მთავარი,სიახლეები

რუსებმა აესს-ის მისიის მარშრუტს ცეცხლი გაუხსნეს – პოდოლიაკი

01.09.2022
რუსებმა აესს-ის მისიის მარშრუტს ცეცხლი გაუხსნეს – პოდოლიაკი

რუსეთი დემონსტრაციულად უხსნის ცეცხლს ქალაქ ენერგოდარს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ოფიციალურ მარშრუტს, რათა შემდეგ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

„დანგრეულია სახლები. ეს არის შემოწმებისადმი რუსეთის ნამდვილი „ინტერესის“ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რა ჭეშმარიტი წონა აქვს რუსეთის „გარანტიებს“ ნებისმიერი შუამავლისთვის“, – წერს პოდოლიაკი.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, პირველ სექტემბერს, რუსებმა არტილერიიდან გაუხსნეს ცეცხლი აესს-ის შეთანხმებულ მარშრუტს ზაპოროჟიედან ატომურ ელექტროსადგურამდე.

დღესვე კომპანია „ენერგოდარმა“ განაცხადა, რომ გამთენიის 4:57 წუთზე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანზე ტყვიამფრქვევიდან მორიგი შეტევის შემდეგ, ავარიული სისტემა ამუშავდა და გამოირთო მე-5 ენერგობლოკი.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ენერგოდარის თავზე გამოჩენილმა რუსულმა ვერტმფრენებმა საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14-კაციანი მისია, რომელსაც მისი დირექტორი რაფაელ მირიანო გროსი ხელმძღვანელობს, ვითარების მიუხედავად, უკვე გაემგზავრა ზაპოროჟიედან ენერგოდარში. გროსიმ განაცხადა, რომ რაიონში „გაძლიერებული სამხედრო აქტივობის მიუხედავად“ დაგეგმილი მისია გაგრძელდება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავეს. რუსეთი, არაერთი მოთხოვნისა და მოწოდების მიუხედავად, დღემდე უარს ამბობს, სადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: