მთავარი,სიახლეები

როგორ იქცა გეოგრაფიის მასწავლებელი ჯარისკაცად

01.09.2022
როგორ იქცა გეოგრაფიის მასწავლებელი ჯარისკაცად

გეოგრაფიის მასწავლებელი ივან ფასტოვი დღეს, პირველ სექტემბერს, უკრაინაში სასწავლო წლის დაწყებას ომში შეხვდა. მასწავლებელი, რომელიც ლისიჩანსკის ლიცეუმში ასწავლიდა 24 თებერვლამდე, ახლა დონეცკში იბრძვის.

ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, მასწავლებელი, რომელიც ამჟამად ჯარისკაცია, გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი ავტორია. სწორედ ამ პროგრამით სწავლობენ ახლა უკრაინაში გეოგრაფიას. ფასტოვს ასევე მიღებული აქვს   ლუგანსკის საუკეთესო მასწავლებლის პრიზი.

გეოგრაფიის მასწავლებელი ომამდე

ლუგანსკის ადმინისტრაცია წერს, რომ 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ივან ფასტოვი სროლისგან შეშინებულმა ცოლმა გააღვიძა. ივანმა, რომელიც მერვე კლასის დამრიგებელი იყო, მოსწავლეებს ჩეთში მისწერა, რომ დღეს გაკვეთილები არ ჩაუტარდებოდათ და დაიწყო გზების ძებნა, როგორ შეიძლებოდა მოხალისედ წასვლა ომში.

მისი თქმით, მაშინ სამყარო მისთვის ორ, შავ-თეთრ ფერად გაიყო – უკრაინის დამცველებად და მტრებად. რამდენიმე დღეში, სხვა მოხალისეებთან ერთად, ისწავლა იარაღის გამოყენება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა.

ამ სიტუაციაში სეპარატისტული ლუგანსკის რესპუბლიკის მედიაში ანონიმური წერილი გამოჩნდა მასზე, სადაც „ბანდერას“ და „ლუგანსკის პატარა ქვეყნის“ „პირად მტრად“ მოიხსენიებდნენ.

გეოგრაფიის მასწავლებელი, სხვა მოხალისეებთან ერთად, მალე რუბეჟნიში გაგზავნეს, სადაც მძიმე ბრძოლები მიდიოდა.

ახლა ფასტოვი დონეცკში იბრძვის.

ივან ფასტოვი

„ომი თითქმის 190 დღეა გრძელდება. კი, ჩვენ ვიღლებით, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა და თავისუფლებისკენ ლტოლვა გვაიძულებს ფორმაში ვიყოთ. ჩვენი მტერი კარგავს ძალას ისე, რომ ვერ იღებს მორალურ მხარდაჭერას და არ ესმის ე.წ. სპეცოპერაციის მიზანი“.

ივანი ამბობს, რომ ყველაზე მეტად სახლი და შინაური ცხოველები ენატრება, რომლებიც, იძულებული გახდა, ლისიჩანსკში დაეტოვებინა.

„მისი გეგმები კონკრეტულია“ – წერს ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია, – „ომში გამარჯვება, ლისიჩანსკის გათავისუფლება, სკოლის აღდგენა და გეოგრაფიის სწავლება მშობლიურ ქალაქში“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: