მთავარი,სიახლეები

ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, რომ შშმ ქალებს შეიძლება პირადი ცხოვრება ჰქონდეთ – ინტერვიუ

01.09.2022 • 1278
ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, რომ შშმ ქალებს შეიძლება პირადი ცხოვრება ჰქონდეთ – ინტერვიუ

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. შესაბამისად, სქესობრივ და რეპროდუქციულ სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვანი საკითხია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში არცთუ ისე სახარბიელოა. პრობლემა არაერთია: ინფორმაციის ნაკლებობა, სამედიცინო კაბინეტების გაუმართაობა, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, ჰიგიენურ საშუალებებზე არახელმისაწვდომობა და მრავალი სხვა.

რუსუდან შერვაშიძე აჭარის რეგიონში შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა გაძლიერების პროექტშია ჩართული. ის თავადაც 18 წლის შშმ გოგოს დედაა.

რამდენიმე წლის წინ რუსუდანმა აჭარაში შშმ ბავშვთა მშობლების კავშირი დააფუძნა და ახლა ის აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ხვდება შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე რეპროდუქციული ასაკის გოგოებს, ქალებს და ინფორმაციას აწვდის, ცოდნას უზიარებს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ. მას ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებთან ურთიერთობის  მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რა ინფორმაცია აქვთ ამ მხრივ შშმ ქალებს, კერძოდ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებს? რა პრობლემებს აწყდებიან ცენტრსა თუ მუნიციპალიტეტებში? როგორია საზოგადოების, ოჯახის დამოკიდებულება მათ მიმართ და რა სამედიცინო სერვისებზე მიუწვდებათ ხელი? ამ და სხვა კითხვებით რუსუდან შერვაშიძეს მივმართეთ.

  • ქალბატონო რუსუდან, რას ეხება თქვენი სემინარები შშმ ქალებთან და რა არის მათთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული სტიგმები?

ჩემი სემინარები შშმ გოგოებთან და ქალებთან რეპროდუქციულ და სქესობრივ უფლებებს, ჯანმრთელობას ეხება. ვმუშაობ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე გოგოებთან და ქალებთან.

  • ამ ტიპის შეზღუდვის მქონე შშმ ქალები შედარებით უფრო სტიგმატიზებული ჯგუფია და მათი ხმა ძირითადად არ ისმის, ჩრდილში რჩებიან და აქვთ უამრავი პრობლემა, ბარიერები ჯანდაცვის სფეროში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების თვალსაზრისითაც.

სტერეოტიპები ოჯახში ყალიბდება. სწორედ ოჯახის წევრებს ვერ წარმოუდგენიათ ხშირად, რომ ამ გოგოებს და ქალებს შეიძლება ჰქონდეთ პირადი ცხოვრება, ჰყავდეთ მეუღლე ან პარტნიორი, სურდეთ შვილის გაჩენა, ზრუნავდნენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ხშირად სარგებლობდნენ დაავადებათა ადრეული გამოვლენის სკრინინგ პროგრამებით.

რუსუდან შერვაშიძე შვილთან, თათია გოგიტიძესთან ერთად.

  • რა პრობლემები ვლინდება სემინარებზე პრაქტიკული ურთიერთობით გოგოებთან, ქალებთან, მათ  მშობლებთან შეხვედრისას?

იყო შემთხვევა, როცა მშობლებთან და შვილებთან ერთად გვქონდა შეხვედრა, უფლებებზე ვსაუბრობდით და შშმ  გოგომ რეპლიკით გვითხრა, რომ ოჯახში თურმე მისი უფლებები ირღვევა. მშობელმა გააჩუმა ეს გოგო და სათქმელი ვეღარ დაასრულა. მოასწრო თქმა, რომ ჩაკეტილია, გარეთ ვერ გადის, ვერ აკეთებს, რაც სურს, რომ ყველაფერს უკრძალავენ.

ასეთ აკრძალვებს მშობლები შიშით ხსნიან. მიწებებული ჰყავთ შვილები. ეშინიათ მათ არაფერი დაუშავდეთ, ეშინიათ მისცენ თავისუფლება შვილებს, რათა მათ დამოუკიდებლად დაძლიონ წინააღმდეგობები, შიშობენ რომ ამ დროს მათი შვილები დაზიანდებიან, დაზარალდებიან.

მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია.

ბათუმშიც ბევრ ოჯახს დავურეკეთ, შშმ ქალების მშობლებს, მხარდამჭერებს და არ ისურვეს გოგოების მოყვანა შეხვედრებზე.

მას შემდეგ, რაც ბათუმში შშმ გოგოების, ქალების მოყვანა არ ისურვეს სემინარზე მათმა მშობლებმა და მხარდამჭერებმა, მახინჯაურში, დღის რეაბილიტაციის ცენტრ „თანაში“ მოგვიწია წასვლა, დაახლოებით 15 გოგოს შევხვდით. გამოვლინდა, რომ მათ პირადი ცხოვრების უფლებასა და ლეგიტიმურობაზე არ აქვთ არანაირი ინფორმაცია.

ხანდახან გოგოები ვერ საუბრობენ საკუთარ თავზე მშობლებთან ერთად, სამომავლოდ ვგეგმავთ მათ ინდივიდუალურად გავესაუბროთ.

  • რამდენადაა ხელმისაწვდომი რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის სერვისები მათთვის, ვისაც შეხვედრიხართ? გაქვთ კავშირი სამედიცინო პერსონალთან კვლევის, საერთო მიზნების დასახვისთვის?

რამდენიმე სამედიცინო რგოლთან გვქონდა შეხვედრა და მიმართვიანობა საერთოდ არ არის.

ვერც იქნება, რადგან ადაპტირებული არ არის სამედიცინო კაბინეტები. ეტლით მოსარგებლე გინეკოლოგთან რომ მივიდეს უამრავი დაბრკოლება უშლის ხელს. რამდენიმე ადამიანი უნდა დაეხმაროს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. არც ადაპტირებული სავარძლები აქვთ საავადმყოფოებში, არც ჟესტური ენის თარჯიმანი ჰყავთ.

პირადი ინფორმაციაც მიეწოდება ყოველთვის თანმხლებ პირს. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა.

ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე გოგოების, უსინათლოების, სმენის არ მქონეების დიაგნოზი, ვისი დიაგნოზიც არ უნდა იყოს, წესით უნდა მიეწოდოთ მხოლოდ და მხოლოდ მათ. მერე შშმ პირის უფლებაა, ის იტყვის ამ დიაგნოზის შესახებ ოჯახის წევრთან თუ არა.

პრობლემა არის ისიც, რომ ჯერ არ გვაქვს ისევ კულტურა, შშმ ადამიანებს ვესაუბროთ პირადად, მივმართოთ პირადად. ეს ირიბად იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ჩვენ ინდივიდებად, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად სინამდვილეში ვერ აღვიქვამთ.

  • რა ინფორმაცია აქვთ სკრინინგების შესახებ შშმ ქალებს?

ბევრი დაავადების, ორგანოების  სკრინინგია, რომლის შესახებაც არ იციან. ვცდილობთ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ოჯახებს და ამ ქალებს.

პირველ რიგში ძუძუს კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგებს ვგულისხმობ. ჩვენ არ შეგვხვედრია შშმ ქალი, ვინც ამ სკრინინგების შესახებ იცოდა. იყო შემთხვევა, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ ასეთი სერვისის არსებობის შესახებ. და არავინ შეგვხვედრია ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ ქალებში, ვისაც  სკრინინგის  სერვისით უსარგებლია.

ახლა ვმუშაობთ ბროშურაზე, რომელიც სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შეეხება. ბროშურაში მითითებულია ტელეფონის ნომრებიც უფლებების დარღვევის, დისკრიმინაციის შემთხვევაში ვის და როგორ მიმართონ. ეს ბროშურა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება შშმ ქალებისთვის.

  • რა წინააღმდეგობას აწყდებით სემინარებზე აბორტის სერვისისა და კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას?

ამ თემებზე საუბრისას ხშირად პირდაპირი კომენტარებია მშობლებისგან: „ამაზე როგორ შეიძლება საუბარი?“, „ეს რა თემებია?“ და ა.შ.

სკოლაშივე უნდა ასწავლიდნენ გოგოებს, როგორ დაიცვან თავი არასასურველი ორსულობისა და დაავადებებისგან. 15 წლიდან გოგოებთან ამაზე საუბრის დაწყება ნორმალურია.

 

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული 2022 წლის ანგარიშის მიხედვით [შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება საქართველოში] შშმ ქალების უმრავლესობა არ ფლობ ინფორმაციას საკუთარი უფლებებისა და უფლების დაცვის მექანიზმების შესახე.

ამ კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შშმ ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიმართულებით მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის დამოკიდებულება, რომ შშმ ქალებს სექსუალობა არა აქვთ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ორსულობისა და მშობიარობის პროცესში სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური მისაწვდომობის, ექიმების კვალიფიკაციისა და დამოკიდებულების საკითხი, გართულებულია წვდომა სამედიცინო მანიპულაციებზე. განსაკუთრებულ სირთულეს ამ მხრივ წარმოადგენს არაადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძლები, რის გამოც შშმ ქალები ხშირად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ღირსების შეულახავად მიიღონ გინეკოლოგის მომსახურება.

„გინეკოლოგიური მომსახურების მიღების დროს ბარიერს ქმნის ექიმების დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულებაც“ – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

_______________________________________

მასალა მომზადებულია პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: