კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმი 1960 წელს – აქამდე უცნობი ფოტოები

29.11.2022 •
ბათუმი 1960 წელს – აქამდე უცნობი ფოტოები

„1960 წლის მარტი“ – ასეა დათარიღებული ფოტოები, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, ფოტოკოლექციონერმა შოთა გუჯაბიძემ შეიძინა ელექტრონულ აუქციონზე.

ეს გასული საუკუნის 60-იანი წლების ბათუმის ცხოვრების ამსახველი, აქამდე უცნობი ფოტოებია, რომელიც ქალაქის ქუჩებშია გადაღებული.

შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ 60-იანი წლების ბათუმის ამსახველი ფოტომასალა საკმაოდ მწირია, ამიტომაც არის ეს ფოტოები განსაკუთრებით საინტერესო.

„სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანის გადაღებულია. ტურისტი მაშინ, ისე როგორც დღეს, დაახლოებით უდრიდა ფოტოგრაფს. ძირითადად იღებენ ბულვარს, ზღვას, მწვანე კონცხს, რომანტიკას, მაგრამ ამ ფოტოგრაფმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ არატურისტული ადგილები გადაეღო.

მართალია, მასაც გადაღებული აქვს ქალაქის მთავარი, მაშინდელი ლენინის ქუჩა, რომელიც მთავრდება სტალინის ძეგლით, მაგრამ არის გადაღებული ქალაქის ისეთი ხედები, რომელიც აღარ არსებობს, განადგურებულია. მაგალითად, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისი, დღევანდელი აბუსერიძის ქუჩა, სადაც საბარგო მანქანებია, ცირკის მშენებლობაა გადაღებული, სტადიონი, „დინამოს“ თამაში… ანუ სხვა რამემ დააინტერესა ეს ადამიანი ბათუმში.

1960 წლის მარტი, ბათუმი, ამჟამინდელი წერეთლის ქუჩა. ფოტო დაცულია შოთა გუჯაბიძის კერძო კოლექციაში.

1960 წლის მარტი, ბათუმი, ამჟამინდელი აბუსერიძის ქუჩა. ფოტო დაცულია შოთა გუჯაბიძის კერძო კოლექციაში.

შეიძლება რიგითი ფოტოგრაფიც არ იყო და გაცნობიერებული ჰქონდა ფოტოგრაფიის არსი და მნიშვნელობა.

ამ მხრივ უფრო საინტერესოა ეს ფოტოები. ამ პერიოდის ათასობით ფოტო მაქვს ნანახი და ეს არის ძირითადად ის, რაც ვთქვი – მწვანე, ტურისტული ადგილები, სადაც თვითონაც დგებიან კადრში ან ოჯახის წევრებს უღებენ“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მისი თქმით, ფოტოები დანომრილია და, სავარაუდოდ, ამოღებულია ფოტოალბომიდან. საუბარია დაახლოებით 20-მდე ფოტოზე.

შოთა გუჯაბიძე, რომელიც წლებია ბათუმის ისტორიის ამსახველ ფოტომასალას აგროვებს, ამბობს, რომ ბათუმის ფოტოგრაფია ერთი უცნაურობით გამოირჩევა – ასი წლის წინანდელი ბათუმის ამსახველი ფოტომასალა უფრო მდიდარია, ვიდრე, იგივე 60-70-იანი წლების, როცა ფოტოგრაფია უკვე უფრო განვითარებული იყო.

„ეს დღესაც დიდი პრობლემაა, როცა ლამის ყველა კოვზი და კბილის ჯაგრისი ფოტოს იღებს.

მუდამ მთხოვენ, თავიანთი სახლის ძველი ფოტო გავუგზავნო. მე ვეუბნები, გამომიგზავნეთ ახალი ფოტო, როგორ გამოიყურება სახლი და მეუბნებიან – არ მაქვს. ამავე დროს უნდათ, რომ 120 წლის წინანდელი ფოტო გვქონდეს. იმან, რომ ყველაფერი ფოტოს იღებს, ძირითად არსს მოსწყვიტა ფოტოგრაფია. იღებენ მწვანე ბუჩქს და არა იმას, რაც შეიძლება ღირებული იყოს წლების შემდეგ“, – ამბობს შოთა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: