მთავარი,სიახლეები

უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც – მილი

10.11.2022 • 1167
უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც – მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინაში უკვე 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. გენერლის თქმით, სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც.

მილიმ ნიუ იორკის ეკონომიკური კლუბის ღონისძიებაზე გამოსვლისას რუსეთის უკრაინაში შეჭრას უწოდა „უდიდესი სტრატეგიული შეცდომა“, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება და მის გადახდას წლები დასჭირდება.

მისი თქმით, თებერვლის ბოლოს დაწყებულმა ომმა უზარმაზარი ადამიანური ტრაგედია გამოიწვია, 15-30 მილიონი დევნილი და 40 000 უდანაშაულო უკრაინელის სიკვდილი.

გენერლის აზრით, ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკების შესაძლებლობა, თუმცა მილი დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა მოლაპარაკებები, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა კომენტარი გააკეთა ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანებაზეც. მისი თქმით, შეერთებული შტატები ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის არმია მართლაც გადის ხერსონიდან, თუმცა 20-30 000 სამხედროს გაყვანას შესაძლოა დღეები და კვირებიც კი დასჭირდეს.

„ვფიქრობ, ისინი ამას აკეთებენ, რათა საკუთარი ჯარები გადაარჩინონ და მდინარის მეორე მხარეს გააძლიერონ თავდაცვის პოზიციები, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ, რა მოხდება“, – ამბობს მილი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი 77 950 სამხედროა.

ხერსონიდან გასვლისას რუსები ხიდებს აფეთქებენ და ტერიტორიას ნაღმავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: