მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის ცხვირის მუდმივად გაჭედვის მიზეზი და რატომ არის საშიში წვეთების ხშირი გამოყენება

30.11.2022 • 127439
რა არის ცხვირის მუდმივად გაჭედვის მიზეზი და რატომ არის საშიში წვეთების ხშირი გამოყენება

ცხვირის გაჭედვის მიზეზი ცხვირის ქსოვილების გაღიზიანება ან ანთებაა, რომელიც სხვადასხვა გამაღიზიანებლით შეიძლება იყოს გამოწვეული. მიზეზი ასევე  შეიძლება იყოს ვირუსული ან ალერგიული წარმოშობის, რაც შედარებით მოკლე დროში ლაგდება, თუმცა ისეც ხდება, რომ ცხვირის გაჭედვა ხანგრძლივდება. სწორედ ამ მიზეზებსა და მათი თვითნებური მკურნალობის სახიფათო შედეგებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოტორინოლარინგოლოგს, ბესიკ კოკობინაძეს.

  • ბატონო ბესიკ, რა შეიძლება იყოს ცხვირით სუნთქვის ხანგრძლივად გაძნელების ყველაზე ხშირი მიზეზები?

ბავშვთა ასაკში ამის ძირითადი მიზეზი ადენოიდებისა და ნუშურების ჰიპერტროფიაა [გადიდება]. ზრდასრულ ასაკში კი ძირითადი მიზეზებია: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია, ვაზომოტორული რინიტი, ქრონიკული რინიტი, სხვადასხვა ალერგიული რინიტი, მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, ასევე ცხვირის პოლიპოზი (ანუ პოლიპების არსებობა ცხვირის ღრუში). 

ცხვირით სუნთქვის ხანგრძლივად გაძნელების ყველაზე ხშირი მიზეზი მოზრდილთა ასაკში ცხვირის ძგიდის გამრუდებაა. როგორც წესი, ძგიდის ამა თუ იმ ხარისხის გამრუდება თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება, თუმცა გააჩნია გამრუდების ხარისხს და ლოკალიზაციას.

ძგიდის გამრუდება ყველა შემთხვევაში სუნთქვის გაძნელებას არ იწვევს. ცხვირის ძგიდის გამრუდების მთავარი მიზეზი მექანიკური ტრავმაა.

ასევე, საკმაოდ ხშირია ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია [მათი ძვლის ან ლორწოვანის გადიდება], მით უმეტეს აჭარაში, ნესტიან პირობებში. ცხვირში არსებობს ე.წ. ქვემო, შუა და ზედა ნიჟარები. ქვემო ნიჟარები არის რბილქსოვილოვანი, ღრუბლოვანი ქსოვილებია შიგ, რომელსაც ფიზიოლოგიური  თვისებაც აქვს, რომ სისხლის ძლიერად მოდინებისას პერიოდულად გაიბეროს, რაც შესაბამისად ავიწროებს ცხვირის გასავალ, ჰაერის გამტარ გზებს. როცა ამ ნიჟარების ხშირი გაღიზიანება/გადიდება ხდება სხვადასხვა ალერგიული მიზეზით თუ გაციებით, შემდგომში ეს იწვევს ამ ნიჟარების მყარად გაზრდას, ანუ ხდება ნიჟარის ქსოვილის ჰიპერტროფია და ვითარდება ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება. ნიჟარის ჰიპერტროფია შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის რინიტმა (სურდომ).

ხშირად მიზეზი ხდება ცხვირის წვეთების ხანგრძლივად გამოყენებაც.

ფიზიოლოგიურად ცხვირის ორივე ნესტო არასოდეს სუნთქავს ერთნაირად, პერიოდულად ხან ერთი ნესტო ატარებს ჰაერს კარგად, მეორე – ნაკლებად და ასე მონაცვლეობენ.

  • რატომ არის სახიფათო ცხვირის წვეთების თვითნებური გამოყენება ხანგრძლივად?

საქმე ის არის, რომ ცხვირის წვეთები, როგორც წესი, მოქმედებს ადგილობრივად, ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვებზე. ეს სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებებია. ხანგრძლივად გამოყენების შედეგად შეიძლება მან ორგანიზმში სხვა სისხლძარღვებზეც იმოქმედოს, ეს შეიძლება არტერიული წნევის – ჰიპერტონიული დაავადების მიზეზიც გახდეს.

ცხვირის წვეთების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში პაციენტი ხდება დამოკიდებული, უკვე ვეღარ სუნთქავს წვეთების გარეშე და შესაძლოა ოპერაციული ჩარევის საკითხიც დადგეს. თუ პაციენტი ამ საშუალებებს იყენებს ორი თვე და მეტი ხნით, უკვე დამოკიდებულებად მიიჩნევა.

პაციენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად მოერიდონ ცხვირის გამხსნელი წვეთების ხანგრძლივად გამოყენებას, მაქსიმუმ მოიხმარონ 6-7 დღე, რათა ხელი არ შეუწყონ ჰიპერტროფიული რინიტის ანუ ნიჟარების ჰიპერტროფიის განვითარებას და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცხვირიდან სუნთქვის ხანგრძლივად გაძნელებას?

ცხვირით სუნთქვის გაძნელება და მის ნაცვლად ღია პირით სუნთქვა განსაკუთრებით საშიშია ბავშვთა ასაკში. ეს შეიძლება გახდეს ისეთი სერიოზული პრობლემების მიზეზი, როგორიცაა სახის ძვლების არასწორი განვითარება, ხშირად ირღვევა თანკბილვა, შეიძლება განვითარდეს სმენის პრობლემები. ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასაც კი, ამიტომ ბავშვთა ასაკში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ცხვირით თავისუფალი სუნთქვა.

მოზრდილებში ცხვირით სუნთქვის გაძნელება შეიძლება გახდეს სინუსიტის [ანთებითი ხასიათის პროცესი], შუა ყურის ანთების განვითარების და ყურში სითხის დაგროვების მიზეზი.

ქრონიკულად მიმდინარე სინუსიტი დიდ დისკომფორტს წარმოადგენს პაციენტისთვის – ახასიათებს მუდმივი გამონადენი ცხვირიდან, პერიოდულად თავის ტკივილი, საერთო სისუსტე. ზოგჯერ, თუ შორსწასულია პრობლემა, კონსერვატიულ მკურნალობასაც აღარ ექვემდებარება და შესაძლოა დანამატ წიაღებზე ოპერაციული მკურნალობის საკითხიც დადგეს. ქრონიკულია სინუსიტი, თუ, მკურნალობის მიუხედავად, პრობლემა სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება.

სახის არეში, ცხვირის ირგვლივ, განლაგებულია ცხვირთან დაკავშირებული დანამატი ოთხი ღრუ – ზედა ყბის ძვლის, შუბლის ძვლის, ასევე ძირითადი ძვლის და ეთმოიდური, ეს წიაღები ცხვირთან დაკავშირებულია სავალებით. ხანგრძლივი სურდოს ანუ ცხვირის გაჭედვის დროს, ანთებითი პროცესი ცხვირის ღრუდან გადადის ამ დანამატ წიაღებში, შესაბამისად ვითარდება რომელიმე ერთი წიაღის ანთება. ყველაზე ხშირია ჰაიმორის ღრუს ანუ ზედა ყბის წიაღის ანთება, რომელიც ასევე ცნობილია ჰაიმორიტის დიაგნოზით.

ასევე, არის ფრონტალური წიაღის, ანუ შუბლის წიაღის ანთება – ფრონტიტი. შეიძლება  ერთდროულად განვითარდეს სხვადასხვა წიაღის ანთება. ეს უფრო რთული დაავადებაა რინიტისგან განსხვავებით და ხშირად სჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია, გამოიყენება სხვადასხვა ადგილობრივი მკურნალობა, გამორეცხვა.

რინიტი (სურდო) შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე რინიტი ძირითადად გაციების დროს ვითარდება, ქრონიკული რინიტი კი ხშირი გაციების შედეგად ყალიბდება. ქრონიკულად მიიჩნევა რინიტი, როდესაც ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება მწვავე პროცესი – ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა.

  • სხვა რა ნიშნები ახლავს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას?

ხანგრძლივად სუნთქვის გაძნელება ორგანიზმში იწვევს ჟანგბადის უკმარისობას, რა დროსაც თავის ტვინს არასაკმარისი ჟანგბადი მიეწოდება. ამ დროს პაციენტებს აღენიშნებათ  თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, გაბრუება, ეს არტერიული წნევის მატების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ასევე, მათ ხშირად აღენიშნებათ გამონადენი ცხვირიდან, ცხვირ-ხახიდან ყელში ჩანადენი, ვითარდება ყელის სიმშრალე. თუ  ხშირია ცხვირიდან ჩანადენი ყელში, შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული ხველაც.

  • დიაგნოსტიკის რა მეთოდები გამოიყენება?

დიაგნოზისთვის ანამნეზის შეგროვების შემდეგ გამოიყენება რინოსკოპია, რა დროსაც სპეციალური ხელსაწყოებით ხორციელდება ცხვირის ღრუს დათვალიერება, ცხვირში პათოლოგიური პროცესების არსებობის დასადგენად. თუ ეჭვი არის სინუსიტზე, ტარდება ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია ან დგება კომპიუტერული ტომოგრაფიის საჭიროება.

რაც შეეხება მკურნალობას, იწყება მედიკამენტური მკურნალობით, არაეფექტურობის შემთხვევაში კი  დგება ქირურგიული მკურნალობის საკითხი. როცა არის ცხვირის ძგიდის გამოხატული გამრუდება, რაც სუნთქვის გაძნელების მიზეზი ხდება, განიხილება მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: