მთავარი,სიახლეები

ესპანეთში უფასო გახდა საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა

01.09.2022 • 1969
ესპანეთში უფასო გახდა საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა

პირველი სექტემბრიდან ესპანეთში უფასო გახდა საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით მგზავრობა.

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეუბნო და რეგიონული მატარებლებით უფასოდ მგზავრობა, ზოგიერთი საქალაქთაშორისო მატარებლით კი – ფასდაკლებით, შეუძლია ყველას, ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი სექტემბრიდან შემოღებული ეს შეღავათი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე და შესაძლოა, მომავალ წელსაც დარჩეს ძალაში.

აღნიშნული ინიციატივის დასაფინანსებლად ესპანეთის მთავრობამ ბიუჯეტიდან 200 მილიონი ევრო გამოყო.

უფასო მგზავრობის სქემა ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ქსელ RENFE-ს.

უფასო სამგზავრო აბონემენტის მისაღებად საჭიროა დეპოზიტის – 10 ან 20 ევროს გადახდა, თუმცა ეს თანხა უკან უბრუნდება მგზავრს 16-ჯერ ან მეტჯერ მგზავრობის შემთხვევაში.

ესპანეთის მთავრობის ცნობით, უფასო მგზავრობა არის გეგმის ნაწილი უკრაინის ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ და ინფლაციასთან საბრძოლველად და, ასევე, მიზნად ისახავს მოსახლეობის წახალისებას, გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირადი ტრანსპორტის ნაცვლად და ამით შეამცირონ გარემოს დაბინძურება და ენერგიის ხარჯვა.

უფასო სამგზავრო ბილეთი QR კოდის სახით შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ ან პლასტიკური ბარათის სახით მატარებლის სადგურებზე, ეს პროცესი 24 აგვისტოს დაიწყო.

რა პირობებითაა შესაძლებელი უფასოდ და ფასდაკლებით მგზავრობა ესპანეთში, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროს ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული.

_________________

ფოტო: RENFE/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: