის ვაშლის ხე და არც ვარდები ყვავიან. თუმცა გადარჩა კაკლის ხე, რომელიც ეზოში თავისით ამოსულა, მაღალსართულიანი სახლის კედელთან კი, დებმა ყვავილები და ატმის ხეები დარგეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: