მთავარი,სიახლეები

რუსეთში უკვე „უცხო ქვეყნის აგენტების“ მისამართებსაც გამოაქვეყნებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

30.11.2022 • 1327
რუსეთში უკვე „უცხო ქვეყნის აგენტების“ მისამართებსაც გამოაქვეყნებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის რეპრესიული მანქანაა.

პირველი დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონში, რომელიც რუსეთში წლებია რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დევნისთვის გამოიყენება.

„ეს 2012 წლის კანონი „უცხო ქვეყნის აგენტად“ განსაზღვრავს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. ცვლილებების თანახმად, „აგენტთა წრე“ ფართოვდება და მასში იგულისხმება ის მოქალაქეებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის მოთამაშეთა „გავლენის ან ზეწოლის“ ქვეშ ექცევიან,“ – წერს დაზვერვა 30 ნოემბრის განახლებაში.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება გამოაქვეყნოს „უცხო ქვეყნის აგენტების“ პირადი მონაცემები და მისამართები, რაც ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ამ ადამიანებს აუცილებლად აქცევს დევნისა და ძალადობის ობიექტებად.

„ახალი კანონები კიდევ უფრო აფართოებს რუსეთის ხელისუფლების რეპრესიულ ძალაუფლებას. ეს ტენდენცია, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლიდან, პუტინის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან დაიწყო,  უკრაინაში შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით დაჩქარდა,“ – აღნიშნავს უწყება.

დაზვერვის შეფასებით, კრემლი, სავარაუდოდ, „პრევენციულად“ მოქმედებს და ცდილობს, ყველა გზით აღკვეთოს განსხვავებული აზრი და წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით, რადგან უკრაინასთან ომი, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს, უფრო და უფრო მეტ გავლენას ახდენს რუსეთის მოქალაქეთა ცხოვრებაზე.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 2022 წლის აპრილის მონაცემებით, რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ დაახლოებით 400 ორგანიზაცია და ფიზიკური პირია გამოცხადებული. მათ შორის არიან ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ერთიან რეესტრში აღრიცხავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: