მთავარი,სიახლეები

უნდა აიკრძალოს თუ არა პიტბულის გამრავლება? – კინოლოგის მოსაზრება

29.11.2022 • 2476
უნდა აიკრძალოს თუ არა პიტბულის გამრავლება? – კინოლოგის მოსაზრება

საქართველოში შესაძლოა, ძაღლის სხვა ჯიშებთან ერთად, პიტბულ ტერიერის ჯიშის ძაღლების გამრავლებაც აიკრძალოს. ამის შესახებ შესაბამისი სფეროს ექსპერტები საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში მსჯელობას იწყებენ .

საქართველოში ადამიანზე პიტბულის თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო. ბოლო შემთხვევის დროს პიტბული 2 წლამდე ბავშვს დაესხა თავს.

უნდა აიკრძალოს თუ არა ამ ჯიშის ძაღლის გამრავლება და სახლში ყოლა, უნდა რეგულირდებოდეს თუ არა ცხოველის აყვანა და წვრთნა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტს, კინოლოგ გია გიორგაძეს ესაუბრა.

  • ბატონო გია, პიტბულ ტერიერის გამრავლება შესაძლოა აიკრძალოს გახშირებული ინციდენტის გამო. რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?

კარგს არაფერს არ ვფიქრობ. როგორ შეიძლება აკრძალვა. ზოგიერთი ჯიშია, სულ სამი ცალია საქართველოში დარჩენილი და იმის გამრავლება როგორ უნდა აიკრძალოს.

გია გიორგაძე. კადრი პირველი არხის ვიდეომასალიდან

  • როცა ვრცელდება ინფორმაცია პიტბულის მიერ ადამიანის დაგლეჯის შესახებ, სოცქსელებში დიდი განხილვა მოჰყვება ხოლმე ამას. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პატრონის პასუხისმგებლობაა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ჯიშის/ჯიშების ყოლა იმთავითვე საფრთხის შემცველია. რომელი მოსაზრებაა სწორი და რატომ?

თქვენ არ გაგიგიათ, რომ შვილმა მამა მოკლა ან მამამ შვილი? ამიტომ შეიძლება აკრძალო მამაშვილობა? პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა იყოს ძაღლის პატრონზე.

ამიტომ არის საჭირო ყველა ძაღლის დაჩიპვა, რომ ყველა ძაღლი იყოს შესული საერთო ბაზაში და გვქონდეს მათზე ინფორმაცია. ვისი ძაღლია, იყო თუ არა გარეთ გაგდებული და ასე შემდეგ, უნდა ჰქონდეს სკანერი პოლიციას და გაარკვიოს, ვისია ძაღლი. ამ ფორმით მისი იდენტიფიცირება უფრო ადვილია.

ეს იყო ჩვენი პირველი მოთხოვნა, რასაც არ აკეთებენ და არც აინტერესებს არავის. ასე, რომ ძაღლის აკრძალვა, იმიტომ რომ ვიღაცას უკბინა, შეუძლებელია.

ასე ადამიანებიც ხოცავენ ერთმანეთს, ამიტომ საკითხის ასე დაყენება, რომ ჯიში უნდა აიკრძალოს, არ შეიძლება.

  • რა შეგიძლიათ გვითხრათ პიტბულის ჯიშზე, ამ ძაღლის თვისებებშია პრობლემა, თუ მის აღზრდაში?

პიტბული არ შედის ჯიშიან ძაღლებში. ეს ჯიში აკრძალულია ბევრ ქვეყანაში და პირადად ჩვენს ორგანიზაციაში პიტბული არ შემოდის. ჩვენ არ ვამრავლებთ ამ ჯიშს. ეს არის არაღიარებული ჯიში. მხოლოდ ამერიკაში და ზოგიერთ ქვეყანაშია მიღებული ეს ჯიში. საქართველოში გამოფენაზეც კი ვერ ხვდებიან პიტბულები.

აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ამ ჯიშთან რაიმე მეცნიერული მიდგომა.

ვიცით, რომ აჩხუბებენ პატრონები ჩუმად და ვფიქრობ, რომ ჩხუბზეც და ცუდად აღზრდაზეც უნდა არსებობდეს სერიოზული ჯარიმა. პატრონი უნდა იყოს პასუხისმგებელი ძაღლის ქცევაზე.

მე რომ წითელზე გავივლი ან ნაგავს დავყრი ქუჩაში, ხომ დავჯარიმდები? ასე უნდა იყოს ძაღლის ცუდად აღზრდაზეც ჯარიმა და ძაღლის ყოლაზეც უნდა იყოს გარკვეული გადასახადი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არის.

  • გამოდის, ის პიტბულები, რომლებიც თავს დაესხნენ ადამიანებს, ცუდად აღზრდილები არიან?

რა თქმა უნდა. მე მინახავს ბრწყინვალედ აღზრდილი პიტბული, ჩემს ახლობელს ჰყავდა წლების წინ, კატასავით იყო. შვილს მარტო გაზრდა კი არა, აღზრდაც სჭირდება ხომ, იგივეა ძაღლთანაც.

ძაღლს ისე უნდა აღზრდა, რომ გახდეს სოციალური, შეეძლოს ადამიანთან ურთიერთობა.

იმ პიტბულის შემთხვევაში, რომელიც ბავშვს დაესხა თავს, შურის მომენტი იყო და ეს არ გაითვალისწინა პატრონმა. როცა ძაღლის ტერიტორიაზე სხვა ადამიანი შედის, რომელიც უფრო მეტ სიყვარულს იღებს პატრონისგან, ძაღლი ეჭვიანობს.

ეჭვიანობის ნიადაგზე თვითონ ცხოველებიც კი არ ინდობენ თავიანთ შვილებს. მაგალითად, ირმებს აქვთ ხოლმე ეს თვისება.

  • ამის შესახებ მეპატრონეებს ხომ უნდა ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია, სად შეიძლება ეს ინფორმაცია მოიპოვონ, არის კონკრეტული რეკომენდაციები?

ბევრი ინფორმაცია არსებობს ინტერნეტში ძაღლის ჯიშებზე. რა თქმა უნდა, ადამიანები ხშირად არ ეძიებენ ამ ინფორმაციას და არ იციან, რა გარემოში და როგორ უნდა აღზარდონ ძაღლი.

ზოგადად, განათლების საკითხი ძაღლებთან მიმართებაში არის ძალიან მწირი ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც ქვეწარმავლების შემთხვევაში. ამაზეც იყო პანიკა. 25 სახეობის ქვეწარმავალია სულ და აქედან ერთია მხოლოდ ძალიან სახიფათო. ამის მიუხედავად, მაინც ყველა სახეობის ხოცვა-ჟლეტა მიდის. ასე არ შეიძლება.

სკოლაშიც უნდა ასწავლო ადამიანს ძაღლის რა ჯიშებია, რა თვისებები აქვთ, როგორ უნდა აღზარდო და ასე შემდეგ.

  • ბავშვი სადაც იზრდება, იმ სახლში შეიძლება პიტბულის ყოლა?

რა თქმა უნდა, შეიძლება, ოღონდ გააჩნია ვის ჰყავს. ზოგიერთ ადამიანს სახლში 20-30 იარაღი აქვს, ზოგიერთს ერთი შეიძლება ჰქონდეს და იმასაც ბოროტად მოიხმარს.

მე რომ თვითმფრინავი მაჩუქონ, ვერ გამოვიყენებ, იმიტომ, რომ არ ვიცი მისი გამოყენება. ამიტომ, როცა ცხოველის აყვანამდე აუცილებლად უნდა გაიარო მომზადება.

საქართველოში 1997 წლიდან არსებობს ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო ორგანიზაცია და ეს ბევრმა არ იცის. ამიტომ შეუძლიათ გამოიყენონ მათი გამოცდილება.

ვფიქრობ, უნდა არსებობდეს ვალდებულება, რომ როგორც ავტომანქანის მართვის შემთხვევაშია აუცილებელი მართვის მოწმობის აღება, ასე უნდა აიღოს გარკვეული მოწმობა ძაღლის მეპატრონემაც მისი აღზრდის და მოვლის წესების ცოდნაზე.

  • ე.წ. საბრძოლო ჯიშის ძაღლების გამრავლებაზე რას ფიქრობთ?

საბრძოლო ჯიში – ასეთი არ არსებობს. რომელსაც აჩხუბებ, ის იქნება მოჩხუბარი. როცა ევროპელები შევიდნენ ამერიკაში, გამოიყვანეს ლეოპარდისებური ძაღლის ჯიში, რომელიც დაგეშეს ინდიელებზე. თუმცა შემდეგ მიიჩვიეს ინდიელებმა ეს ძაღლები და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს, ასწავლიდნენ ცხოველებზე ნადირობას.

სანამ კანონს არ მიიღებენ ძაღლის შესახებ და არ გაიმიჯნება, რა არის ჯიშიანი და უჯიშო, რა არის მეტისი, მანამდე სისულელეა რეგულაციებზე მსჯელობა.

არ ვიცი, პარლამენტი რა გზას აირჩევს, მაგრამ სანამ არ არის კონკრეტულ საკითხზე კანონი მიღებული, როგორ უნდა იმსჯელო.

  • როცა თქვით, რომ პიტბული აკრძალულია ზოგიერთ ქვეყანაში, რა იყო ამის მიზეზი, შეგიძლიათ გვითხრათ?

ინგლისშია აკრძალული, მაგალითად, კიდევ რამდენიმე ჯიში, არა მარტო პიტბული. არ ვარ ამ ძაღლის ექსპერტი და ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ვიცი, რომ ძაღლის ქცევა მთლიანად დამოკიდებულია აღზრდაზე. რას ასწავლი, რა დროს დახარჯავ ძაღლთან ურთიერთობაში, ეფერები, ასეირნებ თუ არა, როგორ აჭმევ, რას აჭმევ, აბრაზებ თუ არა, ეს შემდგომში აისახება ძაღლის ქცევაზე.

ამიტომ უნდა იყოს ძაღლების ჩხუბზე სანქცია, სოლიდური ჯარიმა და როცა იქნება დაჩიპული ძაღლი, მიაკითხავ პატრონს. ზოგადად, მიუღებელია ჩემთვის ძაღლების ჩხუბიც, კაცებისაც და ადამიანების. ძალადობის წინააღმდეგი ვარ.

ჩვენი პოზიციები მისულია პარლამენტამდე და თუ ჩაგვრთავენ, კარგი იქნება, ძალით ვერ ჩავერთვებით. შესაძლოა, მიიწვიონ უცოდინრები, რომელთაც ორჯერ ჰყავდათ ძაღლი ცხოვრებაში  და მისი აზრი გაითვალისწინონ, ამ ქვეყანაში სპეციალისტების აზრი ხომ არ აინტერესებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: