მთავარი,სიახლეები

როგორ უნდა მოიქცე, როცა პოლიციელი ქუჩაში ფოტოს გიღებს და გჩხრეკს – ინტერვიუ

29.11.2022 • 20844
როგორ უნდა მოიქცე, როცა პოლიციელი ქუჩაში ფოტოს გიღებს და გჩხრეკს – ინტერვიუ

„ჩვენს პრაქტიკაში პოლიციელები პირდაპირ გადადიან ფოტოს გადაღებაზე,“ – თავისი დაკვირვებაც გაგვიზიარა ინტერვიუს დროს საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ შემთხვევაზე, როცა პოლიციელი ქუჩაში გაჩერებთ და ფოტოს გადაღებას გაიძულებთ.

იურისტი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცე ამ დროს, ან როდის შეგიძლია გადაუღო ფოტო ან ვიდეო პოლიციელს. „აუცილებელია, შევქმნათ მტკიცებულება, რადგან, როგორც წესი, შემდეგ ამას უარყოფენ ხოლმე,“ – დასძენს პაატა დიასამიძე.

იურისტი ამ ინტერვიუში ხნის იმასაც, თუ რა შეიძლება მოვითხოვოთ, როცა პოლიციელი ჩვენ ჩხრეკას იწყებს.

„ბათუმელებმა“ პაატა დიასამიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია.

  • ბატონო პაატა, რა შემთხვევაში აქვს უფლება პოლიციელს, ქუჩაში მოქალაქე გააჩეროს და ფოტო გადაუღოს?  

დავიწყოთ იქედან, რომ გამოკითხვის მიზნით პოლიციელს შეუძლია მოქალაქის ქუჩაში შეჩერება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელმა უნდა გაგვაჩეროს ჩვენი განსხვავებული ჩაცმულობის ან კანის ფერის გამო – გამოკითხვისთვის პოლიციელს სჭირდება შესაბამისი საფუძველი, მაგალითად, პირს აქვს კონკრეტული, ძებნილი პირის იდენტური ნიშნები, ან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას აქვს სამართალდარღვევა, ან დანაშაული ჩადენილი.

შესაძლოა, არსებობს ინფორმაციაც, რომ პირი გადაადგილდება იარაღით ან კანონსაწინააღმდეგო სხვა ნივთით. ამ შემთხვევაში პოლიციელს შეუძლია,  გამოჰკითხოს კონკრეტული პირი. გამოკითხვა გულისხმობს პერსონალური მონაცემების დადგენასაც. ფოტოს გადაღება კი, პოლიციელს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გასაუბრების დროს პოლიციელი ვერ ადგენს პირის ვინაობას, ან ვინაობის დადგენა განსაკუთრებულ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგალითად, პირი არ ეუბნება პოლიციელს თავის სახელ-გვარს, ან არ აწვდის პირადობას. ასევე შეიძლება, აწვდიდეს პირადობის მოწმობას, მაგრამ პოლიციელს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის გაყალბებულია.

ფოტოგადაღება არის საპოლიციო ღონისძიება პირის იდენტიფიცირების მიზნით. თუ პირის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი რაიმე სახის დოკუმენტით, მაშინ ფოტოგადაღების, როგორც საპოლიციო ღონისძიების გატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. პოლიციელმა პირს გონივრული ვადა უნდა მისცეს იმისთვის, რომ მან დაადასტუროს თავისი ვინაობა, რასაც ჩვენს პრაქტიკაში პოლიციელები ხშირად არ აკეთებენ – ისინი პირდაპირ გადადიან ფოტოს გადაღებაზე.

  • მოქალაქის ვინაობის დადგენის გარდა სხვა საფუძველი არ არსებობს, რის გამოც პოლიციელმა შეიძლება ფოტო გადაგვიღოს?  

მაგალითად, ავიღოთ ასეთი შემთხვევა: პირი იმყოფება დანაშაულის ადგილზე და ის გამოჰკითხა პოლიციელმა. გამოკითხვის დროს კი პირმა უთხრა პოლიციელს, რომ ჩემს ვინაობას ვერ გაგიმხელ, ვერ მოგაწვდი პირადობის მოწმობას და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაშიც პოლიციელს შეუძლია იდენტიფიცირების მიზნით მოახდინოს ფოტოგადაღება.

ფოტოგადაღების გარდა არსებობს სხვა საიდენტიფიკაციო ღონისძიებები, მაგალითად, გაზომოს პოლიციელმა ადამიანის სიმაღლე, ჩაიწეროს მისი ხმაც.

აუცილებელია, ფოტოგადაღების შემდეგ პოლიციელმა შეადგინოს ოქმი და მიუთითოს ამ საპოლიციო ღონისძიების საფუძველი. მე პრაქტიკაში არც ეს შემხვედრია, რომ ფოტოების ქუჩაში გადაღების შემდეგ პოლიციელს ოქმი ჰქონოდა შედგენილი.

პაატა დიასამიძე

  • თუ პოლიციელი სამართალდარღვევას აფიქსირებს და მტკიცებულების მოპოვების მიზნით გვიღებს ფოტოს? 

თუ იდენტიფიცირება დოკუმენტით შესაძლებელია, კანონი გვეუბნება, რომ პოლიციას ფოტოგადაღების საფუძველი აღარ აქვს.

რაც შეეხება სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში უკვე პოლიციელი უღებს ფოტოს არა კონკრეტულ პირს მისი იდენტიფიცირების მიზნით, არამედ ის ასურათებს თავად ფაქტს, ქმნის მტკიცებულებას. მაგალითად, პირი არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, ამ დროს თუ პოლიციელი იღებს ფოტოებს, ის თავად ამ წინააღმდეგობის ფაქტს აფიქსირებს და არა პირს მისი ვინაობის დასადგენად.

ზიანის ანაზღაურებაც კი შეიძლება მოითხოვოს მოქალაქემ, თუ დადასტურდება, რომ პოლიციელი უკანონოდ იყენებს ამ საპოლიციო ღონისძიებას.

  • მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაუღოს პოლიციელს ფოტო? 

მოქალაქეს, როცა ის პოლიციელთან ურთიერთობას იწყებს, შეუძლია ნებისმიერ დროს ფოტო და ვიდეოგადაღება აწარმოოს. ამ დროს მხოლოდ საჭიროა გაფრთხილება, მაგალითად, პოლიციელის, რომ მას ფოტოს ვუღებთ.

  • თუ პოლიციელი გადაღების წინააღმდეგია? 

ამის უფლება მას არ აქვს, პოლიციელი მხოლოდ უნდა გააფრთხილო, რომ იწერება, მაგალითად, საუბარი ან ვიღებთ ვიდეოს.

ასევე,არ არის დარღვევა, როცა ჩვენ პოლიციელის მიერ კანონის დარღვევის ფაქტს ვაფიქსირებთ. ამ დროს პოლიციელს კი არ ვუღებთ, არამედ ვაფიქსირებთ ფაქტს, თუ რას ამბობს, როგორ იქცევა პოლიციელი. ფაქტი შესაძლოა დავაფიქსიროთ პოლიციის შენობაშიც.

  • კიდევ რა შეუძლია მოქალაქეს, თუ პოლიციელი მაინც აჩერებს ქუჩაში და ფოტოებს უღებს? 

წინააღმდეგობის გაწევა, როგორც ვიცით, აუარესებს მოქალაქეების მდგომარეობას. ერთია, რომ ფოტოს ან ვიდეოს გადაღება შეუძლია მოქალაქეს ამ კომუნიკაციის დროს, მეორეა ოქმის მოთხოვნა. თუ ოქმსაც არ აფორმებს პოლიციელი, მოქალაქემ უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისთვის. პოლიციელთა სამსახურებრივ გადაცდომებს იკვლევს გენინსპექცია. შესაძლებელია, იქვე, პირდაპირ აკრიფო 126 და მიმართო გენინსპექციას. აუცილებელია, შევქმნათ მტკიცებულება, რადგან, როგორც წესი, შემდეგ ამას უარყოფენ ხოლმე.

  • კიდევ ერთი საკითხი მინდა განმარტოთ, რაც აქტუალურია ქუჩაში ფოტოს გადაღების დროს – ზედაპირული შემოწმება და ჩხრეკა. როდის აქვს ამის უფლება პოლიციელს? 

ჩხრეკას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს და ის გადის სასამართლო კონტროლს, ზედაპირული შემოწმება კი, პოლიციელს შეუძლია განახორციელოს სასამართლოს ნებართვის გარეშე. ამ დროს პოლიციელი ხელით შეხებით ამოწმებს, მაგალითად, აქვს თუ არა იარაღი პირს. ზედაპირული შემოწმების დროს მას მოქალაქის ავტომანქანის სალონში შესვლის უფლება არ აქვს, ვერც მოქალაქეს ჩაუყოფს ჯიბეში ხელს. პოლიციელი გარედან, ზედაპირულად ათვალიერებს პირს.

თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი ატარებს რომელიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უკვე საფუძველი იქმნება პირადი ჩხრეკის ჩატარებისთვის. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია პოლიციელს მაშინვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუმცა ის გადის სასამართლო შემოწმებას.

მნიშვნელოვანია, რომ პირის შეჩერება და ზედაპირული შემოწმება არ აღემატებოდეს 30 წუთს. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ეს დაკავებაა და გადაადგილების თავისუფლება ეზღუდება.

რაც მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს, რაც არ მომხდარა. ამ ეტაპზე კანონი არ იცნობს ე.წ. ნეიტრალური პირის მოწვევის შესაძლებლობას ჩხრეკის დროს, ადვოკატის მოწვევის ვალდებულებაც არ არსებობს, როცა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ტარდება ჩხრეკა.

ამ ეტაპზე კანონი ავალებს სამართალდამცველს, რომ შეადგინოს ჩხრეკის ოქმი, სადაც დეტალურად აღწერს ამ პროცესს, სასამართლო კი, ამოწმებს ჩხრეკის ჩატარების საფუძველს და მის კანონიერებას.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ასახული კანონმდებლობაში, მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ შეფასების საგანია, ჩაითვალოს თუ არა მტკიცებულებად ჩხრეკის შედეგად მიღებული მტკიცებულება.

  • ჩხრეკის დროს თუ შეიძლება პოლიციელს ფოტო გადავუღოთ, ან მოვითხოვოთ, რომ თავად პოლიციამ გადაიღოს ფოტო ან ვიდეო? 

ამ ეტაპზე არც ამის ვალდებულება აქვს პოლიციას, რომ ჩხრეკის ფოტო, ვიდეოფიქსაცია მოახდინოს. ფოტოს და ვიდეოს გადაღების საკითხი ჩხრეკის დროს უნდა დარეგულირდეს.

მოქალაქეს კი, შესაძლოა, პოლიციელმა უთხრას, რომ ხელი ეშლება, თუ ის ვიდეოს გადაიღებს, მაგალითად, მობილურის ამოღების დროს მოიცილოს ჯიბიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთი. ჩხრეკა იძულების მექანიზმია, მანამდე პოლიციელმა უნდა გააფრთხილოს მოქალაქე, რომ წარმოადგინოს კანონსაწინააღმდეგო ნივთი. იძულებითი მექანიზმის გამოყენების დროს, პოლიციელმა შესაძლოა მოსთხოვოს პირს ხელების საერთოდ უკან გაწევა.

  • არის შესაძლებელი, სხვამ გადაიღოს ვიდეო, რომელიც, მაგალითად, ახლავს პირს, ვისაც ჩხრეკენ და შეესწრო ამ პროცესს? 

დიახ, ეს შესაძლებელია, თუ არსებობს იმ პირის გაცხადებული თანხმობა, ვისაც ჩხრეკენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: