რუსეთის სარაკეტო დარტყმების ეფექტი სუსტდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სარაკეტო კამპანიის ეფექტიანობა იკლებს, რადგან მოსკოვმა თითქმის ამოწურა შესაბამისი რაკეტების მარაგი.

უწყება აღნიშნავს, რომ ოქტომბრის შემდეგ რუსეთი გამუდმებით ბომბავს უკრაინის ინფრასტრუქტურას და ამისთვის ძირითადად ფრთოსან რაკეტებს იყენებს.

„ეს არის პირველი მაგალითი იმისა, როგორ ცდილობს რუსეთი განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქსელების განადგურების სტრატეგიული ოპერაცია, რომელიც ბოლო წლებში მის მიერ მიღებული საომარი დოქტრინის მთავარი კომპონენტია.

რუსეთმა ეს კონცეფცია დაგეგმა იმგვარად, რომ შორსმოქმედ რაკეტებს იყენებს არა სამხედრო, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმისთვის, რათა მოქალაქეების დემორალიზება გამოიწვიოს და ქვეყნის ხელისუფლებას კაპიტულაცია აიძულოს,“ – წერს დაზვერვა პირველი დეკემბრის რელიზში.

უკვე მიყენებული ზიანის მიუხედავად, უწყების ვარაუდით, ამ სტრატეგიის ეფექტიანობა შესუსტებულია, რადგან რუსეთმა უკვე ამოწურა ტაქტიკური მიზნების გასანადგურებლად საჭირო რაკეტების დიდი ნაწილი.

„გარდა ამისა, ომის მეათე თვეს მისი მატერიალური და ფსიქოლოგიური ეფექტი უფრო ნაკლებია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი რუსეთი ამ სტრატეგიას ომის თავდაპირველ ეტაპზე მიმართავდა,“ – წერს დაზვერვა.

უკვე თვე-ნახევარია რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების სამიზნე ძირითადად ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაა.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის არმია ამ დღეებში უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო დარტყმისთვის ემზადება.

პენტაგონი უკრაინისთვის გადასაცემ 6 NASAMS-ში 1,2 მილიარდს იხდის

სააგენტო Reuters-ის ცნობით, პენტაგონმა უკრაინისთვის ექვსი NASAMS-ის გადასაცემად $ 1,2 მილიარდის კონტრაქტი გააფორმა.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს კომპანია Raytheon Technologies აწარმოებს.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 8 საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის გადაცემაზე ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა.

NASAMS – ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი ნებისმიერი საჰაერო სამიზნის განადგურება შეუძლია, იქნება ეს რაკეტა, თვითმფრინავი თუ დრონი.

კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.

სისტემის თავისებურებები:

  • მოქმედების მანძილი – 2,5-დან 40 კილომეტრამდე;
  • მოქმედების სიმაღლე – 30 მეტრიდან 16 კილომეტრამდე;
  • რეაგირების დრო – 10 წამი.

NASAMS იყენებს „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტას და როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ერთი ასეთი კომპლექსიც კი საკმარისია, რათა უკრაინამ დახუროს ცა მაგალითად, ხარკოვის, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის თავზე, ორ NASAMS-ს კი კიევის დაცვა შეუძლია.

მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვა დაიწყო, შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ კიევი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს მიიღებდა. მაშინ აშშ-ის ხელისუფლებას შეიარაღების გადაცემის ვადები არ დაუსახელებია, თუმცა პირობა დადო, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდებოდა.

ორი კომპლექსი უკრაინაში 7 ნოემბერს ჩავიდა.

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის, იური იგნატის თქმით, რუსეთის სარაკეტო შეტევებისგან დაცვისას NASAMS მთავარ როლს ასრულებს – მას გაშვებული ფრთოსანი რაკეტების 100%-ის განადგურება შეუძლია.

NASAMS-ის ექვსი ახალი კომპლექსი აშშ-ის იმ $3-მილიარდიანი დახმარების პაკეტში შევიდა, რომლის შესახებაც პენტაგონმა ჯერ კიდევ 24 აგვისტოს გამოაცხადა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი დეკემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 89 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
  • ტანკი – 2 915 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 877 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 904 ერთეული [+2]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 210 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 280 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 562 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 441 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 334 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 592 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 930 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 905 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 642 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 431 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის სარდლობას წარსული ბრძოლებიდან დასკვნები ვერ გამოაქვს – ISW

ბათუმში უკანონო ინტერნეტკაზინო აღმოაჩინეს – ზარალი 350 ათასი ლარია

„არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო მეორე შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო დაახლოებით 350 000 ლარი.

აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს დასჯას თავისუფლების აღკვეთით  3-დან 5 წლამდე.

რუსეთის სარდლობას წარსული ბრძოლებიდან დასკვნები ვერ გამოაქვს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) აზრით, რუსი სამხედროები ვერ სწავლობენ წარსული ბრძოლებიდან, ძალებს ნაკლებად სტრატეგიულ მიზნებზე ხარჯავენ და უდიდეს დანაკარგებს განიცდიან.

„რუსეთის მცდელობები ბახმუტთან მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ ვერ გამოიტანა დასკვნები წარსული კამპანიებიდან, რომელთა დროსაც ძალების დიდი ნაწილი კონცენტრირებული იყო შეზღუდული ოპერატიული ან სტრატეგიული მნიშვნელობის მიზანზე. მაისის შემდეგ რუსები მუდმივად ხარჯავენ საბრძოლო ძალას ბახმუტის გარშემო მცირე დასახლებული პუნქტების აღებაზე,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები უახლეს ანგარიშში.

მათი შეფასებით, ის დანაკარგი, რაც რუსეთმა ბახმუტის გარშემო ექვსთვიანი ბრძოლისას განიცადა, ბევრად აღემატება ნებისმიერ ოპერატიულ უპირატესობას, რომელიც რუსებმა ამ ქალაქის დაკავებით შეიძლება მიიღონ.

„მაშინაც კი, თუ რუსეთის ჯარები განაგრძობენ წინსვლას ბახმუტისკენ და მაშინაც კი, თუ ისინი უკრაინის არმიას ქალაქის დატოვებას აიძულებენ (როგორც ლისიჩანსკში მოხდა), ბახმუტი თავისთავად ძალიან მცირე ოპერატიულ შესაძლებლობებს აჩენს. მეორე მხრივ, რუსების შეტევითი ოპერაცია ბახმუტის გარშემო, რუსეთის არსებულ საბრძოლო ძალის დიდ ნაწილს მოითხოვს და მათი ერთ ადგილას კონცენტრირება პოტენციურად ხელს უწყობს უკრაინელთა კონტრშეტევას სხვა რაიონებში,“ – წერს ISW.

ინსტიტუტი ექსპერტები დღევანდელ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებენ რუსეთში რეპრესიების გაძლიერებაზეც, კერძოდ, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, რომელთა თანახმადაც „აგენტის“ ცნება ფართოვდება და ის უკვე იმ ადამიანებსაც გულისხმობს, ვინც ხელისუფლების აზრით, „უცხოეთის მოთამაშეთა გავლენის ან ზეწოლის ქვეშ“ ექცევა.

ISW-ის შეფასებით, კრემლი ამ გზით მოსახლეობაში ომით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილების ჩახშობას ცდილობს, რადგან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეები შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ომით ძალიან დაიღალნენ.

რუსული ოპოზიციურმა გამოცემა „მედუზამ“ 30 ნოემბერს დაწერა, რომ მოიპოვა კრემლის მიერ შიდა მოხმარებისთვის შეკვეთილი და მომზადებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 55 % უკრაინასთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრეა და მხოლოდ 25% ეთანხმება ომის გაგრძელებას.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ „როსენერგომ“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ახალი დირექტორი დანიშნა;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდაცვით ოპერაციას სვატოვო-კრემენაიას ხაზზე;
  • რუსეთის არმია ცდილობს, თანდათანობით გაიმაგროს პოზიციები ბახმუტის გარშემო და ავდეევკა-დონეცკის რაიონში შეტევაზე გადავიდეს;
  • უკრაინელმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ უკრაინის არმია კინბურნის ნახევარკუნძულზე ოპერაციას ატარებს;
  • რუსული და უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ რუსეთის ხელისუფლება „ნაწილობრივ მობილიზაციას“ ფარულად განაგრძობს.

როგორ გაატარა 6 თვე რუსეთის ტყვეობაში უკრაინელმა მასწავლებელმა

25 წლის უკრაინელმა სკოლის მასწავლებელმა ვიქტორია ანდრუშამ 6 თვე და 4 დღე გაატარა რუსეთში, ტყვეობაში. გასულ დღეებში მან ბერლინში, ადამიანის უფლებადამცველთა კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ვიქტორია გერმანულმა გამოცემა „დოიჩე ველემ“ ჩაწერა.

ვიქტორია ჩერნიგოვის რაიონიდანაა და კიევის მახლობლად, სკოლაში მუშაობდა. ომის პირველ დღეებში ის მშობლებთან, სოფელში დაბრუნდა, სადაც მალე რუსული ჯარები შევიდნენ.

„მე დავთანხმდი, დავხმარებოდი უკრაინის შესაბამის ორგანოებს, რომლებიც ინფორმაციას აგროვებდნენ რუსული ტექნიკის გადაადგილებაზე. გვესმოდა, რომ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო“ – ამბობს ვიქტორია.

2022 წლის მარტის ბოლოს, ჩერნიგოვიდან უკან დახევამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიქტორიას მშობლების სახლში რუსეთის არმიის ჯარისკაცები მივიდნენ გასაჩხრეკად. მათ ვიქტორიას ტელეფონი იპოვეს, რომლითაც რუსული ტექნიკის გადაადგილების ფოტო და ვიდეოკადრები იყო გადაღებული და ვიქტორია წაიყვანეს.

ვიქტორია ანდრუშა ჯერ მეზობელ სოფელში წაიყვანეს, სადაც სხვა ტყვეებთან ერთად სარდაფში ჰყავდათ, შემდეგ კი რუსეთში გადაიყვანეს. ვიქტორიას ოჯახთან ექვს თვეზე მეტ ხანს არ ჰქონდა კონტაქტი.

„თვალები ახვეული გვქონდა, ხელები – შეკრული. მივყავდით ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მანქანით. მეორე მანქანაში უკვე ხელით გვეხებოდნენ, გვცემდნენ. შენ უბრალოდ გესმის, რომ ვიღაც გიახლოვდება, შემდეგ კი დარტყმას გრძნობ,“ – ჰყვება ვიქტორია.

ვიქტორიამ რამდენიმე კვირა გაატარა გლუშკოვოს ციხის ბანაკში, შემდეგ კი კურსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მისი თქმით, იგი ჯაშუშობაში იყო ბრალდებული და ასეთებს წინასწარი დაკავების განყოფილების თანამშრომლები განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ.

„მათ ვძულდით, მზად იყვნენ უბრალოდ ადგილზე მოვეკალით,“ – ამბობს ვიქტორია.

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რუსი სამხედროები განზრახ აპატიმრებენ სამოქალაქო პირებს უკრაინაში შემდგომში რუსი ჯარისკაცების გასაცვლელად. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს ვიქტორია –  ტყვეობის 6 თვის შემდეგ, 29 სექტემბერს ის და კიდევ ხუთი უკრაინელი ტყვე მიიყვანეს უკრაინის საზღვართან და გაათავისუფლეს.

თუმცა ვიქტორიას შემთხვევა გამონაკლისია, უფლებადამცველების თქმით, ბევრი უკრაინელი, სამოქალაქო პირები, დღემდე რჩებიან რუსეთში, პატიმრობაში.

___________

ფოტო: „დოიჩე ველე“/DW

სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი

„18 ევრო ღირს ჩემი სახლის გვერდით სპორტული ცენტრი, სადაც ფიტნეს დარბაზია და საცურაო აუზიც,“ – გვიყვება ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში მცხოვრები ალექსანდრე სანაძე. ნათია ვიტი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან კი ამბობს, რომ 15 – 20 ევროდან არის შესაძლებელი ფიტნესდარბაზით სარგებლობა, ერთთვიანი აბონემენტი.

ამ ფასად, მაგალითად, ბათუმსა და თბილისში არათუ საცურაო აუზით, მხოლოდ ტრენაჟორებითაც ვერ ისარგებლებ.

დაბალი შემოსავლებისა და სიღარიბის მიუხედავად, საქართველოში სპორტი, პირდაპირი მნიშვნელობით, ფუფუნებაა.

მეტიც, ბათუმსა და ქობულეთში ამ დრომდე თითო მუნიციპალური აუზიც კი არ არის, სადაც ბავშვები ხელმისაწვდომ ფასად ცურვას შეძლებენ – ბათუმში 2019 წლისთვის უნდა დასრულებულიყო ყინულის მოედნის და საცურაო აუზის მშენებლობა, ამისთვის 29 მილიონი უკვე დაიხარჯა, თუმცა ჯერ არც ყინულის მოედანი მოუწყვიათ და არც საცურაო აუზი.

ესპანეთსა და გერმანიაში მცხოვრები ქართველები გვიყვებიან, რამდენად არის ამ ქვეყნებში სპორტული ცხოვრების ფასი ქართულზე იაფი. მათი მონათხრობიდან ჩანს, რას შეიძლება აკეთებდეს მთავრობა იმისთვის, რომ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ხელმისაწვდომი იყოს.

ბათუმში მხოლოდ ფიტნესდარბაზის ფასი თვეში 80-დან 150 ლარია, ფიტნესისა და საცურაო აუზის დარბაზის ფასი კი 200 ლარიდან იწყება და 380 ლარიც ღირს. ეს ულიმიტო აბონემენტის საფასურია. 

საერთაშორისო მონაცემთა ბაზის – NUMBEO.COM-ის მონაცემებით, ბათუმში მხოლოდ ფიტნესდარბაზის საშუალო ფასი 2022 წელს 38,41 აშშ დოლარია, თბილისში – 51.45 აშშ დოლარი. მხოლოდ ფიტნესდარბაზით სარგებლობის საშუალო ფასი საქართველოში თვეში 44. 88 აშშ დოლარია, მაშინ, როცა ამავე მონაცემთა ბაზის მიხედვით, მაგალითად, გერმანიაში, ასევე მხოლოდ ფიტნესდარბაზის საშუალო თვიური ფასი 32.97 აშშ დოლარია, საფრანგეთში – 34.14 დოლარი, ნიდერლანდებში – 31.82 დოლარი, ბელგიაში – 29.25 დოლარი, ფინეთში – 39.70 დოლარი, ესპანეთში კი – 39.42 დოლარი.

NUMBEO.COM-ის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოზე ძვირი ფიტნესდარბაზით სარგებლობა მხოლოდ შვეიცარიაშია, თვეში 82.15 დოლარი.

მსოფლიო მასშტაბით კი, ფიტნესდარბაზები ყველაზე ძვირი ყოფილა კუვეიტში [107.94 დოლარი] კატარში [107.56 დოლარი] და სინგაპური [104.97 დოლარი].

  • „არ ვიცი ოჯახი, საიდანაც ფიტნესზე არ დადიან“ – ესპანეთში მცხოვრები ალექსანდრე სანაძე

„კერძო ფიტნესდარბაზებში თვიური ფასი 20 – დან 40 ევროა, მუნიციპალურ ფიტნესდარბაზში – 20 ევრომდე,“ – ამბობს ალექსანდრე სანაძე. ის ესპანეთის და საქართველოს მოქალაქეა და ახლა ბილბაოში ცხოვრობს. ალექსანდრე განმარტავს, რატომ არჩია თვითონ კერძო ფიტნესდარბაზით სარგებლობა, რაშიც თვეში თითქმის 32 ევროს იხდის.

„ეს არჩევანი გავაკეთე იმიტომ, რომ კერძო დარბაზში შესაძლებელია შენთვის სასურველი სპორტით დაკავდე, მაგალითად, მსურდა კრივი, წონით ვარჯიში, დარბაზი, სადაც იქნებოდა ცალკე კრივის კუთხე, თორემ მუნიციპალურიც ძალიან კარგად არის მოწყობილი, ჩემი შვილი იქ დადის საცურაოდ.

ალექსანდრე სანაძე

განსხვავება ისაა, რომ მუნიციპალურში მხოლოდ საცურაო აუზი და ჩვეულებრივი ტრენაჟორების დარბაზია. იქ არ არის კრივის ან იოგას ვარჯიშის შესაძლებლობა. ბილბაოში 7 ასეთი მუნიციპალური სპორტული ცენტრია,“ – გვითხრა ალექსანდრე სანაძემ.

ბოლო მონაცემებით, ბილბაოში დაახლოებით 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ალექსანდრე გვიყვება, რომ დაახლოებით 15 წლის წინ, როცა ის სპორტული აქტივობით დაკავდა, 35 ევროდან იწყებოდა ფიტნესდარბაზის ფასი, შემდეგ კი, ქსელური ფისტნესდარბაზების გახსნამ ეს სერვისი გააიაფა:

„მანამდე იყო ცალკეული უბნის ფიტნესდარბაზები. შემდეგ გაჩნდა ქსელური, სადაც გაცილებით კარგი ხარისხის სპორტული ინვენტარი შეიძინეს, ვიდრე მანამდე სხვა დარბაზებს ჰქონდათ – რადგან ერთიანად ყიდულობენ რამდენიმე დარბაზისთვის, როგორც ჩანს, უფრო იაფი გამოსდით.

ახლა უკვე იხდი 20-დან 40 ევრომდე და ამ ფასში ყველაფერი შედის. 40 ევროს მაშინ იხდი, როცა ინსტრუქტორი გყავს, 20 ევროდ კი თავად შეგიძლია ივარჯიშო ნებისმიერი ინვენტარით,“ – აღნიშნა ალექსანდრე სანაძემ „ბათუმელებთან“.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პოპულარულია ქალაქის ღია სივრცეებში მოწყობილი სავარჯიშო მოწყობილობებიც.

„ბევრი კავდება სპორტით… მე არ ვიცი ოჯახი, საიდანაც მინიმუმ ორი წევრი არ დადის ფიტნესზე კვირაში სამი დღე მაინც.

ფიტნესდარბაზი, საცურაო აუზი და სპაც – ასეთი სპორტული ცენტრის მაქსიმალური ფასი 70 – 80 ევროა, თუმცა მნიშვნელოვანია პროპორცია – ხელფასი საქართველოში და აქ. მაგალითად, თბილისში ცხოვრების დროს, რაღაც პერიოდში ჩემი ხელფასი იყო თვეში 1200 ლარი, ფიტნესცენტრი კი, თბილისში, სადაც დავდიოდი, თვეში 180 ლარი ღირდა,“ – შენიშნავს ალექსანდრე.

ალექსანდრე კიდევ ერთ დაკვირვებას გვიზიარებს – ქალაქის ურბანული დაგეგმარება და მწვანე სივრცეები, სადაც ფეხით სიარულის მოტივაცია ბუნებრივად გიჩნდება.

„თბილისში მე და ჩემს მეუღლეს ფეხით სიარულის დროს გამოგვდიოდა საშუალოდ 2 ათასი ნაბიჯის გავლა, ბათუმში ამისთვის მეტი შესაძლებლობაა, თუმცა ბილბაოში სულ სხვა რეალობაა, აქ დღეში დაახლოებით 14 – 16 ათასი ნაბიჯი გამოგვდის – ქალაქი ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალური უპირატესობა აქვთ ფეხით მოსიარულეებს, მათ, ვინც ველოთი გადაადგილდებიან და ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს,“ – გვითხრა ალექსანდრე სანაძემ.

„და კიდევ ერთი,“ – დასძინა ბილბაოს მაგალითზე საუბრის  დროს ალექსანდრემ, – „აქ არ არის არც ერთი სპორტული ცენტრი ადაპტირების გარეშე, ცენტრი აუცილებლად უნდა იყოს მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე, ამის გარეშე ფიტნესდარბაზს უბრალოდ ვერ გახსნი.“

  • „ახლაც პრივილეგიაა საქართველოში საცურაო აუზზე სიარული“ – გერმანიაში მცხოვრები ნათია ვიტი

ნათია ვიტი წლებია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ცხოვრობს, ის 2017 წლიდან ერთ-ერთ სპორტულ ცენტრში დადის, თუმცა მისი დაკვირვებით, ამ ქალაქში ფიტნესდარბაზებს აქ მცხოვრები ადამიანების დაინტერესება უჭირთ.

„იმის მიუხედავად, რომ აშკარად იგრძნობა სპორტის მიმართ დიდი მიზიდულობა,“ – დასძენს ნათია და შემდეგ განმარტავს, რატომაც ხდება ასე მისი აზრით:

„გარეთ დადიან უფრო ფეხით, ან ველოსიპედით გადაადგილდებიან, ტყეებში დადიან და დარბიან ასევე აქტიურად… ჩემი დაკვირვებით, სპორტი იმდენად ინტეგრირებული აქვთ ყოველდღიურობაში, რომ ბევრს არც კი სჭირდება ამისთვის დარბაზში წასვლა,“ – გვიყვება ნათია ვიტი.

მას ზესტაფონში გატარებული ბავშვობაც ახსენდება ამ თემაზე საუბრისას.

ნათია ვიტი

„მე ზესტაფონში გავიზარდე, იქ მხოლოდ ფეროს აუზი იყო ერთი, არ ვიცი, როგორ უნდა მოგცემოდა შესაძლებლობა, რომ იქ გევლო…

სამწუხარო ისაა, რომ დღემდე პრივილეგიაა საქართველოში საცურაო აუზზე სიარული.

ჩემს მეუღლეს, რომელიც გერმანელია, სკოლაში სწავლის დროს უსწავლია ცურვა და ყვინთვაც. გერმანიაში ახლაც სკოლის მოსწავლეები უფასოდ მიჰყავთ საცურაო აუზზე, როცა აქვთ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები. როგორც ვიცი, სკოლებს აქვთ შეთანხმებები ფიტნესდარბაზებთან“, – გვიყვება ნათია ვიტი.

სპორტული ცენტრი, სადაც ნათიას ულიმიტოდ შეუძლია დაკავდეს ფიტნესით, სხვა სპორტული აქტივობით, საუნით, სპა პროცედურებით, ან საცურაო აუზში შევიდეს, თვეში 75 ევრო ღირს.

„ეს ძალიან ძვირადღირებულ სერვისად ითვლება ფრანკფურტში. აქაურები ყველაფერზე ძვირიაო, იძახიან, თუმცა ეს მართლაც ძვირია. ასე ვარჩიე, რადგან არ მინდოდა ცალკე მევლო საცურაო აუზზე.

ზოგადად, ქალაქში 15 – 20 ევროდან შესაძლებელია შეარჩიო ფიტნესდარბაზი, სადაც საცურაო აუზი არ არის.

არსებობს ასევე კონკრეტული ფასდაკლებები, ცალკეული პროგრამები, მაგალითად, შშმ პირებისთვის. ცალკე აუზიც არ არის ძვირი იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში ზოგადად წყალი ძვირია და გადასახადებიც მაღალია,“ – აღნიშნა ნათიამ „ბათუმელებთან“.

ხელმისაწვდომი სპორტული ცენტრი განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისთვის – მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს ქუჩის ალტერნატივად სპორტით დაკავებას აქტიურად სთავაზობენ: სპორტული მოედნებით სარგებლობა, საცურაო აუზები, ფილმების, ლიტერატურის კლუბები.

დასავლეთში ამ პრაქტიკით მიიღეს პოზიტიური სტატისტიკაც, როცა მოზარდების მიერ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა ყველგან, სადაც მათ სახელმწიფომ კარი არ გამოუხურა.

გიჩივლებთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი – ტყვეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცის დედა პუტინს მიმართავს

უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროს დედა, ირინა ჩისტიაკოვა ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს მიმართავს. ის ამბობს, რომ უკრაინელები უკეთ ეპყრობიან მის შვილს, ვიდრე რუსი მეთაურები.

„უკრაინელებს მადლობას ვეტყვი, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს. მე ვთხოვ მათ, რომ ჩემი შვილი დამიბრუნონ, მაგრამ თქვენ კანონით ხართ ვალდებული, ის დამიბრუნოთ. თქვენ ჩემი შვილის უფლებები დაარღვიეთ, ჩემი უფლებებიც დაარღვიეთ და მე აუცილებლად ვუჩივლებ რუსეთის ფედერაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს,“ – ამბობს ირინა ჩისტიაკოვა.

დედამ მხოლოდ ახლახან შეიტყო, რომ მისი შვილი კირილ ჩისტიაკოვი, რომელიც მარტის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, სამხედრო ტყვეა.

„ის ჩემი შვილია და მე მჭირდება, მაგრამ არ სჭირდება პუტინს, არ სჭირდება შოიგუს. ისინი თბილად სხედან. ისინი ხომ სანგრებში არ არიან და არც 8 თვე გაუტარებიათ უკრაინის ციხეში, ნაცისტებთან, როგორც თავად ამბობენ. კითხვა – და რატომაა რომ ნაცისტებისგან ჩვენი ტყვეები ნორმალურ მდგომარეობაში ბრუნდებიან? იქნებ, თქვენ რაღაცას ბოლომდე არ გვეუბნებით და იქ საერთოდ არ არიან ნაცისტები?“

ირინა ჩისტიაკოვა ამ სიტყვებით „სამხედროების დედებისა და ცოლების საბჭოს“ ბრიფინგზე გამოვიდა, მისი ვიდეომიმართვა კი ტელეგრამით გავრცელდა.

„ფარა ვართ? იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები, რომ ვიღაცამ საკუთარი პრობლემები მოიგვაროს… თქვენ აქ შეგიძლიათ დაგვაშინოთ, აღძრათ სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ როდისმე აუცილებლად დადგება განკითხვის დღე და ის თქვენ ყველას შეგეხებათ, თქვენც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! და ნუ დაიჯერებთ, თუ პატრიარქი გეუბნებათ, რომ სიკვდილის წინ სამი წუთი მოინანიებთ და ღმერთი ყველაფერს გაპატიებთ,“ – მიმართავს ჯარისკაცის დედა რუსეთის პრეზიდენტს.

ირინას შვილი კირილ ჩისტიაკოვი სამხედრო სამსახურში 2021 წლის ოქტომბერში გაიწვიეს და ლუგის სამხედრო ნაწილში გაგზავნეს. 2022 წლის თებერვალში კირილი უკრაინაში აღმოჩნდა, ომის დაწყებიდან ერთ თვეში კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

დედა ჯარისკაცს ყველგან ეძებდა – ჩავიდა დონეცკში, მარიუპოლში, ერთი კვირა როსტოვის პროზექტურაშიც კი გაატარა, თუმცა შვილს ვერსად მიაგნო.

ირინა ჩისტიაკოვამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო ცნობა, რომ კირილი უკრაინაში ტყვეობაშია.

მთავარ ფოტოზე: კირილ ჩისტიაკოვი დედასთან, ირინა ჩისტიაკოვასთან ერთად

რა გაკეთდა ბათუმში ომსგამოქცეული უკრაინელებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში საქართველოში 60 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იყო ჩამოსული. ომსგამოქცეული უკრაინელების ნაწილმა აჭარას მოაშურა. ლტოლვილების დაბინავება, მათთვის შესაბამისი სერვისების შექმნა, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხების მოგვარება რეგიონის გამოწვევად იქცა.

სამოქალაქო და სახელისუფლებო სექტორი ერთად ცდილობს, მოაგვაროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც უკრაინელ ლტოლვილებს აჭარაში აქვთ, მაგრამ დღემდე ბევრი საკითხია გადაუჭრელი და მატერიალური თუ სხვა ტიპის დახმარება, არცთუ იშვიათად, ვერ აღწევს ზოგიერთ უკრაინელ ლტოლვილამდე.

ნატალია მიროშნიჩენკო ბათუმში უკრაინის დიასპორის ხელმძღვანელია. ომის დაწყებამდე მისი საქმიანობა ძირითადად უკრაინის ეროვნულ დღესასწაულებზე ღონისძიებების დაგეგმვით შემოიფარგლებოდა. ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნის მიზანი ბათუმში უკრაინელთა მცირერიცხოვანი დიასპორის შეკრება იყო.

გარემოებები შეიცვალა.

24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ბათუმში უკრაინელთა დიასპორის 12 კვადრატული მეტრი ოთახი ახლა ყოველდღე ივსება ომსგამოქცეული ქალებითა და ბავშვებით. დღესასწაულებისთვის აქ აღარავის სცალია. უკრაინელთა ბათუმის დიასპორის ცენტრისთვის ახლა მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის სამოსის, საკვების შეგროვებაა, მათთვის შესაფერისი განწყობის შექმნა და ამისთვის საჭირო გარემოს მოწყობა.

უკრაინის დიასპორის ცენტრი

ნატალია მიროშნიჩენკოს ბაზაში ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვია დარეგისტრირებული, რომლებსაც დიასპორის ცენტრი შესაძლებლობის მიხედვით სთავაზობს სხვადასხვა სერვისს:

„ჩვენ ბათუმის მერიის ბაზაზე ვართ. მაისის თვიდან ვცდილობდით ბავშვების მოგონებები ომზე ოდნავ გაგვენეიტრალებინა და მათთვის ისეთი დღეები მოგვეწყო, რაც ცოტა ხნით მაინც გაახალისებდათ. ბოტანიკურ ბაღში, დელფინარიუმში, აკვარიუმში ჩვენს ბენეფიციარებს შეუძლიათ უსასყიდლოდ იარონ. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი კვირაში ერთხელ უსასყიდლოდ მართავს სპექტაკლებს უკრაინელი ბავშვებისთვის.

ნატალია მიროშნიჩენკო, ბათუმში უკრაინის დიასპორის ცენტრის ხელმძღვანელი

მაისის თვიდან ჩვენთან დარეგისტრირებულ ბავშვებს ასევე შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ყველა იმ სპორტულ ღონისძიებაში, რაც ბათუმის ტერიტორიაზე იმართება.

უკრაინელთა დიასპორის ცენტრში გახსნილია ასევე ინგლისური ენის კურსები როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ცენტრში ბავშვებთან მუშაობს არტთერაპევტი და ფსიქოლოგი.

არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაგვიწია დიდი დახმარება. ორგანიზაციების დასახელების უფლება არ მაქვს. ბევრს მოჰქონდა სამოსი, ტკბილეული, საკანცელარიო ნივთები სკოლის მოსწავლეებისთვის, ერთჯერადად მათგან თითოეულ ბავშვს გადაეცა 100-ლარიანი ვაუჩერები სხვადასხვა მაღაზიაში სასურველი ნივთების შესაძენად“, – ამბობს ნატალია მიროშნიჩენკო.

ბავშვები უკრაინის დიასპორის ცენტრში

მისივე თქმით, ომის დაწყებისთანავე დიასპორის ცენტრს ხშირად მიმართავდნენ ის უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც აჭარაში ვერსად დაბინავდნენ და ღია ცის ქვეშ დარჩნენ. მათგან ნაწილის დაბინავება მოხერხდა, ზოგი ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში გადანაწილდა, ზოგიც ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიფარა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 25 თებერვლიდან პირველ აგვისტომდე, აჭარის მთავრობისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კოორდინაციით, ტურიზმის სექტორის მზარდაჭერით, უკრაინის 1000-მდე მოქალაქე დააბინავეს სასტუმროებში. მომსახურებაში კვებაც შედიოდა.

უკრაინელი ლტოლვილები აჭარაში 22 სასტუმროში გადანაწილდნენ.

ტურიზმის დეპარტამენტი აბინავებდა უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ომის დაწყებამდე, 24 თებერვლამდე, შემოვიდნენ აჭარის რეგიონში ტურისტის სტატუსით და ომის გამო ვეღარ დაბრუნდნენ უკრაინაში.

სასტუმროში დაბინავებიდან 6 თვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მოუწოდა უკრაინელ ლტოლვილებს, დაეტოვებინათ სასტუმროები, სანაცვლოდ კი მათ ყოველთვიურად 300-ლარიან დახმარებას დაჰპირდა. იგულისხმებოდა, რომ ამ ფასად ლტოლვილებს დამოუკიდებლად უნდა მოეძიებინათ საცხოვრისი. თუმცა ბათუმში 2022 წელს ბინის დაქირავების საფასური გაორმაგდა და 300 ლარად ბინის ან თუნდაც ერთი ოთახის დაქირავება კერძო სახლში თითქმის შეუძლებელია.

მთავრობამ მართლაც გამოყო 300-ლარიანი დახმარება უკრაინელი ლტოლვილებისთვის ყოველთვიურად, თუმცა „ბათუმელებმა“ ჩაწერა არაერთი ოჯახი, რომლებმაც დახმარება ვერ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ თავშესაფრის, საკვების, ჯანმრთელობის პრობლემები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ ამ მცირე რესურსსაც.

აჭარაში უკრაინიდან ჩამოსული და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ათასობით ადამიანის დაბინავება სამოქალაქო სექტორმა უზრუნველყო.

უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა გენო თებიძემ გვითხრა, რომ უკრაინის 5000-ზე მეტი მოქალაქე დაბინავდა ცენტრის დახმარებით ბათუმში, აჭარის მუნიციპალიტეტებში და რეგიონის მიმდებარედაც.

ცენტრის მეშვეობით უკრაინის დაახლოებით 6000-მა მოქალაქემ მიიღო პირველადი დახმარების პროდუქტები, მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ომის პირველსავე თვეებში 80 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა უკრაინაში: ძირითადად მოქალაქეების მიერ შეგროვებული მედიკამენტები და საკვები პროდუქტი.

„როცა ლტოლვილთა ნაკადმა დაიწყო შემოსვლა, მახსოვს, როგორ რეკავდნენ საქართველოს მოქალაქეები, ზოგი სასტუმროს სთავაზობდა ლტოლვილებს დროებით თავშესაფრად, ზოგი საკუთარ ბინას, სახლის ერთ ოთახს, სოფლის დაკეტილ სახლს… და ასე დავაბინავეთ ომსგამოქცეული უკრაინის მოქალაქეები.

გენო თებიძე, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი

მაშინ ემოციური ფონი მაღალი იყო, მოსახლეობაც მეტად განიცდიდა ლტოლვილთა მდგომარეობას, მაგრამ მინდა პირდაპირ მივმართო ჩემს თანაქალაქელებს და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებს: ომი გრძელდება, არ დამთავრებულა და ამ ადამიანებს ისევ აქვთ მძიმე, გადაუჭრელი პრობლემები, სჭირდებათ თავშესაფარი, საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი. ეს საჭიროებები უცვლელია“, – ამბობს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი.

ბათუმში ოპოზიციური პარტიების  მიერ დაფუძნებულ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს ორი მისამართი აქვს: ფარნავაზ მეფის ქუჩა №46 და მელიქიშვილის №25, ორივე მისამართზე დღემდე აგროვებენ საკვებ პროდუქტს, ტანსაცმელსა და მედიკამენტებს უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა საავადმყოფოს წარმომადგენლების, სააფთიაქო ქსელების მიერ გაწეული დახმარება.

24 თებერვლის შემდეგ ბათუმში 16 უკრაინელი ბავშვი დაიბადა. მშობელთა კონსულტაციებისა და  მშობიარობის სრული ხარჯები უფასო იყო. ამ სერვისს სხვადასხვა კლინიკა სთავაზობდა უკრაინელ დედებს.

ომის პირველ თვეებში „ავერსის“, „ბათფარმასა“ და „დოიჩეფარმას“ აფთიაქები გასცემდნენ ვაუჩერებს მედიკამენტებზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი და დროული დახმარება იყო.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, გენო თებიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას შეეძლო მეტი რესურსი გაეღო უკრაინელ ლტოლვილთა დასახმარებლად, რაც მხოლოდ საბიუჯეტო თანხის გამოყოფას არ გულისხმობს.

„გასაგებია, რომ ჩვენი ქვეყნის მწირი ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავეხმაროთ  ლტოლვილებს ისე, როგორც გვსურს. გასაგებია, რომ 300 ათასზე მეტი საკუთარი ლტოლვილი გვყავს ქვეყანაში, მაგრამ სახელისუფლებო სტრუქტურებს შეეძლოთ კავშირი დაემყარებინათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც აუცილებლად გაიღებდნენ საკუთარ რესურსს საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად“, – ამბობს გენო თებიძე.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ ბევრი მარტოხელა დედაა უკრაინიდან ჩამოსული შვილებით, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, შვილები დატოვონ ვინმესთან, მუშაობა რომ შეძლონ.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ფონდმა „ალილომ“ 60-ზე მეტი ბავშვი ჩამოიყვანა უკრაინიდან, მათ შორის, მეომართა შვილები, რომლებიც რუსულ ბომბებს სარდაფებში ემალებოდნენ. ბავშვებმა სარეაბილიტაციო პერიოდი საქართველოში გაიარეს.

„თიბისი ბანკმა“ გამოყო ასევე თანხა, რაც პროდუქტებს, მედიკამენტებს მოხმარდა და ლტოლვილებზე გადანაწილდა.

სასწავლო წლის დასაწყისში დიდი პრობლემა იყო უკრაინელი მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა. 2022 წლის მაისის თვიდან ბათუმის მე-7 და მე-3 სკოლებში უკრაინული სექტორები გაიხსნა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. 2022 წლის სექტემბრიდან აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი მოსწავლისთვის გამოყო სასწავლო სივრცე.

კონკურსის წესით მოიძიეს 31 უკრაინელი მასწავლებელი, კოორდინატორი და ფსიქოლოგი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში კერძო და საჯარო სკოლებში სულ 1200 უკრაინელი ბავშვი სწავლობს.

უკრაინელი ბავშვების კლასი ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში

ბათუმში ტარდება ასევე ქართული ენის კურსები 50 უკრაინელი ბავშვისთვის.

ახლახან, ნოემბრის ბოლოს, დასრულდა უკრაინის ზრდასრული მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი რამდენიმეთვიანი კურსი.

ქართული ენის სასწავლო კურსში უკრაინის 500-ზე მეტი მოქალაქე იქნება ჩართული. ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ პროექტის ფარგლებში: „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის“ და „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ თანამშრომლობით.

ქართული ენის გაკვეთილი უკრაინის ზრდასრული მოქალაქეებისთვის

გემის ბორტიდან გადავარდნილმა კაცმა 15 საათზე მეტხანს იცურა და გადარჩა

28 წლის კაცი დასთან ერთად საკრუიზო ლაინერით Carnival Valor რიო დე ჟანეიროს დობლესტის კარნავალზე მიემგზავრებოდა. დის მონათხრობის მიხედვით, ის საპირფარეშოში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მომხდარის შესახებ დაკარგული მგზავრის დამ ეკიპაჟს შეატყობინა. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

ლაინერი უკან დაბრუნდა დაკარგული მგზავრის მოსაძებნად, თუმცა გემის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრი ვერ იპოვეს.

უშედეგოდ ძებნის შემდეგ მგზავრის დაკარგვის შესახებ სანაპირო დაცვის სამსახურს აცნობეს, რის შემდეგაც საჰაერო და საზღვაო ეკიპაჟების ჯგუფებმა დაიწყეს დაკარგული კაცის ძებნა. გარდა ამისა, მექსიკის ყურეში მცურავ ყველა გემს შეატყობინეს, რომ განგაში იყო გამოცხადებული და კაცს ეძებდნენ.

ყურეში მცურავი გემების ეკიპაჟების ინფორმირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სამძებრო-სამაშველო კატერებს შეუძლებელია დაეფარათ საჭირო დროში მექსიკის ყურის ყველა ნაწილი.

დაკარგული კაცი ხომალდ „კრინისის“ ეკიპაჟმა შენიშნა 20 მილის მოშორებით, ლუიზიანას სანაპიროს სიახლოვეს. ამის შემდეგ ახალი ორლეანიდან სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაფრინდა ეკიპაჟის მიერ მითითებულ ადგილზე.

კაცი იპოვეს და ვერტმფრენის ბორტზე აიყვანეს, ის კონტაქტური იყო და საკუთარი სახელი და გვარიც დაასახელა, დაადასტურა, რომ ნამდვილად ის მგზავრი იყო, ვინც საკრუიზო ლაინერის ბორტიდან გადავარდა. კაცს გადაცივებისა და შოკის ნიშნები ჰქონდა, თუმცა შეეძლო სიარული და საუბარი.

გადარჩენილი მგზავრი ახალი ორლეანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ჯიხვის მოკვლისთვის 2 ბრაკონიერი დააკავეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი.

„ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში ერთობლივად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი.

დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება და ისჯება კანონის შესაბამისად“ – წერს სააგენტო.

2004 წლისთვის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვების რაოდენობა 180-ს შეადგენდა, თუმცა აქ ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა.

საქართველოში გავრცელებულია ჯიხვის ორი სახეობა – დასავლეთ-კავკასიური (Capra caucasica) და აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis). ორივე სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

_______________

ფოტოზე: ჯიხვი. კადრი: ზუკა გურგენიძე/დაცული ტერიტორიების სააგენტო

რა არის ცხვირის მუდმივად გაჭედვის მიზეზი და რატომ არის საშიში წვეთების ხშირი გამოყენება

ცხვირის გაჭედვის მიზეზი ცხვირის ქსოვილების გაღიზიანება ან ანთებაა, რომელიც სხვადასხვა გამაღიზიანებლით შეიძლება იყოს გამოწვეული. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ვირუსული ან ალერგიული წარმოშობის, რაც შედარებით მოკლე დროში ლაგდება, თუმცა ისეც ხდება, რომ ცხვირის გაჭედვა ხანგრძლივდება. სწორედ ამ მიზეზებსა და მათი თვითნებური მკურნალობის სახიფათო შედეგებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოტორინოლარინგოლოგს, ბესიკ კოკობინაძეს.

  • ბატონო ბესიკ, რა შეიძლება იყოს ცხვირით სუნთქვის ხანგრძლივად გაძნელების ყველაზე ხშირი მიზეზები?

ბავშვთა ასაკში ამის ძირითადი მიზეზი ადენოიდებისა და ნუშურების ჰიპერტროფიაა [გადიდება]. ზრდასრულ ასაკში კი ძირითადი მიზეზებია: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია, ვაზომოტორული რინიტი, ქრონიკული რინიტი, სხვადასხვა ალერგიული რინიტი, მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, ასევე ცხვირის პოლიპოზი (ანუ პოლიპების არსებობა ცხვირის ღრუში).

ცხვირით სუნთქვის ხანგრძლივად გაძნელების ყველაზე ხშირი მიზეზი მოზრდილთა ასაკში ცხვირის ძგიდის გამრუდებაა. როგორც წესი, ძგიდის ამა თუ იმ ხარისხის გამრუდება თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება, თუმცა გააჩნია გამრუდების ხარისხს და ლოკალიზაციას.

ძგიდის გამრუდება ყველა შემთხვევაში სუნთქვის გაძნელებას არ იწვევს. ცხვირის ძგიდის გამრუდების მთავარი მიზეზი მექანიკური ტრავმაა.

ასევე, საკმაოდ ხშირია ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია [მათი ძვლის ან ლორწოვანის გადიდება], მით უმეტეს აჭარაში, ნესტიან პირობებში. ცხვირში არსებობს ე.წ. ქვემო, შუა და ზედა ნიჟარები. ქვემო ნიჟარები არის რბილქსოვილოვანი, ღრუბლოვანი ქსოვილებია შიგ, რომელსაც ფიზიოლოგიური თვისებაც აქვს, რომ სისხლის ძლიერად მოდინებისას პერიოდულად გაიბეროს, რაც შესაბამისად ავიწროებს ცხვირის გასავალ, ჰაერის გამტარ გზებს. როცა ამ ნიჟარების ხშირი გაღიზიანება/გადიდება ხდება სხვადასხვა ალერგიული მიზეზით თუ გაციებით, შემდგომში ეს იწვევს ამ ნიჟარების მყარად გაზრდას, ანუ ხდება ნიჟარის ქსოვილის ჰიპერტროფია და ვითარდება ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება. ნიჟარის ჰიპერტროფია შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის რინიტმა (სურდომ).

ხშირად მიზეზი ხდება ცხვირის წვეთების ხანგრძლივად გამოყენებაც.

ფიზიოლოგიურად ცხვირის ორივე ნესტო არასოდეს სუნთქავს ერთნაირად, პერიოდულად ხან ერთი ნესტო ატარებს ჰაერს კარგად, მეორე – ნაკლებად და ასე მონაცვლეობენ.

  • რატომ არის სახიფათო ცხვირის წვეთების თვითნებური გამოყენება ხანგრძლივად?

საქმე ის არის, რომ ცხვირის წვეთები, როგორც წესი, მოქმედებს ადგილობრივად, ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვებზე. ეს სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებებია. ხანგრძლივად გამოყენების შედეგად შეიძლება მან ორგანიზმში სხვა სისხლძარღვებზეც იმოქმედოს, ეს შეიძლება არტერიული წნევის – ჰიპერტონიული დაავადების მიზეზიც გახდეს.

ცხვირის წვეთების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში პაციენტი ხდება დამოკიდებული, უკვე ვეღარ სუნთქავს წვეთების გარეშე და შესაძლოა ოპერაციული ჩარევის საკითხიც დადგეს. თუ პაციენტი ამ საშუალებებს იყენებს ორი თვე და მეტი ხნით, უკვე დამოკიდებულებად მიიჩნევა.

პაციენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად მოერიდონ ცხვირის გამხსნელი წვეთების ხანგრძლივად გამოყენებას, მაქსიმუმ მოიხმარონ 6-7 დღე, რათა ხელი არ შეუწყონ ჰიპერტროფიული რინიტის ანუ ნიჟარების ჰიპერტროფიის განვითარებას და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცხვირიდან სუნთქვის ხანგრძლივად გაძნელებას?

ცხვირით სუნთქვის გაძნელება და მის ნაცვლად ღია პირით სუნთქვა განსაკუთრებით საშიშია ბავშვთა ასაკში. ეს შეიძლება გახდეს ისეთი სერიოზული პრობლემების მიზეზი, როგორიცაა სახის ძვლების არასწორი განვითარება, ხშირად ირღვევა თანკბილვა, შეიძლება განვითარდეს სმენის პრობლემები. ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასაც კი, ამიტომ ბავშვთა ასაკში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ცხვირით თავისუფალი სუნთქვა.

მოზრდილებში ცხვირით სუნთქვის გაძნელება შეიძლება გახდეს სინუსიტის [ანთებითი ხასიათის პროცესი], შუა ყურის ანთების განვითარების და ყურში სითხის დაგროვების მიზეზი.

ქრონიკულად მიმდინარე სინუსიტი დიდ დისკომფორტს წარმოადგენს პაციენტისთვის – ახასიათებს მუდმივი გამონადენი ცხვირიდან, პერიოდულად თავის ტკივილი, საერთო სისუსტე. ზოგჯერ, თუ შორსწასულია პრობლემა, კონსერვატიულ მკურნალობასაც აღარ ექვემდებარება და შესაძლოა დანამატ წიაღებზე ოპერაციული მკურნალობის საკითხიც დადგეს. ქრონიკულია სინუსიტი, თუ, მკურნალობის მიუხედავად, პრობლემა სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება.

სახის არეში, ცხვირის ირგვლივ, განლაგებულია ცხვირთან დაკავშირებული დანამატი ოთხი ღრუ – ზედა ყბის ძვლის, შუბლის ძვლის, ასევე ძირითადი ძვლის და ეთმოიდური, ეს წიაღები ცხვირთან დაკავშირებულია სავალებით. ხანგრძლივი სურდოს ანუ ცხვირის გაჭედვის დროს, ანთებითი პროცესი ცხვირის ღრუდან გადადის ამ დანამატ წიაღებში, შესაბამისად ვითარდება რომელიმე ერთი წიაღის ანთება. ყველაზე ხშირია ჰაიმორის ღრუს ანუ ზედა ყბის წიაღის ანთება, რომელიც ასევე ცნობილია ჰაიმორიტის დიაგნოზით.

ასევე, არის ფრონტალური წიაღის, ანუ შუბლის წიაღის ანთება – ფრონტიტი. შეიძლება ერთდროულად განვითარდეს სხვადასხვა წიაღის ანთება. ეს უფრო რთული დაავადებაა რინიტისგან განსხვავებით და ხშირად სჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია, გამოიყენება სხვადასხვა ადგილობრივი მკურნალობა, გამორეცხვა.

რინიტი (სურდო) შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე რინიტი ძირითადად გაციების დროს ვითარდება, ქრონიკული რინიტი კი ხშირი გაციების შედეგად ყალიბდება. ქრონიკულად მიიჩნევა რინიტი, როდესაც ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება მწვავე პროცესი – ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა.

  • სხვა რა ნიშნები ახლავს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას?

ხანგრძლივად სუნთქვის გაძნელება ორგანიზმში იწვევს ჟანგბადის უკმარისობას, რა დროსაც თავის ტვინს არასაკმარისი ჟანგბადი მიეწოდება. ამ დროს პაციენტებს აღენიშნებათ თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, გაბრუება, ეს არტერიული წნევის მატების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ასევე, მათ ხშირად აღენიშნებათ გამონადენი ცხვირიდან, ცხვირ-ხახიდან ყელში ჩანადენი, ვითარდება ყელის სიმშრალე. თუ ხშირია ცხვირიდან ჩანადენი ყელში, შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული ხველაც.

  • დიაგნოსტიკის რა მეთოდები გამოიყენება?

დიაგნოზისთვის ანამნეზის შეგროვების შემდეგ გამოიყენება რინოსკოპია, რა დროსაც სპეციალური ხელსაწყოებით ხორციელდება ცხვირის ღრუს დათვალიერება, ცხვირში პათოლოგიური პროცესების არსებობის დასადგენად. თუ ეჭვი არის სინუსიტზე, ტარდება ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია ან დგება კომპიუტერული ტომოგრაფიის საჭიროება.

რაც შეეხება მკურნალობას, იწყება მედიკამენტური მკურნალობით, არაეფექტურობის შემთხვევაში კი დგება ქირურგიული მკურნალობის საკითხი. როცა არის ცხვირის ძგიდის გამოხატული გამრუდება, რაც სუნთქვის გაძნელების მიზეზი ხდება, განიხილება მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა.

ცხედრებით სავსე ორმოსთან მკითხეს: გინდა ამათთან? – როგორ გადაურჩა 45 წლის ხერსონელი ФСБ-ს

როდესაც თვალებიდან წითელი ნაჭერი მოხსნეს, იგორი უზარმაზარი ორმოს წინ იდგა.

ცხედრებს მიწა ჰქონდათ მიყრილი, თუმცა აქა-იქ მაინც ხედავდა სხეულის ნაწილებს – თავებს, ხელებს, ფეხებს.

„გინდა ამათთან?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა სამხედრომ.

ყოფილი ჟურნალისტი იგორ ბონდარენკო რუსებმა მაშინ შეიპყრეს, როდესაც ყირიმის გავლით ოკუპირებული ხერსონის დატოვებას ცდილობდა. 45 წლის იგორს 15 დღე სცემდნენ, აშიმშილებდნენ და აწამებდნენ.

ის თავის ისტორიას გამოცემა Hromadske-ს უყვება.

გატაცება

იგორმა პროფესია დიდი ხნის წინ შეიცვალა, პოლონეთში მძღოლად მუშაობდა. ხერსონში შვებულების გასატარებლად დაბრუნდა, 31 იანვარს. როდესაც ომის პირველი დღეებში რუსებმა ქალაქი დაიკავეს, მიხვდა, ხერსონიდან გასვლა გაუჭირდებოდა, ამიტომ ადგილობრივი „მემარჯვენე სექტორის“ საინფორმაციო პორტალებისთვის მოხალისედ მუშაობა დაიწყო.

„ვიცოდი, მეძებდნენ, მთლად ისე გულმოდგინედ არა, როგორც სხვებს, მაგრამ მაინც. ზოგიერთ სამხედროსთან ჯერ კიდევ ვინარჩუნებდი კავშირს, გარკვეულ ინფორმაციას ვაწვდიდი კოლაბორაციონისტებზე, ვეხმარებოდი ადამიანებს, ვინც იმალებოდა,“ – იხსენებს იგორი, რომელიც ოკუპაციის შემდეგ ძირითადად სახლში იჯდა, გარეთ ნაკლებად გადიოდა ან თუ გადიოდა, ისეთ მარშრუტებს ირჩევდა, რომლებზეც რუსები არ იქნებოდნენ.

ასე იცხოვრა ხერსონში 10 აგვისტომდე და ბოლოს ქალაქის დატოვება გადაწყვიტა. კალანჩაკის საგუშაგოზე რუსეთის სპეცსამსახურებმა გააჩერეს და ტელეფონში უპოვეს მიმოწერა ისეთ ადამიანებთან, ვისაც ФСБ ეძებდა.

ის დღე საგუშაგოზე გაატარა. მეორე დილას ხელები გადაუგრიხეს, თავზე წითელი ნაჭერი ჩამოაცვეს, წებოვანი ლენტი შემოაკრეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მგზავრობის დროს იგორი ავტომობილში ჩართული სიმღერების მიხედვით ითვლიდა – 13 სიმღერა – დაახლოებით 40-45 წუთი.

როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდნენ და ნაჭერი მოხსნეს, იგორი უზარმაზარი ორმოს წინ იდგა. ორმოში ცხედრები ეყარა. მიწა ჰქონდათ მიყრილი, თუმცა აქა-იქ მაინც ხედავდა სხეულის ნაწილებს – თავებს, ხელებს, ფეხებს.

გვერდით ორი მსგავსი თხრილი უკვე ამოევსოთ მიწით.

„გინდა ამათთან?“

„არა“ – უპასუხა იგორმა და ზურგს უკან გასროლის ხმა გაიგონა. მერე ბეჭებში ჩაარტყეს ძლიერად. იგორი წაიქცა.

„კიდევ კარგი ამან მაინც არ ჩაი**ვა,“ – თქვა სიცილით ერთ-ერთმა სამხედრომ.

იგორს ისევ ჩამოაცვეს წითელი ნაჭერი და კიდევ დაახლოებით 30 წუთი მიდიოდნენ იმ ადგილამდე, სადაც ყოფილ ჟურნალისტს 15 დღე უნდა გაეტარებინა.

ტყვეობა

საკანში მარტო იყო. თავზე ისევ ის წითელი ნაჭერი ჰქონდა ჩამოცმული. ბორკილებით ღუმელზე მიაბეს და გააფრთხილეს: „თავიდან ამას მოიხსნი – დაგხვრეტთ. იხმაურებ – დაგხვრეტთ“.

რამდენიმე დღე ასე ღუმელზე მიბმული იწვა. ხან ეჩვენებოდა, რომ სამი დღე გავიდა, ხან – ხუთი. საჭმელი არ მიუტანიათ, მხოლოდ პლასტმასის ბოთლი დაუდგეს ტუალეტის შემცვლელად.

დღისით მიდიოდა კაცი, რომელმაც თავი „ФСБ-ს ოფიცრად“ წარუდგინა, ღამით კი ის, ვისაც იგორი „ჯალათს“ უწოდებს.

„იცით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებისთვის აწამებენ. ფულს რომც არ უხდიდნენ, ალბათ, მოხალისეობრივად გააკეთებდნენ ამას,“ – ახასიათებს იგორი თავის „ჯალათს“.

პირველი ორი ღამე ის იგორს ელექტროშოკით სცემდა და დროდადრო ელექტროშოკს ყურთან ახლოს მიჰქონდა, ტყვეს მისი ხმა კარგად რომ გაეგონა. როდესაც ფეხებით ცემას იწყებდა, იგორი კუთხეში მოიკუნტებოდა ხოლმე, რომ როგორმე თავი და შინაგანი ორგანოები დაზიანებისგან გადაერჩინა.

„თავიდანვე ვუთხარი თავს – ისინი აუცილებლად გაგტეხენ, ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვიღაც ტყდება ერთ დღეში, ვიღაც ერთ კვირაში, მაგრამ როგორი მტკიცეც გინდა იყო ადამიანი, ოდესღაც აუცილებლად გატყდება, ეს მხოლოდ კინოშია, ვითომ ბოლომდე რომ უძლებენ. სულერთია, მეც გავტყდები, უბრალოდ, იქნებ ისე მოვახერხო, რომ გავტყდე ჩემი პირობებით,“ – იხსენებს იგორი და ჰყვება, რომ იმ დღეების განმავლობაში თავში ათას ლეგენდას ამუშავებდა. იმეორებდა, რაც უკვე ნათქვამი ჰქონდა რუსებისთვის და ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა თავისი ისტორია.

იგორი რუსებს ეუბნებოდა, რომ ის ადრე რუსულენოვან ჟურნალისტად და მსახიობად მუშაობდა, თუმცა მერე უკრაინულ ენაზე მუშაობა მოსთხოვეს, ამის გამო სამსახური დაკარგა და მძღოლობა დაიწყო. მოიგონა, რომ უკრაინული არ იცოდა და საერთოდაც, უკრაინის ხელისუფლების მოწინააღმდეგე იყო.

15 აგვისტოს ბორკილები მოხსნეს და გამოუცხადეს, რომ რუსებისთვის უნდა ემუშავა ჟურნალისტად.

„მაგ საქმეს დიდი ხანია შევეშვი ამხანაგო უფროსო,“ – უპასუხა იგორმა. – „მაპატიეთ, მაგრამ უბრალო მძღოლი ვარ“.

„დაჯექი და კიდე ერთი ორი დღე იფიქრე. ორმო ხომ გახსოვს?“ – ჰკითხა კაპიტანმა, რომელსაც რუსები ხან პეტროვიჩს, ხან „ფენიქსს“ ეძახდნენ და ისევ ღუმელზე მიაბა.

მეორე დღეს იგორი თანამშრომლობას დათანხმდა, თუმცა ადექიო, რომ უთხრეს, ისე იყო ნაცემი, ვერ წამოდგა და ოთახში ოთხით გახოხდა.

თანამშრომლობა

იგორს ФСБ-ს კაპიტანმა მოუთხრო, როგორ გამოჰყავდა უკრაინას მებრძოლი კოღოები ბიოლაბორატორიაში, როგორ აპირებდა 8 მარტს რუსეთზე თავდასხმას და დაავალა, ტელეგრამზე პრორუსული პატრიოტული არხი შეექმნა.

ტელეფონი დაუბრუნეს, პლანშეტიც მისცეს. სწორედ ამის შემდეგ გაარკვია იგორმა, რომ ხერსონის ოლქის ქალაქ სკადოვსკში იმყოფებოდა, დელფინარიუმთან ახლოს.

პირველ რიგში ოჯახს მისწერა – „ზღვაზე ვარ, ვისვენებ“ და ტელეგრამში ჯგუფის შექმნაზე ზრუნვა დაიწყო.

„სექტემბრისთვის ჯგუფში სამი „მემარჯვენე“ მეგობარი, და, ცოლი, ორი „ფეესბეშნიკი“ და 1600 ბოტი მყავდა,“ – იხსენებს იგორი, რომელიც 25 აგვისტოს გაათავისუფლეს, თუმცა ხერსონში დარჩენა და ტელეგრამში მუშაობის გაგრძელება უბრძანეს.

მანამდე რუსული დროშის ფონზე დააყენეს და ჩააწერინეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ის „თანხმობას აცხადებდა ეთანამშრომლა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან ტერორისტებთან და ბანდიტებთან ბრძოლაში“.

დროდადრო ФСБ-ს ფოტოებს უგზავნიდა იმის დასტურად, რომ ნამდვილად ხერსონში იმყოფებოდა. სელფებს ქალაქის ნაცნობი ადგილების ფონზე იღებდა.

კურატორს მხოლოდ ერთხელ შეხვდა – 2 სექტემბერს. ის ახალგაზრდა 25-30 წლის კაცი იყო და გუსტავად გაეცნო.

„ალბათ, რომელიმე გენერლის შვილი იყო და 23 თებერვალს დისკოთეკიდან გამოიყვანეს. ეტყობოდა, რომ სულ არ უნდოდა ხერსონში ყოფნა, ერჩივნა მოსკოვში ან პიტერში ყოფილიყო, დაელია, მოეწია და ქალებს შეხვედროდა. თვითონ არ იცოდა, რას აკეთებდა აქ“.

იგორი იხსენებს, რომ უკვე სექტემბერში მიხვდა, რუსებს მისთვის აღარ სცხელოდათ, რადგან უკრაინელთა კონტრშეტევის გამო ხერსონში მათი დარჩენა საეჭვო ხდებოდა.

„მე გამიმართლა, მათთან ძალიან გვიან მოვხვდი. ადრე რომ დავეჭირე, ყველაფერი ბევრად რთულად იქნებოდა,“ – ამბობს იგორი, რომელიც Hromadske-ს თავისი ამბის მოსაყოლად გათავისუფლებული ხერსონის ცენტრში შეხვდა.

ტყის სოციალური ჭრის გაუქმების ვადა 2026 წლის იანვრამდე გადაიწევს

დღეს, 30 ნოემბერს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კომიტეტის ინფორმაციით, ტყის კოდექსის წარმოდგენილი ვერსია სოციალური ჭრის გაუქმების გადავადებას ითვალისწინებს.

„2026 წლის 1-ელ იანვრამდე კვლავ იმოქმედებს ის წესები, რაც საშეშე-მერქნული რესურსის დამზადებასთან მიმართებით დღეს არსებობს.

კერძოდ, ბილეთის საფუძველზე მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეეძლებათ საშეშე მერქნის დამზადება ტყის ტერიტორიაზე, რაც ბარში 7 კუბური მეტრი, მაღალ მთაში 15 კუბური მეტრის ოდენობით არის კომლზე გამოყოფილი.

ხოლო 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ტყის მართვის ორგანო – სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს საშეშე მერქნის დამზადებას, საქმიან ეზოებში განთავსებას და შესაბამისად მის ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისათვის სათბობი თუ სამასალე მიზნებისათვის“, – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

მისივე ინფორმაციით, გადავადების მიზეზი არის ის, რომ სატყეო სააგენტოს დამატებით სჭირდება ვადა, რათა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოაწყოს „საქმიანი ეზოები, შეიძინოს ტექნიკა-აღჭურვილობა, გაძლიერდეს ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ შეუფერხებლად განახორციელოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები“.

კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

გოგონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ბოლო 3 წელიწადში

კვლევა, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 30 ნოემბერს, გაიმართა, საქართველოში ბავშვთა ქორწინებასა და ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრაქტიკას შეეხება.

კვლევის მიხედვით, 2020 წელს არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილ 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს – 212 საქმეზე, ხოლო 2022 წლის 6 თვეში (1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) – დაახლოებით 61 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

კვლევის მიხედვით, შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ბავშვთა ქორწინების საკითხებზე ოფიციალურ ცალკე სტატისტიკას არ აწარმოებს.

თუმცა, როგორც კვლევაში წერია, სხვადასხვა პერიოდში, მათ შორის, 2020 წლის ჩათვლით, შსს ამუშავებდა და აქვეყნებდა მონაცემებს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შესახებ, რომლებიც არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით იყო ჩადენილი.

2020 წელს აღნიშნული დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ, გასულ წელს – 67 პირის მიმართ, ხოლო 2022 წელს, 6 თვეში – 44 პირის მიმართ.

  • სექსუალური ხასიათის დანაშაულს რა ვადაში ატყობინებენ სამართალდამცავებს

19 შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებას ინფორმაცია მიეწოდა 1 თვიდან 1 წლამდე ვადაში (უმეტესად, 5-9 თვის პერიოდში), 10 შემთხვევაში – გამოიკვეთა ფაქტის ჩადენიდან ერთ თვემდე, 15 შემთხვევაში კი იმავე დღეს მიმართეს პოლიციას.

„არსებული სტატისტიკა, მათ შორის, შეტყობინების სუბიექტთა ვინაობა მიუთითებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ძირითადად მაშინ მიეწოდებათ, როდესაც ორსულობის გამო არასრულწლოვანი გოგო მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ან მშობიარობის შემდეგ, როდესაც ბავშვი იბადება“, – ნათქვამია კვლევაში.

სამართალდამცავი უწყებების რეაგირება შეტყობინებაზე კი ასეთია:

32 შემთხვევაში გამოძიება დაიწყო მიმართვის დღესვე, 3 შემთხვევაში – მიმართვიდან მეორე დღეს, 7 შემთხვევაში – ერთი კვირის შემდეგ, 2 შემთხვევაში გამოძიება დაიწყო ერთი თვის შემდეგ.

„საქმეთა შესწავლამ გამოავლინა, რომ ამ კატეგორიის დანაშაულზე დაზარალებულები მხოლოდ არასრულწლოვანი გოგოები იყვნენ, რომელთა უმეტესობა 17 შემთხვევაში ეთნიკურად ქართველი იყო, 9 შემთხვევაში სავარაუდო დაზარალებული იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ერთ შემთხვევაში – ეთნიკურად სომეხი“, – წერია კვლევაში.

დამნაშავეთა ეთნიკური კუთვნილებაც თითქმის იდენტურია.

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 27 საქმეზე. აქედან, 24 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 3 საქმეზე – ნაწილობრივ გამამტყუნებელი. 23 შემთხვევაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

  • ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝ ᲐᲦᲙᲕᲔᲗᲐ

18 შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შესახებ სამართალდამცავ უწყებას იმავე დღესვე აცნობეს, ორ შემთხვევაში მეორე დღეს შეატყობინეს პოლიციას, ერთ შემთხვევაში კი – ერთი კვირის შემდეგ.

სისხლის სამართლის 9 საქმიდან 3 შემთხვევაში თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას.

„ამ დანაშაულის ჩადენა უმეტესად ხდება ჯგუფურად, რამდენიმე პირის მონაწილეობით, რომლებიც არიან სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრები, მაგალითად, ბრალდებულის დედა, ნათესავები, ბიცოლა ან მეგობრები.

დანაშაულში მონაწილე ქალები ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდნენ არასრულწლოვანზე შემდეგი ფრაზებით: „მეც შენსავით გავთხოვდი“, „ხომ იცი, ეს ჩვენი ტრადიციაა, ახლა არ გიყვარს, შემდეგ შეგიყვარდება“, „ახლა უკვე ვერაფერს შეცვლი, უკვე მოტაცებული ხარ, ხომ იცი, რა გელოდება, თუ არ დარჩები“ და სხვა. ზემოქმედებას იმისთვის მიმართავდნენ, რომ გოგონას არ მიემართა პოლიციისთვის.

რაც შეეხება დაზარალებულთა ეროვნებას, 8 შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგო იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო 1 შემთხვევაში – ეთნიკურად ქართველი. ეთნიკურობასთან დაკავშირებით ანალოგიური განაწილება იყო ბრალდებულებთან მიმართებითაც“.

ცხრა საქმიდან 7 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ორ შემთხვევაში ნაწილობრივ მოხდა პირის მსჯავრდება წარდგენილ ბრალდებაში. ერთ შემთხვევაში ბრალდებული გამართლდა გაუპატიურების (სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის) ნაწილში, მეორე შემთხვევაში კი ქმედება გადაკვალიფიცირდა გაუპატიურებიდან (სსკ-ის 137-ე მუხლიდან) თექვსმეტ წელს მიუღწეველთან თანხმობით ჩადენილი სქესობრივი კავშირის დამყარებაზე (სსკ-ის 140-ე მუხლზე).

საქმეთა უმეტესობაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება (5 საქმე), ხოლო 4 საქმე არსებითად განიხილეს“.

  • ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲘᲫᲣᲚᲔᲑᲐ

„ქორწინების იძულების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. 2 შემთხვევაში დაზარალებული იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო 1 შემთხვევაში – ეთნიკურად სომეხი.

სამივე საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, აქედან ერთ საქმეზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო ორი საქმე არსებითად იქნა განხილული. თუმცა სამივე შემთხვევაში სასამართლომ სასჯელის სახედ პირობითი მსჯავრი გამოიყენა“.

კვლევის მიხედვით, გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი გოგო თვეების განმავლობაში იმყოფებოდა აღრიცხვაზე სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია მხოლოდ მისი შვილის დაბადების შემდეგ მიაწოდეს.

„ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც გამოძიება არასრულწლოვანი გოგოს დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო შვილის მიმართ დედამთილის მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ 15 წლის არასრულწლოვანი იყო ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, რომლის შესახებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო საავადმყოფოს ორი ექიმისთვის – გინეკოლოგებისთვის, რომლებსაც ამის თაობაზე არ შეუტყობინებიათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

დაზარალებულის განმარტებით, გინეკოლოგებმა მას ისიც კი ურჩიეს, თუ როგორ დაეცვა თავი ორსულობისგან, ვინაიდან 15 წლის იყო და მშობიარობა გაუჭირდებოდა.

ექიმებმა გამოკითხვის დროს განმარტეს, რომ მათთან დაზარალებული მისული იყო მენსტრუაციული ციკლის დარღვევის გამო და არ იცოდნენ, რომ მას, შესაძლოა, სქესობრივი კავშირი ჰქონოდა.

ექიმების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ცალკე წარმოებად გამოეყო საქმე.“

  • რა დარღვევები იკვეთება არასრულწლოვანთა დაკითხვის საქმეებში

კვლევის მიხედვით, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოქმების შესწავლისას გამოიკვეთა დისკრიმინაციული, არარელევანტური და სტერეოტიპული შეკითხვების დასმის პრაქტიკა.

კერძოდ, შემდეგი შინაარსის კითხვების დასმის ტენდენცია: „იყავით თუ არა ქალიშვილი?“, „აქამდე გქონიათ თუ არა სქესობრივი კავშირი ვინმესთან?“, „თანახმა ხართ ჩაგიტარდეთ ექსპერტიზა საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის მიზნით?“, „იყო თუ არა „X” თქვენი პირველი მამაკაცი?“, „გყავდათ თუ არა სხვა პარტნიორი იქამდე?“, „რამდენჯერ გქონდათ სქესობრივი კავშირი?“ და სხვა.

„არასრულწლოვანი გოგოები გამოკითხვისას ასევე უთითებდნენ გარემოებებზე, რომლებშიც ჩანდა მათი განცდები და წუხილები ქორწინების იძულებისა და მოტაცების პრაქტიკასთან დაკავშირებით“.

კვლევაში მოყვანილია ამის მაგალითიც, რაზეც საკუთარი სახლის ეზოდან გატაცებული 15 წლის დაზარალებული გამოკითხვის ოქმში განმარტავს: „გთხოვთ, დამიცავით მე და ჩემნაირი გოგონები ასეთი ძალადობისგან და გათხოვების დაძალებისგან, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, მე არ ვარ ნივთი, რომელსაც მაშინ აიღებენ და წაათრევენ, როცა მოუნდებათ და თან დასცინებენ იმის გამო, რომ შეძლო ხმის ამოღება და თავის დაცვა“.

კიდევ ერთ საქმეში გატაცებული არასრულწლოვნის 7 წლის ძმა, რომელიც შეესწრო დის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს, ჩვენებაში განმარტავს: „როცა დიდი გავიზრდები, ძალიან მაგარი ვიქნები და ჩემს დას დავიცავ, რომ არავინ წაიყვანოს და სცემოს. გუშინ რომ ძალით წაიყვანეს, მე ძალიან შემეშინდა და ძალიან შემეცოდა, რომ მას ვერ მივეხმარე“.

კიდევ ერთი დაზარალებული არასრულწლოვნის ჩვენებაში ვკითხულობთ: „მინდა, სოფელში შეიცვალოს მიდგომები, გოგოებს არ ეკითხებოდნენ, როდის თხოვდებიან და არ ხდებოდეს მათი მოტაცება სკოლის მერხებიდან“.

თორმეტ შემთხვევაში, რომლებზეც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ნათლად იკვეთებოდა დანაშაულის ჩადენის შესაძლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი.

მაგალითად, ქორწინების იძულების ერთ-ერთ საქმეში დაზარალებული განმარტავდა: „დედაჩემი იმიტომ მცემდა, რომ არ ვაკეთებდი საოჯახო საქმეებს, არ ვალაგებდი და ვრეცხავდი კარგად… მაიძულებდა ცოლად გავყოლოდი… ოჯახის შექმნას მაიძულებდა… ამბობდა, რომ… იყო კარგი ბიჭი და მოსწონდა სასიძოდ“.

კვლევის ავტორების თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გენდერული დისკრიმინაციის მოტივზე, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე მსჯელობა არც იმ საქმეებში გვხვდება, რომელშიც,  ოჯახის არა წევრებს შორის სწორედ გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობაზე დაყრდნობით, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული.

  • არასრულწლოვნის დაცვა შესაძლო ზეწოლისგან

ქორწინების იძულების მიზნით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ერთ-ერთ საქმეში არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდნენ დედა და ბებია, რომლებიც ურჩევდნენ, რომ დარჩენილიყო გამტაცებელთან და ოჯახი შეექმნა.

„მიმოწერებიდან ჩანს, რომ თუ იგი პოლიციის მხარეს დადგებოდა და უკან დაბრუნდებოდა, ბებია თავს მოიკლავდა. გარდა ამისა, უკვე განათხოვრის სახელი ჰქონდა და აღარავის დასჭირდებოდა.

მართალია, ამ პირების მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები, რომლითაც მათ დაევალათ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა და აეკრძალათ მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა, თუმცა არასრულწლოვანი ამ პირებისგან არ განუცალკევებიათ.

  • არასრულწლოვანთა გაუპატიურება

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებული პრობლემურობითა და ხარვეზებით გამოირჩევა გაუპატიურების საქმეები.

შესწავლილი 39 საქმიდან 4 შემთხვევაში სხვა დანაშაულებთან ერთად პირს ბრალი ედებოდა გაუპატიურების ან გაუპატიურების მცდელობის ჩადენაში. თუმცა მოსამართლემ 2 შემთხვევაში გაუპატიურების ბრალდება გადააკვალიფიცირა დაზარალებულის თანხმობით ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე, ხოლო ერთ შემთხვევაში გაამართლა პირი გაუპატიურების ნაწილში.

მოსამართლემ პირი დამნაშავედ მხოლოდ გაუპატიურების მცდელობაში ცნო ყველა იმ საქმეში, რომლებშიც მოსამართლემ შეცვალა კვალიფიკაცია თანხმობით ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე ან გაამართლა პირი გაუპატიურების ჩადენაში. მოსამართლე ავითარებს სტერეოტიპულ მსჯელობას დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე, რაც, მოსამართლის აზრით, არ დასტურდებოდა მოპოვებული მტკიცებულებებით ან ძირითადი დასკვნები ეყრდნობა საქალწულე აპკის შესამოწმებლად ჩატარებულ ექსპერტიზას ან ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არასწორ შეფასებას.

„სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ბრალდებულს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება (თუნდაც უმნიშვნელო) მიეღო, მაღალი იყო.

ბუნებრივია, სასამართლოს ზუსტი და თანმიმდევრული სურათის აღდგენა არ შეუძლია და ასევე არ შეუძლია დანამდვილებით ამტკიცოს, მიიღებდა თუ არა დაზიანებებს სხეულზე ბრალდებული, მაგრამ სასამართლოს დანამდვილებით შეუძლია დაასკვნას, რომ მის სხეულზე დაზიანებების არარსებობა ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის ანალიზისას მის სასარგებლოდ უნდა შეფასდეს და არა საწინააღმდეგოდ“.

სწორედ ამ პრაქტიკის შეცვლას ითხოვდნენ მოქალაქეები 25 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციაზე – „თავისუფლების მარში“. მოქალაქეების თქმით, თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შემცირების მიუხედავად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 100 მილიონი გოგო ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე დგას.

„ათწლეულის წინ ყოველი მეოთხე გოგო იყო დაქორწინებული, დღეს კი – ყოველი მეხუთე, რაც ბავშვთა ქორწინების დაახლოებით 25 მილიონით შემცირებაზე მიუთითებს.

COVID 19-ის პანდემიამდე ივარაუდებოდა, რომ 100 მილიონზე მეტი გოგო დაქორწინდებოდა 18 წლის ასაკის მიღწევამდე. პანდემიის შედეგად დამატებით კიდევ 10 მილიონამდე გოგოს დაემუქრა ბავშვობის ასაკში დაქორწინების საფრთხე.

მსოფლიოში, დღესდღეობით, ბავშვობაში დაქორწინებული 650 მილიონი გოგო და ქალია. მათგან დაახლოებით ნახევარი ბანგლადეშში, ბრაზილიაში, ეთიოპიაში, ინდოეთსა და ნიგერიაშია.

2022 წლის მდგომარეობით, მთელ მსოფლიოში, არასრულწლოვანი გოგოების ქორწინების დონე ყველაზე მაღალია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, სადაც 10 ახალგაზრდა ქალიდან თითქმის 4 დაქორწინდა 18 წლამდე.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტი პროგრესი შეინიშნება სამხრეთ აზიაში, სადაც გოგოების ბავშვობაში დაქორწინების რისკი მესამედზე მეტით, თითქმის 50 პროცენტიდან 30 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბავშვობაში დაქორწინებული გოგოების საერთო რაოდენობა წელიწადში 12 მილიონია“, – ნათქვამია კვლევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არასრულწლოვნების, განსაკუთრებით კი გოგოების ქორწინება და ბავშვების ყოლა უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე. „შედეგად, იზღუდება მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობა“.

ამავე რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ სამოქალაქო თუ ჩვეულებებისა და რელიგიური რიტუალების მიხედვით ჩატარებული ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაციაში გატარების მკაცრი ვალდებულება.

გაეროს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციისა და ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, სახელმწიფოებს ეკრძალებათ აღიარონ ქორწინება იმ პირებს შორის, რომლებსაც სრულწლოვანებისთვის არ მიუღწევიათ.

კვლევა ჩაატარა „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისათვის“, ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

ოდესის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ძეგლს აიღებენ

ოდესის მერია ქალაქის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ქანდაკების აღებას დათანხმდა.

„ძალიან კარგი ამბები ოდესიდან,“ – წერს უკრაინელი პოლიტიკოსი, რადის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ტელეგრამზე. – „ოდესის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ეკატერინეს ძეგლის დემონტაჟისა და გადატანის შესახებ. როგორც იქნა! უკრაინულ ოდესაში „რუსკი მირის“ ადგილი არ არის“.

დეპუტატის ცნობით, გადაწყვეტილებამ კენჭისყრაზე 43 ხმა მიიღო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

ეკატერინეს ძეგლის გარდა, ოდესიდან ასევე აიღებენ რუსი სამხედრო გენერლის, ალექსანდრ სუვოროვის ძეგლსაც.

ოდესის მერიის საიტზე უკვე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ოდესის დამაარსებლებისა“ და სუვოროვის ძეგლებს ოდესის სამხატვრო მუზეუმში გადაიტანენ.

რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II-ის ძეგლის აღებას ოდესელები ომის დაწყების შემდეგ მოითხოვენ, მონუმენტს არაერთხელ შეასხეს საღებავი და ლოზუნგები მიაწერეს.

„ოდესის დამაარსებელთა მონუმენტი“, – ასე უწოდებენ ეკატერინე II-ისა და მისი კომპანიონების ძეგლს, რომელიც ოდესაში 1900 წელს დადგეს. 1920 წელს, საბჭოთა სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, კომუნისტურმა მთავრობამ მონუმენტი დაშალა. ის 2007 წელს ოდესელი ბიზნესმენის, რუსლან ტარპანის ოჯახის ხარჯებით აღადგინეს.

ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლიდან ამოიღეს ფრაზა 100 ათას დაღუპულ უკრაინელ სამხედროზე

ევროკომისიის პრეზიდენტის ვიდეომიმართვიდან ამოღებულია ის ნაწილი, რომელშიც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობდა, რომ „უკრაინაში უკვე დაახლოებით 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა“.

ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართვა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა, თუმცა ის ძველ ბმულზე აღარ იძებნება. ურსულა ფონ დერ ლაიენის გვერდზე გამოქვეყნებულია ახალი პოსტი უკვე დარედაქტირებული ვიდეოთი და შესაბამისი ტექსტით.

ევროკომისიის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ლაპარაკობს იმაზე, როგორ უნდა აიძულოს მსოფლიომ რუსეთი და რუსი ოლიგარქები, აუნაზღაურონ უკრაინას მიყენებული ზიანი.

„რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოიტანა სიკვდილი, განადგურება და ენით აღუწერელი ტკივილი. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩის საშინელება. უკრაინაში უკვე დაახლოებით 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი სასტიკი დანაშაულებისთვის,“ – ამბობდა ევროკომისიის პრეზიდენტი, თუმცა შეცვლილ ვერსიაში ციტატიდან დაღუპულთა შესახებ მონაცემები ამოღებულია.

როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, გამოცემამ ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ მონაცემებზე მანამდე კომენტარი სთხოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც ჟურნალისტებს უპასუხეს, რომ გენშტაბი ამ რიცხვებს არ ადასტურებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს მონაცემები. აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის არმიის დანაკარგები იმ ტიპის ინფორმაციაა, რომლის გამოქვეყნებაც შეზღუდვებს ექვემდებარება,“ – უთხრა „უკრაინსკა პრავდას“ სამსახურის ხელმძღვანელმა ბოგდან სენიკმა.

შენიშვნა: მოგვიანებით ევროკომისიამ განმარტება გააკეთა. როგორც ევროკომისიის მთავარი სპიკერის მოადგილემ და პოლიტიკური კომუნიკაციების დირექტორმა დანა სპინანტმა „ტვიტერზე“ დაწერა, ვიდეოს თავდაპირველი ვერსია „არაზუსტ“ მონაცემებს შეიცავდა.

„მადლობა ყველას, ვინც მიგვითითა ვიდეოს წინა ვერსიაში მონაცემების უზუსტობაზე. სავარაუდო გათვლები გარე წყაროებიდან ეხებოდა საერთო დანაკარგებს – როგორც დაღუპულებს, ისე დაჭრილებს და მოყვანილი იყო რუსეთის სისასტიკის საჩვენებლად,“ – აღნიშნა ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ.

წელს ხულო-ზარზმის გზაზე 10 კმ-მდე ასფალტს დააგებენ – მინისტრის დაპირება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს ხულო-ზარზმის გზაზე 10 კმ-მდე ასფალტის საფარს დააგებენ.

„მიუხედავად მთელი რიგი, მათ შორის, მეწყრებთან დაკავშირებული გამოწვევებისა, წელს ვახერხებთ როგორც ხულოს, ისე ზარზმის მხრიდან, 10 კმ-მდე გზაზე ასფალტის საფარის მოწყობას.

კარგი პროგრესი გვაქვს ხელოვნურ ნაგებობებთან დაკავშირებით, რაც ქმნის პირობებს იმისათვის, რომ უკვე მომდევნო წელს პროექტი დასრულდეს და ასფალტის საფარით უზრუნველყოფილი ხულო-ზარზმის უმნიშვნელოვანესი გზა შევიდეს ექსპლუატაციაში,“ – განაცხადა ქარსელაძემ.

ხულო-ზარზმის გზის მშნებლობა
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა

ხულო-ზარზმის 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს იგეგმება, თუმცა გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.

ამავე თემაზე: 

როდის დასრულდება ხულო-გოდერძის გზაზე 4 კილომეტრის შეკეთება

 

 

ფეიბოქსი SMS ქვითარს ამატებს

სწრაფი გადახდის აპარატების პირველი ქართული ბრენდის – ”ფეიბოქსის” საშუალებით, ანგარიშზე ჩარიცხვა და სხვადასხვა გადასახადების გადახდა 15 წლის წინ გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ, გადახდის ტერმინალები მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. 2007 წლიდან ,,ფეიბოქსი” ლექსიკაში იმდენად დამკვიდრდა, რომ მას ავტომატურად ვუკავშირებთ ხოლმე ნეისმიერი აპარატიდან თანხის ჩარიცხვას. PayBox-ის პირველი პროდუქტი მობილურის ბალანსის შევსება იყო, ხოლო დღეს 1000 – მდე სხვადასხვა სერვისს აერთიანებს. 

,,ფეიბოქსის” რებრენდინგი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და დღეს უკვე მკაფიოდ ასახავს ბრენდის მისწრაფებას – ტექნოლოგიურობას, სიმარტივეს, დაცულობას, მოქნილობას და მუდმივ განვითარებას. მუდმივი განვითარების გზაზე სიმარტივესა და მოქნილობას გადამწყვეტი როლი უჭირავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრების რიტმი ამდენად აჩქარებულია და მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. კომპანიამ ფეხი აუწყო ტენდეციებს და მრავალფეროვან სერვისებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს კიდევ ერთი, SMS ქვითარი დაამატა.

  • SMS ქვითრის უპირატესობა მოქნილობაა – გადახდის შემდგომ შეგიძლიათ ქვითარი საკუთარ მობილურში ჩამოტვირთოთ, ამ გზით თავიდან აირიდებთ მისი დაკარგვის და დაზიანების საშიშროებას;
  • SMS ქვითარი უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე დაბეჭდილი ქვითარი. Მისი სტატუსის განახლება კი 6 თვის განმავლობაში ხდება;
  • SMS ქვითრის გამოყენებით მცირდება გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი;
  • SMS ქვითარზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა, რადგან ერთი ტონა ფურცლის დამზადებას 24 ხე სჭირდება. ფურცლის მოხმარების გაზრდა კი პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიურ საშიშროებებთან. 

YouTube video player

ერთის მხრივ ტექნოლოგიური სიახლე, ხოლო, მეორეს მხრივ გარემოზე ზრუნვა არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ თითოეულ ადამიანს შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ვიზრუნოთ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.  

SMS ქვითარი ეტაპობრივად ემატება „ფეიბოქსის“ სწრაფი ჩარიცხვის ყველა აპარატს და სულ მალე, სიახლე 100%-ით იქნება ხელმისაწვდომი. 

,,ფეიბოქსი” მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 10,000 – მდე სწრაფი გადახდის ტერმინალით 350,000 მდე მომხმარებელს ემსახურება. მაღალი ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ჩასარიცხი აპარატების ბრენდებს შორის, ტერმინალების ყველაზე დიდ რაოდენობას და ლოკაციების სიმრავლეს, ნამდვილად აძლევს ბრენდს იმის საშუალებას, რომ SMS ქვითრის პრაქტიკაში დამკვიდრებით, საზოგადოების ქცევის ცვლილებას შეუწყოს ხელი და აამაღლოს ცნობიერება პროდუქტის სარგებლიანობის შესახებ.

მასთან ერთად, დღეიდან – 30 ნოემბრიდან, ომხმარებლებს საშუალება აქვთ ჩაერთონ “ფეიბოქსის” TikTok გამოწვევაში, გადაიღონ საინტერესო ვიდეოები SMS ქვითრის საჭიროებისა და სარგებლიანობის შესახებ და გახდნენ უახლესი Iphone 14 Pro-ს ან Iphone 14-ის მფლობელები.


გამოიწერეთ PayBox:

TikTok: @Payboxterminals https://www.tiktok.com/@payboxterminals

Instagram: @Payboxterminals https://www.instagram.com/payboxterminals/

Facebook: @Paybox . ფეიბოქსი https://www.facebook.com/PayBoxTerminals

ომში უკვე 100 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ომით გამოწვეულმა ზიანმა კი 600 მილიარდ ევროს მიაღწია.

„რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოიტანა სიკვდილი, განადგურება და ენით აღუწერელი ტკივილი. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩის საშინელება. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი სასტიკი დანაშაულებისთვის,“ – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ბრიუსელი პარტნიორებთან ერთად შეიმუშავებს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმას, რათა რუსეთმა და რუსმა ოლიგარქებმა ზიანის კომპენსაცია სრულად გადაიხადონ.

„რუსეთმა ფინანსურადაც უნდა აგოს პასუხი. რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა გადაუხადონ ზიანი უკრაინას და დაფარონ ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო ხარჯები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვაიძულოთ რუსეთი, ეს გააკეთოს. ჩვენ უკვე გავყინეთ 300 მილიარდი ევრო რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან და რუსი ოლიგარქების თანხები – 19 მილიარდი ევრო,“ – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი და დასძენს, რომ პარტნიორებთან ერთად ევროკომისია შექმნის სტრუქტურას, რომელიც ამ თანხების მართვაზე იმუშავებს.

მისი თქმით, ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, გაეროს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად.

ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ეყრდნობა თუ არა მსხვერპლისა და სამხედრო დანაკარგების შესახებ მონაცემები უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციას, თუ ეს დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების ან პარტნიორი ქვეყნების გათვლებია.

უკრაინის ხელისუფლებას ომში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ უკრაინის დანაკარგი 100 ათასზე მეტი დაღუპული ან დაჭრილი სამხედროთი შეაფასა.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ომში რუსეთმა 88 880 სამხედრო დაკარგა.

სანამდე იქნება ბათუმში უნალექო დღეები | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან პირველი დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2 დეკემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს  კი მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

რუსეთში უკვე „უცხო ქვეყნის აგენტების“ მისამართებსაც გამოაქვეყნებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის რეპრესიული მანქანაა.

პირველი დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონში, რომელიც რუსეთში წლებია რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დევნისთვის გამოიყენება.

„ეს 2012 წლის კანონი „უცხო ქვეყნის აგენტად“ განსაზღვრავს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. ცვლილებების თანახმად, „აგენტთა წრე“ ფართოვდება და მასში იგულისხმება ის მოქალაქეებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის მოთამაშეთა „გავლენის ან ზეწოლის“ ქვეშ ექცევიან,“ – წერს დაზვერვა 30 ნოემბრის განახლებაში.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება გამოაქვეყნოს „უცხო ქვეყნის აგენტების“ პირადი მონაცემები და მისამართები, რაც ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ამ ადამიანებს აუცილებლად აქცევს დევნისა და ძალადობის ობიექტებად.

„ახალი კანონები კიდევ უფრო აფართოებს რუსეთის ხელისუფლების რეპრესიულ ძალაუფლებას. ეს ტენდენცია, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლიდან, პუტინის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან დაიწყო,  უკრაინაში შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით დაჩქარდა,“ – აღნიშნავს უწყება.

დაზვერვის შეფასებით, კრემლი, სავარაუდოდ, „პრევენციულად“ მოქმედებს და ცდილობს, ყველა გზით აღკვეთოს განსხვავებული აზრი და წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით, რადგან უკრაინასთან ომი, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს, უფრო და უფრო მეტ გავლენას ახდენს რუსეთის მოქალაქეთა ცხოვრებაზე.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 2022 წლის აპრილის მონაცემებით, რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ დაახლოებით 400 ორგანიზაცია და ფიზიკური პირია გამოცხადებული. მათ შორის არიან ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ერთიან რეესტრში აღრიცხავს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 88 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 2 914 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 5 872 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 1 902 ერთეული [+1]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 210 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 280 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 562 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 429 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 334 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 589 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 903 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 904 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 634 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 424 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ომით გამოწვეულმა ზიანმა კი 600 მილიარდ ევროს მიაღწია:

[yellow_box]ომში უკვე 100 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ევროკომისიის პრეზიდენტი[/yellow_box]

განახლება: მოგვიანებით ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლიდან ამოიღეს ფრაზა 100 ათას დაღუპულ უკრაინელ სამხედროზე

ამავე თემაზე:

რუსეთი იძულებულია უკრაინაში ცუდად ორგანიზებულ დროებით ფორმირებებს დაეყრდნოს – ISW

„82 ორსული ქალი ფიქტიურად გააფორმეს სამსახურში და 82 ათასი ლარი მიითვისეს“ – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების  გამო პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლებში ბრალდებულები, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან,  ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში, რის შემდეგაც, მომზადებულ იქნა ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, შეცდომაში შიყვანეს სოციალური მომსახურების სააგენტო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საწარმოებში თითქოსდა დასაქმებული 82 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისათვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 82 000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომში გაინაწილეს.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დეკრეტული შვებულების თანხების დაუფლებასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით,“ – ამბობს საგამოძიებო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეწყვიტა აუქციონი, სადაც ერთ ლოტად ყიდდა ორ ნაკვეთს. აქედან ერთი – 5 859 კვადრატული მეტრი ფართობი – უშუალოდ პლაჟთანაა და ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აუქციონზე საწყისი გასაყიდი ფასი 15 მილიონ 100 ათასი ლარი იყო.

სამინისტრომ აუქციონი ხელახლა გამოაცხადა, ოღონდ მხოლოდ ერთ ნაკვეთზე, ლანდშაფტური ნაკვეთი კი, ამოიღო.

რატომ აღარ ყიდის ამ ნაკვეთს სამინისტრო და იგეგმება თუ არა მისი ცალკე პრივატიზება? – ამ კითხვაზე სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.

ახალ აუქციონზე შეიცვალა საწყისი გასაყიდი ფასი და მომავალი მყიდველის ვალდებულებებიც.

თამარის დასახლებაში, ყოროლისწყლის შესართავთან, ზღვის პირას მდებარე 16 433 კვ/მ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 10,5 მილიონი ლარია. ბიჯი – 250 ათასი ლარი.

ამჯერად გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთი [წითელი ფერით] და ლანდშაფტური ტერიტორია, რომელიც წინა აუქციონზე იყიდებოდა [მწვანე ფერით]. ნაკვეთების მოპირდაპირედ ზღვის აკვატორია [30 081 კვადრატული მეტრი], სახელმწიფოს თავის საკუთრებაში, ცალკე საკადასტრო ერთეულად აქვს დარეგისტრირებული.
აუქციონზე, სადაც უკვე ერთი ნაკვეთი იყიდება, საწყისი გასაყიდი ფასი სამინისტრომ თითქმის 5 მილიონი ლარით შეამცირა, თუმცა, ამდენივე ლარით გაზარდა მყიდველის ვალდებულება – თუ ქონების შემძენს არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალებოდა, ახალი აუქციონის პირობით, ეს ვალდებულება არანაკლებ 15 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

ახალი აუქციონი 2022 წლის 19 დეკემბერს დასრულდება.

დანარჩენი პირობები თითქმის იგივეა, რაც წინა აუქციონზე, რომელიც სამინისტრომ შეწყვიტა.

შეწყვეტილი აუქციონისა და პირობების შესახებ, ნახეთ ამ ბმულზე:

მთავრობა ბათუმის პლაჟთან მიწას ყიდის – საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია

რუსეთი იძულებულია უკრაინაში ცუდად ორგანიზებულ დროებით ფორმირებებს დაეყრდნოს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთის არმია უკრაინაში ცუდად მომზადებული და ორგანიზებული დროებითი ფორმირებების იმედად დარჩა, რადგან უარი თქვა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონცეფციის გამოყენებაზე.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები უახლეს ანგარიშში ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებს, რომელთა თანახმადაც, ბოლო სამი თვეა, რაც რუსეთმა საკუთარი არმიის ამ ფორმით დაკომპლექტება და ფრონტზე განლაგება შეწყვიტა.

ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონცეფციაზე უარის თქმის სავარაუდო მიზეზად დაზვერვამ ბრძოლაში მათი არაეფექტიანობა დაასახელა.

ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი – ეს არის არმიაში შექმნილი ფორმირება, რომელიც ყალიბდება ბატალიონის ბაზაზე ბრძოლის საწარმოებლად და მოიცავს სატანკო, მოტომსროლელ, ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, საინჟინრო, ზურგისა და სხვა დანაყოფებს.

ISW-ის შეფასებით, რუსეთის ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა აპრილიდან, წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების შემდეგ. ანალიტიკოსები წარუმატებელ შეტევებად ასახელებენ კიევის, მარიუპოლის, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ოპერაციებს და აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ამ ტაქტიკური ჯგუფების გაძლიერება და მათთვის საბრძოლო ძალის დაბრუნება ვეღარ შეძლო.

„რამდენიმე მარცხის შემდეგ, რუსეთის არმიამ, სავარაუდოდ, თავისი დარჩენილი ძალები და ახალი პირადი შემადგენლობაც მობილიზებულების ჩათვლით, ცუდად მომზადებული და ორგანიზებული დროებითი ფორმირებების სახით დატოვა,“ – წერს ISW.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის გამო რუსეთის სარდლობა უკრაინაში ეყრდნობა სწორედ ამ დროებით ფორმირებებს, რომლებშიც დაბალი საბრძოლო განწყობის მქონე მობილიზებულებიც შედიან.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • 29 ნოემბერს რუსეთის არმიამ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია ბახმუტის რაიონში, თუმცა სავარაუდოდ, ისეთი ტემპით ვერ მიიწევს წინ, როგორც რუსული წყაროები ამტკიცებენ;
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას გარშემო;
  • რუსეთის არმიამ შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელა კრემენაიას დასავლეთით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად;
  • რუსეთის ჯარები საარტილერიო ბრძოლებს აწარმოებდნენ სივერსკისა და ავდეევკის სიახლოვეს, ასევე დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში;
  • რუსები განაგრძობდნენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ხერსონის აღმოსავლეთში, იმ დროს, როდესაც უკრაინის არმია განაგრძობდა დარტყმებს რუსეთის ჯარების თავშეყრის ადგილებზე;
  • დამოუკიდებელი გამოძიება აჩვენებს, რომ რუსეთმა, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, ათასობით უკრაინელი პატიმარი რუსეთში გადაიყვანა.

ბათუმი 1960 წელს – აქამდე უცნობი ფოტოები

„1960 წლის მარტი“ – ასეა დათარიღებული ფოტოები, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, ფოტოკოლექციონერმა შოთა გუჯაბიძემ შეიძინა ელექტრონულ აუქციონზე.

ეს გასული საუკუნის 60-იანი წლების ბათუმის ცხოვრების ამსახველი, აქამდე უცნობი ფოტოებია, რომელიც ქალაქის ქუჩებშია გადაღებული.

შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ 60-იანი წლების ბათუმის ამსახველი ფოტომასალა საკმაოდ მწირია, ამიტომაც არის ეს ფოტოები განსაკუთრებით საინტერესო.

„სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანის გადაღებულია. ტურისტი მაშინ, ისე როგორც დღეს, დაახლოებით უდრიდა ფოტოგრაფს. ძირითადად იღებენ ბულვარს, ზღვას, მწვანე კონცხს, რომანტიკას, მაგრამ ამ ფოტოგრაფმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ არატურისტული ადგილები გადაეღო.

მართალია, მასაც გადაღებული აქვს ქალაქის მთავარი, მაშინდელი ლენინის ქუჩა, რომელიც მთავრდება სტალინის ძეგლით, მაგრამ არის გადაღებული ქალაქის ისეთი ხედები, რომელიც აღარ არსებობს, განადგურებულია. მაგალითად, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისი, დღევანდელი აბუსერიძის ქუჩა, სადაც საბარგო მანქანებია, ცირკის მშენებლობაა გადაღებული, სტადიონი, „დინამოს“ თამაში… ანუ სხვა რამემ დააინტერესა ეს ადამიანი ბათუმში.

1960 წლის მარტი, ბათუმი, ამჟამინდელი წერეთლის ქუჩა. ფოტო დაცულია შოთა გუჯაბიძის კერძო კოლექციაში.
1960 წლის მარტი, ბათუმი, ამჟამინდელი აბუსერიძის ქუჩა. ფოტო დაცულია შოთა გუჯაბიძის კერძო კოლექციაში.

შეიძლება რიგითი ფოტოგრაფიც არ იყო და გაცნობიერებული ჰქონდა ფოტოგრაფიის არსი და მნიშვნელობა.

ამ მხრივ უფრო საინტერესოა ეს ფოტოები. ამ პერიოდის ათასობით ფოტო მაქვს ნანახი და ეს არის ძირითადად ის, რაც ვთქვი – მწვანე, ტურისტული ადგილები, სადაც თვითონაც დგებიან კადრში ან ოჯახის წევრებს უღებენ“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მისი თქმით, ფოტოები დანომრილია და, სავარაუდოდ, ამოღებულია ფოტოალბომიდან. საუბარია დაახლოებით 20-მდე ფოტოზე.

შოთა გუჯაბიძე, რომელიც წლებია ბათუმის ისტორიის ამსახველ ფოტომასალას აგროვებს, ამბობს, რომ ბათუმის ფოტოგრაფია ერთი უცნაურობით გამოირჩევა – ასი წლის წინანდელი ბათუმის ამსახველი ფოტომასალა უფრო მდიდარია, ვიდრე, იგივე 60-70-იანი წლების, როცა ფოტოგრაფია უკვე უფრო განვითარებული იყო.

„ეს დღესაც დიდი პრობლემაა, როცა ლამის ყველა კოვზი და კბილის ჯაგრისი ფოტოს იღებს.

მუდამ მთხოვენ, თავიანთი სახლის ძველი ფოტო გავუგზავნო. მე ვეუბნები, გამომიგზავნეთ ახალი ფოტო, როგორ გამოიყურება სახლი და მეუბნებიან – არ მაქვს. ამავე დროს უნდათ, რომ 120 წლის წინანდელი ფოტო გვქონდეს. იმან, რომ ყველაფერი ფოტოს იღებს, ძირითად არსს მოსწყვიტა ფოტოგრაფია. იღებენ მწვანე ბუჩქს და არა იმას, რაც შეიძლება ღირებული იყოს წლების შემდეგ“, – ამბობს შოთა.

უნდა აიკრძალოს თუ არა პიტბულის გამრავლება? – კინოლოგის მოსაზრება

საქართველოში შესაძლოა, ძაღლის სხვა ჯიშებთან ერთად, პიტბულ ტერიერის ჯიშის ძაღლების გამრავლებაც აიკრძალოს. ამის შესახებ შესაბამისი სფეროს ექსპერტები საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში მსჯელობას იწყებენ .

საქართველოში ადამიანზე პიტბულის თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო. ბოლო შემთხვევის დროს პიტბული 2 წლამდე ბავშვს დაესხა თავს.

უნდა აიკრძალოს თუ არა ამ ჯიშის ძაღლის გამრავლება და სახლში ყოლა, უნდა რეგულირდებოდეს თუ არა ცხოველის აყვანა და წვრთნა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტს, კინოლოგ გია გიორგაძეს ესაუბრა.

  • ბატონო გია, პიტბულ ტერიერის გამრავლება შესაძლოა აიკრძალოს გახშირებული ინციდენტის გამო. რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?

კარგს არაფერს არ ვფიქრობ. როგორ შეიძლება აკრძალვა. ზოგიერთი ჯიშია, სულ სამი ცალია საქართველოში დარჩენილი და იმის გამრავლება როგორ უნდა აიკრძალოს.

გია გიორგაძე. კადრი პირველი არხის ვიდეომასალიდან
  • როცა ვრცელდება ინფორმაცია პიტბულის მიერ ადამიანის დაგლეჯის შესახებ, სოცქსელებში დიდი განხილვა მოჰყვება ხოლმე ამას. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პატრონის პასუხისმგებლობაა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ჯიშის/ჯიშების ყოლა იმთავითვე საფრთხის შემცველია. რომელი მოსაზრებაა სწორი და რატომ?

თქვენ არ გაგიგიათ, რომ შვილმა მამა მოკლა ან მამამ შვილი? ამიტომ შეიძლება აკრძალო მამაშვილობა? პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა იყოს ძაღლის პატრონზე.

ამიტომ არის საჭირო ყველა ძაღლის დაჩიპვა, რომ ყველა ძაღლი იყოს შესული საერთო ბაზაში და გვქონდეს მათზე ინფორმაცია. ვისი ძაღლია, იყო თუ არა გარეთ გაგდებული და ასე შემდეგ, უნდა ჰქონდეს სკანერი პოლიციას და გაარკვიოს, ვისია ძაღლი. ამ ფორმით მისი იდენტიფიცირება უფრო ადვილია.

ეს იყო ჩვენი პირველი მოთხოვნა, რასაც არ აკეთებენ და არც აინტერესებს არავის. ასე, რომ ძაღლის აკრძალვა, იმიტომ რომ ვიღაცას უკბინა, შეუძლებელია.

ასე ადამიანებიც ხოცავენ ერთმანეთს, ამიტომ საკითხის ასე დაყენება, რომ ჯიში უნდა აიკრძალოს, არ შეიძლება.

  • რა შეგიძლიათ გვითხრათ პიტბულის ჯიშზე, ამ ძაღლის თვისებებშია პრობლემა, თუ მის აღზრდაში?

პიტბული არ შედის ჯიშიან ძაღლებში. ეს ჯიში აკრძალულია ბევრ ქვეყანაში და პირადად ჩვენს ორგანიზაციაში პიტბული არ შემოდის. ჩვენ არ ვამრავლებთ ამ ჯიშს. ეს არის არაღიარებული ჯიში. მხოლოდ ამერიკაში და ზოგიერთ ქვეყანაშია მიღებული ეს ჯიში. საქართველოში გამოფენაზეც კი ვერ ხვდებიან პიტბულები.

აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ამ ჯიშთან რაიმე მეცნიერული მიდგომა.

ვიცით, რომ აჩხუბებენ პატრონები ჩუმად და ვფიქრობ, რომ ჩხუბზეც და ცუდად აღზრდაზეც უნდა არსებობდეს სერიოზული ჯარიმა. პატრონი უნდა იყოს პასუხისმგებელი ძაღლის ქცევაზე.

მე რომ წითელზე გავივლი ან ნაგავს დავყრი ქუჩაში, ხომ დავჯარიმდები? ასე უნდა იყოს ძაღლის ცუდად აღზრდაზეც ჯარიმა და ძაღლის ყოლაზეც უნდა იყოს გარკვეული გადასახადი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არის.

  • გამოდის, ის პიტბულები, რომლებიც თავს დაესხნენ ადამიანებს, ცუდად აღზრდილები არიან?

რა თქმა უნდა. მე მინახავს ბრწყინვალედ აღზრდილი პიტბული, ჩემს ახლობელს ჰყავდა წლების წინ, კატასავით იყო. შვილს მარტო გაზრდა კი არა, აღზრდაც სჭირდება ხომ, იგივეა ძაღლთანაც.

ძაღლს ისე უნდა აღზრდა, რომ გახდეს სოციალური, შეეძლოს ადამიანთან ურთიერთობა.

იმ პიტბულის შემთხვევაში, რომელიც ბავშვს დაესხა თავს, შურის მომენტი იყო და ეს არ გაითვალისწინა პატრონმა. როცა ძაღლის ტერიტორიაზე სხვა ადამიანი შედის, რომელიც უფრო მეტ სიყვარულს იღებს პატრონისგან, ძაღლი ეჭვიანობს.

ეჭვიანობის ნიადაგზე თვითონ ცხოველებიც კი არ ინდობენ თავიანთ შვილებს. მაგალითად, ირმებს აქვთ ხოლმე ეს თვისება.

  • ამის შესახებ მეპატრონეებს ხომ უნდა ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია, სად შეიძლება ეს ინფორმაცია მოიპოვონ, არის კონკრეტული რეკომენდაციები?

ბევრი ინფორმაცია არსებობს ინტერნეტში ძაღლის ჯიშებზე. რა თქმა უნდა, ადამიანები ხშირად არ ეძიებენ ამ ინფორმაციას და არ იციან, რა გარემოში და როგორ უნდა აღზარდონ ძაღლი.

ზოგადად, განათლების საკითხი ძაღლებთან მიმართებაში არის ძალიან მწირი ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც ქვეწარმავლების შემთხვევაში. ამაზეც იყო პანიკა. 25 სახეობის ქვეწარმავალია სულ და აქედან ერთია მხოლოდ ძალიან სახიფათო. ამის მიუხედავად, მაინც ყველა სახეობის ხოცვა-ჟლეტა მიდის. ასე არ შეიძლება.

სკოლაშიც უნდა ასწავლო ადამიანს ძაღლის რა ჯიშებია, რა თვისებები აქვთ, როგორ უნდა აღზარდო და ასე შემდეგ.

  • ბავშვი სადაც იზრდება, იმ სახლში შეიძლება პიტბულის ყოლა?

რა თქმა უნდა, შეიძლება, ოღონდ გააჩნია ვის ჰყავს. ზოგიერთ ადამიანს სახლში 20-30 იარაღი აქვს, ზოგიერთს ერთი შეიძლება ჰქონდეს და იმასაც ბოროტად მოიხმარს.

მე რომ თვითმფრინავი მაჩუქონ, ვერ გამოვიყენებ, იმიტომ, რომ არ ვიცი მისი გამოყენება. ამიტომ, როცა ცხოველის აყვანამდე აუცილებლად უნდა გაიარო მომზადება.

საქართველოში 1997 წლიდან არსებობს ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო ორგანიზაცია და ეს ბევრმა არ იცის. ამიტომ შეუძლიათ გამოიყენონ მათი გამოცდილება.

ვფიქრობ, უნდა არსებობდეს ვალდებულება, რომ როგორც ავტომანქანის მართვის შემთხვევაშია აუცილებელი მართვის მოწმობის აღება, ასე უნდა აიღოს გარკვეული მოწმობა ძაღლის მეპატრონემაც მისი აღზრდის და მოვლის წესების ცოდნაზე.

  • ე.წ. საბრძოლო ჯიშის ძაღლების გამრავლებაზე რას ფიქრობთ?

საბრძოლო ჯიში – ასეთი არ არსებობს. რომელსაც აჩხუბებ, ის იქნება მოჩხუბარი. როცა ევროპელები შევიდნენ ამერიკაში, გამოიყვანეს ლეოპარდისებური ძაღლის ჯიში, რომელიც დაგეშეს ინდიელებზე. თუმცა შემდეგ მიიჩვიეს ინდიელებმა ეს ძაღლები და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს, ასწავლიდნენ ცხოველებზე ნადირობას.

სანამ კანონს არ მიიღებენ ძაღლის შესახებ და არ გაიმიჯნება, რა არის ჯიშიანი და უჯიშო, რა არის მეტისი, მანამდე სისულელეა რეგულაციებზე მსჯელობა.

არ ვიცი, პარლამენტი რა გზას აირჩევს, მაგრამ სანამ არ არის კონკრეტულ საკითხზე კანონი მიღებული, როგორ უნდა იმსჯელო.

  • როცა თქვით, რომ პიტბული აკრძალულია ზოგიერთ ქვეყანაში, რა იყო ამის მიზეზი, შეგიძლიათ გვითხრათ?

ინგლისშია აკრძალული, მაგალითად, კიდევ რამდენიმე ჯიში, არა მარტო პიტბული. არ ვარ ამ ძაღლის ექსპერტი და ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ვიცი, რომ ძაღლის ქცევა მთლიანად დამოკიდებულია აღზრდაზე. რას ასწავლი, რა დროს დახარჯავ ძაღლთან ურთიერთობაში, ეფერები, ასეირნებ თუ არა, როგორ აჭმევ, რას აჭმევ, აბრაზებ თუ არა, ეს შემდგომში აისახება ძაღლის ქცევაზე.

ამიტომ უნდა იყოს ძაღლების ჩხუბზე სანქცია, სოლიდური ჯარიმა და როცა იქნება დაჩიპული ძაღლი, მიაკითხავ პატრონს. ზოგადად, მიუღებელია ჩემთვის ძაღლების ჩხუბიც, კაცებისაც და ადამიანების. ძალადობის წინააღმდეგი ვარ.

ჩვენი პოზიციები მისულია პარლამენტამდე და თუ ჩაგვრთავენ, კარგი იქნება, ძალით ვერ ჩავერთვებით. შესაძლოა, მიიწვიონ უცოდინრები, რომელთაც ორჯერ ჰყავდათ ძაღლი ცხოვრებაში  და მისი აზრი გაითვალისწინონ, ამ ქვეყანაში სპეციალისტების აზრი ხომ არ აინტერესებთ.

რა ღირს ქაფშია ბათუმის თევზის ბაზარში

ბათუმის თევზის ბაზარში რამდენიმე დღეა, რაც ქაფშია გამოჩნდა. ქაფშიას ფასი 5-10 ლარია. 5 ლარად ამ სახეობის პატარა ზომის თევზს იყიდით, 10 ლარად – მოზრდილს.

თევზით მოვაჭრეები ამბობენ, რომ წელს ქაფშია ბაზარზე ცოტაა, მომხმარებელი კი ამ სახეობის თევზს ბათუმში ბევრი ჰყავს.

მოვაჭრეების თქმით, ქაფშიას ფასი შეიძლება ყოველდღე სხვადასხვა იყოს, რადგან ამ თევზს ისინი ყოველდღე სხვადასხვა ფასად იბარებენ.

„ხან სამ ლარად ვიღებთ მეთევზეებისგან ქაფშიას, ხან შვიდ ლარად, როდის როგორ. დღეს შემოვიდა პირველად ქართველი მეთევზეებისგან ქაფშია, აქამდე თურქული ქაფშია შემოდიოდა ბაზარზე“, – ამბობს თევზით მოვაჭრე.

თევზით მოვაჭრე ბათუმის თევზის ბაზარში

თევზჭერაზე ლიცენზია საქართველოში 5 კომპანიას აქვს.

შავ ზღვაში 2022-2023 წლებში ქაფშიის მოსაპოვებელი კვოტა 85 000 ტონას შეადგენს.

2021-2022 წლებში ეს კვოტა 85 000 ტონა იყო.

2020-2021 წელს კი – 109 000 ტონა.

____

ამავე თემაზე:

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

ზღვას ბათუმის სანაპირო ისევ მიაქვს, რა [არ]კეთდება ამის შესაჩერებლად

ბათუმში, ახალ ბულვართან ზღვამ კიდევ ერთხელ მიიტაცა სანაპირო. ძლიერმა შტორმმა 27 ნოემბერს დააზიანა დაახლოებით 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მანამდე ზღვას უკვე მიტაცებული და დანგრეული ჰქონდა ტერიტორია პლაჟის 300 მეტრ სიგრძეზე.

ამჟამად ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის 1 კილომეტრიანი მონაკვეთია ჩანგრეული. ჯამში ზღვამ მიიტაცა დაახლოებით 8000 კვ.მ სანაპირო ზოლი [დაინგრა პრომინადი, ზღვამ მიიტაცა ან/და დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა – სკამები, ჯიხურები, ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები. შტორმების შედეგად ამ მონაკვეთში შემცირდა უშუალოდ პლაჟის სიგანეც].

  • რატომ იტაცებს ზღვა სანაპიროს

„ამის მიზეზზე მრავალჯერ მისაუბრია. ჭოროხს აღარ ჩამოაქვს ინერტული მასალა და, შესაბამისად, ზღვის სანაპირო ზოლი აღარ იკვებება. ამას [ზღვის გამოკვებას] ვაკეთებდით ხელოვნური გზით. ვიღებდით ჭოროხიდან ინერტულ მასალას, შეგვქონდა, ვყრიდით და ვკვებავდით ზღვის სანაპირო ზოლს. ეს შედეგიანი იყო,“ – ამბობს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, გეოლოგი ტარიელ ტუსკია.

იმისთვის, რომ ზღვამ სანაპირო ზოლი არ  მიიტაცოს, საჭიროა მისი ხელოვნურად კვება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოებისათვის მიმდინარე წლის აგვისტოში 7 192 585 ლარზე გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, მათგან ყველაზე დაბალი ფასი „ბონდი -2009-ს“ ჰქონდა, რომელიც სამუშაოების შესრულებას 5 610 608 ლარად გეგმავდა. საბოლოოდ ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 26 სექტემბერს.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.

სატენდერო პირობების თანახმად, „ბონდი-2009“-მ ვალდებულება აიღო 413 000 კუბური მეტრი ხრეში შეიტანოს სანაპირო ზოლზე.

„ზღვა თვითონ გადაანაწილებს ამ [ინერტულ მასალას]. ასეთი ავარიული უბნები ნაკლებად გვექნება. შესაბამისად, ზღვა ნაკლებად მოახერხებს სანაპირო ზოლის წარეცხვას. ტენდერი უკვე ჩატარებულია. დაწყებულია ჩაყრა, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან ცოტა რაოდენობით. დროთა განმავლობაში, როცა მოხდება ნატანის შეტანა და საერთო რაოდენობის ათვისება ამ – 413 000 კუბური მეტრის, მაშინ ჩემი გამოცდილებითა და პრაქტიკით გარკვეული შედეგი გვექნება. ნაკლები იქნება საშიშროება წარეცხვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, გეოლოგი ტარიელ ტუსკია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შტორმამდე ერთი კვირით ადრე შპს „ბონდი 2009“-მ შეაჩერა სამუშაოები და ზღვაში ნატანი აღარ შეჰქონდათ. ამასთან, კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში 21 ნოემბერს ცვლილება შევიდა და შეიცვალა სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვახტანგ ბაგრატიონს.

„სამმართველოს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ნაპირგამაგრებაზე. ტენდერის მეშვეობით მოხდა ხელშეკრულების გაფორმება,“ – უთხრა ვახტანგ ბაგრატიონმა „ბათუმელებს“. მისივე თქმით, სამუშაოები [ინერტული მასის შეტანა ზღვაში] 4 ნოემბერს დაიწყო.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა სამუშაოების დაწყება კომპანიამ, ასევე რატომ ჰქონდა კომპანიას სამუშაოები შეჩერებული, ვახტანგ ბაგრატიონმა გვითხრა, რომ გაარკვევდა და მისთვის მოგვიანებით დაგვერეკა. ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, ვახტანგ ბაგრატიონმა „ბათუმელების“ ზარებს აღარ უპასუხა.

„ბათუმელების“ მცდელობის მიუხედავად, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა არც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა, რომლის საქვეუწყებო დაწესებულებაცაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ასრულებს. შპს „ბონდი 2009“-ს დირექტორი მამუკა დოლიძე ამბობს, რომ კომპანიამ სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და დღემდე დაახლოებით 20 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა შეიტანა სანაპიროზე.

„ხელშეკრულების გაფორმებისთანავე სამუშაოები ვერ დაიწყებოდა. იქ ლიცენზიის გათავისუფლების პროცედურები იყო. მთავრობის განკარგულება სჭირდებოდა. როგორც კი განკარგულება მივიღეთ, დავიწყეთ სამუშაოები,“ – გვითხრა მან.

კითხვაზე, რატომ იყო ბოლო ერთი კვირა სანაპიროზე ხრეშის შეტანა შეჩერებული, მამუკა დოლიძე პასუხობს: „ერთი კვირა არაა გაჩერებული, რამდენიმე დღე იყო. ზედამხედველობის სამსახურს რაღაც მოთხოვნები გაუჩნდა სხვა, ტექნიკური შეფერხება იყო და ხვალიდან გაგრძელდება სამუშაოები“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ დააგვიანდა სამუშაოების დაწყება და უფრო მეტი ხრეში რომ ყოფილიყო ზღვაში შეტანილი, ხომ არ იქნებოდა სანაპიროს მიტაცების თავიდან აცილება შესაძლებელი, კომპანიის დირექტორი პასუხობს, რომ – არა.

„არასწორია. ეს ნაპირსამაგრი სამუშაოები კი არაა, ეს პლაჟის გამოკვების სამუშაოებია. ეს ზღვამ უნდა წაიღოს. ასეა პროექტით გათვალისწინებული. იმას რომ ჩავყრით, ზღვამ უნდა წაიღოს. რადგან ბუნებრივად არ ხდება ზღვის კვება, ხელოვნურად ვაკეთებთ ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შეტანით. ამას წაიღებს ეს კი არ გაჩერდება. შეიძლება შეზიდვის პროცესშივე წაიღოს და ზღვა გადაანაწილებს ამ მასალას პლაჟზე. რასაც შევიტანთ ყველაფერი მიაქვს ზღვას,“ – გვითხრა მამუკა დოლიძემ.

რა ოდენობის ფინანსური ზიანი მიადგა ბათუმის ახალ ბულვარს ჯერ დათვლილი არაა. ტერიტორია „ბათუმის ბულვარის“ მფლობელობაშია. ჯერჯერობით ცნობილი ისაა, რომ დაზიანდა განათების ორი ბოძი, რომელიც ვეღარ აღდგება და რამდენიმე სკამი.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილე, სოფო გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზიანებული პრომინადის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ზღვაში ინერტული მასალის შეტანა დასრულდება.

„დასრულდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, შესაბამისად აღდგება პლაჟის ნაწილი, მხოლოდ შემდეგ დაიწყება პრომინადის აღდგენაზე ზრუნვა. პრომინადის ეტაპამდე როდესაც მივალთ, მას ბულვარი აღადგენს თავისი ხარჯით,“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

iPhone 14-ის საყიდლად თურქები ბათუმში მიდიან – მედია

თურქული მედია წერს, რომ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში საგანგებოდ მიდიან iPhone-ის ახალი მოდელის შესაძენად, რომელიც საქართველოში უფრო იაფი ღირს, ვიდრე თურქეთში, რადგან თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის კვეთის დროს უკან უბრუნდებათ გადასახადები [tax].

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ ამ ტენდენციას „სატელეფონო ტურიზმს“ უწოდებს.

გამოცემის ცნობით,  სარფის საზღვარს არა მარტო თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები კვეთენ „აიფონის“ შესაძენად, არამედ საქართველოში „სატელეფონო ტურიზმისთვის“ მიდიან თურქეთის სხვა ქალაქებიდანაც.

„Apple-მა სექტემბერში წარადგინა თავისი ახალი iPhone 14, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელები. ამ მოდელების ფასები თურქეთში მერყეობს 30 000 თურქული ლირიდან (1 600$) 57 000 ლირამდე (3 100$).

მაგრამ თუ თურქი მომხმარებლები ამ ტელეფონებს საქართველოში ყიდულობენ, მათ ეძლევათ უფლება გადასახადის ანაზღაურებაზე. გადასახადის დაბრუნებით, iPhone-ის ფასი საქართველოში ყიდვის შემთხვევაში დაახლოებით 15 000 ლირით იაფია, ვიდრე თურქეთში.

ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს შეძენილი ტელეფონები და დარეგისტრირებული IMEI ნომერი, რათა შეძლონ თავიანთი მოწყობილობების გამოყენება თურქეთში. ამჟამად, ამ პროცესისთვის რეგისტრაციის საფასური 2 700 ლირაა, მაგრამ სავარაუდოდ მომავალ წელს 6 000 ლირამდე გაიზრდება.

მოგზაურებს პრობლემა არ ექმნებათ საზღვრის კვეთისას, თუმცა გადასახადის დაბრუნებისთვის გრძელ რიგებში ლოდინი უწევთ“ – წერს გამოცემა.

„ბათუმში მხოლოდ აიფონის საყიდლად ჩამოვედი. 24 500 ლირა გადავიხადე iPhone 14 Pro-ში, ხოლო თურქეთში 45 000 ლირადან 50 000 ლირამდე ღირს. ასევე, საბაჟოზე ავიღე 2 900 ლირა გადასახადის ანაზღაურების სახით,“ – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მოქალაქემ.

თურქეთიდან „სატელეფონო ტურიზმის“ ფონზე საქართველოდან თურქეთში „სასურსათო და მედიკამენტების ტურიზმის“ ბუმია. ყოველდღიურად საქართველოს ასობით მოქალაქე გადადის თურქეთის რესპუბლიკაში სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტების და ტანსაცმლის შესაძენად, რომელიც თურქეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში.

_________________________

ამავე თემაზე: 

რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი

ხვალიდან ძლიერი ქარია მოსალოდნელი შავი ზღვის სანაპირო რაიონებში | სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება.

რუსეთი გაზაფხულზე უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდა – Newsweek

უკრაინაში რუსეთის არმიის პირველი მარცხის შემდეგ, ძალაუფლების მქონე პირები კრემლში რუსეთის მხრიდან უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდნენ.

ამერიკული Newsweek-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან გაჟონილ წერილებშია ლაპარაკი.

გამოცემის ცნობით, ФСБ-ს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი წერილები დათარიღებულია 17 მარტით, 21 მარტით, 12 აპრილით და ისინი ФСБ-ს აგენტმა გაუგზავნა ადამიანის უფლებადამცველ რუს აქტივისტს, ვლადიმირ ოსეჩკინს, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და იქიდან მართავს ცნობილ ანტიკორუფციულ ვებსაიტს – Gulagu.net-ს.

ინფორმატორი აგენტის ცნობით, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას რუსი გენერლები და ФСБს თანამშრომლები განიხილავდნენ, ამ საუბრებს თავად პუტინი არ ესწრებოდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბრის მონაწილეთა უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ პუტინი არ დათანხმდებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან ეს მოწინააღმდეგეებისა და ნეიტრალური ქვეყნების თვალში „რუსეთის დამარცხებად“ გამოჩნდებოდა.

„ეს აჩვენებდა სამხედრო სისუსტეს, რომელსაც ვერანაირი სამხედრო წარმატება ვერ გადაფარავდა,“ – წერს ინფორმატორი აგენტი, რომელიც საკუთარ თავს „ცვლილებების ქარს“ უწოდებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ პუტინი ბირთვული იარაღზე მუქარებს დასავლეთის დასაშინებლად იყენებდა.

Newsweek-მა ამავე წერილებში მოთხრობილი სხვა ინფორმაციის შესახებ სტატია ჯერ კიდევ გუშინ გამოაქვეყნა, კერძოდ, გამოცემა წერდა, რომ რუსი ინფორმატორი აგენტის ცნობით, უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას გეგმავდა.

როგორ უნდა მოიქცე, როცა პოლიციელი ქუჩაში ფოტოს გიღებს და გჩხრეკს – ინტერვიუ

„ჩვენს პრაქტიკაში პოლიციელები პირდაპირ გადადიან ფოტოს გადაღებაზე,“ – თავისი დაკვირვებაც გაგვიზიარა ინტერვიუს დროს საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ შემთხვევაზე, როცა პოლიციელი ქუჩაში გაჩერებთ და ფოტოს გადაღებას გაიძულებთ.

იურისტი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცე ამ დროს, ან როდის შეგიძლია გადაუღო ფოტო ან ვიდეო პოლიციელს. „აუცილებელია, შევქმნათ მტკიცებულება, რადგან, როგორც წესი, შემდეგ ამას უარყოფენ ხოლმე,“ – დასძენს პაატა დიასამიძე.

იურისტი ამ ინტერვიუში ხნის იმასაც, თუ რა შეიძლება მოვითხოვოთ, როცა პოლიციელი ჩვენ ჩხრეკას იწყებს.

„ბათუმელებმა“ პაატა დიასამიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია.

  • ბატონო პაატა, რა შემთხვევაში აქვს უფლება პოლიციელს, ქუჩაში მოქალაქე გააჩეროს და ფოტო გადაუღოს?  

დავიწყოთ იქედან, რომ გამოკითხვის მიზნით პოლიციელს შეუძლია მოქალაქის ქუჩაში შეჩერება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელმა უნდა გაგვაჩეროს ჩვენი განსხვავებული ჩაცმულობის ან კანის ფერის გამო – გამოკითხვისთვის პოლიციელს სჭირდება შესაბამისი საფუძველი, მაგალითად, პირს აქვს კონკრეტული, ძებნილი პირის იდენტური ნიშნები, ან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას აქვს სამართალდარღვევა, ან დანაშაული ჩადენილი.

შესაძლოა, არსებობს ინფორმაციაც, რომ პირი გადაადგილდება იარაღით ან კანონსაწინააღმდეგო სხვა ნივთით. ამ შემთხვევაში პოლიციელს შეუძლია,  გამოჰკითხოს კონკრეტული პირი. გამოკითხვა გულისხმობს პერსონალური მონაცემების დადგენასაც. ფოტოს გადაღება კი, პოლიციელს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გასაუბრების დროს პოლიციელი ვერ ადგენს პირის ვინაობას, ან ვინაობის დადგენა განსაკუთრებულ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგალითად, პირი არ ეუბნება პოლიციელს თავის სახელ-გვარს, ან არ აწვდის პირადობას. ასევე შეიძლება, აწვდიდეს პირადობის მოწმობას, მაგრამ პოლიციელს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის გაყალბებულია.

ფოტოგადაღება არის საპოლიციო ღონისძიება პირის იდენტიფიცირების მიზნით. თუ პირის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი რაიმე სახის დოკუმენტით, მაშინ ფოტოგადაღების, როგორც საპოლიციო ღონისძიების გატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. პოლიციელმა პირს გონივრული ვადა უნდა მისცეს იმისთვის, რომ მან დაადასტუროს თავისი ვინაობა, რასაც ჩვენს პრაქტიკაში პოლიციელები ხშირად არ აკეთებენ – ისინი პირდაპირ გადადიან ფოტოს გადაღებაზე.

  • მოქალაქის ვინაობის დადგენის გარდა სხვა საფუძველი არ არსებობს, რის გამოც პოლიციელმა შეიძლება ფოტო გადაგვიღოს?  

მაგალითად, ავიღოთ ასეთი შემთხვევა: პირი იმყოფება დანაშაულის ადგილზე და ის გამოჰკითხა პოლიციელმა. გამოკითხვის დროს კი პირმა უთხრა პოლიციელს, რომ ჩემს ვინაობას ვერ გაგიმხელ, ვერ მოგაწვდი პირადობის მოწმობას და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაშიც პოლიციელს შეუძლია იდენტიფიცირების მიზნით მოახდინოს ფოტოგადაღება.

ფოტოგადაღების გარდა არსებობს სხვა საიდენტიფიკაციო ღონისძიებები, მაგალითად, გაზომოს პოლიციელმა ადამიანის სიმაღლე, ჩაიწეროს მისი ხმაც.

აუცილებელია, ფოტოგადაღების შემდეგ პოლიციელმა შეადგინოს ოქმი და მიუთითოს ამ საპოლიციო ღონისძიების საფუძველი. მე პრაქტიკაში არც ეს შემხვედრია, რომ ფოტოების ქუჩაში გადაღების შემდეგ პოლიციელს ოქმი ჰქონოდა შედგენილი.

პაატა დიასამიძე
  • თუ პოლიციელი სამართალდარღვევას აფიქსირებს და მტკიცებულების მოპოვების მიზნით გვიღებს ფოტოს? 

თუ იდენტიფიცირება დოკუმენტით შესაძლებელია, კანონი გვეუბნება, რომ პოლიციას ფოტოგადაღების საფუძველი აღარ აქვს.

რაც შეეხება სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში უკვე პოლიციელი უღებს ფოტოს არა კონკრეტულ პირს მისი იდენტიფიცირების მიზნით, არამედ ის ასურათებს თავად ფაქტს, ქმნის მტკიცებულებას. მაგალითად, პირი არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, ამ დროს თუ პოლიციელი იღებს ფოტოებს, ის თავად ამ წინააღმდეგობის ფაქტს აფიქსირებს და არა პირს მისი ვინაობის დასადგენად.

ზიანის ანაზღაურებაც კი შეიძლება მოითხოვოს მოქალაქემ, თუ დადასტურდება, რომ პოლიციელი უკანონოდ იყენებს ამ საპოლიციო ღონისძიებას.

  • მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაუღოს პოლიციელს ფოტო? 

მოქალაქეს, როცა ის პოლიციელთან ურთიერთობას იწყებს, შეუძლია ნებისმიერ დროს ფოტო და ვიდეოგადაღება აწარმოოს. ამ დროს მხოლოდ საჭიროა გაფრთხილება, მაგალითად, პოლიციელის, რომ მას ფოტოს ვუღებთ.

  • თუ პოლიციელი გადაღების წინააღმდეგია? 

ამის უფლება მას არ აქვს, პოლიციელი მხოლოდ უნდა გააფრთხილო, რომ იწერება, მაგალითად, საუბარი ან ვიღებთ ვიდეოს.

ასევე,არ არის დარღვევა, როცა ჩვენ პოლიციელის მიერ კანონის დარღვევის ფაქტს ვაფიქსირებთ. ამ დროს პოლიციელს კი არ ვუღებთ, არამედ ვაფიქსირებთ ფაქტს, თუ რას ამბობს, როგორ იქცევა პოლიციელი. ფაქტი შესაძლოა დავაფიქსიროთ პოლიციის შენობაშიც.

  • კიდევ რა შეუძლია მოქალაქეს, თუ პოლიციელი მაინც აჩერებს ქუჩაში და ფოტოებს უღებს? 

წინააღმდეგობის გაწევა, როგორც ვიცით, აუარესებს მოქალაქეების მდგომარეობას. ერთია, რომ ფოტოს ან ვიდეოს გადაღება შეუძლია მოქალაქეს ამ კომუნიკაციის დროს, მეორეა ოქმის მოთხოვნა. თუ ოქმსაც არ აფორმებს პოლიციელი, მოქალაქემ უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისთვის. პოლიციელთა სამსახურებრივ გადაცდომებს იკვლევს გენინსპექცია. შესაძლებელია, იქვე, პირდაპირ აკრიფო 126 და მიმართო გენინსპექციას. აუცილებელია, შევქმნათ მტკიცებულება, რადგან, როგორც წესი, შემდეგ ამას უარყოფენ ხოლმე.

  • კიდევ ერთი საკითხი მინდა განმარტოთ, რაც აქტუალურია ქუჩაში ფოტოს გადაღების დროს – ზედაპირული შემოწმება და ჩხრეკა. როდის აქვს ამის უფლება პოლიციელს? 

ჩხრეკას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს და ის გადის სასამართლო კონტროლს, ზედაპირული შემოწმება კი, პოლიციელს შეუძლია განახორციელოს სასამართლოს ნებართვის გარეშე. ამ დროს პოლიციელი ხელით შეხებით ამოწმებს, მაგალითად, აქვს თუ არა იარაღი პირს. ზედაპირული შემოწმების დროს მას მოქალაქის ავტომანქანის სალონში შესვლის უფლება არ აქვს, ვერც მოქალაქეს ჩაუყოფს ჯიბეში ხელს. პოლიციელი გარედან, ზედაპირულად ათვალიერებს პირს.

თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი ატარებს რომელიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უკვე საფუძველი იქმნება პირადი ჩხრეკის ჩატარებისთვის. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია პოლიციელს მაშინვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუმცა ის გადის სასამართლო შემოწმებას.

მნიშვნელოვანია, რომ პირის შეჩერება და ზედაპირული შემოწმება არ აღემატებოდეს 30 წუთს. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ეს დაკავებაა და გადაადგილების თავისუფლება ეზღუდება.

რაც მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს, რაც არ მომხდარა. ამ ეტაპზე კანონი არ იცნობს ე.წ. ნეიტრალური პირის მოწვევის შესაძლებლობას ჩხრეკის დროს, ადვოკატის მოწვევის ვალდებულებაც არ არსებობს, როცა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ტარდება ჩხრეკა.

ამ ეტაპზე კანონი ავალებს სამართალდამცველს, რომ შეადგინოს ჩხრეკის ოქმი, სადაც დეტალურად აღწერს ამ პროცესს, სასამართლო კი, ამოწმებს ჩხრეკის ჩატარების საფუძველს და მის კანონიერებას.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ასახული კანონმდებლობაში, მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ შეფასების საგანია, ჩაითვალოს თუ არა მტკიცებულებად ჩხრეკის შედეგად მიღებული მტკიცებულება.

  • ჩხრეკის დროს თუ შეიძლება პოლიციელს ფოტო გადავუღოთ, ან მოვითხოვოთ, რომ თავად პოლიციამ გადაიღოს ფოტო ან ვიდეო? 

ამ ეტაპზე არც ამის ვალდებულება აქვს პოლიციას, რომ ჩხრეკის ფოტო, ვიდეოფიქსაცია მოახდინოს. ფოტოს და ვიდეოს გადაღების საკითხი ჩხრეკის დროს უნდა დარეგულირდეს.

მოქალაქეს კი, შესაძლოა, პოლიციელმა უთხრას, რომ ხელი ეშლება, თუ ის ვიდეოს გადაიღებს, მაგალითად, მობილურის ამოღების დროს მოიცილოს ჯიბიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთი. ჩხრეკა იძულების მექანიზმია, მანამდე პოლიციელმა უნდა გააფრთხილოს მოქალაქე, რომ წარმოადგინოს კანონსაწინააღმდეგო ნივთი. იძულებითი მექანიზმის გამოყენების დროს, პოლიციელმა შესაძლოა მოსთხოვოს პირს ხელების საერთოდ უკან გაწევა.

  • არის შესაძლებელი, სხვამ გადაიღოს ვიდეო, რომელიც, მაგალითად, ახლავს პირს, ვისაც ჩხრეკენ და შეესწრო ამ პროცესს? 

დიახ, ეს შესაძლებელია, თუ არსებობს იმ პირის გაცხადებული თანხმობა, ვისაც ჩხრეკენ.

თუ NATO იარაღის წარმოებას არ გაზრდის, ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ – კულება

29-30 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში იკრიბებიან. ეს წელს NATO-ს ბოლო მინისტერიალია.

ბუქარესტის შეკრებაზე კიევი, სავარაუდოდ, კვლავაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მოითხოვს. როგორც მინისტერიალამდე ორი დღით ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამოცემა Politico-ს უთხრა, „თუ NATO იარაღის წარმოებას არ გააფართოებს, უკრაინა რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს“.

კულება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა მომდევნო ბრძოლებისთვის მომზადება და საკმარისი შეიარაღების მომარაგება. „თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ – აი, ასე მარტივად,“ – ამბობს კულება.

მისი თქმით, ახლა უკრაინას „ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები“ სჭირდება.

„ბოლოს, როდესაც მე NATO-ს მინისტერიალს დავესწარი, მხოლოდ ამ ერთ სიტყვას ვიმეორებდი: შეიარაღება, შეიარაღება და შეიარაღება,“ – იხსენებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. – „ამჯერად, როდესაც ეს საჭიროება კვლავაც მწვავედ დგას, უკვე დავაზუსტებ და ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს მსოფლიოში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ საჭირო შეიარაღება, თუმცა პოლიტიკური მიზეზების გამო საკმარისი რაოდენობით არ ყიდიან.

„იმის ნაცვლად, რომ მათი იმედი გვქონდეს და დავხარჯოთ თვეები მათ დასარწმუნებლად, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს წარმოება… ჩვენ არ უნდა გავხდეთ დამოკიდებული მესამე ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ყველაფერი საწყობებში, მაგრამ გაზიარება არ უნდათ,“ – ამბობს კულება და დასძენს, რომ უკრაინა უზომოდ მადლიერია თავისი პარტნიორების იმ სამხედრო დახმარების გამო, რომელსაც ომის დაწყების დღიდან მათგან იღებს.

ქართული რაგბი და თიბისი პარტნიორობის ახალ ეტაპს იწყებენ – #რაგბიჩვენითამაშია

ქართული რაგბის და თიბისის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თანამშრომლობა 2027 წლამდე განახლდა. პარტნიორები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდებიან და რაგბის ახალ თაობაში და საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაზე ერთად იზრუნებენ.

მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც თიბისის და ქართულ რაგბის 2015 წლიდან აკავშირებს და ბევრ წარმატებას ითვლის, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. მხარეები ერთად იზრუნებენ რაგბის ბრენდირებული მაღაზიის და ახალი მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაზეც.

2022 წლის 25 ნოემბერს, ორი დიდი ქართული ბრენდის – ქართული რაგბის და თიბისის ხელმძღვანელები, იოსებ ტყემალაძე და ვახტანგ ბუცხრიკიძე, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში თიბისის მხრიდან რაგბის განვითარების ხელშეწყობას და პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს.

ქართული რაგბის სამომავლო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალურ პროექტებში ჩართულობა, როგორიცაა ინკლუზიურობის ხელშეწყობა სხვადასხვა თაობებსა და სოციალურ ჯგუფებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობები, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს.

„თიბისის და რაგბის მეგობრობა სცდება დათქმული პარტნიორობის ჩარჩოს, რადგან ჩვენს შორის ღირებულებათა სრული თანხვედრაა. თიბისი და რაგბის კავშირი ერთად ვემსახურებით დასახულ მიზანს. როგორც რაგბის რიგითი გულმხურვალე გულშემატკივარი და ამავდროულად თიბისელი, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. მტკიცედ მჯერა, რომ განახლებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართულ რაგბის, რომ კიდევ ბევრი გამარჯვება მოუტანოს საქართველოს. ჩვენი მხრივ, რესურსებს და ძალისხმევას არ დავიშურებთ მხარდაჭერისთვის,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

#რაგბიჩვენითამაშია – რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ საერთაშორისო ტურნირზე დაიცვა საქართველოს ღირსება. ბოლო წლებში, გაიზარდა ქართული რაგბის ცნობადობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურ ასპარეზზე და სპორტის ეს სახეობა საქართველოს წარმატების ნამდვილი სიმბოლო გახდა. რაგბის ღირებულებები მნიშვნელოვანია ახალი თაობის სიჯანსაღისთვის.

თიბისი და რაგბის კავშირი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს რაგბით, ჩაერთოს რაგბიში, რაც ამ სახეობის წარმატებას შეუქცევად პროცესად აქცევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

Exit mobile version