მთავარი,სიახლეები

85 წლის კაცის ათწლიანი ბრძოლა ბოსტნის დასაკანონებლად – სასამართლოს არ ნიშნავენ

01.09.2022 • 1663
85 წლის კაცის ათწლიანი ბრძოლა ბოსტნის დასაკანონებლად – სასამართლოს არ ნიშნავენ

85 წლის ლადო მჟავანაძე 6 თვეა ელის ბათუმში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძისგან საქმის ხელახლა განხილვას. საუბარია გონიოში 397 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, რომლის საკუთრების აღიარებაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2020 წელს უარი უკვე თქვა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი, უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა.

საქმე ისაა, რომ ეს მიწა ლადო მჟავანაძეს, გონიოს ციტრუსის მეურნეობამ გასული საუკუნის 90-იან წლებში გადასცა სარგებლობაში. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, რომლებიც 2012 წელს ბათუმის მერიამ იძულებით დაანგრია. ლადო მჟავანაძის ბრძოლაც ამ მიწის საკუთრებაში რეგისტრაციისთვის 2012 წლიდან დაიწყო.

„ლადო მჟავანაძე 1990 წლებიდან ითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, მას შშმ პირის სტატუსი აქვს და წლებია ელის მართლმსაჯულებას,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია ლადო მჟავანაძის და გონიოში მცხოვრები 100-მდე მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავს.

„სხვა გონიოელებისგან განსხვავებით, ლადო მჟავანაძეს გააჩნდა ხელვაჩაურის მეურნეობის მიერ გაცემული ცნობა, რაც ადასტურებს, რომ გონიოს მკვიდრს გადაეცემა დამატებით მიწა საბოსტნედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მის განხილვაზე უარი თქვა ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიამ, შემდეგ კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმ მოტივით, რომ ეს მიწა უკვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

ფაქტია, რომ სახელმწიფო ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 500 მეტრით დაშორებულ მიწის ნაკვეთზე საინვესტიციო ინტერესს ხედავს, მაგრამ თუ არსებობს ეს ინტერესი, შესაძლებელია ამის დასაბუთება, მოქალაქისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდა და ერთხელ და სამუდამოდ დავის დასრულება, მაგრამ კომისია ასე არ მოიქცა. გაუგებარი დარჩა თავის დროზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რადგან მან საერთოდ არ შეაფასა ის დოკუმენტი, რომლითაც ლადო მჟავანაძეს გონიოში თავისი ძირითადი საცხოვრებლის მიმდებარედ გადასცეს მიწის ნაკვეთი წლების წინ.

სააპელაციომ, ასევე უზენაესმა სასამართლოებმა კი გაიზიარეს ჩვენი არგუმენტი და თქვეს, რომ ის, რომ მიწის ნაკვეთი ახლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ეს არ უნდა განიხილებოდეს როგორც ბარიერი. მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადადის იმისთვის, რომ კარგი საინვესტიციო პირობით გასხვისდეს, განვითარების პირობა შეიქმნას და ასე შემდეგ და არა იმისთვის, რომ მოქალაქე დაიჩაგროს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეში ხაზი გაუსვა მოსამართლის როლს, გამოარკვიოს დეტალები.

„საქალაქო სასამართლო საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქმის წარმართვის ნამდვილი იურიდიული ინტერესი – რამდენადაც სარჩელის შეტანა ხდება დარღვეული უფლების აღსადგენად. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი პრინციპები იძლევა საშუალებას სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გამოარკვიოს მხარის რა უფლება დაირღვა, რა პროცესუალური გზითა თუ საშუალებით არის შესაძლებელი ამ უფლების დაცვა – მოსარჩელის კანონიერი უფლება დარღვეულია მიწის თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის უარით, საჯარო რეესტრის სამსახურების მიერ მიღებული უფლების რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებებით, თუ ორივე ორგანოს გადაწყვეტილებით,“ – აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.

აღსანიშნავია ასევე, რომ ლადო მჟავანაძემ 250 კვადრატული მეტრი მიწა მიიღო მეურნეობისგან, ხოლო 397 კვადრატულ მეტრამდე მიწა მან თვითნებურად დაიკავა, რასაც იურისტის, ანა ბერძენიშვილის განმარტებით, ასევე აღიარებას ექვემდებარება.

უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2022 წლის 17 მარტს მიიღო.

„ბათუმელები“ გუშინ, 31 აგვისტოს წერდა მიწის საკუთრების აღიარების სხვა შემთხვევის შესახებ, როცა მოქალაქემ ორჯერ მოუგო სასამართლო პროცესი ბათუმის მერიას, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებას მერია არ ასრულებს:

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: