ბათუმში, პლაჟთან, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ორ მომიჯნავე ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის.
ნაკვეთები მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის შესართავთან მდებარეობს და მათი საერთო ფართობი 22 292 კვადრატული მეტრია. აქედან 5 859 კვადრატული მეტრი ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ ნაკვეთების მოპირდაპირედ ზღვის აკვატორია [30 081 კვადრატული მეტრი], სახელმწიფოს თავის საკუთრებაში, ცალკე საკადასტრო ერთეულად აქვს დარეგისტრირებული.
მიწის ნაკვეთების საწყისი გასაყიდი ფასი 15 მილიონ 100 ათასი ლარია. ვაჭრობის ბიჯი კი, 350 ათასი ლარი. ქონება პირობებით იყიდება.ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2022 წლის 16 დეკემბერს დასრულდება.
აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს:
- შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა არანაკლებ საპრივატიზებო საფასურის 1%-ის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
- შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტები, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით, ასევე მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტის დასმის გეგმა) და პროექტის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა;
- შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით აღნიშნული ტერიტორიისათვის (ზონა) დაშვებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის მიღება და არაუგვიანეს 48 თვის ვადაში მისი ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება;
- შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
ქონების აღწერილობას ახლავს შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, მომავალმა მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
- ნაკვეთზე განლაგებულია შენობა-ნაგებობა, რომლის ერთი ნაწილი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, მეორე ნაწილი კი კერძოა. აღნიშნულ შენობასთან მისასვლელი გზისათვის, მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით (586 კვ.მ.);
- ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სანაპირო ზოლს, ტერიტორიაზე განთავსებულია ენერგოკომპანიის სატრანსფორმატორო პუნქტი;
- მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის მუდმივი მეთვალყურეობის ზოლში და მასზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან;
- წყალდაცვით ზოლში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წყალდაცვითი ზოლის გავრცელების პირობები, დადგენილი აკრძალვები და სპეციალური მოთხოვნები;
- ტერიტორიის ნაწილზე დარგულია მრავალწლიანი ხე-მცენარეები.
- ამასთან ტერიტორიის ნაწილი დაკავებულია თვითნებურად მესამე პირის მიერ;
- განსახორციელებელი პროექტის უზრუნველსაყოფად გასათვალისწინებელია ბათუმის მერიის, „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-ს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კორესპონდენციები [აღსანიშნავია, რომ არცერთი ეს უწყება არ არის ნაკვეთების გაყიდვის წინააღმდეგი -ავტ.].
მომავალი მყიდველი საბოლოო საპრივატიზებო საფასურს, აუქციონის დასრულების შემდეგ, 3 ეტაპად გადაიხდის. კერძოდ:
2023 წლის 1-ელ ივნისამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ს გადახდა; 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ასევე არანაკლებ 25%-ს გადახდა; 2024 წლის 1-ელ ივნისამდე კი, დარჩენილ საპრივატიზებო საფასურს.
განახლება: სამინისტრომ ეს აუქციონი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა, ოღონდ მხოლოდ ერთ ნაკვეთზე, ლანდშაფტური ნაკვეთი კი, ამოიღო:
ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი