მთავარი,სიახლეები

უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას აპირებდა – Newsweek

28.11.2022
უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას აპირებდა – Newsweek

2021 წლის ზაფხულში, უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთი იაპონიაზე თავდასხმას აპირებდა – Newsweek-ის ცნობით ამის შესახებ ლაპარაკია წერილში, რომელმაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან გამოჟონა.

გამოცემის ცნობით, წერილი, რომელშიც რუსეთის განზრახვაა აღწერილი, ФСБ-ს აგენტმა 17 მარტს გაუგზავნა ადამიანის უფლებათა დამცველ რუს აქტივისტს, ვლადიმირ ოსეჩკინს, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და იქიდან მართავს ცნობილ ანტიკორუფციულ ვებსაიტს – Gulagu.net-ს.

Newsweek-ი წერს, რომ აგენტი რეგულარულად აწვდის ოსეჩკინს ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის შიგნით მიმდინარე პროცესებზე.

ინფორმატორი აგენტის ერთ-ერთი წერილი შეისწავლა Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა ქრისტო გროზევმაც. გროზევი ამბობს, რომ მან წერილი აჩვენა ФСБ-ს ორ (ახლანდელ და ყოფილ) თანამშრომელს, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ „ის ნამდვილად მათი კოლეგის დაწერილია“.

17 მარტის წერილში ინფორმატორი აგენტი ვლადიმირ ოსეჩკინს წერს, რომ 2021 წლის აგვისტოში რუსეთი „სერიოზულად ემზადებოდა ლოკალური სამხედრო კონფლიქტისთვის იაპონიასთან“.

აგენტი დეტალურად აღწერს რუსული ვერტმფრენების გადაადგილებას და დასძენს, რომ სამხედრო მზადების პარალელურად მუშაობდა რუსული პროპაგანდის მანქანა, რათა იაპონელებისთვის „ნაცისტებისა“ და „ფაშისტების“ იარლიყი მიეკერებინათ.

აგენტის თქმით, მოსკოვსა და ტოკიოს შორის მთავარი „შებრკოლების ლოდი“ კურილის კუნძულებია.

„თუმცა ძალიან მაღალი იყო რისკი, რომ ლოკალური კონფლიქტი ქვეყნებს შორის მწვავე კონფრონტაციაში და შესაძლოა, ომშიც კი გადაზრდილიყო. საბოლოოდ, რატომ შეარჩიეს უკრაინა ომისთვის (სცენარი დიდად არ შეცვლილა), ამ კითხვას უკვე სხვებმა უნდა უპასუხონ. საერთო ჯამში, ხელისუფლების მანიაკალური მისწრაფებების გამო ომი რუსეთისთვის გარდაუვალი იყო“,  – დასძენს ინფორმატორი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ომის მეცხრე თვეს რუსეთს კვლავ დაპყრობილი აქვს უკრაინის დაახლოებით 20%.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: