მთავარი,სიახლეები

„გუშინაც დააკავეს“ – რას სთხოვს სახელმწიფოს დედა, რომლის 16 წლის ბიჭი ხშირად მიჰყავს პოლიციას

24.11.2022 •
„გუშინაც დააკავეს“ – რას სთხოვს სახელმწიფოს დედა, რომლის 16 წლის ბიჭი ხშირად მიჰყავს პოლიციას

„გუშინაც დააკავეს… ვიფიქრე, რომ ისევ ქუჩაში რჩებოდა და პოლიციამ დამირეკა, ისევ განყოფილებაში მისვლა მთხოვეს. აღარ ვიცი, უკვე მერამდენედ დააკავეს,“ – გვიყვება კანონთან კონფლიქტში მყოფი 16 წლის მათეს დედა – ნინო [სტატიაში სახელები და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეცვლილია]. მათე პოლიციელებს ამჯერად ადმინისტრაციული წესით დაუკავებიათ ხულიგნობისთვის.

მათე ციხეშიც იხდიდა სასჯელს რამდენიმე თვე, ქურდობაზე… გათავისუფლების შემდეგ კი არც სკოლას დაუბრუნდა და არც მარტოხელა დედას.

ნინო გვიყვება, როგორ უჭირს ბოლო ორი წელი შვილთან ურთიერთობა. მისი მონათხრობიდან ჩანს, როგორ ტოვებს სახელმწიფო მშობელს მარტოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის პირისპირ.

  • „ერთხელ მოვკარი ყური, ჩვენი კრიშაო“…

„…გუშინ ასე მოვიფიქრე: ფეხსაცმელები დავუმალე, გავიხედე და ოთახის ჩუსტებით წასულა მაინც ქუჩაში.

პოლიციის განყოფილებაში რომ მივედი, ბოტასები ეცვა, ძმაკაცმა მათხოვაო, მითხრა,“ – განაგრძობს თხრობას კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის დედა. – „დილის 5 საათამდე სძინავს, მერე გადის ღამე ქუჩაში, ზოგჯერ სახლებს ვალაგებ, გასვლა მიწევს, თორემ ისე ვწყემსავ, არ გავიდეს სადმე, დაჯდება ისიც, ტელევიზორს უყურებს, გახვალ მეორე ოთახში და აღარაა.

ყველაზე რთული ალბათ ისაა, რომ ვეღარ ვესაუბრები. ვიცი, რომ მენდობა, მაგრამ გაღიზიანებულია. ვერ გავარკვიე, რატომ, რას ეუბნებიან ჩემზე.

სკოლაში წელს სულ ორჯერ იყო ალბათ. არ მინდა არც სწავლა, არც მუშაობაო… ერთხელ შევესწარი, მისი მეგობრები ეუბნებოდნენ, რად გინდა მუშაობა, შნირი ხარო? გავბრაზდი და ვუთხარი, ესე იგი, მე რომ ვშრომობ, შნირი ვარ-მეთქი? შეუძლია ხელობა, რაღაცების შეკეთება, მაგრამ მაგასაც აღარ აკეთებს,“ – გვიყვება ნინო.

მათე ქურდობისთვის სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. მოზარდის დედის თქმით, მათეს სასჯელი შეუმსუბუქეს, რადგან არასრულწლოვანია, თუმცა ის ახლაც დაჰყვება ქუჩაში სხვა მოზარდებს, რომლებიც ქურდობენ. ქალი კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ქურდული მენტალიტეტის მქონე სრულწლოვან ადამიანებთან თავისი მოზარდის შვილის ურთიერთობაში ხედავს.

„ადრე მაღაზიებში დადიოდნენ და რაღაცას იპარავდნენ, მაიმუნობდნენ, ასე მითხრეს და ზუსტად არ ვიცი, მერე იყო მანქანების გაქურდვები… რამდენიმე მისი მეგობრის მშობელს ვესაუბრე. რა გითხრათ, ისინი უარეს დღეში ყოფილან. თანაც, არც სახლ-კარი აქვთ. მე ბინა მაინც მაქვს. ძირითადად სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ბავშვები არიან.

ახლა ძირითადად მასზე ასაკით პატარა ბავშვებთან ერთად დადის, გორიდან იყო ჩამოსული ერთი, მეორე – ხაშურიდან… მარიხუანას ეწევიან, ტაბლეტებსაც იღებენ… ამას წინათ გავიგონე, ტელეფონზე ურეკავდნენ, გამოდი, ბიჭო, არ გინდა კარგი „პლანიო“?

ციხიდან როცა გამოვიდა, ტანი მოხატული ჰქონდა… მერე გავიგე, რამდენიმე ისეთ ბიჭთანაც ჰქონია ქუჩაში ურთიერთობა, 18 – 19 წლის არიან… არ ვიცი, რა მენტალიტეტის არიან, მაგრამ ერთხელ მოვკარი ყური, „ჩვენი კრიშაო“. ვინაა თქვენი „კრიშა“, დამენახოს-მეთქი, ვუთხარი. მე რომ დამარბენინებ პოლიციასა და სასამართლოში, თვითონ სადაა, თუ „კრიშაა“, ან ციხეში რატომ არ შემოგიგზავნა ერთი ხაჭაპური მაინც-მეთქი?

პოლიციაში სთხოვეს ეთანამშრომლა, მაგრამ არაო, მე ძმაკაცებს ვერ ჩავუშვებო“, – გვითხრა ნინომ.

  • „ფსიქოლოგმა დამირეკა უწყებიდან, თუ მომიყვანთ, დაველაპარაკებითო“

მოზარდის დედის თქმით, მათესთან ციხეში მუშაობდა ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკიც, ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც უნდა ეთანამშრომლა მასთან ფსიქოლოგს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

„არ მივიდა ფსიქოლოგთან. მე დავურეკე მერე ცენტრს და ვუთხარი, იქნებ მომეხმაროთ და სკოლაში მაინც წავიდეს, ვერ ვუხერხებ ვერაფერს-მეთქი.

მერე მირეკავს ფსიქოლოგი და მთავაზობს, რომ მივიდე მოზარდთან ერთად ცენტრში, მაგრამ მათე უარზეა. ერთხელ, როცა ისევ ფსიქოლოგი მირეკავდა, ჩემმა მეგობარმა გამომართვა ყურმილი და უთხრა: იქნებ თქვენ მოხვიდეთ და ნახოთ, რა მდგომარეობააო, ხომ ხედავთ, არ მოდის მისი ფეხითო.

ფსიქოლოგიც მოვიდა, მაგრამ ჩემს შვილს ეძინა, არ მიაქცია ყურადღება საერთოდ. ფსიქოლოგმაც საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ ვმუშაობთ, ამოიწურა ჩვენი სამუშაო საათებიო და ასე.

ერთხელაც ძლივს დავიყოლიე მათე და წავიყვანე იმ ფსიქოლოგთან, კარგი გოგო ჩანდა, ცალკე ესაუბრა მათეს ის ფსიქოლოგი ნახევარი საათი… რამდენიმე დღის შემდეგ უნდა მისულიყო ისევ, მაგრამ უნდა გენახათ, რა სახით შემომხედა, როცა ვუთხარი, რატომ არ მიდიხარ-მეთქი. როცა მომინდება, მაშინ მივალო, მიპასუხა.

სკოლაზეც იმავეს ამბობს, როცა მომინდებაო. ვეუბნები, სადაა მასე? დედაჩემი 2 მეტრ თოვლშიც არ მაჩერებდა სახლში, იცი-მეთქი?

დირექტორი ამბობს, ოღონდაც მოვიდეს და მივხედავთო, არ მიდის და რა უნდა ვქნა?

არ უშველა ციხემაც, პირიქით, „ბლატაობა“ დაიწყო, მე იქ ვიყავიო, ახლა პოლიციაში მითხრეს, პატარები „ჩალიჩობენ“ და ეს გამოდის „ლობშაო“… არ ვიცი, რა ტერმინებია.

ახლობლებმა მირჩიეს, დაანებე საერთოდ თავი, ნუ დასდევ, რამდენ ხანს გაძლებს ასე ქუჩაშიო. ერთი პერიოდი დავანებე კიდეც თავი, მაგრამ უარესი ქნა. კვირაში უკვე ორჯერ ჩემს ეზოსთან პოლიციის მანქანა ჩერდებოდა.

მერე გესმის: ამ ბავშვებს მშობლები არ ჰყავთს? – ვარ, მაგრამ რა შემიძლია? იცით, როგორ განვიცდი, როცა ეს ჩამესმის?

მათემ  მამის გარდაცვალება განსაკუთრებით განიცადა. ეს წლების წინ იყო, მისი ერიდებოდა, თუმცა მაშინ პატარა იყო. ახლა სრულიად შეიცვალა, ვეღარ ვცნობ.. არ მინდა, ასე იყოს. სულ ვუმეორებ, რომ არ მივცემ ქუჩაში დარჩენის უფლებას, მაგრამ…“, – ხმა უწყდება ნერვიულობისგან ნინოს.

  • „ცეკვა უყვარდა და მისი ჯგუფი პანდემიის დროს დაიშალა… “ 

კანონთან კონფლიქტში მყოფი 16 წლის  მათეს დედას უჭირს დაასახელოს,  რა გამოსავალი უნდა შესთავაზოს მას  სახელმწიფომ.

მოზარდის დედას ვუყვებით დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკაზე, სადაც მოზარდებს ქუჩის ალტერნატივად შესთავაზეს უფასოდ სპორტული მოედნებით სარგებლობა, საცურაო აუზები, ფილმების, ლიტერატურის კლუბები, რაც ბათუმში ფუფუნებაა, ძვირადღირებული სერვისია.

დასავლეთში ამ პრაქტიკით მიიღეს სტატისტიკაც, როცა მოზარდების დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა იქ, სადაც მოზარდებს სახელმწიფომ კარი არ გამოუხურა. მაგალითად, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ვისთანაც ჩვენ ამ საკითხზე ინტერვიუ ჩავწერეთ, ამბობს, რომ თვითმმართველობაში უნდა შეიქმნას ორგანო, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი იმსჯელებს პრობლემის იდენტიფიცირებაზე და შემდეგ მისი გადაჭრის გზებზე – მაგალითად, ცენტრების მოწყობაზე, სადაც მოზარდები შეძლებენ გართობას, სპორტით დაკავებას, შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვას.

„ალბათ, არის ეს გამოსავალი, ვერც კი ვფიქრობ, რაა გამოსავალი,“ – ამბობს მათეს დედა. მისი დაკვირვებით, მას და ფსიქოლოგსაც გაუჭირდათ მოზარდის ინტერესის სფეროების გამოკვეთა:

„ცეკვა უყვარდა, დადიოდა და შემდეგ, პანდემიის დროს მისი ჯგუფი დაიშალა, ფორმაც შევუკერე, მედლებიც აქვს… მერე თქვა, კარატე მინდაო, დავიწყე მოკითხვა და საბოლოოდ, ესეც აღარ მოუნდა.

საერთოდ, ვერ გავიგე, რა უნდა: დააკავებენ, უშვებენ და მერე სასამართლო გაფრთხილებას აძლევს. გავა ორი-სამი დღე და ისევ მიდის ქუჩაში… პოლიციას უჩერდება, არსად გარბის. მიჰყავთ პოლიციაში და მერე მირეკავენ მე.

ისევ თავიდან იწყება ყველაფერი…“

____

ამ თემაზე:

რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: