მთავარი,სიახლეები

რუსეთი იძულებულია უკრაინაში ცუდად ორგანიზებულ დროებით ფორმირებებს დაეყრდნოს – ISW

30.11.2022
რუსეთი იძულებულია უკრაინაში ცუდად ორგანიზებულ დროებით ფორმირებებს დაეყრდნოს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთის არმია უკრაინაში ცუდად მომზადებული და ორგანიზებული დროებითი ფორმირებების იმედად დარჩა, რადგან უარი თქვა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონცეფციის გამოყენებაზე.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები უახლეს ანგარიშში ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებს, რომელთა თანახმადაც, ბოლო სამი თვეა, რაც რუსეთმა საკუთარი არმიის ამ ფორმით დაკომპლექტება და ფრონტზე განლაგება შეწყვიტა.

ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის კონცეფციაზე უარის თქმის სავარაუდო მიზეზად დაზვერვამ ბრძოლაში მათი არაეფექტიანობა დაასახელა.

ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი – ეს არის არმიაში შექმნილი ფორმირება, რომელიც ყალიბდება ბატალიონის ბაზაზე ბრძოლის საწარმოებლად და მოიცავს სატანკო, მოტომსროლელ, ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, საინჟინრო, ზურგისა და სხვა დანაყოფებს.

ISW-ის შეფასებით, რუსეთის ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა აპრილიდან, წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების შემდეგ. ანალიტიკოსები წარუმატებელ შეტევებად ასახელებენ კიევის, მარიუპოლის, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ოპერაციებს და აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ამ ტაქტიკური ჯგუფების გაძლიერება და მათთვის საბრძოლო ძალის დაბრუნება ვეღარ შეძლო.

„რამდენიმე მარცხის შემდეგ, რუსეთის არმიამ, სავარაუდოდ, თავისი დარჩენილი ძალები და ახალი პირადი შემადგენლობაც მობილიზებულების ჩათვლით, ცუდად მომზადებული და ორგანიზებული დროებითი ფორმირებების სახით დატოვა,“ – წერს ISW.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის გამო რუსეთის სარდლობა უკრაინაში ეყრდნობა სწორედ ამ დროებით ფორმირებებს, რომლებშიც დაბალი საბრძოლო განწყობის მქონე მობილიზებულებიც შედიან.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • 29 ნოემბერს რუსეთის არმიამ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია ბახმუტის რაიონში, თუმცა სავარაუდოდ, ისეთი ტემპით ვერ მიიწევს წინ, როგორც რუსული წყაროები ამტკიცებენ;
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას გარშემო;
  • რუსეთის არმიამ შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელა კრემენაიას დასავლეთით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად;
  • რუსეთის ჯარები საარტილერიო ბრძოლებს აწარმოებდნენ სივერსკისა და ავდეევკის სიახლოვეს, ასევე დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში;
  • რუსები განაგრძობდნენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ხერსონის აღმოსავლეთში, იმ დროს, როდესაც უკრაინის არმია განაგრძობდა დარტყმებს რუსეთის ჯარების თავშეყრის ადგილებზე;
  • დამოუკიდებელი გამოძიება აჩვენებს, რომ რუსეთმა, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, ათასობით უკრაინელი პატიმარი რუსეთში გადაიყვანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: