მთავარი,სიახლეები

წითელი ჯვარი აღიარებს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

02.09.2022 • 1047
წითელი ჯვარი აღიარებს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციისას მხოლოდ 1 800 სამხედროს პირადი მონაცემების დოკუმენტირება შეძლო – სააგენტო „უკრინფორმის“ ცნობით, ეს ინფორმაცია კომიტეტის გენერალურმა დირექტორმა რობერტ მარდინიმ დაადასტურა.

მარდინიმ დასძინა, რომ სამხედრო ტყვეების საერთო რაოდენობის შესახებ ორგანიზაციას მონაცემები არ აქვს.

„ევაკუაციის დროს ჩვენ დაახლოებით 1800 ადამიანის რეგისტრაცია მოვახერხეთ, იმ გათვლით, რომ მათი მონახულება შეგვეძლებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ამის გაკეთება არ შეგვიძლია,“ – ამბობს მარდინი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ორგანიზაციას არ შეუძლია უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოების გარანტირება მას შემდეგ, რაც ისინი რუსების ხელში მოხვდნენ, რადგან „ასეთი გარანტიის გაცემა უბრალოდ მათ შესაძლებლობებს სცდება.“

მარდინის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ორივე მხრიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული სამხედრო ტყვის მონახულება მოახერხეს, თუმცა კომიტეტის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, რა პირობებში იმყოფებოდნენ ტყვეები.

„მაგრამ ვიცით, რომ არის კიდევ ათასობით სხვა ტყვე, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ განვაგრძობთ ნებართვის მოთხოვნას ჩვენი ჰუმანიტარული ვალდებულებებიდან და ჟენევის კონვენციის მანდატიდან გამომდინარე,“ – ამბობს მარდინი.

19 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომ ისინი დუმან, ვიდრე რუსეთი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს აშიმშილებს, აწამებს და კლავს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის შემდეგ განაცხადა, რომ რუსების ტყვეობაში 2500-ზე მეტი უკრაინელი სამხედროა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: