მთავარი,სიახლეები

ჯიხვის მოკვლისთვის 2 ბრაკონიერი დააკავეს

30.11.2022 • 2308
ჯიხვის მოკვლისთვის 2 ბრაკონიერი დააკავეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი.

„ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში ერთობლივად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი.

დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება და ისჯება კანონის შესაბამისად“ – წერს სააგენტო.

2004 წლისთვის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვების რაოდენობა 180-ს შეადგენდა, თუმცა აქ ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა.

საქართველოში გავრცელებულია ჯიხვის ორი სახეობა – დასავლეთ-კავკასიური (Capra caucasica) და აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis). ორივე სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

_______________

ფოტოზე: ჯიხვი. კადრი: ზუკა გურგენიძე/დაცული ტერიტორიების სააგენტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: