მთავარი,სიახლეები

ცხედრებით სავსე ორმოსთან მკითხეს: გინდა ამათთან? – როგორ გადაურჩა 45 წლის ხერსონელი ФСБ-ს

30.11.2022 • 1409
ცხედრებით სავსე ორმოსთან მკითხეს: გინდა ამათთან? – როგორ გადაურჩა 45 წლის ხერსონელი ФСБ-ს

როდესაც თვალებიდან წითელი ნაჭერი მოხსნეს, იგორი უზარმაზარი ორმოს წინ იდგა.

ცხედრებს მიწა ჰქონდათ მიყრილი, თუმცა აქა-იქ მაინც ხედავდა სხეულის ნაწილებს – თავებს, ხელებს, ფეხებს.

„გინდა ამათთან?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა სამხედრომ.

ყოფილი ჟურნალისტი იგორ ბონდარენკო რუსებმა მაშინ შეიპყრეს, როდესაც ყირიმის გავლით ოკუპირებული ხერსონის დატოვებას ცდილობდა. 45 წლის იგორს 15 დღე სცემდნენ, აშიმშილებდნენ და აწამებდნენ.

ის თავის ისტორიას გამოცემა Hromadske-ს უყვება.

გატაცება

იგორმა პროფესია დიდი ხნის წინ შეიცვალა, პოლონეთში მძღოლად მუშაობდა. ხერსონში შვებულების გასატარებლად დაბრუნდა, 31 იანვარს. როდესაც ომის პირველი დღეებში რუსებმა ქალაქი დაიკავეს, მიხვდა, ხერსონიდან გასვლა გაუჭირდებოდა, ამიტომ ადგილობრივი „მემარჯვენე სექტორის“ საინფორმაციო პორტალებისთვის მოხალისედ მუშაობა დაიწყო.

„ვიცოდი, მეძებდნენ, მთლად ისე გულმოდგინედ არა, როგორც სხვებს, მაგრამ მაინც. ზოგიერთ სამხედროსთან ჯერ კიდევ ვინარჩუნებდი კავშირს, გარკვეულ ინფორმაციას ვაწვდიდი კოლაბორაციონისტებზე, ვეხმარებოდი ადამიანებს, ვინც იმალებოდა,“ – იხსენებს იგორი, რომელიც ოკუპაციის შემდეგ ძირითადად სახლში იჯდა, გარეთ ნაკლებად გადიოდა ან თუ გადიოდა, ისეთ მარშრუტებს ირჩევდა, რომლებზეც რუსები არ იქნებოდნენ.

ასე იცხოვრა ხერსონში 10 აგვისტომდე და ბოლოს ქალაქის დატოვება გადაწყვიტა. კალანჩაკის საგუშაგოზე რუსეთის სპეცსამსახურებმა გააჩერეს და ტელეფონში უპოვეს მიმოწერა ისეთ ადამიანებთან, ვისაც ФСБ ეძებდა.

ის დღე საგუშაგოზე გაატარა. მეორე დილას ხელები გადაუგრიხეს, თავზე წითელი ნაჭერი ჩამოაცვეს, წებოვანი ლენტი შემოაკრეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მგზავრობის დროს იგორი ავტომობილში ჩართული სიმღერების მიხედვით ითვლიდა – 13 სიმღერა – დაახლოებით 40-45 წუთი.

როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდნენ და ნაჭერი მოხსნეს, იგორი უზარმაზარი ორმოს წინ იდგა. ორმოში ცხედრები ეყარა. მიწა ჰქონდათ მიყრილი, თუმცა აქა-იქ მაინც ხედავდა სხეულის ნაწილებს – თავებს, ხელებს, ფეხებს.

გვერდით ორი მსგავსი თხრილი უკვე ამოევსოთ მიწით.

„გინდა ამათთან?“

„არა“ – უპასუხა იგორმა და ზურგს უკან გასროლის ხმა გაიგონა. მერე ბეჭებში ჩაარტყეს ძლიერად. იგორი წაიქცა.

„კიდევ კარგი ამან მაინც არ ჩაი**ვა,“ – თქვა სიცილით ერთ-ერთმა სამხედრომ.

იგორს ისევ ჩამოაცვეს წითელი ნაჭერი და კიდევ დაახლოებით 30 წუთი მიდიოდნენ იმ ადგილამდე, სადაც ყოფილ ჟურნალისტს 15 დღე უნდა გაეტარებინა.

ტყვეობა

საკანში მარტო იყო. თავზე ისევ ის წითელი ნაჭერი ჰქონდა ჩამოცმული. ბორკილებით ღუმელზე მიაბეს და გააფრთხილეს: „თავიდან ამას მოიხსნი – დაგხვრეტთ. იხმაურებ – დაგხვრეტთ“.

რამდენიმე დღე ასე ღუმელზე მიბმული იწვა. ხან ეჩვენებოდა, რომ სამი დღე გავიდა, ხან – ხუთი. საჭმელი არ მიუტანიათ, მხოლოდ პლასტმასის ბოთლი დაუდგეს ტუალეტის შემცვლელად.

დღისით მიდიოდა კაცი, რომელმაც თავი „ФСБ-ს ოფიცრად“ წარუდგინა, ღამით კი ის, ვისაც იგორი „ჯალათს“ უწოდებს.

„იცით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებისთვის აწამებენ. ფულს რომც არ უხდიდნენ, ალბათ, მოხალისეობრივად გააკეთებდნენ ამას,“ – ახასიათებს იგორი თავის „ჯალათს“.

პირველი ორი ღამე ის იგორს ელექტროშოკით სცემდა და დროდადრო ელექტროშოკს ყურთან ახლოს მიჰქონდა, ტყვეს მისი ხმა კარგად რომ გაეგონა. როდესაც ფეხებით ცემას იწყებდა, იგორი კუთხეში მოიკუნტებოდა ხოლმე, რომ როგორმე თავი და შინაგანი ორგანოები დაზიანებისგან გადაერჩინა.

„თავიდანვე ვუთხარი თავს – ისინი აუცილებლად გაგტეხენ, ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვიღაც ტყდება ერთ დღეში, ვიღაც ერთ კვირაში, მაგრამ როგორი მტკიცეც გინდა იყო ადამიანი, ოდესღაც აუცილებლად გატყდება, ეს მხოლოდ კინოშია, ვითომ ბოლომდე რომ უძლებენ. სულერთია, მეც გავტყდები, უბრალოდ, იქნებ ისე მოვახერხო, რომ გავტყდე ჩემი პირობებით,“ – იხსენებს იგორი და ჰყვება, რომ იმ დღეების განმავლობაში თავში ათას ლეგენდას ამუშავებდა. იმეორებდა, რაც უკვე ნათქვამი ჰქონდა რუსებისთვის და ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა თავისი ისტორია.

იგორი რუსებს ეუბნებოდა, რომ ის ადრე რუსულენოვან ჟურნალისტად და მსახიობად მუშაობდა, თუმცა მერე უკრაინულ ენაზე მუშაობა მოსთხოვეს, ამის გამო სამსახური დაკარგა და მძღოლობა დაიწყო. მოიგონა, რომ უკრაინული არ იცოდა და საერთოდაც, უკრაინის ხელისუფლების მოწინააღმდეგე იყო.

15 აგვისტოს ბორკილები მოხსნეს და გამოუცხადეს, რომ რუსებისთვის უნდა ემუშავა ჟურნალისტად.

„მაგ საქმეს დიდი ხანია შევეშვი ამხანაგო უფროსო,“ – უპასუხა იგორმა. – „მაპატიეთ, მაგრამ უბრალო მძღოლი ვარ“.

„დაჯექი და კიდე ერთი ორი დღე იფიქრე. ორმო ხომ გახსოვს?“ – ჰკითხა კაპიტანმა, რომელსაც რუსები ხან პეტროვიჩს, ხან „ფენიქსს“ ეძახდნენ და ისევ ღუმელზე მიაბა.

მეორე დღეს იგორი თანამშრომლობას დათანხმდა, თუმცა ადექიო, რომ უთხრეს, ისე იყო ნაცემი, ვერ წამოდგა და ოთახში ოთხით გახოხდა.

თანამშრომლობა

იგორს ФСБ-ს კაპიტანმა მოუთხრო, როგორ გამოჰყავდა უკრაინას მებრძოლი კოღოები ბიოლაბორატორიაში, როგორ აპირებდა 8 მარტს რუსეთზე თავდასხმას და დაავალა, ტელეგრამზე პრორუსული პატრიოტული არხი შეექმნა.

ტელეფონი დაუბრუნეს, პლანშეტიც მისცეს. სწორედ ამის შემდეგ გაარკვია იგორმა, რომ ხერსონის ოლქის ქალაქ სკადოვსკში იმყოფებოდა, დელფინარიუმთან ახლოს.

პირველ რიგში ოჯახს მისწერა – „ზღვაზე ვარ, ვისვენებ“ და ტელეგრამში ჯგუფის შექმნაზე ზრუნვა დაიწყო.

„სექტემბრისთვის ჯგუფში სამი „მემარჯვენე“ მეგობარი, და, ცოლი, ორი „ფეესბეშნიკი“ და 1600 ბოტი მყავდა,“ – იხსენებს იგორი, რომელიც 25 აგვისტოს გაათავისუფლეს, თუმცა ხერსონში დარჩენა და ტელეგრამში მუშაობის გაგრძელება უბრძანეს.

მანამდე რუსული დროშის ფონზე დააყენეს და ჩააწერინეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ის „თანხმობას აცხადებდა ეთანამშრომლა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან ტერორისტებთან და ბანდიტებთან ბრძოლაში“.

დროდადრო ФСБ-ს ფოტოებს უგზავნიდა იმის დასტურად, რომ ნამდვილად ხერსონში იმყოფებოდა. სელფებს ქალაქის ნაცნობი ადგილების ფონზე იღებდა.

კურატორს მხოლოდ ერთხელ შეხვდა – 2 სექტემბერს. ის ახალგაზრდა 25-30 წლის კაცი იყო და გუსტავად გაეცნო.

„ალბათ, რომელიმე გენერლის შვილი იყო და 23 თებერვალს დისკოთეკიდან გამოიყვანეს. ეტყობოდა, რომ სულ არ უნდოდა ხერსონში ყოფნა, ერჩივნა მოსკოვში ან პიტერში ყოფილიყო, დაელია, მოეწია და ქალებს შეხვედროდა. თვითონ არ იცოდა, რას აკეთებდა აქ“.

იგორი იხსენებს, რომ უკვე სექტემბერში მიხვდა, რუსებს მისთვის აღარ სცხელოდათ, რადგან უკრაინელთა კონტრშეტევის გამო ხერსონში მათი დარჩენა საეჭვო ხდებოდა.

„მე გამიმართლა, მათთან ძალიან გვიან მოვხვდი. ადრე რომ დავეჭირე, ყველაფერი ბევრად რთულად იქნებოდა,“ – ამბობს იგორი, რომელიც Hromadske-ს თავისი ამბის მოსაყოლად გათავისუფლებული ხერსონის ცენტრში შეხვდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: