მთავარი,სიახლეები

რა გაკეთდა ბათუმში ომსგამოქცეული უკრაინელებისთვის

30.11.2022 • 1123
რა გაკეთდა ბათუმში ომსგამოქცეული უკრაინელებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში საქართველოში 60 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იყო ჩამოსული. ომსგამოქცეული უკრაინელების ნაწილმა აჭარას მოაშურა. ლტოლვილების დაბინავება, მათთვის შესაბამისი სერვისების შექმნა, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხების მოგვარება რეგიონის გამოწვევად იქცა.

სამოქალაქო და სახელისუფლებო სექტორი ერთად ცდილობს, მოაგვაროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც უკრაინელ ლტოლვილებს აჭარაში აქვთ, მაგრამ დღემდე ბევრი საკითხია გადაუჭრელი და მატერიალური თუ სხვა ტიპის დახმარება, არცთუ იშვიათად, ვერ აღწევს ზოგიერთ უკრაინელ ლტოლვილამდე.

ნატალია მიროშნიჩენკო ბათუმში უკრაინის დიასპორის ხელმძღვანელია. ომის დაწყებამდე მისი საქმიანობა ძირითადად უკრაინის ეროვნულ დღესასწაულებზე ღონისძიებების დაგეგმვით შემოიფარგლებოდა. ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნის მიზანი ბათუმში უკრაინელთა მცირერიცხოვანი დიასპორის შეკრება იყო.

გარემოებები შეიცვალა.

24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ბათუმში უკრაინელთა დიასპორის 12 კვადრატული მეტრი ოთახი ახლა ყოველდღე ივსება ომსგამოქცეული ქალებითა და ბავშვებით. დღესასწაულებისთვის აქ აღარავის სცალია. უკრაინელთა ბათუმის დიასპორის ცენტრისთვის ახლა მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის სამოსის, საკვების შეგროვებაა, მათთვის შესაფერისი განწყობის შექმნა და ამისთვის საჭირო გარემოს მოწყობა.

უკრაინის დიასპორის ცენტრი

ნატალია მიროშნიჩენკოს ბაზაში ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვია დარეგისტრირებული, რომლებსაც დიასპორის ცენტრი შესაძლებლობის მიხედვით სთავაზობს სხვადასხვა სერვისს:

„ჩვენ ბათუმის მერიის ბაზაზე ვართ. მაისის თვიდან ვცდილობდით ბავშვების მოგონებები ომზე ოდნავ გაგვენეიტრალებინა და მათთვის ისეთი დღეები მოგვეწყო, რაც ცოტა ხნით მაინც გაახალისებდათ. ბოტანიკურ ბაღში, დელფინარიუმში, აკვარიუმში ჩვენს ბენეფიციარებს შეუძლიათ უსასყიდლოდ იარონ. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი კვირაში ერთხელ უსასყიდლოდ მართავს სპექტაკლებს უკრაინელი ბავშვებისთვის.

ნატალია მიროშნიჩენკო, ბათუმში უკრაინის დიასპორის ცენტრის ხელმძღვანელი

მაისის თვიდან ჩვენთან დარეგისტრირებულ ბავშვებს ასევე შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ყველა იმ სპორტულ ღონისძიებაში, რაც ბათუმის ტერიტორიაზე იმართება.

უკრაინელთა დიასპორის ცენტრში გახსნილია ასევე ინგლისური ენის კურსები როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ცენტრში ბავშვებთან მუშაობს არტთერაპევტი და ფსიქოლოგი.

არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაგვიწია დიდი დახმარება. ორგანიზაციების დასახელების უფლება არ მაქვს. ბევრს მოჰქონდა სამოსი, ტკბილეული, საკანცელარიო ნივთები სკოლის მოსწავლეებისთვის, ერთჯერადად მათგან თითოეულ ბავშვს გადაეცა 100-ლარიანი ვაუჩერები სხვადასხვა მაღაზიაში სასურველი ნივთების შესაძენად“, – ამბობს ნატალია მიროშნიჩენკო.

ბავშვები უკრაინის დიასპორის ცენტრში

მისივე თქმით, ომის დაწყებისთანავე დიასპორის ცენტრს ხშირად მიმართავდნენ ის უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც აჭარაში ვერსად დაბინავდნენ და ღია ცის ქვეშ დარჩნენ. მათგან ნაწილის დაბინავება მოხერხდა, ზოგი ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში გადანაწილდა, ზოგიც ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიფარა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 25 თებერვლიდან პირველ აგვისტომდე, აჭარის მთავრობისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კოორდინაციით, ტურიზმის სექტორის მზარდაჭერით, უკრაინის 1000-მდე მოქალაქე დააბინავეს სასტუმროებში. მომსახურებაში კვებაც შედიოდა.

უკრაინელი ლტოლვილები აჭარაში 22 სასტუმროში გადანაწილდნენ.

ტურიზმის დეპარტამენტი აბინავებდა უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ომის დაწყებამდე, 24 თებერვლამდე, შემოვიდნენ აჭარის რეგიონში ტურისტის სტატუსით და ომის გამო ვეღარ დაბრუნდნენ უკრაინაში.

სასტუმროში დაბინავებიდან 6 თვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მოუწოდა უკრაინელ ლტოლვილებს, დაეტოვებინათ სასტუმროები, სანაცვლოდ კი მათ ყოველთვიურად 300-ლარიან დახმარებას დაჰპირდა. იგულისხმებოდა, რომ ამ ფასად ლტოლვილებს დამოუკიდებლად უნდა მოეძიებინათ საცხოვრისი. თუმცა ბათუმში 2022 წელს ბინის დაქირავების საფასური გაორმაგდა და 300 ლარად ბინის ან თუნდაც ერთი ოთახის დაქირავება კერძო სახლში თითქმის შეუძლებელია.

მთავრობამ მართლაც გამოყო 300-ლარიანი დახმარება უკრაინელი ლტოლვილებისთვის ყოველთვიურად, თუმცა „ბათუმელებმა“ ჩაწერა არაერთი ოჯახი, რომლებმაც დახმარება ვერ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ თავშესაფრის, საკვების, ჯანმრთელობის პრობლემები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ ამ მცირე რესურსსაც.

აჭარაში უკრაინიდან ჩამოსული და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ათასობით ადამიანის დაბინავება სამოქალაქო სექტორმა უზრუნველყო.

უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა გენო თებიძემ გვითხრა, რომ უკრაინის 5000-ზე მეტი მოქალაქე დაბინავდა ცენტრის დახმარებით ბათუმში, აჭარის მუნიციპალიტეტებში და რეგიონის მიმდებარედაც.

ცენტრის მეშვეობით უკრაინის დაახლოებით 6000-მა მოქალაქემ მიიღო პირველადი დახმარების პროდუქტები, მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ომის პირველსავე თვეებში 80 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა უკრაინაში: ძირითადად მოქალაქეების მიერ შეგროვებული მედიკამენტები და საკვები პროდუქტი.

„როცა ლტოლვილთა ნაკადმა დაიწყო შემოსვლა, მახსოვს, როგორ რეკავდნენ საქართველოს მოქალაქეები, ზოგი სასტუმროს სთავაზობდა ლტოლვილებს დროებით თავშესაფრად, ზოგი საკუთარ ბინას, სახლის ერთ ოთახს, სოფლის დაკეტილ სახლს… და ასე დავაბინავეთ ომსგამოქცეული უკრაინის მოქალაქეები.

გენო თებიძე, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი

მაშინ ემოციური ფონი მაღალი იყო, მოსახლეობაც მეტად განიცდიდა ლტოლვილთა მდგომარეობას, მაგრამ მინდა პირდაპირ მივმართო ჩემს თანაქალაქელებს და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებს: ომი გრძელდება, არ დამთავრებულა და ამ ადამიანებს ისევ აქვთ მძიმე, გადაუჭრელი პრობლემები, სჭირდებათ თავშესაფარი, საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი. ეს საჭიროებები უცვლელია“, – ამბობს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი.

ბათუმში ოპოზიციური პარტიების  მიერ დაფუძნებულ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს ორი მისამართი აქვს: ფარნავაზ მეფის ქუჩა №46 და მელიქიშვილის №25, ორივე მისამართზე დღემდე აგროვებენ საკვებ პროდუქტს, ტანსაცმელსა და მედიკამენტებს უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა საავადმყოფოს წარმომადგენლების, სააფთიაქო ქსელების მიერ გაწეული დახმარება.

24 თებერვლის შემდეგ ბათუმში 16 უკრაინელი ბავშვი დაიბადა. მშობელთა კონსულტაციებისა და  მშობიარობის სრული ხარჯები უფასო იყო. ამ სერვისს სხვადასხვა კლინიკა სთავაზობდა უკრაინელ დედებს.

ომის პირველ თვეებში „ავერსის“, „ბათფარმასა“ და „დოიჩეფარმას“ აფთიაქები გასცემდნენ ვაუჩერებს მედიკამენტებზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი და დროული დახმარება იყო.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, გენო თებიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას შეეძლო მეტი რესურსი გაეღო უკრაინელ ლტოლვილთა დასახმარებლად, რაც მხოლოდ საბიუჯეტო თანხის გამოყოფას არ გულისხმობს.

„გასაგებია, რომ ჩვენი ქვეყნის მწირი ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავეხმაროთ  ლტოლვილებს ისე, როგორც გვსურს. გასაგებია, რომ 300 ათასზე მეტი საკუთარი ლტოლვილი გვყავს ქვეყანაში, მაგრამ სახელისუფლებო სტრუქტურებს შეეძლოთ კავშირი დაემყარებინათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც აუცილებლად გაიღებდნენ საკუთარ რესურსს საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად“, – ამბობს გენო თებიძე.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ ბევრი მარტოხელა დედაა უკრაინიდან ჩამოსული შვილებით, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, შვილები დატოვონ ვინმესთან, მუშაობა რომ შეძლონ.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ფონდმა „ალილომ“ 60-ზე მეტი ბავშვი ჩამოიყვანა უკრაინიდან, მათ შორის, მეომართა შვილები, რომლებიც რუსულ ბომბებს სარდაფებში ემალებოდნენ. ბავშვებმა სარეაბილიტაციო პერიოდი საქართველოში გაიარეს.

„თიბისი ბანკმა“ გამოყო ასევე თანხა, რაც პროდუქტებს, მედიკამენტებს მოხმარდა და ლტოლვილებზე გადანაწილდა.

სასწავლო წლის დასაწყისში დიდი პრობლემა იყო უკრაინელი მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა. 2022 წლის მაისის თვიდან ბათუმის მე-7 და მე-3 სკოლებში უკრაინული სექტორები გაიხსნა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. 2022 წლის სექტემბრიდან აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის მე-20 სკოლაში 900 უკრაინელი მოსწავლისთვის გამოყო სასწავლო სივრცე.

კონკურსის წესით მოიძიეს 31 უკრაინელი მასწავლებელი, კოორდინატორი და ფსიქოლოგი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში კერძო და საჯარო სკოლებში სულ 1200 უკრაინელი ბავშვი სწავლობს.

უკრაინელი ბავშვების კლასი ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში

ბათუმში ტარდება ასევე ქართული ენის კურსები 50 უკრაინელი ბავშვისთვის.

ახლახან, ნოემბრის ბოლოს, დასრულდა უკრაინის ზრდასრული მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი რამდენიმეთვიანი კურსი.

ქართული ენის სასწავლო კურსში უკრაინის 500-ზე მეტი მოქალაქე იქნება ჩართული. ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ პროექტის ფარგლებში: „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის“ და „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ თანამშრომლობით.

ქართული ენის გაკვეთილი უკრაინის ზრდასრული მოქალაქეებისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: