მთავარი,სიახლეები

ოდესის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ძეგლს აიღებენ

30.11.2022 • 971
ოდესის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ძეგლს აიღებენ

ოდესის მერია ქალაქის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ქანდაკების აღებას დათანხმდა.

„ძალიან კარგი ამბები ოდესიდან,“ – წერს უკრაინელი პოლიტიკოსი, რადის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ტელეგრამზე. – „ოდესის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ეკატერინეს ძეგლის დემონტაჟისა და გადატანის შესახებ. როგორც იქნა! უკრაინულ ოდესაში „რუსკი მირის“ ადგილი არ არის“.

დეპუტატის ცნობით, გადაწყვეტილებამ კენჭისყრაზე 43 ხმა მიიღო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

ეკატერინეს ძეგლის გარდა, ოდესიდან ასევე აიღებენ რუსი სამხედრო გენერლის, ალექსანდრ სუვოროვის ძეგლსაც.

ოდესის მერიის საიტზე უკვე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ოდესის დამაარსებლებისა“ და სუვოროვის ძეგლებს ოდესის სამხატვრო მუზეუმში გადაიტანენ.

რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II-ის ძეგლის აღებას ოდესელები ომის დაწყების შემდეგ მოითხოვენ, მონუმენტს არაერთხელ შეასხეს საღებავი და ლოზუნგები მიაწერეს.

„ოდესის დამაარსებელთა მონუმენტი“, – ასე უწოდებენ ეკატერინე II-ისა და მისი კომპანიონების ძეგლს, რომელიც ოდესაში 1900 წელს დადგეს. 1920 წელს, საბჭოთა სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, კომუნისტურმა მთავრობამ მონუმენტი დაშალა. ის 2007 წელს ოდესელი ბიზნესმენის, რუსლან ტარპანის ოჯახის ხარჯებით აღადგინეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: