მთავარი,სიახლეები

რუსეთის სარდლობას წარსული ბრძოლებიდან დასკვნები ვერ გამოაქვს – ISW

01.12.2022 • 846
რუსეთის სარდლობას წარსული ბრძოლებიდან დასკვნები ვერ გამოაქვს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) აზრით, რუსი სამხედროები ვერ სწავლობენ წარსული ბრძოლებიდან, ძალებს ნაკლებად სტრატეგიულ მიზნებზე ხარჯავენ და უდიდეს დანაკარგებს განიცდიან.

„რუსეთის მცდელობები ბახმუტთან მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ ვერ გამოიტანა დასკვნები წარსული კამპანიებიდან, რომელთა დროსაც ძალების დიდი ნაწილი კონცენტრირებული იყო შეზღუდული ოპერატიული ან სტრატეგიული მნიშვნელობის მიზანზე. მაისის შემდეგ რუსები მუდმივად ხარჯავენ საბრძოლო ძალას ბახმუტის გარშემო მცირე დასახლებული პუნქტების აღებაზე,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები უახლეს ანგარიშში.

მათი შეფასებით, ის დანაკარგი, რაც რუსეთმა ბახმუტის გარშემო ექვსთვიანი ბრძოლისას განიცადა, ბევრად აღემატება ნებისმიერ ოპერატიულ უპირატესობას, რომელიც რუსებმა ამ ქალაქის დაკავებით შეიძლება მიიღონ.

„მაშინაც კი, თუ რუსეთის ჯარები განაგრძობენ წინსვლას ბახმუტისკენ და მაშინაც კი, თუ ისინი უკრაინის არმიას ქალაქის დატოვებას აიძულებენ (როგორც ლისიჩანსკში მოხდა), ბახმუტი თავისთავად ძალიან მცირე ოპერატიულ შესაძლებლობებს აჩენს. მეორე მხრივ, რუსების შეტევითი ოპერაცია ბახმუტის გარშემო, რუსეთის არსებულ საბრძოლო ძალის დიდ ნაწილს მოითხოვს და მათი ერთ ადგილას კონცენტრირება პოტენციურად ხელს უწყობს უკრაინელთა კონტრშეტევას სხვა რაიონებში,“ – წერს ISW.

ინსტიტუტი ექსპერტები დღევანდელ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებენ რუსეთში რეპრესიების გაძლიერებაზეც, კერძოდ, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, რომელთა თანახმადაც „აგენტის“ ცნება ფართოვდება და ის უკვე იმ ადამიანებსაც გულისხმობს, ვინც ხელისუფლების აზრით, „უცხოეთის მოთამაშეთა გავლენის ან ზეწოლის ქვეშ“ ექცევა.

ISW-ის შეფასებით, კრემლი ამ გზით მოსახლეობაში ომით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილების ჩახშობას ცდილობს, რადგან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეები შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ომით ძალიან დაიღალნენ.

რუსული ოპოზიციურმა გამოცემა „მედუზამ“ 30 ნოემბერს დაწერა, რომ მოიპოვა კრემლის მიერ შიდა მოხმარებისთვის შეკვეთილი და მომზადებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 55 % უკრაინასთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრეა და მხოლოდ 25% ეთანხმება ომის გაგრძელებას.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ „როსენერგომ“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ახალი დირექტორი დანიშნა;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდაცვით ოპერაციას სვატოვო-კრემენაიას ხაზზე;
  • რუსეთის არმია ცდილობს, თანდათანობით გაიმაგროს პოზიციები ბახმუტის გარშემო და ავდეევკა-დონეცკის რაიონში შეტევაზე გადავიდეს;
  • უკრაინელმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ უკრაინის არმია კინბურნის ნახევარკუნძულზე ოპერაციას ატარებს;
  • რუსული და უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ რუსეთის ხელისუფლება „ნაწილობრივ მობილიზაციას“ ფარულად განაგრძობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: