კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

31.07.2017 • 7326
ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

აჭარის ზღვის სანაპიროზე ხშირად ნახავთ ნიჟარებს, რომელთა შიდა მხარე პრიალაა და სტაფილოსფერი დაჰკრავს. ასეთი ნიჟარებისგან აჭარაში საფერფლეებს, მარტივ სამკაულებსა და დეკორატიულ ვაზებს ამზადებენ, რასაც ბათუმში, ძირითადად, ტურისტები ყიდულობენ. მოლუსკს, რომლის თავშესაფარიც ეს ნიჟარაა, რაპანა ჰქვია და საქართველოში მას შემოსავალი მხოლოდ წვრილმანებით მოვაჭრეებისთვის მოაქვს, მაშინ, როცა უცხოეთში 1 კილოგრამი რაპანას ფასი 1-7 დოლარია.

რაპანა შავ ზღვაში 50-იან წლებში გავრცელდა. იგი იაპონიიდან შემომავალი გემების ბალასტურ წყლებს შემოჰყვა და მისთვის ხელსაყრელ პირობებში გამრავლდა. ბოლო კვლევების მიხედვით, რაპანას რაოდენობამ საქართველოს სანაპირო ზოლზე მოიმატა. სპეციალისტების თქმით, ამაზე რაპანას შემცირებული ზომაც მიუთითებს.

„ეს კანონზომიერებაა ეკოსისტემაში, როცა გაძლიერებულია საკვებზე კონკურენცია, ანუ მათ გართულებული აქვთ წვდომა საკვებთან, მათი ზომები მცირდება“, – ამბობს იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელიც წლებია საქართველოს სანაპირო წყლებში რაპანას გავრცელებას აკვირდება.

რაპანას საკვებად იყენებენ ძირითადად აღმოსავლეთ აზიაში: იაპონიაში, კორეაში, ტაივანში, ჰონგ-კონგსა და ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, ასევე დასავლეთის ქვეყნებშიც. თუმცა საქართველოსთვის რაპანა არა მხოლოდ აუთვისებელი რესურსია, არამედ საფრთხეც.

რაპანა

რაპანა

ორსაგდულიანი მოლუსკები – მიდიები, ხამანწკები და სულ 200-მდე სახეობა, წყლის ფილტრაციის ხარჯზე იკვებებიან, რაც ზღვის წყლის ხარისხს აუმჯობესებს. სწორედ ამ მოლუსკებით იკვებება რაპანა, რომლის გავრცელებას შავ ზღვაში უკვალოდ არ ჩაუვლია. სპეციალისტების თქმით, რაპანას გავრცელების შედეგად დღეს შავ ზღვაში ორჯერ ნაკლები სახეობის ორსაგდულიანი მოლუსკი გვხვდება, ვიდრე ადრე და მეტიც, არაერთი მოლუსკი გადაშენდა ან გადაშენების ზღვარზეა.
რაპანა საქართველოს წყლებში ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი თევზის – ქაფშიის მარაგსაც ანადგურებს. ქაფშიას და მის ქვირითს რაპანა საკვებად იყენებს.

„შავი ზღვის სხვა ქვეყნებში ამ რესურსის შემცირების ტენდენციაა, საქართველოში კი მსგავს ტენდენციას ვერ ვამჩნევთ, რადგან რაპანას რეწვა ჩვენში განვითარებული არ არის. ბოლო შეფასებით, რაპანას წლიური კვოტა 500 ტონაა. ეს დიდი რესურსია“, – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისი თქმით, რაპანას მოპოვების დამაბრკოლებელი მიზეზი მისი ამოღების სირთულეა. რაპანას მოიპოვებენ სპეციალური მოწყობილობით – დრაგით, აკვალანგების მეშვეობით და სპეციალიზებული მახეების გამოყენებით. იმის გამო, რომ დრაგის მეთოდი დიდ ზიანს აყენებს ფსკერულ ორგანიზმებს, მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე ზონაში – ჩაქვის, ბათუმისა და ფოთი-ქობულეთის მონაკვეთზეა დაშვებული. აკვალანგის მეთოდი კი მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა წყლის ხილვადობა მაღალია. ასეთი ადგილები საქართველოში ცოტაა.

არჩილ გუჩმანიძე მიიჩნევს, რომ რაპანას მოპოვების სამივე მეთოდის ერთდროულად გამოყენებით შესაძლებელია ამ რესურსის სრულად ათვისება და ამას ორმხრივი ეფექტი ექნება – ეკონომიკური და ეკოლოგიური. ერთი მხრივ, რაპანა შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს არაერთი ოჯახისთვის, მეორე მხრივ, შავი ზღვის ეკოსისტემა იქნება დაცული.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რა სარგებლობა მოაქვს ზღვის პროდუქტებს ქართული ეკონომიკისთვის[/highlight]

ტურიზმი და ტრანსპორტი – ეს არის საქართველოში ზღვისგან მიღებული ძირითადი ეკონომიკური სარგებელი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მეთევზეობის წილი მხოლოდ 0,03%, ანუ 11.4 მილიონი ლარია.

სხვა ქვეყნებიდან თევზპროდუქტების იმპორტირებისთვის საქართველომ გასულ წელს 35.4 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, ამავე პროდუქტის ექსპორტმა კი – 11.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 9.5 მილიონი ტონა თევზი (ქაფშია) გავიდა. 2010 წლიდან დღემდე თევზი საქართველოდან, ძირითადად, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გააქვთ.

გარდა თევზის იმ სახეობებისა, რომლებიც საქართველოში არ ბინადრობენ, ქვეყანაში შემოაქვთ თევზის ის სახეობებიც, რომლებიც ადგილობრივ ფერმერებს გამოჰყავთ. „მათ შორის კალმახიც, რომლის მოშენებითაც ბევრი ფერმერი იყო დაკავებული და დღეს მათი თევზის მეურნეობები შეჩერებულია“, – ამბობს აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია `ფორეჯის~ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და წყლის მდიდარი რესურსი კარგი პირობაა ქვეყანაში თევზჭერის დარგის განვითარებისთვის, თუმცა ქვეყანას ამ მიმართულებით სტრატეგია არ აქვს.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში მოხმარებული თევზის 96% იმპორტირებულია, დანარჩენი 4% კი ადგილობრივი წარმოებისაა. სახელმწიფოს ევალება შეიმუშაოს რეგულაციები, რომლებიც მიაჩვევს ფერმერს სწორად მუშაობას. ბევრი აგროკრედიტი თუ სხვა სახის დახმარებაა გაწეული ამ დარგში, მაგრამ შედეგი არ გვაქვს, რადგან დახმარება იყო არამიზნობრივი“, – ამბობს სოფო დიასამიძე.

საქართველოში თევზჭერის ლიცენზია, რომელიც 10 წლით გაიცემა და 20 მილიონი ლარი ღირს, ხუთ კომპანიას აქვს: „აისბერგი 2“ (24%), „გეოფიშ კომპანი“ (19.174%), „პალიასტომი 2004“ (5.055%), „მდმ“ (25%), შპს „ზღვის პროდუქტები“ (26.771%). მათ შავ ზღვაზე ჯამში 20 გემის შემოყვანის უფლება აქვთ, აქედან ნაწილი ამ კომპანიების საკუთრებაა, ნაწილი კი – თურქული ფლოტიდან ნაქირავები გემებია. გარდა ამისა, შავ ზღვაში თევზჭერას კიდევ 33 ქართული სეინერი ახორციელებს. საქართველოს ლიცენზიის მფლობელი კომპანიები ვალდებულნი არიან, არსებული ლიცენზიის ფარგლებში მათ თანაბრად გადასცენ ასათვისებელი რესურსის 12%.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ქაფშიას გზა ევროპისკენ[/highlight]

ევროკავშირი თევზჭერისა და აკვაკულტურის პროდუქტების უმსხვილესი მოვაჭრეა მსოფლიოს მასშტაბით. ევროკომისიის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის მომხმარებლებმა 2015 წელს თევზჭერისა და აკვაკულტურის პროდუქტების შესაძენად 54 მილიარდი ევრო დახარჯეს. რაც შეეხება ევროკავშირში ქაფშიის მოხმარებას, 2015 წელს ევრობაზარზე 188 მილიონი ევროს ღირებულების 30 000 ტონა ყველა კატეგორიის ანჩოუსის (მათ შორის ქაფშიას) იმპორტი განხორციელდა.
საქართველოში ქაფშია, იგივე „ხამსა“, ყველაზე პოპულარული თევზია. ამას სტატისტიკაც მოწმობს: საქართველოში თევზის მთელი ჭერილის 90%-ზე მეტი ქაფშიაა, მას მოსდევს სტავრიდა, ხონთქარა და მერლანგი.

2017 წელს შავი ზღვის თევზისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნება. ამის საშუალებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იძლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან იმპორტირებულ შვიდი ათასზე მეტი სახეობის საქონელზე უქმდება ყველა სახის საბაჟო გადასახადი.

ევროკავშირში ქაფშიის გატანისთვის საჭიროა თევზის ხარისხი შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, საქართველომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადააგზავნა ევროკავშირის შესაბამის სამსახურებში. „ახლა მიმდინარეობს ჩვენ მიერ გადაგზავნილი მასალების დამუშავება. საბოლოო ეტაპია გასავლელი, თავიანთ რეგულაციებში უნდა შეიტანონ ცვლილებები“, – ამბობს არჩილ ფარცვანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე.

საქართველოში თევზმჭერი კომპანიები საექსპორტოდ თევზის ფქვილსა და მცირე რაოდენობით თევზის ზეთსაც ამზადებენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია შპს „მბმ“-ია, რომელსაც თევზჭერის ლიცენზია აქვს. კომპანიას პროდუქტი, ძირითადად, თურქეთსა და აზერბაიჯანში გააქვს. მისი წარმომადგენელი მერაბ ხარაბაძე ამბობს, რომ მათი საწარმო ევროკავშირის ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებს და მათ, სხვა ლიცენზიის მქონე კომპანიების მსგავსად, ISO-s (International Organization for Standardization) სერტიფიკატიც აქვთ.

„კარგი იქნება, ევროკავშირის ბაზარზე თევზის ფქვილი და სხვა პროდუქტებიც რომ გავიტანოთ. ფასი იქ უფრო მაღალია. როცა ერთ ქვეყანაზე ხარ დამოკიდებული, რა ფასსაც გთავაზობენ, იმას სჯერდები“, – ამბობს ის. მერაბ ხარაბაძის თქმით, ექსპორტიორ ქვეყნებში მათი გატანილი ერთი ტონა ნედლი თევზის ფასი 400 აშშ დოლარია.

თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოება-ექსპორტით არის დაკავებული კიდევ ერთი ლიცენზიის მქონე კომპანია – შპს „აისბერგ 2“. მათ ამ ეტაპზე პროდუქცია მხოლოდ თურქეთში გააქვთ, კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ფარცვანია იმედოვნებს, რომ პროდუქციას ევრობაზარზე გაიტანს: „ვეცდებით, ჩვენი პროდუქტი ევრობაზარზეც მოხვდეს. ჩვენი ქარხანა ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. მთავარია, რესურსი იყოს, რომ მოვიპოვოთ. წელს, მაგალითად, საკმარისი თევზი არ შემოსულა ჩვენს აკვატორიაში, ექსპორტზე ნედლი თევზი რომ გაგვეშვა“.

მერაბ ხარაბაძე ამბობს, რომ მათ საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოს ნავსადგურებია, რომლებსაც დიდი ოდენობის ტვირთის შეუფერხებლად გადმოტვირთვისთვის ინფრასტრუქტურული ცვლილებები სჭირდება. „10-15 ტონა თევზის გადმოტვირთვა 3-4 საათში უნდა მოახერხო, რომ არ გაფუჭდეს. საამისოდ იქ 50-მდე ადამიანმა უნდა იმუშაოს, მაგრამ არ არის ადგილი.“

გარემოს დაცვის სამინისტრომ თევზჭერის ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციებს გასულ წელს ლიცენზიაში ახალი პირობები ჩაუდო – თევზჭერის პროცესში ადგილობრივი კადრების დასაქმება. მომავალი წლიდან თითოეულმა ლიცენზიანტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ 2018-2019 წლებში თევზჭერის პროცესში დასაქმებულთა არანაკლებ 30% იყოს შესაბამისი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 2019-2023 წლამდე ასეთი კადრების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 50%, ხოლო 2023 წლიდან – არანაკლებ 80 პროცენტი.

„ახლა უმეტესად თურქულ სეინერებს ქირაობენ თევზმჭერი კომპანიები – ყველაზე ძლიერი ფლოტი მათ აქვთ. მაგრამ ამ პირობის შედეგად, თევზჭერის პროცესში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან, რაც ქართული მეთევზეების განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის უფროსი ირაკლი ჭავჭანიძე.

წელს ქაფშიის სეზონისთვის, რომელიც ოქტომბერში დაიწყება, გემებზე დაჭერილი თევზის ოდენობა ჩაიწერება ელექტრონულ ჟურნალში, რომელიც ინტერნეტით დაუკავშირდება ცენტრალურ ბაზას და იქ აისახება. აქამდე გემზე თევზჭერის მონაცემები ფურცელზე ფიქსირდებოდა.

„ელექტრონული სისტემა საქმეს ჩვენთვისაც და ლიცენზიატი კომპანიისთვისაც გაამარტივებს. ვთქვათ, გემზე გადაცემულია 2000 ტონის ჭერის უფლება, ჩვენ ყოველდღე გვეცოდინება რამდენით უახლოვდება იგი დასაშვებ ჭერილს. დარღვევებს კი კვლავ გემზე ასვლით გავაკონტროლებთ“, – ამბობს ირაკლი ჭავჭანიძე.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქაფშიის დაჭერის კვოტა, რეგულაციების თანახმად, ყოველ წელს იცვლება. წლევანდელი კვოტა 90 000 ტონაა.

ბათუმის თევზის ბაზარი. ია ფრანგიშვილის ფოტო

ბათუმის თევზის ბაზარი. ია ფრანგიშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]აკვაკულტურის წელი სტრატეგიის გარეშე[/highlight]

აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის შესაძლებლობების შესწავლა 2015 წელს დაიწყო. დოკუმენტი, სადაც ყველა წყალსატევისა და მდინარის აღწერასთან ერთად მოცემული იქნებოდა აკვაკულტურის განვითარების შესაძლებლობები, წლის ბოლომდე უნდა მომზადებულიყო. თუმცა მუშაობა დღემდე არ დასრულებულა. არჩილ ფარცვანია განმარტავს, რომ სტრატეგიის დოკუმენტი სახელმწიფოს სხვა უწყებებთანაც უნდა შეთანხმდეს, ამიტომაც დასჭირდა მის მომზადებას გათვალისწინებულზე მეტი დრო. აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება მზად.

თევზის რამდენი მეურნეობაა საქართველოში, სამინისტროში ზუსტი სტატისტიკა არ აქვთ. არჩილ ფარცვანიას თქმით, ქვეყანაში 400-ზე მეტი თევზსაშენია, ხოლო თუ მცირე ინდმეწარმეებსაც ჩავთვლით, ეს რიცხვი შესაძლოა 800-მდეც გაიზარდოს. FAO-ს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში თევზის ფერმები უმეტესად ცუდ მდგომარეობაში არიან – ამის მიზეზი ფინანსებისა და მართვის უნარების ნაკლებობაა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მაია აბაშიძე ამბობს, რომ ადგილობრივ მეთევზეებს ქვირითის გამოყვანისა და თევზის გამოზრდის წესების მხრივ აქვთ სირთულეები, რის გამოც ხშირად ეხოცებათ ლიფსიტი. „თევზის მოვლა-შენახვის წესებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ცხადყო, რომ აუცილებელია მათთვის აგრარული ექსტენციის მიწოდება და ინოვაციების შეთავაზება, რაც მიმდინარე პროგრამებით არის გათვალისწინებული“, – ამბობს ის.

ლიფსიტის გამოზრდის პრობლემის მოსაგვარებლად, 2017-2018 წლისთვის აჭარაში 27 მეურნეობიდან რამდენიმე სწორედ სადედე ჯოგების გადარჩევაზე, ერთი კი ლიფსიტის გამოზრდაზე იქნება სპეციალიზებული.

FAO-ს მონაცემებით, საქართველოში 26 000-მდე მდინარე და წყაროა საერთო სიგრძით – 54 768 კმ, ასევე არის 860 ტბა და 12 წყალსაცავი, რომელთა საერთო ფართობი ჯამში 277 კვადრატული კილომეტრია. შავი ზღვის სანაპირო ზოლის მთლიანი სიგრძე კი, რომელიც ქვეყანას დასავლეთით ესაზღვრება – 330 კილომეტრია. თევზის სახეობებით მდიდარია როგორც შავი ზღვა (თევზის 52 სახეობა), ისევე საქართველოს შიდა წყლები (მდინარეები, ტბები, წყალსატევები და წყალსაცავები), სადაც თევზის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ბაზის Fishbase-ს მიხედვით, 71 სახეობის თევზი ბინადრობს.

მეთევზეობა

მეთევზეობა

მთავარ ფოტოს ავტორი: სულხან სალაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: