მთავარი,სიახლეები

როგორ გაატარა 6 თვე რუსეთის ტყვეობაში უკრაინელმა მასწავლებელმა

30.11.2022 • 840
როგორ გაატარა 6 თვე რუსეთის ტყვეობაში უკრაინელმა მასწავლებელმა

25 წლის უკრაინელმა სკოლის მასწავლებელმა ვიქტორია ანდრუშამ 6 თვე და 4 დღე გაატარა რუსეთში, ტყვეობაში. გასულ დღეებში მან ბერლინში, ადამიანის უფლებადამცველთა კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ვიქტორია გერმანულმა გამოცემა „დოიჩე ველემ“ ჩაწერა.

ვიქტორია ჩერნიგოვის რაიონიდანაა და კიევის მახლობლად, სკოლაში მუშაობდა. ომის პირველ დღეებში ის მშობლებთან, სოფელში დაბრუნდა, სადაც მალე რუსული ჯარები შევიდნენ.

„მე დავთანხმდი, დავხმარებოდი უკრაინის შესაბამის ორგანოებს, რომლებიც ინფორმაციას აგროვებდნენ რუსული ტექნიკის გადაადგილებაზე. გვესმოდა, რომ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო“ – ამბობს ვიქტორია.

2022 წლის მარტის ბოლოს, ჩერნიგოვიდან უკან დახევამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიქტორიას მშობლების სახლში რუსეთის არმიის ჯარისკაცები მივიდნენ გასაჩხრეკად. მათ ვიქტორიას ტელეფონი იპოვეს, რომლითაც რუსული ტექნიკის გადაადგილების ფოტო და ვიდეოკადრები იყო გადაღებული და ვიქტორია წაიყვანეს.

ვიქტორია ანდრუშა ჯერ მეზობელ სოფელში წაიყვანეს, სადაც სხვა ტყვეებთან ერთად სარდაფში ჰყავდათ, შემდეგ კი რუსეთში გადაიყვანეს. ვიქტორიას ოჯახთან ექვს თვეზე მეტ ხანს არ ჰქონდა კონტაქტი.

„თვალები ახვეული გვქონდა, ხელები – შეკრული. მივყავდით ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მანქანით. მეორე მანქანაში უკვე ხელით გვეხებოდნენ, გვცემდნენ. შენ უბრალოდ გესმის, რომ ვიღაც გიახლოვდება, შემდეგ კი დარტყმას გრძნობ,“ – ჰყვება ვიქტორია.

ვიქტორიამ რამდენიმე კვირა გაატარა გლუშკოვოს ციხის ბანაკში, შემდეგ კი კურსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მისი თქმით, იგი ჯაშუშობაში იყო ბრალდებული და ასეთებს წინასწარი დაკავების განყოფილების თანამშრომლები განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ.

„მათ ვძულდით, მზად იყვნენ უბრალოდ ადგილზე მოვეკალით,“ – ამბობს ვიქტორია.

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რუსი სამხედროები განზრახ აპატიმრებენ სამოქალაქო პირებს უკრაინაში შემდგომში რუსი ჯარისკაცების გასაცვლელად. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს ვიქტორია –  ტყვეობის 6 თვის შემდეგ, 29 სექტემბერს ის და კიდევ ხუთი უკრაინელი ტყვე მიიყვანეს უკრაინის საზღვართან და გაათავისუფლეს.

თუმცა ვიქტორიას შემთხვევა გამონაკლისია, უფლებადამცველების თქმით, ბევრი უკრაინელი, სამოქალაქო პირები, დღემდე რჩებიან რუსეთში, პატიმრობაში.

___________

ფოტო: „დოიჩე ველე“/DW

გადაბეჭდვის წესი


ასევე: