მთავარი,სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში ბატალიონების ტაქტიკურ ჯგუფებად განლაგება შეწყვიტა – ბრიტანეთის დაზვერვა

29.11.2022
რუსეთმა უკრაინაში ბატალიონების ტაქტიკურ ჯგუფებად განლაგება შეწყვიტა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დაკვირვებით, ბოლო სამი თვეა, უკრაინაში რუსეთის არმიამ თავისი ძალების ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებად დაკომპლექტება შეწყვიტა.

ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი – ეს არის არმიაში შექმნილი ფორმირება, რომელიც იქმნება ბატალიონის ბაზაზე ბრძოლის საწარმოებლად და მოიცავს სატანკო, მოტომსროლელ, ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, საინჟინრო, ზურგისა და სხვა დანაყოფებს.

უწყების შეფასებით, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონცეფცია, ბოლო 10 წელია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსულ სამხედრო დოქტრინაში. მასში შედიოდა ბატალიონები სრული კომპლექტაციით – დამხმარე, მათ შორის სატანკო, სადაზვერვო და (დასავლური პრაქტიკისგან განსხვავებით) საარტილერიო დანაყოფებით.

„ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის რუსული კონცეფციის რამდენიმე ხარვეზი ცხადად ვლინდება უკრაინასთან ომში, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის მსხვილმასშტაბიანი ბრძოლების დროს. ასეთ ჯგუფებში საბრძოლო ქვეითების შედარებით მცირე რაოდენობა ხშირად არასაკმარისი აღმოჩნდება ხოლმე,“ –  წერს ბრიტანეთის დაზვერვა 29 ნოემბრის რელიზში.

დაზვერვა ასევე მიუთითებს, რომ არტილერიის დეცენტრალიზებულმა განლაგებამ უკრაინაში საშუალება არ მისცა რუსეთს, შეიარაღებაში საკუთარი უპირატესობა მთელი ძალით გამოეყენებინა.

„ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების მეთაურები არ იყვნენ აღჭურვილნი საკმარისი უფლებამოსილებით, რათა მოქნილად ესარგებლათ ყველა შესაძლებლობით ისე, როგორც ამას ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მოდელი ითვალისწინებს,“ – აღნიშნავს უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ხერსონის დაბომბვაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ ოკუპაციისგან გათავისუფლებული ქალაქი მაინც დაუცველი რჩება, რადგან ის რუსული არტილერიის წვდომის არეალშია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: