მთავარი,სიახლეები

„ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია იაპონიის დაინტერესების გაზრდა“ – ინტერვიუ

01.09.2022 • 1397
„ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია იაპონიის დაინტერესების გაზრდა“ – ინტერვიუ

„საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ აღიქვან, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რადგან კავკასიის რეგიონი ასოცირდება არასტაბილურობით, კონფლიქტებით, რაც იაპონიის თვალში სანდოობას უკარგავს საქართველოს,“ – მიიჩნევს მარიამ ბიბილაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელიც საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების თემაზე მუშაობს. იგი იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორია.

რა შეიცვალა იაპონიასთან ურთიერთობებში 30 წლის განმავლობაში და რატომ ვერ ვხედავთ ამ დრომდე იაპონიას, როგორც პარტნიორს ევროინტეგრაციის გზაზე, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიასაც აქვს ტერიტორიული კონფლიქტი რუსეთთან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მარიამ ბიბილაშვილს ესაუბრა.

მარიამ ბიბილაშვილი იაპონია-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ გამართული კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება. კონფერენცია თბილისში გაიმართება 7 სექტემბერს, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ ვერ გააქტიურდა იაპონიასთან პარტნიორობის გაღრმავების თემა საქართველოში და დღევანდელ გამოწვევებში რატომ არის მნიშვნელოვანი ეს? 

გეთანხმებით, რომ იაპონია საქართველოში ნაკლებად არის ყურადღების ცენტრში, იაპონიის შესახებ ნაკლები იწერება აკადემიურ წრეებშიც. 1992 წლიდან, როცა იაპონიამ აღიარა საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა, დღემდე იაპონიას დიდი კონტრიბუცია აქვს საქართველოს განვითარებისთვის განხორციელებული სხვადასხვა გრანტის სახით.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იაპონიისთვის და საქართველოსთვისაც, პრიორიტეტია ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობა. ეს აერთიანებს ორივე ქვეყანას და ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული კონფლიქტი რუსეთთან.

  • რატომ არ გვაქვს იგივე რუსეთის საკითხზე აქტიური თანამშრომლობა იაპონიასთან? 

სამწუხაროდ არ არის აქტუალიზებული ორმხრივი ურთიერთობები ამ თემაზე. ვფიქრობ, ეს კონკრეტული საკითხი უნდა იქნას უკეთესად გამოყენებული ორმხრივი ურთიერთობებისთვის საქართველოსა და იაპონიას შორის… დღეისთვის ნამდვილად არ არსებობს ამ მხრივ რაიმე კონკრეტული თანამშრომლობის ფორმატი.

  • რა უშლის ხელს ამ კუთხით აქტიურ თანამშრომლობას, თქვენი აზრით? 

მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს. უმთავრესი ალბათ არის ის, რომ იაპონია, როგორც საგარეო პოლიტიკური აქტორი, არ არის აქტიური. იაპონია უფრო აღიქმება, როგორც ქვეყანა, რომელიც თავის თავზე მუშაობს. ჩემი დაკვირვებით, საქართველოში არ არის საკმარისი ინფორმაცია იაპონიაზე და პირიქით. ამ ეტაპზე არცერთი ქვეყნისთვის არ არის პრიორიტეტი ამ საკითხის აქტუალიზება.

  • პირველ რიგში, ალბათ საქართველოს ინტერესი უნდა იყოს ეს, თუმცა თქვენც ახსენეთ, რომ იაპონია არ არის აქტიური მოთამაშე საგარეო ურთიერთობებში. თქვენი აზრით, რით შეიძლება იაპონია აქტიურად დააინტერესოს საქართველომ? 

მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მეტი მოტივაცია ამ პარტნიორობისთვის, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია იაპონიის დაინტერესების გაზრდა.

ვნახეთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვა იაპონიაში რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას. ეს დრო უნდა გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას, ჩვენც რომ იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს ხელსაყრელი დროა თანამშრომლობის ფორმატის შექმნისთვის.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს იაპონიასთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას? 

იაპონიას სურს გახდეს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, რაც აჩვენებს ამბიციას – გავლენა ჰქონდეს საერთაშორისო პროცესებზე. დღევანდელი გადასახედიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ იაპონიამ მოახდინოს აგრესიული პოლიტიკის წარმოება, ის ძირითადად განცხადებებით შემოიფარგლება და გვესმის კიდეც ხშირად მხარდამჭერი განცხადებები.

  • რა შეიცვალა საქართველო-იაპონიის დიპლომატიური თანამშრომლობის 30 წლის განმავლობაში? 

დინამიკას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ცალსახად განვითარდა ეს ურთიერთობები.

თავდაპირველად, იაპონია საქართველოს განიხილავდა პოსტსაბჭოთა ქვეყნად, რომელიც იყო რუსეთის გავლენის სფეროში. შემდეგ დავიწროვდა ეს ჩარჩო და საქართველოს უყურებდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, ანუ უფრო ევრაზიულ კონტექსტში, დღეს კი, ხედვა არის, როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნის.

ჩემი აზრით, საქართველომ მკაფიოდ უნდა გაუსვას ხაზი თავის მაჩვენებლებს, რაც მას განასხვავებს იგივე აზერბაიჯანისგან, სომხეთისგან. საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ ის აღიქვან, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რადგან კავკასიის რეგიონი ასოცირდება არასტაბილურობით, კონფლიქტებით, რაც იაპონიის თვალში სანდოობას უკარგავს საქართველოს.

საქართველო იაპონიისთვის საინტერესო არაა როგორც ცალკე აღებული ქვეყანა, ის ბაზრით ძალიან პატარაა. აქ რეგიონული კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კონტექსტი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპა.

  • ჩვენი აღქმა რამდენად არის პრობლემა? ხშირად იაპონიას ხედავენ ჩინეთთან ერთთან. 

ცხადია, ჩინეთი საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩინეთის ეკონომიკა ბევრად დიდია, ვიდრე იაპონიის. ამის მიზეზი ისიცაა, რომ იაპონიას ახასიათებს ბევრად რთული ბიუროკრატიული სისტემა, ვიდრე ჩინეთს, ასევე იაპონია ითხოვს მაღალი სტანდარტებს, რასაც საქართველო ხშირად ვერ აკმაყოფილებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ფასეულობები იაპონიასთან, რაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესში. იაპონიასთან პარტნიორობის გაძლიერება დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციას.

  • რა რესურსს ხედავთ იაპონიასთან  პარტნიორობის გასაძლიერებლად? 

ცალკე აღებულ პარტნიორობას ბევრად ნაკლები პოტენციალი აქვს, ფართო ჭრილში კი, იაპონია განსაკუთრებით ახლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან თანამშრომლობას. ამ კონტექსტში საქართველოს შეუძლია თავი წარმოაჩინოს, როგორც მნიშვნელოვანმა რგოლმა, რომელსაც შეუძლია დააკავშიროს აზია ევროპას, ამ მიმართულებით, მაგისტრალების არსებობა, ასევე ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება დაეხმარება ამ პროცესს.

გარდა ამისა, საქართველოში არის ხელსაყრელი ბიზნესგარემო. თუ მოახერხებს საქართველო, რომ მიიტანოს ინფორმაცია შესაბამის ბიზნესწრეებთან იაპონიაში, შესაძლებელი იქნება იაპონელი ინვესტორების მოზიდვა.

ასევე მნიშვნელოვანია აკადემიურ სფეროში თანამშრომლობა, ეს სფეროც აუთვისებელია. შესაძლებელია სამივე მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა.

  • იაპონიისთვის რატომ გააქტიურდა ევროკავშირთან დაახლოება „ახლა“, როგორც ამას თქვენ გაუსვით ხაზი, ეს უკავშირდება ჩინეთს, თუ სხვა მიზეზია? 

ეს დაკავშირებულია ჩინეთთანაც, რომელიც ფართოვდება – იაპონიას სურს, რომ არ ჩამორჩეს ამ პროცესს. იაპონიასა და ევროკავშირს შორის მუდმივად იყოს თანამშრომლობა, თუმცა ბოლო წლებში არაერთ პროექტს მოეწერა ხელი, რაც პირდაპირ აჩვენებს ფასეულობების თანხვედრას.

  • რა ჩანს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკიდან, რატომ არ ცდილობს მთავრობა იაპონიასთან პარტნიორობის გაძლიერებას? 

მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია არსებობს ურთიერთობები იაპონიასთან, ძალიან დაბალია ინფორმირებულობის დონე იაპონიის შესახებ საქართველოში და პირიქით.

იაპონიაში ზოგჯერ ექცევა საქართველო ყურადღების ქვეშ, მაგალითად, სუმოისტების წარმატების დროს, ან გარკვეულ კულტურულ ღონისძიებაზე, მაგრამ პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში ძალიან დაბალია საქართველოს შესახებ ცნობადობა. უპირველესად ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: