უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას სრულყოფილად ვერ აკონტროლებდა – „გამჭვირვალობა“

„2021-2022 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს არ იყენებდა და აჭარის მთავრობას სრულყოფილად ვერ აკონტროლებდა“ – ნათქვამია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც დღეს, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის ანგარიში მოიცავს მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს მუშაობას – 2020 წლის არჩევნების შედეგების ცნობიდან 2022 წლის 13 ივლისის მდგომარეობით და მისი მიზანია აჭარის მთავრობის კონტროლის მექანიზმების ანალიზი. ეს მექანიზმები განსაზღვრულია აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ  აღნიშნულ პერიოდში აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვერ განახორციელა აჭარის მთავრობის საქმიანობის ეფექტიანი, პროაქტიული და ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი კონტროლი; არ გამოავლინა პოლიტიკური ნება, შეისწავლოს საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობა და მათი გავლენა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე; უმაღლესი საბჭო არ სწავლობს გაწეული ხარჯების კანონიერებას, ბიუჯეტში თანხების აუთვისებლობის მიზეზებს და არ ცდილობს, გაითვალისწინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ხარვეზები.

ორგანიზაციის ცნობით, წინა პერიოდთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გაგზავნილი სადეპუტატო კითხვების რაოდენობა. თუმცა რეგლამენტით გათვალისწინებული ამ შესაძლებლობით საბჭოს წევრთა მხოლოდ 25%-მა ისარგებლა, ანუ საბჭოს  21 წევრიდან მხოლოდ 5-მა ისარგებლა სადეპუტატო შეკითხვით, 21 შეკითხვის ავტორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 3 წევრი იყო, ხოლო 20 კითხვის ავტორი – „ქართული ოცნების“ 2 წევრი.

„გამჭვირვალობა“ შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის საქმიანობის შეფასებისას გამოიყენა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ხოლო სხდომის თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ „პროცესის ნორმალიზებისთვის არ გამოიყენა რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმები, რომ მთავრობის თავმჯდომარეს შეეწყვიტა შეუსაბამო ლექსიკა და ემსჯელა მსხვილი პროექტების შესრულების გაჭიანურების, ბიუჯეტის გასაცემლების გაუხარჯაობის მიზეზების, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური, განათლების და სხვა სფეროს პრობლემების უკეთ მოგვარების გზებზე“.

„გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ უმაღლესმა საბჭომ უფრო აქტიურად და სრულად უნდა გამოიყენოს კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც მას მიანიჭა აჭარის კონსტიტუციამ, კონსტიტუციურმა კანონმა და რეგლამენტმა; საბჭოს დეპუტატებმა და ფრაქციებმა უფრო ხშირად უნდა დაიბარონ თანამდებობის პირები, ასევე ხშირად უნდა გამოიყენონ ინტერპელაციის მეთოდები, „მინისტრის საათის” ჩატარებამდე კი შესაბამის მინისტრს წინასწარ უნდა გაუგზავნონ კითხვები, სხვა შემთხვევაში, რეგლამენტის თანახმად, მინისტრს უშუალოდ სხდომაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება არ აქვს.

„უმაღლესი საბჭო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს აუდიტის სამსახურის მიერ ბიუჯეტის შესრულების შეფასების დოკუმენტებში გამოვლენილ ხარვეზებს და პროაქტიულად გამოითხოვოს ინფორმაცია პროექტების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ;

უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ფრაქციებმა და კომიტეტებმა მთავრობისა და ცალკეული სამინისტროების ეფექტიანი კონტროლისთვის უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან, რათა სრულყოფილად შეისწავლონ ავტონომიური რეგიონის მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები, მათ შორის მთავრობის სხვადასხვა უწყების არასათანადო მუშაობით გამოწვეული საჭიროებები“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში.

________________

ფოტო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო/facebook

უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტის ქართული ელექტრონული ვერსია შეიქმნა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უსინათლო პირებისთვის ბრაილის შრიფტის ქართული ელექტრონული ვერსია შეიქმნა.

ბრაილის შრიფტის ქართული ელექტრონული ვერსია ამერიკელმა ექსპერტმა, ჰარის მობრისმა შექმნა გაეროს განვითარების პროგრამის და „მარიანის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

„კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით შესაძლებელი იქნება ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვა. 

ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოიყენება, რაც უსინათლო ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო ინფორმაციაზე და შეძლონ სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში“ – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა ინტეგრირებულია უფასო პროგრამაში „ლიბლუიში“, რომელიც, თავის მხრივ, ჩაშენებულია ეკრანის წამკითხველ სხვადასხვა პროგრამაში, ისეთში, როგორიცაა: NVDA, JAWS და სხვა.

როგორ იმართება ბირთვული ღილაკი: ქიმიური იარაღი და უკრაინის ომი – ინტერვიუ გერმანელ დოქტორთან

ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობები, დღესაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. რუსეთ-უკრაინის ომში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევით კი, რუსეთი დასავლეთზე ზეწოლას ცდილობს. რამდენად რეალურია ატომური ომის საფრთხე და რა შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს ის? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების გერმანელ ექსპერტს, დოქტორ მარკ მაიკლ ბლუმს ესაუბრა, რომელსაც  ამ მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

 2012-2019 წლებში დოქტორი ბლუმი მუშაობდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW), სადაც სკრიპალების მოწამვლის საქმეზეც იმუშავა. 

  • ბატონო მარკ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და ხელში ჩაიგდო ზაპოროჟიეს ატომური სადგური, გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა რუსეთმა ატომური დაბინძურების რისკის ქვეშ დააყენოს არა მარტო უკრაინა. რამდენად რეალურია ეს საფრთხეები?  

ვფიქრობ, ბირთვული ესკალაციის რისკი მცირეა. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რისკი დაბალია. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ უკრაინაში ისეთი სამხედრო სამიზნეები არ არსებობს, რის გამოც რუსეთის მხრიდან ბირთვული დარტყმა იქნებოდა გონივრული. თუ შეიძლება ამას საერთოდ გონივრული ვუწოდოთ.

თუ რუსეთი გადაწყვეტდა ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაშინ ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვებოდა შესაბამისი რეაქციები, არა მხოლოდ უკრაინის მხრიდან, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც.

რუსეთს ძალიან მაღალი პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევდა ამისთვის. ასევე, დააზარალებდა საზოგადოებრივ აზრს იმ ქვეყნებში, რომლებიც ასე თუ ისე ნეიტრალურად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ, როგორიც არის, ვთქვათ, ინდოეთი ან ბრაზილია.

მაგრამ კარგი განმარტება და დასაბუთება შეგვიძლია მოვუძებნოთ იმას, თუ რუსეთმა რატომ დაიწყო ეს ნარატივი და მუდმივად აჟღერებს ამ ბირთვულ საფრთხეებს.

  • ალბათ პოლიტიკური შანტაჟისთვის, არა?

შიშის აღძვრის მიზნით, ფსიქოლოგიური იარაღის სახით იყენებს. არა მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინელებში აღძრას შიში, არამედ დასავლურ ქვეყნებშიც გააჩინოს ბირთვული ესკალაციის შიში.

მაგალითად, ჩემს ქვეყანაში, გერმანიაში, უბრალოდ სიტყვა ბირთვულის ხსენებაც კი შიშს იწვევს ხალხში. გერმანია ფრონტის ხაზი იყო ცივი ომის პერიოდში და ბირთვული ომის საწინააღმდეგო ძალიან მძლავრი მოძრაობები იყო. ეს შიში გამჯდარია ადამიანებში, განსაკუთრებით ასაკოვან მოსახლეობაში. Მათ არ სურთ ბირთვული ჰოლოკოსტი, ამიტომ ემხრობიან მოლაპარაკებებს.

რუსეთსაც სწორედ ეს უნდა, რომ დასავლეთმა რაღაცნაირად შეამციროს, შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა ამ შიშის გამო.

  • დასავლეთმა ხომ იცის, რომ რუსეთი ამას ხელაღებით ვერ გააკეთებს. Რამდენად პროგნოზირებადია რუსეთის ქმედებები?

დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში შეჭრაც მცდარი ეგონა ხალხს. ფიქრობდნენ, რომ არ შევიდოდა რუსეთი. შესაძლოა ვერ გათვალა ხალხმა კრემლის პოლიტიკა, სწორი პროგნოზირება ვერ გააკეთეს.

მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ რუსები არ არიან სულელები, მათ ხელმძღვანელობასაც სურს, რომ გადარჩეს პოლიტიკურად და ფიზიკურადაც.

ამდენად, ბირთვული ესკალაციის დაინტერესება, ჩემი ვარაუდით, არ ექნებათ.

  • უკრაინის მთავრობის პოზიციაა, რომ ეს ომი მაშინ შეჩერდება, როცა რუსი ჯარისკაცები დატოვებენ უკრაინას. ეს ხომ პუტინის მარცხს ნიშნავს. Როგორ ფიქრობთ, შეეგუება ამ მარცხს ის? რას შეიძლება ველოდეთ გაბოროტებული პუტინისგან, თუ ბირთვულ საფრთხეებს გამორიცხავთ?

უკრაინაში რუსეთმა უკვე განიცადა ძალიან სერიოზული მარცხი. ამიტომ ბომბავენ ენერგოსისტემას და სტრატეგიულ ობიექტებს. ანალოგიურს და იმავე მასშტაბით ამას ვერ გააკეთებს უკრაინა რუსეთში, ეს პრობლემაა.

საჰაერო ბაზას დაესხნენ, მაგრამ მასშტაბი მცირე იყო.

მინდა კიდევ ერთი საკითხი აღვნიშნო ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, ფრონტის ხაზი ამჟამად უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე გადის, პუტინის თვალთახედვიდან ეს მათი ტერიტორიაა, ამიტომ თუ გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს ფრონტის ხაზზე, მაშინ გამოდის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენებს.

  • არ მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ანექსირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილია

რა თქმა უნდა, არავის სჯერა. უბრალოდ, რუსული სისტემა ტყუილებით არის გაჯერებული. იმიტომ მოახდინეს ანექსია, შემდეგ ჩაატარეს ფსევდო რეფერენდუმი, რომ ამით ცდილობენ სამართლებრივი ნორმების შექმნას. რუსეთის გარეთ ამის არავის სჯერა, ეს შიდა მიზნებისთვის იყო გაკეთებული.

  • არსებობს მითები ე.წ. ბირთვულ ღილაკზე. სად არის ეს ღილაკი, როგორ კონტროლდება, ვის მიუწვდება ხელი და როგორია ბირთვული ქვეყნების შეთანხმება მის კონტროლზე?

ბირთვული იარაღის გამოყენება უნდა იყოს ნებადართული და ავტორიზებული პრეზიდენტის მიერ. ვიღაცამ უნდა გადაამოწმოს, ნამდვილად გასცა პრეზიდენტმა ეს ბრძანება თუ არა. შტატებშიც იგივე პრინციპი მოქმედებს. მაგალითად, შტატებში ასეა, არსებობს კოდები, რომლებიც მუდმივად იცვლება. პრეზიდენტმა უნდა შეიყვანოს ეს კოდები სპეციალურ საკომუნიკაციო საშუალებაში, რომელიც სხვა პირმა უნდა გადაამოწმოს და დაადასტუროს. უფრო კონკრეტული დეტალები, რა თქმა უნდა, საიდუმლოა.

ცივი ომი საკმარისად ხანგრძლივი იყო იმისათვის, რომ ამ პერიოდში შექმნილიყო ბირთვული კონტროლის მექანიზმები, რაც მაქსიმალურად დაიცავს ბირთვულ პროცესს.

ფურცელზე შესაძლოა ჩანდეს, რომ ბირთვული ომი ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალურად, სხვა პირებიც არიან ჩართულნი კონტროლში.

არსებობს მექანიზმი, რომ შეაჩერო, ვერ განხორციელდეს ბირთვული შეტევა, თუკი პრეზიდენტს ნერვული აშლილობა აქვს და თუ ამ ფონზე გადაწყვეტს ომის დაწყებას.

აქ საქმე ისაა, რამდენად არიან რუსეთში და პუტინის გარემოცვაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც მსგავსი აფექტის შემთხვევაში სურვილი ექნებათ პუტინი შეაჩერონ.

ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ისინი არ არიან სუიციდისკენ მიდრეკილები, იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანია დამარცხდა და საბჭოთა კავშირმა აიღო ბერლინი, ჰიტლერმა თავი მოიკლა. ასეთი რაღაც რუსეთში არ არის მოსალოდნელი, Რადგან უკრაინა არ შეიჭრება რუსეთში. შესაძლოა ომი წააგონ, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოს არსებობის პრობლემა არ დადგება.

იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, თუ რუსეთის სახელმწიფოს არსებობა დადგება რისკის ქვეშ.

უფრო მაღალი ალბათობით, დასავლეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინა შევიდეს რუსეთში, თვითონ უკრაინაც არ შევა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფრო მეტი დასაბუთება ექნება.

შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა ბირთვული ომის საფრთხე. ამას უფრო პოლიტიკური, ფსიქოლოგიური თამაშის დატვირთვა აქვს.

თუმცა შემთხვევით რაღაცის გაჟონვა ან გაშვებაც არ არის გამორიცხული.

მაგრამ ესეც სწორედ ამ შიშის აღძვრის მიზნით კეთდება, ვინაიდან ყველას ახსოვს ჩერნობილი.

  • როგორც ვიცით, რუსეთი ხშირად მიმართავს აკრძალულ იარაღს, იგივე კასეტურ ბომბებს, რომლებსაც უკრაინაში იყენებს და ასევე გამოიყენა საქართველოში აგვისტოს ომის დროს, ამის გამო რაიმე სანქცია არსებობს?  

კლასტერული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, თუმცა რუსეთი ამ ხელშეკრულების ხელმომწერი არ არის.

რატომ არის აკრძალული? – იმიტომ, რომ მიწაზე იფანტება ბომბის პატარა ნაწილები, რომლებიც შესაძლოა იმ წუთში არ აფეთქდეს და შემდეგ მოსახლეობას უქმნის საფრთხეს.

ეს ნაწილები პატარა სათამაშოებს ჰგავს, შეიძლება ბავშვმაც აიღოს ხელში და აფეთქდეს.

ასევე დიდი პრობლემაა ნაღმები, რომლებიც სამოქალაქო პირებს უქმნის საფრთხეს.

უკრაინას წლები დასჭირდება იმ ტერიტორიების გასაწმენდად, სადაც რუსებმა ჩატოვეს ეს ნაღმები. ამის გაწმენდას ძალიან დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება და, შესაბამისად, ეს ნაღმები გრძელვადიან რისკს წარმოადგენს უკრაინისთვის.

ასევე არსებობს თავდასხმების რისკი სამოქალაქო ობიექტებზე, ქარხნებზე, ისეთ ობიექტებზე, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება და შესაძლოა მოხდეს გაჟონვა.

ვხედავთ ხომ სოციალურ მედიაში, როგორ ესხმის თავს რუსეთი ასეთ ობიექტებს უკრაინაში.

  • ჩვენ ვნახეთ სირიის ომი და ქიმიური იარაღით მოწამლული ბავშვები. უკრაინაში მებრძოლი ქართველებიც გვეუბნებოდნენ, რომ ისინი „ზარინით“ მოწამლეს. „ზარინი“ იყო ნახსენები სამედიცინო დასკვნაშიც, რომელიც მათ გვაჩვენეს. არსებობს სანქცია ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, როგორია ამაზე შეთანხმება?

სირიაზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან OPCW -ში ყოფნის დროს ვმუშაობდი სირიიდან შემოტანილ მასალებზე და კონფიდენციალურობის შენარჩუნების ვალდებულება მაქვს. Რაც შეეხება უკრაინას, მე პირადად ვეჭვობ, რომ „ზარინი“ გამოეყენებინათ.

  • ამ მოწამვლის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, სხვები კი რამდენიმე თვეა მკურნალობენ. მაშინ რა შეიძლება ყოფილიყო ეს?

სხვა გამომწვევი მიზეზებიც შეიძლება იყოს. რასაკვირველია, ბევრი დოკუმენტაციაა რუსეთის  სამხედრო დანაშაულებზე არა მხოლოდ ბუჩაში ან სხვაგან, რომელიც დოკუმენტირებულია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ჰააგის თემაა, მაგრამ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული განცხადებისა და ბრალდების შემთხვევები უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით.  

  • თუ დადასტურდა, რა ხდება მაშინ?

ჯერ ნიმუშები OPCW-ში უნდა გაიგზავნოს, ვინაიდან სწორედ ეს არის ის ორგანო, რომელიც კონვენციას აკონტროლებს.

თუ დაუდასტურათ, რომ „ზარინთან“ შეხება ჰქონდათ ადამიანებს, უნდა დადგინდეს რა სახით მოხდა ექსპოზიცია, უნდა განისაზღვროს, შემთხვევითი იყო თუ განზრახ. ეს გარემოებები უნდა დადგინდეს.

მერე უკვე უშიშროების საბჭოში შეიძლება ამ საკითხის შეტანა. ვიცი, რომ იქ რუსეთს ვეტოს უფლება აქვს, მაგრამ მაინც გასაჯაროვდება, თუ ეს დადგინდა.

თუმცა მე მაინც მგონია, რომ ნერვული აგენტის – „ზარინის“ გამოყენების შემთხვევაში, უკრაინა საერთაშორისო მასშტაბით გაავრცელებდა ინფორმაციას.

რაც შეეხება სანქციას, ეს შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური.

მაგალითად, ახლახან ბრიტანულმა ორგანიზაციამ გამოავლინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, მოსკოვში ის პასუხისმგებელი პირები, ვინც უკრაინაში მაღალი დამიზნების რაკეტების მართვაზეა პასუხისმგებელი და გუშინ, ევროკავშირმა ამ პირებს სანქციები დაუწესა.

30-ზე მეტი სამხედრო ინჟინერია, რომლებსაც პერსონალური სანქციები დაუწესდა. ჩამოთვლილია მათი სახელები და თანამდებობები.

  • როგორც ფაქტები გვაჩვენებს, რუსეთი არ ამბობს უარს ნერვული აგენტების გამოყენებაზე. ამის მაგალითია ნავალნის, ლიტვინენკოს, სკრიპალების შემთხვევები. ალბათ იცით, რომ პუტინს არც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსწონდა. სააკაშვილი ახლა პატიმარია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში მკურნალობს. ამერიკელმა ექსპერტმა თქვა, რომ მის ორგანიზმში ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა მძიმე მეტალები აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ სააკაშვილიც ქიმიური იარაღის მსხვერპლი იყოს?

ტოქსინებით შეიძლება ადამიანის დაავადება, ამის მაგალითი იყო გეორგი მარკოვი, ბულგარელი დისიდენტი, რომელიც 70-იან წლებში ლონდონში „რიცინით“ მოწამლეს.

„დიოქსინი“ იყო გამოყენებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იუშენკოს მოწამვლის შემთხვევაში. ცხადია, დარიშხანი და ვერცხლისწყალიც მძიმე მეტალია და იწვევს მძიმე შედეგებს. ძალიან დიდი დრო სჭირდება მისგან განკურნებას.

  • და ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ოდესმე დასრულდება ბირთვული ომით შანტაჟი და რა შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს?

რატომ დაასრულებს მაგალითად რუსეთი? ის ყოველთვის გამოიყენებს ამ შიშებს, როგორც იარაღს მანიპულაციისთვის. 

პრინციპში, არც არსებობს ამის დასრულების რეალური სურვილი. 

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 250 მლნ ფუნტის საბრძოლო მასალას მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინას 250 მილიონი ფუნტის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდის – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა დღეს, 19 დეკემბერს, რიგაში, გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებში მონაწილე ქვეყნების [JEF] შეხვედრის წინ, რომელსაც ესწრებიან დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები.

მან მოუწოდა JEF-ის ლიდერებს, შეინარჩუნონ დახმარების ტემპი ან მეტი გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წელს.

მედიის ცნობით, ლონდონმა უკრაინას ომის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 100 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა მიაწოდა.

ცნობილია, რომ დღეს რიგაში შეხვედრის მონაწილეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობასაც განიხილავენ.

დიდი ბრიტანეთი არის უკრაინის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე დონორი, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.

___________________

ფოტოზე: რიში სუნაკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ფოტო: EPA-EFE/ANDY RAIN

„ვაგნერი“ მსჯავრდებულ ახალწვეულებს განიხილავს, როგორც „გასახარჯს“ – ბრიტანეთის დაზვერვა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერში“ ცდილობენ დაიცვან გამოცდილი ხელმძღვანელები და ჯავშანმანქანები, ხოლო ბევრ მსჯავრდებულს, რომლებიც დაჯგუფებას უერთდებიან, წინა ხაზზე აგზავნიან წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით. ამ მარშრუტიდან გადახვევის შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, მათ ადგილზე მოკვლით ემუქრებიან.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 19 დეკემბრის ანგარიშის ფოკუსში აღმოჩნდა „ვაგნერის“ სასტიკი ტაქტიკა.

როგორც დაზვერვა წერს, „ვაგნერი“ კვლავაც მთავარ როლს ასრულებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ირგვლივ მიმდინარე ბრძოლაში. მან ბოლო თვეებში თავდასხმითი ტაქტიკა განავითარა, რადგან ციხეებიდან წამოყვანილი ახალწვეულების დიდი, თუმცა ცუდად გაწვრთნილი რაოდენობა, მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენა.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, „ვაგნერში“, სავარაუდოდ, ინდივიდუალურ მებრძოლებს აძლევენ სმარტფონებს ან პლანშეტებს, რომლებშიც მოცემულია მათთვის ნაბრძანები მიზანი – წინსვლის მიმართულება და სატელიტის გამოსახულებაზე მონიშნული თავდასხმის ობიექტი.

დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, ოცეულის და უფრო მაღალი დონის ხელმძღვანელები ძირითადად საფარქვეშ რჩებიან და იქიდან დრონების კადრებზე დაყრდნობით გასცემენ ბრძანებებს რადიოსიხშირის მეშვეობით.

ინდივიდებს, ვისაც ეძლევათ ბრძანება გააგრძელონ წინსვლა წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე, ხშირად აქვთ საცეცხლე მხარდაჭერა, მაგრამ ნაკლებად ხშირად აქვთ მხარდაჭერა ჯავშანტექნიკით. „დიდი ალბათობით, რიგით ვაგნერელს“, ვინც ნაბრძანები შეტევის მიმართულებიდან უნებართვოდ გადაუხვევს, ადგილზე მოკვლით ემუქრებიან.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ეს ბრუტალური ტაქტიკა მიზნად ისახავს მსჯავრდადებული ახალწვეულების ხარჯზე გადაარჩინოს „ვაგნერის“ იშვიათი აქტივი – გამოცდილი ხელმძღვანელობა და ჯავშანტექნიკა.

მსჯავრდებულ ახალწვეულებს ორგანიზაცია აფასებს, როგორც „გასახარჯს“.

„ვაგნერი“ კერძო სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „მზარეულმა“, ევგენი პრიგოჟინმა შექმნა. „ვაგნერი“ იბრძოდა სირიაშიც.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 დეკემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 98 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520]
  • ტანკი – 2 988 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 969 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 1 953 ერთეული [+5]
  • MLRS – 410 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 657 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 592 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 175 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 344 თვითმფრინავი
  • 184 ვერტმფრენი
  • 2 684 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 398 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 159 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 691 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 664 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გაშლილი ხელის ჩარტყმა მწარეა თუ მუშტის? უკრაინამ უნდა შექმნას დამრტყმელი დაჯგუფება – ინტერვიუ

საგანგებო – „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია, არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბათუმში. ე.წ. „ვოქსის“ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველებმა ათამდე მანქანა და სახანძრო კიბე გამოიყენეს.

სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში, მაღალსართულიან კორპუსში, ხანძარი 18 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა შენობის ბოლო სართულზე, სადაც რესტორანი მდებარეობს.

ამავე თემაზე: 

მეხანძრეები ავიდნენ და მუშაობენ შლანგებით – საგანგებო „ვოქსის“ ხანძარზე

მეხანძრეები ავიდნენ და მუშაობენ შლანგებით – საგანგებო „ვოქსის“ ხანძარზე

ბათუმში, მაღალსართულიან სახლში, რომელიც „ვოქსის“ სახელითაა ცნობილი, ხანძარია.

ხანძარი 18 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა „ვოქსის“ ბოლო სართულზე, სადაც რესტორანი მდებარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მეხანძრე-მაშველები ავიდნენ შენობაში, ადგილზე მუშაობენ გაჭიმული შლანგებით და მათთვის წყლის მიწოდება ხერხდება.

ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. ასევე, ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი დაშავებულების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, შენობიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

ადგილზე მოსული იყო ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. მან უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, აქვს თუ არა ბათუმს შესაბამისი ტექნიკა მაღალსართულიან კორპუსში ხანძრის ჩასაქრობად.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა ხანძრის ადგილიდან: 

ბათუმში, „ვოქსის“ შენობაში, ხანძარია

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ე.წ. „ვოქსის“ შენობაში ხანძარია.

ხანძარი მრავალსართულიანი კორპუსის თავზე მდებარე რესტორანში 18 დეკემბერს, გვიან ღამით გაჩნდა.

როგორც “ბათუმელებს” ადგილზე მყოფმა პირებმა აცნობეს, რესტორანი სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია ჩართული.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ასევე ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი დაშავებულების შესახებ.

ბათუმში „ვოქსის“ შენობაში ხანძარია

ხანძარი ბათუმში, რესტორან “ვოქსის” შენობაში გვიან ღამით გაჩნდა

მთავარი ფოტო: ხვიჩა ასამბაძე

კადიროვმა მსოფლიო მუსლიმებს ჩინურად მიმართა და გვერდით დგომა სთხოვა

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, მსოფლიოს მუსლიმებს ჩინურ ენაზე მოუწოდა „გააერთიანონ საერთო ძალისხმევა ნატოს წინააღმდეგ“.

ამის შესახებ რუსული მედია კადიროვის ტელეგრამარხზე დაყრდნობით წერს.

„ბოლო 100 წლის განმავლობაში შეერთებული შტატებისა და ევროპის ორგანიზებით დაიწყო ათობით ომი, სამხედრო გადატრიალება და შემოსევა. მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა მათი მსხვერპლი. თუმცა დღეისათვის ისინი კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ანადგურებენ ყველა მორალურ ღირებულებას, რაც ხალხებმა შექმნეს კაცობრიობის არსებობის განმავლობაში.

მათი ფული და იარაღი – არაფერია ჩვენი სოლიდარობის, ნებისა და რწმენის წინაშე!“ – წერს კადიროვი.

კადიროვის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს არსებობას, „მაგრამ რუსეთი, დასავლეთის ყველა პროგნოზის მიუხედავად, დაუპირისპირდა ამ ბოროტებას და თავდაჯერებულად მიიწევს გამარჯვებისკენ“.

კადიროვმა მოუწოდა მუსლიმებს, „დადგნენ ძმების გვერდით“ და „საერთო მტრის წინააღმდეგ“, რადგან NATO „მალე მივა მათი ოჯახების გასათელად“.

სქრინი კადიროვის მიმართვიდან

რუსეთის რეგულარული არმიის მხარდამხარ უკრაინაში იბრძვიან კადიროველები, ანუ ჩეჩნეთის ლიდერის დაქვემდებარებაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები. თავად რამზან კადიროვი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია უკრაინის ომში.

გუშინ 10 ლარი გამოვიმუშავე, საკვებში არ მეყო და საღამოს უჭმელი დავწექი – 54 წლის მეურიკე ბათუმში

„მარშუტკებს“, მსუბუქ ავტომობილებსა და ავტობუსებს შორის გაძრომას ცდილობს. მძღოლები ჩამოწეული საქარე მინებიდან ერთხმად უყვირიან: „გაიწიე!“, „გამოიწიე“, „მალე წადი“, „დროზე“…

დეკემბრის მზიანი ბათუმური დღე 54 წლის ნუგზარ მუშარბაძისთვის დილის 5 საათზე დაიწყო. ნუგზარი უკვე 4 თვეა, რაც ყოველ დღე, მათ შორის ცივ და წვიმიან ამინდებში ურიკით ტვირთს ხან ბაზრიდან ბაზარში და ხანაც საბითუმო მაღაზიებიდან სხვადასხვა ქუჩის კუთხეებში, გარემოვაჭრეებსა და გადამყიდველებთან ეზიდება.

ურიკა მისი არ არის. ყოველდღე ბაზარში 4 – 5 ლარად ქირაობს იმათგან, ვისაც საგანგებოდ რამდენიმე ურიკა გასაქირავებლად შეუძენია. ნუგზარს უნდა, რომ საკუთარი ჰქონდეს, „მაგრამ აქამდე იმდენი ფულის გამომუშავება ვერ შევძელი, ფულის შეგროვება რომ დავიწყო ურიკის შესაძენადო“.

ნუგზარს მაშინ შევხვდით, როცა „ფარეხიდან“ მოზრდილ ურიკაზე დატვირთულ კარტოფილის, ხახვის, ლობიოს ტომრებს, ვაშლითა და სხვა ხილით სავსე მოზრდილ ყუთებს, პლაზასთან ახლოს, გარემოვაჭრეებისკენ მიათრევდა.

ნუგზარს თუ გაუმართლებს, რაც მისი თქმით, არც ისე ხშირად ხდება, მაქსიმუმ შეიძლება 50 ლარი გამოიმუშაოს. არის დღეები, როცა მხოლოდ 10 ლარს ან საერთოდ ვერაფერს შოულობს ამ საქმით. „ბაზარზეა ეს დამოკიდებულიო“, გვეუბნება და როგორი იყო გუშინდელი საღამო მისთვის, ამის შესახებ გვიყვება.

„დღეში 3-ჯერ ჭამა გინდა. ურიკაზე რომ მუშაობ კარგად ნაჭამი უნდა იყო, ენერგია რომ გქონდეს. გააგორო და დაეკიდო ურიკას. არის დღეები, როცა მუშაობა მშიერსაც მიწევს. ერთხელ ვჭამ და მაღამდება, იმიტომ, რომ ჯიბეში ფული არ მაქვს.

მაგალითად, გუშინ მხოლოდ 10 ლარი გამოვიმუშავე, რაც საკვებშიც არ მეყო და საღამოს უჭმელი დავწექი ლოგინში, რომ დღეს დილით ყავა დამელია და 1 ცალი ხაჭაპური შემეჭამა. მას შემდეგ არც მიჭამია რამე“, – ამბობს ის. ნუგზარს რომ შევხვდით  შუადღე კარგა ხნის გადაწურული იყო.

ნუგზარმა ტვირთი დანიშნულების ადგილამდე მიიტანა. ის მხოლოდ კი არ ეზიდება ტვირთს ერთი ადგილიდან მეორეზე, ის ამ ტვირთს თავად აწყობს ურიკაზე, შემდეგ კი ცლის. კაცი ურიკას აჩერებს და ბოსტნეულისა და ხილის გამყიდველ გარემოვაჭრეებს ეკითხება, სად დავცალოო. გარემოვაჭრეები პასუხის დაბრუნებას არ აყოვნებენ და ნუგზარიც სწრაფ-სწრაფად იწყებს ყუთებისა და ტომრების ურიკიდან გადმოღებას. გარემოვაჭრე ნუგზარს უთითებს, ტომრები სიგრძეზე დაალაგე ერთმანეთს, ჰორიზონტალურად არ დააწყოო.

ნუგზარმა ურიკა დააცარიელა თუ არა გვერდით მიმოფანტული ცარიელი პლასტმასის კალათებისა და მუყაოს ყუთების ურიკაზე დატვირთვა დაიწყო. თვალებს ავლებს ყველა კუთხე-კუნჭულს, იქეთ-აქეთ იხედება, ყველგან ცარიელ ყუთებს ეძებს, უცებ რაიმე არ გამომრჩესო.

როცა ნუგზარის სახეს მზე ხვდება, შუბლზე ოფლი ბრჭყვიალს იწყებს და დაღლილობა, რომელიც მის გახშირებულ სუნთქვას ისედაც ეტყობა, უფრო მეტად ჩანს.

„მორჩა?“კითხულობს ნუგზარი და გარემოვაჭრეებისგან დასტურს ელოდება. გარემოვაჭრემ  ურიკიდან ერთი ცალი „კარდონი“ აიღო. „ეს დამიტოვეო”. ნუგზარი პასუხობს – „ჩემი არ არის, სადაც და რასაც გამატანთ იმას წავიღებ“, ერთ ცალ მანდარინს გასაყიდი კალათიდან იღებს, დამსახურებულ გასამრჯელოს ჯიბეში ინახავს და ურიკას ძრავს. ნუგზარი ისევ ბაზარში ბრუნდება, რომ იქიდან ახალი ტვირთი წამოიღოს.

კაცი მრავალშვილიანი მამაა. მისი თქმით, შვილებს თავის დროზე უნივერსიტეტში იმიტომ ვერ ასწავლა, რომ მათთვის სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო – „ფინანსურად ყოველთვის ძალიან გვიჭირდაო“.

ის ოჯახთან ერთად ხულოს სოფელ საციხურში ცხოვრობდა, საიდანაც 2 წლის წინ წამოვიდნენ – საცხოვრებლად გურიაში გადავიდნენ, სახლი იქირავეს. მისი თქმით, ასე არ მოიქცეოდა, იძულებული რომ არ გამხდარიყო.

„საციხურიდან იმიტომ წამოვედით მე და ჩემი ოჯახი, რომ გზა-კვალი არ იყო, რაიმე დახმარება: პენსია, ხელფასი არ გვქონდა. მხოლოდ 100 მეტრო მიწა მქონდა, არაფერი მებადა მეტი – არც ჭალა, არც ტყე, საერთოდ არაფერი.

ხულოში ზამთრობით თითქმის 7 თვე ვიკეტებოდით. 4 მეტრომდე თოვლი მოდის. გზა გაჭირვებაა, პროდუქტის მომარაგება გაჭირვებაა. ჩამოვდიოდით და ერთდროულად, ბათუმიდან მოგვქონდა 6-7 თვის პროდუქტი, რომ გამოგვეზამთრა.

საქონელი გვყავდა. იალაღზე დავდიოდი. 1000 ლარამდე მეხარჯებოდა მთაში აბარგვა-ჩამობარგვაში… რძის პროდუქტიდან მქონდა ცოტა შემოსავალი, მაგრამ წავიღებდი, გავყიდდი და ისევ, ძლივს 10-20 ტომარა ქატოს ვყიდულობდი ძროხებს რომ ეჭამათ.

სოციალური დახმარება არ მაქვს და არც აქამდე მქონია. ამაზეც ბევრჯერ დავწერე განცხადება, მაგრამ არაფერი. მეუბნებიან, რომ მაღალი ქულა მაქვს. კომისია მოვიდა, მაცივარი და ტელევიზორი გაქვსო. აბა, მაცივარი და ტელევიზორი თუ არ გაქვს, მაშინ ბოსელში უნდა დაჯდე, იქ უნდა იყო. მაცივარი და ტელევიზორი განვადებით გამოვიტანე. ავაგროვებდი, ვთქვათ, 30 ლარს წავიღებდი და გადავიხდი.

ხულოში საერთოდ არ არის სამუშაო ადგილები. აქ მაინც კარტოფილს დაცლი მანქანიდან, ურიკას გააგორებ, რაღაცას გავაკეთებ“, – გვეუბნება ნუგზარი.

ნუგზარის თქმით, საციხურში 60-მდე ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 4 ოჯახია დარჩენილი, რომლებსაც მის მსგავსად, რთული ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ: „ვინც საციხურში დარჩა ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს. სოციალური დახმარება, პენსია, ხელფასი, საერთოდ არაფერი აქვთ. ოჯახები წავიდნენ ახალქალაქში, წალკაში, გურიაში… ზოგი იმიტომ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ, ზოგი იმიტომ, რომ სახლი დაეწვათ. ბევრი სახლი დაიწვა [ჩემს სოფელში]“.

წლების წინ სახლი, ბოსელთან და პირუტყვთან ერთად ნუგზარსაც დაეწვა. მისი თქმით, განცხადებით მიმართა ხულოს, ბათუმის მუნიციპალიტეტებს, თუმცა დახმარების სახით არაფერი მიუღია – „100 ლარიც კი“ და სოფელში ახალი, პატარა ხის სახლი მეუღლის ოჯახის დახმარებით ააშენა.

ნუგზარი ახლა ხულოში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, მხოლოდ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე მიდის, მიუხედავად იმის, რომ ძალიან უყვარს იქაურობა.

სანამ მეურიკედ დაიწყებდა მუშაობას, გულმოდგინედ ამუშავებდა მიწას გურიაში: „ვთესავდი სიმინდს. ხან მომცემდა მოსავალს, გამიმართლებდა – ხან არა. 8 ძროხა მყავდა, მაგრამ ხეირი ისევ არაფერი მოიტანა საქონელმა და გავყიდე, მხოლოდ 3 ძროხა დავიტოვე“.

თავიდან ნუგზარი სამუშაოს გურიაში ეძებდა, რომ მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ეცხოვრა. ოჯახის წევრები დღემდე ეუბნებიან გურიაში ჩამოდი და დასაქმდიო, მაგრამ მისი თქმით, სამსახური ვერც გურიაში იპოვა, სადაც იმდენი თანხის გამომუშავებას შეძლებდა, რომ ქირის გადახდა და საჭმლის ყიდვა მოეხერხებინა ოჯახისთვის.

„[ოჯახის წევრები] მირეკავენ – გააგდე ეგ საქმე, ავად გახდები, ფეხები აგტკივდება, რთული სამუშაოა, მაგრამ… რა ვქნა, გაჭირვებაა. ნახავ 100 ლარს, დაახურდავებ, უცებ დაგეხარჯება. ხვალ ვინმეს სამძიმარი იქნება, აუცილებლად წასასვლელი იქნები, მაგრამ ვერ წახვალ, გზის ფული არ გექნება და აი, სწორედ ამის გამო ვმუშაობ.

აქ ჭამის ფულს გამოვიმუშავებ. იმდენს, რომ ოჯახში პროდუქტი მივიტანო. ოჯახს ბევრი საჭიროება აქვს. ფული არ გვყოფნის. სამძიმარია, ქორწილია… ტანსაცმელი გჭირდება, ქირის თანხა გჭირდება… ეს ყველაფერი დიდ ხარჯზე გადის.

ვაპირებ, რომ ისევ ურიკაზე ვიმუშაო. სხვა სამსახური არ არის. ვცადე მუშაობა სხვაგანაც დამეწყო, ვთქვათ: ფურნეში, მიმტანად რესტორანში, დამლაგებლად, მეეზოვედ, მაგრამ მითხრეს მხოლოდ 20-30 ლარი გექნება დღეშიო და ამ საქმით, ხანდახან  დღეში 30-40 ლარს გამოვიმუშავებ. გამყიდველებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვთქვათ, თუ 8 ლარი მიწევს, 2 ლარს მჩუქნიან ხოლმე“.

ნუგზარი ბათუმშიც ქირით, 1 პატარა ოთახში ცხოვრობს – ერთი საწოლი ძლივს ეტევაო, აღწერს ის.

„გაზი არ არის შეყვანილი, გათბობა არ მაქვს. პატარა შეშის ღუმელი მიდგას. თუ სადმე შეშას ვნახავ, დავჩეხავ და მივიტან. ხან „კარდონებს“ ვხევ და ასე ვანთებ ცეცხლს“.

ნუგზარ მუშარბაძე

გურიაში ოჯახთან ხან 3 კვირაში, ხან კი 2 კვირაში ერთხელ ჩადის. მისი თქმით, მუდმივად ენატრება ოჯახის წევრები და ცხელი წვნიანები, მაგრამ უფულობის გამო უფრო ხშირად ჩასვლას ვერ ახერხებს. ნუგზარის ჩასვლა, ყოველთვის ძალიან ახარებს მეუღლეს და  შვილებს.

„მიმაქვს პროდუქტი, ვაშლი და სხვა ხილი. აქ საჭმელს ვერ ვაკეთებ. ჩაის ვსვამ. პურს და ხანდახან „კალბასს“ ვჭამ. როცა სახლში მივდივარ, ჩემი მეუღლე ყოველთვის წვნიანებს მიმზადებს. იცის, რომ მიყვარს წვნიანები. როცა მოვდივარ საჭმელსაც მატანს, მაგრამ 1-2 დღე მყოფნის მხოლოდ, მეტი არა. ფუჭდება და ბათუმში მაცივარი არ მაქვს“.

დამშვიდობებისას ნუგზარი გვეუბნება, რომ მხოლოდ ერთი ოცნება აქვს: ჰქონდეს სამუშაო, სადაც იმდენს გამოიმუშავებს, რომ ქირის გადახდა, საჭმლის ყიდვა და სხვა, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს – თავისი და საკუთარი ოჯახისთვის.

თბილისი იქცა თავკომბალად და გაუსაძლისია ცხოვრება – ქუთაისში პარლამენტის გადატანა გააპროტესტეს

„ათენი, სტამბული, ვარშავა, კრაკოვი, რომი, ამერიკა, ირლანდია, ისრაელი, პოლონეთი“, – ეწერა დღეს ჩემოდნებზე, რომელიც მოქალაქეებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მიიტანეს.

მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და თქვეს, რომ ქალაქმა, რომელსაც მოქმედმა ხელისუფლებამ პარლამენტი წაართვა, ფუნქცია დაკარგა.

სრულ უპერსპექტივობას კი ქუთაისში მცხოვრებლები ემიგრაციაში გაურბიან. აქციის მონაწილეთა თქმით, ემიგრაციაში მიდის ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანი, რადგან ეს მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა.

აქცია-პერფორმანსი ქუთაისში ფოტო: ირაკლი ვაჩიბერაძე

„4 წელი გავიდა, რაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან გადავიდა თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებდა, ეს არ დაეტყობოდა ქალაქსო, მოხდა პირიქით. ქალაქმა დაკარგა ფუნქცია. აღარ არის არანაირი პერსპექტივა, ქუთაისელთა დიდი ნაწილი იძულებულია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში. ეს გვინდოდა დღეს ხელისუფლებისთვის დაგვენახებინა.

მათ ქალაქს მოუკლეს პერსპექტივა. შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისს წაართვეს განვითარების შანსი. არამარტო ქუთაისს, არამედ სრულად დასავლეთ საქართველოს, რადგან ქუთაისში პარლამენტის არსებობა, არ ნიშნავდა მხოლოდ ქუთაისისთვის რაღაცას. ეს იყო რეგიონისთვის, დასავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის მონაწილე ხვიჩა ვაშაყმაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანით, დედაქალაქიც დაზარალდა.

„დღევანდელი აქციით დავანახეთ საზოგადოებას რა რეალობის წინაშე დგას ქალაქი და, ზოგადად, ქვეყანა. იმიტომ, რომ ქვეყანა არ ვითარდება ერთნაირად. თბილისი გადაიქცა თავკომბალად, სადაც გაუსაძლისია ცხოვრება. ხელისუფლებამ პარლამენტის თბილისში გადატანით ცუდი გაუკეთა არამარტო ქუთაისს, არამედ ავნო დედაქალაქს. ქუთაისელთა დიდი ნაწილი და არამარტო, მიემგზავრება საზღვარგარეთ ან გადადიან დედაქალაქში საცხოვრებლად,“ – ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

აქცია-პერფორმანსი ქუთაისში ფოტო: ირაკლი ვაჩიბერაძე

დღეს ქუთაისში გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და  მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“.

საქართველოს პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს გადავიდა. პარლამენტისთვის ქუთაისში ახალი შენობა ააგეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მალევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.

2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვრა თბილისი და ქუთაისი. ამის მიუხედავად 2019 წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი სრულად დაბრუნდა თბილისში.

პროგრამების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მიზანი და ბუნდოვანია – აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტზე

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი 15 დეკემბერს დაამტკიცა, სახელმწიფო აუდიტმა კი, მეორე დღეს, 16 დეკემბერს გამოაქვეყნა დასკვნა, აჭარის მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე.

აუდიტის დასკვნით, „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებას.“

ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღნიშნული დასკვნა სხდომაზე უმაღლეს საბჭოს, აჭარაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, კახაბერ კირტავამ წარუდგინა.

„რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტით განსაზღვრული ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში, შეინიშნება სხვაობა მიმდინარე წლის ათვისების ტენდენციასა და მომავალი წლის დაფინანსების მოცულობას შორის – აცხადებს აუდიტი და ასკვნის, რომ „ბიუჯეტის გადასახდელების დაგეგმვისას, სხვა მიზეზებთან ერთად, მიზანშეწონილია შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან გათვალისწინებულ იქნეს გასული და მიმდინარე წლების შესრულების ტენდენციები“.

აუდიტის დასკვნიდან:

„პროგრამული ბიუჯეტის დანართი“ მოიცავს ინფორმაციას პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ.

2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართის ანალიზისას გამოვლენილია პროგრამების შემუშავების პროცესში არსებული შემდეგი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები:

პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების ფორმირების პროცესი

დანართში წარმოდგენილი 60 პროგრამიდან5 17 პროგრამა [28.3%] არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად;

მაგალითად, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა,“ „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა,“ „სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქცია,“ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“ და სხვა პროგრამები.

შუალედური და საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორების შემუშავება

პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მისაღწევი მიზანი, ასევე შეფასების ინდიკატორში განსაზღვრული მაჩვენებელი ბუნდოვანია და არ ასახავს კონკრეტულად რა მიზნის მიღწევას ემსახურება, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს აღნიშნული პროგრამის/ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებას;

მაგალითად, „დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის კვლევის და სტატისტიკის წარმოების“ ქვეპროგრამა.

ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა

პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი ინდიკატორების 100%-ის შემთხვევაში, არ ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით არსებული ნაკლოვანებების ეტაპობრივი გამოსწორებისა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესებისთვის განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.“

აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 512 549 400 ლარს, ხოლო გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა − 535 549 400 ლარს.

სამინისტროების მიხედვით,  ფინანსები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 133 483 600 ლარი
  • ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო – 33 235 000 ლარი
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 29 531 000 ლარი
  • განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 105 446 800 ლარი

პლენარულ სხდომას, რომელზედაც ბიუჯეტი დაამტკიცეს, არ ესწრებოდნენ დეპუტატები ენმ-დან. მათ უმაღლესი საბჭოს სხდობებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 დეკემბრის 21 საათიდან 19 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – წვიმა, მაღალ მთაში კი თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 20 დეკემბერს ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს, აჭარის მაღალმთიანეთში კი თოვაა მოსალოდნელი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

კრემლი პუტინის იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ კრემლი ცდილობს გააუმჯობესოს ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იმიჯი უკრაინის ომში წარუმატებლობის ფონზე.

ISW წერს, რომ კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს წარმოაჩინოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც კომპეტენტური ლიდერი ომის დროს.

გუშინ, 17 დეკემბერს, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინი მთელი დღის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამსახურების გაერთიანებულ შტაბში იმყოფებოდა, მოისმინა მოხსენებები უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ და გამართა შეხვედრა მეთაურებთან.

კრემლმა ეს ვიზიტი, სავარაუდოდ, საჯარო გახადა, რომ შეექმნა ლიდერის იმიჯი, რომელიც სრულად არის ჩართული უკრაინის ომის დაგეგმვასა და წარმართვაში – წერს ISW.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ სამხედრო შტაბში პუტინის ვიზიტის ფართოდ გაშუქების კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იმიჯის რეაბილიტაციის მცდელობა, გავრცელებულ კადრებში აჩვენებს გერასიმოვის, შოიგუს და სუროვიკინის შეხვედრა პუტინთან თავდაცვის სამინისტროს როგორც ორგანიზებული და ეფექტური სამხედრო ორგანიზაციის წარმოსაჩენად.

ISW-ს ცნობით, ბახმუტთან მიმდინარე რუსული შეტევითი ოპერაცია იწვევს განხეთქილების პროვოცირებას DPR-ის მებრძოლებსა და ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ წევრებს შორის. ISW-ის ექსპერტები სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით წერენ, რომ არსებობს მზარდი განხეთქილება DPR-სა და „ვაგნერს“ შორის.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 98 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
  • ტანკი – 2 987 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 5 963 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 948 ერთეული [+1]
  • MLRS – 410 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 649 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 579 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 174 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაციაგანაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 344 თვითმფრინავი
  • 184 ვერტმფრენი
  • 2 676 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 398 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 149 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 691 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 650 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]გაშლილი ხელის ჩარტყმა მწარეა თუ მუშტის? უკრაინამ უნდა შექმნას დამრტყმელი დაჯგუფება – ინტერვიუ[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინელმა მებრძოლმა კალაშნიკოვით მფრინავი რაკეტა ჩამოაგდო: მან შეუძლებელი შეძლო – ვიდეო

უკრაინელმა მებრძოლმა კალაშნიკოვით მფრინავი რაკეტა ჩამოაგდო: მან შეუძლებელი შეძლო – ვიდეო

16 დეკემბერს, უკრაინაზე მორიგი რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მებრძოლმა შეძლო და კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევით რუსული მფრინავი რაკეტა ჩამოგდო.

ის უკრაინის დედაქალაქ კიევზე იყო დამიზნებული და დედაქალაქის კიდევ ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტის განადგურება იგეგმებოდა.

შემთხვევის შესახებ Associated Press-ზე დაყრდნობით მსოფლიო მედია წერს.

უკრაინის დამცველები ჩამოგდებულ რაკეტასთან
ტყვიამფრქვევი, რომლითაც უკრაინის დამცველმა მფრინავი რაკეტა ჩამოაგდო

რაკეტის ფრაგმენტები იმ დანაყოფის პოზიციებიდან არც თუ ისე შორს ჩამოვარდა, სადაც ახალგაზრდა ჯარისკაცი მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურეებმა ამ შემთხვევის დეტალებზე Associated Press-ის ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

მათი მონათხრობის თანახმად, ახალგაზრდა ოფიცერმა მოახერხა და მომაკვდინებელ ჭურვს ფრენა შეაწყვეტინა: ამისთვის კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას ხელში ჰქონოდა კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი.

„მან სწრაფად მოახერხა რეაგირება. ბიჭი ახალგაზრდაა, ენერგიული. მომენტალური რეაქცია ჰქონდა… ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მან ეს მოახერხა. ისე მოხდა, რომ ისინი კარგად რეაგირებდნენ. მათ სროლა იციან“, – განმარტა ჯარისკაცის მეთაურმა, რომლის საბრძოლო სახელია „ჰერა“.

ჯარისკაცის თავის მიერ ჩამოგდებულ მფრინავ რაკეტასთან
ჩამოგდებული მფრინავი რაკეტის ფრაგმენტები

თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ, რაც გასროლილი ტყვია რაკეტას მოხვდა, გარშემო „მწვანე ნაპერწკლები გადმოცვივდა“.

ვიდეოს მიხედვით, მებრძოლმა კალაშნიკოვის 7,62 მმ ტყვიამფრქვევიდან ისროლა.

მებრძოლების თქმით, აფეთქებული რაკეტა ჰაერში ამოტრიალდა და შემდეგ ქვედანაყოფის პოზიციებთან ახლოს, მინდორში ჩამოვარდა.

___

16 დეკემბერს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. რიგ რეგიონებში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა. აფეთქებები მოხდა ხარკოვის, პოლტავას რეგიონებში, ზაპოროჟიეში. კრივოი როგში რუსებმა რაკეტები მარტყეს საცხოვრებელ კორპუსებს: არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები.

სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, არაერთ რეგიონში, მათ შორის უკრაინის ორ უდიდეს ქალაქში – კიევსა და ხარკოვში გამოირთო ელექტროენერგია, შეფერხდა გათბობა და წყალმომარაგება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინაზე ბოლო თავდასხმის დროს რუსეთმა 76 რაკეტა გაუშვა. უკრაინის დამცველებმა მათგან 60-ის ჩამოგდება მოახერხეს.

ზელენსკი განიხილავს ახალი თავდასხმის ალბათობას – რა იქნება 2023 წლის თებერვალში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს უკრაინაზე შური იძიოს. მისი თქმით, უკრაინა ათვიცნობიერებს, რომ შესაძლებელია 2023 წელს რუსეთის ფედერაციამ ახალი შეტევა წამოიწყოს უკრაინის წინააღმდეგ. მით უფრო, რომ რუსებს ამაზე არასდროს უთქვამთ უარი.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ TF1 INFO-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქმე შემდეგშია – რამდენად შესწევს რუსეთს ძალა ახალი თავდასხმისთვის.

„დიახ, ჩვენ ამას ბოლომდე ვაცნობიერებთ. ​​ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მათი შურისძიების სურვილი, ეს რჩება მათ აკვიატებად, სურვილი თავს დაესხან ჩვენს ქვეყანას, მოახდინონ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მე მიმაჩნია, რომ ისინი არასდროს იტყვიან უარს ამ პროექტზე. მაგრამ საქმე იმაშია, შეუძლიათ თუ არა მათ ამის გაკეთება? და შეგვიძლია თუ არა ჩვენ ამას გავუმკლავდეთ? დარწმუნებული ვარ, რომ მათი სურვილი, მიაღწიონ ამას, ჯერ კიდევ არსებობს“, – განმარტა უკრაინის ლიდერმა.

ახალი შეტევის საფრთხეზე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმაც. მისი თქმით, კიევზე ხელახალი თავდასხმისთვის რუსეთის ფედერაცია დაახლოებით 200 000 ახალ ჯარისკაცს ამზადებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს შეტევის ახალი ტალღის დაწყება 2023 წლის თებერვალში.

ამავე დროს, ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი და ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილ სარდალი, ბენ ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ ნაკლებად სავარაუდოა რუსეთის ფედერაციამ შეძლოს საჭირო რაოდენობის კარგად მომზადებული სამხედრო პერსონალის კონცენტრირება უკრაინაში ახალი შეტევის წამოსაწყებად.

___

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსების დღევანდელი ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ომის დასაწყისში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს კიევში სამთავრობო შენობების დაკავება და ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა უბრძანა.

მაღაროს შეწირული სოფელი – 106 ოჯახი საფრთხის წინაშე და სრულიად მარტო

ისევ უშედეგოდ დასრულდა ჭიათურაში სოფელ ითხვისის მცხოვრებლებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკებები.

ითხვისში მცხოვრები 106 ოჯახი კომპანიისა და სახელმწიფოსგან ღირსეულ და ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვს. ითხვისელები ამბობენ, რომ 2022 წლის მარტში, მათი საცხოვრებელი სახლები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამთო-მოპოვებითი სამუშაოების გამო დაინგრა.

კომპანია მომხდარში საკუთარ ბრალეულობას არ აღიარებს, სახელმწიფო კი ადგილობრივებს ისეთ კომპენსაციას სთავაზობს, რითაც ალტერნატიული საცხოვრებლის მოწყობა შეუძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ წლობით დაგროვებული ქონების ღირებულებაზე – მათ ამ ქონების ნახევარსაც კი არ სთავაზობენ.

რა ხდება ითხვისში, სადაც 9 თვეა მოსახლეობა საფრთხის ქვეშ ცხოვრობს

რა მოხდა

2022 წლის მარტში, სოფელ ითხვისის ერთ უბანს, სადაც 106 ოჯახი ცხოვრობს, მიწა გამოეცალა. შედეგად, მთლიანად და ან ნაწილობრივ დაინგრა 55 სახლი. 51 სახლი კი სახიფათო ზონაშია და სხვადასხვა სიდიდის ბზარები აქვს გაჩენილი. ერთი მოსახლის, ჟორა მეგრელიშვილის სახლი კი მიწაში დაახლოებით 40 მეტრის სიღრმეში ჩავარდა.

„106 ოჯახია მოქცეული ნგრევის ზონაში, აქედან 55 ოჯახია გამოსახლებული და მათი ქონება შეფასებული. ამ 55 ოჯახიდან მხოლოდ 20 ოჯახია ქირით გასული. ასევე ცალკე შეაფასეს კიდევ 20 ოჯახი, მაგრამ ჩვენ ამ შეფასებას არ ვეთანხმებით. ამიტომ შეაჩერეს დასკვნის გამოქვეყნება. რაც შეეხება დანარჩენ 32 ოჯახს, ისინი არიან დაკვირვების ქვეშ. რეალურად ეგენიც ავარიულ მდგომარეობაში არიან.

ჯამში 106-ივე ოჯახი არის გასასახლებელი,“ – ამბობს ითხვისელი ზურაბ გოგატიშვილი. ზურაბის სახლი, ისევე როგორც მისი თანასოფლელების, ინგრევა.

სოფელ ითხვისში მცხოვრებნი მათი საცხოვრებელი სახლების სრულ ან ნაწილობრივ დანგრევაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ ადანაშაულებენ. ადგილობრივები, რომლებიც საფრთხის არეალში აღმოჩნდნენ, ამბობენ, რომ მათი კერძო საკუთრება – სახლ-კარი და მიწა კომპანიის სამთო მომპოვებელმა სამუშაოებმა დააზიანა.

ითხვისელი გრიგოლ ღუღუნიშვილი ნახევრადდანგრეული საკუთარი სახლის ფონზე. გრიგოლი და მისი ოჯახი ახლა ქირით ცხოვრობენ

რა ხდება ახლა 

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებსა და ითხვისელებს შორის შეხვედრა 16 დეკემბერს გაიმართა.

ითხვისელებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი შეხვდა. თითქმის ორსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც „ბათუმელებს“ ითხვისში მცხოვრები ზურაბ გოგატიშვილი უყვება, შეხვედრაზე ითხვისის მცხოვრებლებმა წარადგინეს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპანია სოფლის ქვეშ მარგანეცს მოიპოვებდა.

„ის, რა დოკუმენტაციაც წარვუდგინეთ ჩვენ და ვუთხარით, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობს, ამაზე თქვეს – აი, სადაც ჩაქცევა მოხდა, იქამდე ვმუშაობთო. ჩაქცევის ადგილზე არ გვიმუშავიაო. ზღვარზე მივიდნენ, ამას თვითონ აღიარებენ და ეს არისო ჩვენი კონტურებიო. ასეთი ძალიან არასერიოზული პასუხები მივიღეთ. 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა შეხვედრა. [კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა] მე არ მადანაშაულებენო, თუ მე დამადანაშაულებენ, გადავიხდიო. ძალიან ისეთი ტონით ლაპარაკობდა,“ – უყვება „ბათუმელებს“ ზურაბ გოგატიშვილი.

გოგატიშვილის თქმით, შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურის მერი, გივი მოდებაძეც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ მოსახლეობამ მერს უთხრა, რომ მთელი სოფელი ჩავიდოდა თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან. ჭიათურის მერმა ითხვისელებს დრო სთხოვა.

„ბოლოს ასე შევთანხმდით, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან ერთად სოფელს შეგვხვდება. შეხვედრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

დასკვნაში წერია, რომ ეს არ არის მეწყერი, არის ჩაქცევა. რაც არ უნდა იყოს, „ჯორჯიან მანგანეზია“ თუ სახელმწიფოა, ფაქტია, რომ ჩვენ ვართ დაქცეულები. რა გვეშველება? – აი, ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ,“ – ამბობს ზურაბ გოგატიშვილი.

ამ ადგილას ჯერ კიდევ 9 თვის წინ ითხვისელი ჟორა მეგრელიშვილის ორსართულიანი კაპიტალური სახლი იდგა. ახლა სახლის ნარჩენები 40 მეტრის სიღრმეში მიწაშია ჩაფლული
სახლი, რომელიც ჩაქცევის შედეგად მიწაში ჩაიფლო

რას აკეთებს სახელმწიფო

2022 წლის 10 ივნისს მთავრობამ გამოსცა განკარგულება „ითხვისში განვითარებული გეოდინამიკური პროცესების გამომწვევი მიზეზების“ დამდგენი უწყებათაშორისი კომისიას შექმნის შესახებ. კომისია 15 კაცისაგან შედგებოდა და მასში ჩართულები იყვნენ შსს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, ჯანდაცვის, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები. კომისიაში იყო ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე და დარგის რამდენიმე ექსპერტიც.

განკარგულებით კომისიის მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 თვით განისაზღვრა. კომისიის დასკვნა მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

დასკვნა 59 გვერდიანია, 52-ე გვერდზე კი მოცემულია კომისიის შეფასება, თუ რამ გამოიწვია მიწის ჩავარდნა სოფელ ითხვისში.

„კომისიას მიაჩნია, რომ ჩავარდნა გამოწვეული უნდა იყოს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით. ეს ფაქტორებია: საკვლევ ტერიტორიაზე არსებული, გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით შექმნილი სიცარიელეები (ანთროპოგენური ზემოქმედება), ამგები ქანების არამდგრადი ხასიათი, უხვი ატმოსფერული ნალექები“.

დანგრეული საცხოვრებელი სახლი სოფელ ითხვისში

100%-ით არ ვეთანხმებით [დასკვნას]. თვითონ კომისიის დასკვნას ბოლოში მიაწერეს – 70-80-იანი წლების გამომუშავება, ზედმეტი ნალექი და არამდგრადი ქანები. 100%-ით ეს არის „ჯორჯიან მანგანეზის“ გამომუშავების შედეგად.

დასკვნის შუა ნაწილში თვითონ წერენ, რომ ის მთავარი ჩაქცევაა, დიდი ნაპრალი და არ არის მეწყერი. ეს არის ჩაქცევა. ჩაქცევა საიდან იქნება თუ სიცარიელე არაა და გამომუშავებული არაა მიწა? ამიტომ წინა შეხვედრაზე ჩვენ ეს დავუმტკიცეთ და ამიტომ დაგვთანხმდნენ ახალ შეხვედრაზე,“ – ამბობს ზურაბ გოგატიშვილი.

სახელმწიფო კომისიის მიერ დადებული დასკვნა გააკრიტიკა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საიამ და მწვანე ალტერნატივამ, რომლებიც ითხვისელთა უფლებებს იცავენ.

„კომისია მუშაობის პროცესში დიდწილად „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო და სოფლის მცხოვრებლების წუხილები სათანადოდ არ გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ სოფელზე მანგანუმის მოპოვების გავლენების შესაფასებლად, კომისიამ სამთო-მოპოვების სქემები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ გამოითხოვა და კვლევის პროცესში მას დაეყრდნო. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ჩვენთან საუბრებში, აღნიშნავს, რომ აღნიშნული სქემები არასრულია და მათზე არ არის დატანილი სხვა სახლების ქვეშ მიმდინარე მოპოვება, უგულებელყოფილი იქნა. ეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნა უყურადღებოდ არ ტოვებს კომპანიის წარმომადგენლების მიერ ზეპირად მიწოდებულ ინფორმაციასაც კი,“ – ასე აფასებს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია სამთავრობო დასკვნას.

მოსახლეობის ნაწილს სახლები ისე დაენგრა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. ზოგმა სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გატანაც ვერ მოასწრო

უწყებათაშორისი კომისიის მიერ ითხვისში განვითარებული მოვლენების შესახებ დადებული დასკვნა მოსახლეობისთვის მიუღებელია განსახლების პოლიტიკის მხრივაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასკვნაში არ არის გათვალისწინებული მათი ინტერესები.

„55 ოჯახია შეფასებული, რომელი ოჯახებიც არ ეთანხმებიან მაგ შეფასებას, იმიტომ, რომ არასწორად მოხდა შეფასება. სამხარაულს დაუკვეთეს საბაზრო ღირებულება. ჯერ ერთი რა საბაზრო ღირებულება მე რა ვყიდი იმ სახლს? ან ვყიდულობ?

საბაზრო ღირებულებაა მაგალითად, ჭიათურაში რა ღირს [უძრავი ქონება]. ჭიათურაში შეიძლება მილიონი ღირდეს  სახლი და ვერ გაყიდო 20 ათასად. სიტყვაზე, მაგრამ ესე უნდა შემიფასოთ? ამიტომ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. შეიძლება ერთი ან ორი ოჯახი, არ ვიცი რის გამო, მაგრამ შეიძლება დათანხმდეს [კომპენსაციის მიღებას].

მაგრამ 90-95 % არ ეთანხმება აი, ამ შეთავაზებას,“ – ამბობს ზურაბ გოგატიშვილი.

რას პასუხობს ბრალდებებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის „ჯორჯიან მანგანეზს“ 15 დეკემბერს მიმართა. კომპანიას წერილობით მივაწოდეთ კითხვები და მათ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ.

კომპანია ამ ეტაპზე ითხვისთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ჩართე სილქფესტით ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები და ისარგებლე პირობით მთელი თვე

18 დეკემბერს სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს.

  სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტები სასურველ პირობას გაიაქტიურებენ კოდით *202# ან აპლიკაციით MySilknet ან პირდაპირ საიტიდან:

  • 3000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 5₾
  • 600 ადგილობრივი წუთი – 10 ₾
  • 150 ადგილობრივი წუთი + 5000 MB – 10 ₾
  • 50 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 20₾

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა;

სილქფესტის პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია სილქნეტის ქსელში ჩართული სხვა ნომრისთვისაც, იგივე კომბინაციით.

მე-16 სკოლის შენობას ანგრევენ – ახალი სკოლის მშენებლობისთვის 17 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში მე-16 საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი დაიწყო.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ადგილზე სკოლის ახალი შენობა უნდა ააშენონ. ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ სამინისტროს, 17 388 170 ლარზე აქვს გაფორმებული.

მე-16 სკოლის შენობის დემონტაჟი ბათუმში / 17.12.2022

პროექტით უნდა აშენდეს 3-სართულიანი შენობა, გათვლილი 1000 მოსწავლეზე [40 საკლასო ოთახი] ერთ ცვლაში.

ახალი შენობა ტენდერში გამარჯვებულმა 36 თვეში, ანუ 2026 წლამდე უნდა ააშენოს.

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა 2021 წლის აპრილში იმდენად დაიბზარა, რომ შეფასდა, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო. მას შემდეგ ამ სკოლის მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი მე-10 საჯარო სკოლაში ტარდება.

სკოლის მშენებლობაზე სამინისტროს ტენდერი ზუსტად 17 388 170 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა

რუსეთი ირანულ დრონებს კრასნოდარის ოლქიდან უშვებს – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 17 დეკემბრის ანგარიში უკრაინაზე შორი მანძილის რაკეტებით გახშირებულ თავდასხმას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შეტევების ზრდა მცირეა და ძირითადად საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტებს მოიცავს.

ბრიტანული დაზვერვა, ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში ასევე მონაწილეობს ირანის მიერ რუსეთისთვის მიწოდებული დრონები.

ირანული დრონები რუსეთმა ომში სექტემბერში ჩართო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონი „შაჰედ 136“ პირველად 2022 წლის 13 სექტემბერს, კუპიანსკში ჩამოაგდო.

რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის შესახებ ცნობილი პირველად აგვისტოში გახდა. ირანი თავდაპირველად უარყოფდა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას, თუმცა მსხვილმა მედიაგამოცემებმა, ირანელ დიპლომატებსა და მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს არა მხოლოდ დრონებს აწვდის, არამედ შეუთანხმდა ბალისტიკურ რაკეტების მიწოდებაზეც.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ირანულ დრონებს ამ ეტაპზე თავისი ტერიტორიიდან, კრასნოდარის ოლქიდან უშვებს. დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ მანამდე ირანული დრონების გასაშვებ ადგილად, ძირითადად, ოკუპირებული ყირიმი გამოიყენებოდა.

გაშვების ადგილის შეცვლა, სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთის სიფრთხილესთან ყირიმის დაუცველობასთან დაკავშირებით. ამავდროულად ახალი ადგილი მოსახერხებელია რუსეთში იარაღის სავარაუდო ჩამოსვლის ადგილიდან, ასტრახანიდან მარაგების შესავსებად, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში.

_________

ფოტოზე: ირანული დრონი. ფოტო: ირანის არმია

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 97 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +420]
  • ტანკი – 2 985 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 5 958 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 1 947 ერთეული [+1]
  • MLRS – 410 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 648 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+61]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 577 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 174 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 344 თვითმფრინავი
  • 184 ვერტმფრენი
  • 2 675 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 398 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 140 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 691 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 638 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი ირანულ დრონებს კრასნოდარის ოლქიდან უშვებს – ბრიტანული დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

გაშლილი ხელის ჩარტყმა მწარეა თუ მუშტის? უკრაინამ უნდა შექმნას დამრტყმელი დაჯგუფება – ინტერვიუ

1,5 წლის ბავშვი დაიღუპა კრივოი როგში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად

უკრაინაში, ქალაქ კრივოი როგში 17 დეკემბერს, ღამით, მაშველებმა რუსული რაკეტით დანგრეული სახლის ნანგრევებიდან 1,5 წლის ბიჭის ცხედარი გამოიტანეს.

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ამ შენობაში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო წერს ტელეგრამზე.

კრივოი როგს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გუშინ, 16 დეკემბერს, ნაშუადღევს გაუხსნეს ცეცხლი. რაკეტა სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

_______________

ფოტოზე: რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი კრივოი როგში

კრემლი ცდილობს დაარწმუნოს უკრაინა და მისი მოკავშირეები, რომ ომი ჩიხში შევიდა – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალ რელიზში ნათქვამია, რომ კრემლი, სავარაუდოდ შეეცდება დასავლეთის დარწმუნებას, რომ ომი ჩიხში შევიდა და უკრაინა ვერ შეძლებს მეტი ტერიტორიის დაბრუნებას.

ISW მიიჩნევს, რომ ასეთი დასკვნა არასწორია და უკრაინას აქვს კარგი შესაძლებლობა, დაიბრუნოს მნიშვნელოვანი, ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიები უახლოეს თვეებში.

ანგარიშის თანახმად, 16 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა კიევზე ომის დაწყებიდან დღემდე და მე-9 სარაკეტო შეტევა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

„რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, განახორციელებენ სულ უფრო ძლიერ შეტევებს კიევზე, ​​რათა გამოიწვიონ საზოგადოების უკმაყოფილება უკრაინის დედაქალაქში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სარაკეტო დარტყმებმა ადგილობრივი მოსახლეობის ნება დაარღვიოს“ – ნათქვამია რელიზში.

ამავე დროს, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთის დარტყმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას, მაგრამ არ აუმჯობესებს რუსული ჯარების უნარს უკრაინაში შეტევითი ოპერაციებისას.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდება დათმობების მიღწევას რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაციის საკითხში ლუკაშენკოსთან მომავალ შეხვედრაზე.

პუტინის ვიზიტი მინსკში შეიძლება მიუთითებდეს, რომ ის მზად არის განაახლოს შეტევა უკრაინაზე – შესაძლოა ქვეყნის ჩრდილოეთით ან კიევზე, 2023 წლის ზამთარში. ალბათობა იმისა, რომ ბელარუსი ამ შეტევაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, მცირეა, თუმცა პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა ხელს შეუწყობს რუსული საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს დაარღვიოს უკრაინის ნება და დასავლეთის სურვილი უკრაინის მხარდასაჭერად – წერს ISW.

ისპაჰანში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია – ელენე ფერეიდნიდან

დიზაინერი და კალიგრაფი ელენე იოსელიანი ფერეიდნიდანაა. საქართველოში პირველად 15 წლის წინ ჩამოვიდა, როცა გამოფენაზე მოიწვიეს ნამუშევრების ჩამოსატანად. ახლა ისპაჰანში ცხოვრობს და ოცნებობს ოდესმე საქართველოში გადმოვიდეს საცხოვრებლად.

„პირველად ქართული ანბანის ნიმუშების გადმოწერა და დამუშავება მამაჩემის ქართული ენის წიგნებიდან დავიწყე. ეს მისი საჩუქრები, სუვენირები იყო.

ქართული ასოების მოხაზვა რომ დავიწყე სილამაზემ წამიღო, თითქოს ხაზები ჩემ თვალწინ ცეკვავდნენ. ლაპარაკი მანამდეც ვიცოდი, ბებია და ბაბუა საუბრობდნენ ქართულად. მამა ძალიან ადრე დავკარგე, 7 წლის ვიყავი, მაგრამ ჩემ გვერდით დარჩნენ დედა და ფერეიდნელი ქართველები. 50 წლის ვარ, მეუღლე და ერთი შვილი მყავს.

ჯერ კიდევ მანამ, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი პირველად, ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე ჩამოდიოდა ფერეიდანში. მან მოაწყო ჩემი ერთ-ერთი გამოფენა საქართველოში.

ქართულად წერა-კითხვა გვიან ვისწავლე, საიდ მულიანის გაკვეთილებზე“, – ამბობს ელენე.

ელენე ისპაჰანში გრაფიკის, ლოგოს და პლაკატის დიზაინზე მუშაობს. ილუსტრირებული აქვს სპარსულენოვანი საბავშვო წიგნები და ჟურნალები.

თხუთმეტი წლის განმავლობაში ელენემ საქართველოში არაერთი გამოფენა გამართა, რომლის ორგანიზატორიც ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე იყო. გამოფენების მთავარი თემა სხვადასხვა დროს ქართული ანბანის დიზაინი იყო. ელენეს გამოფენა მოეწყო თურქეთშიც, ქართველოლოგიის ცენტრსა და თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტში.

ელენემ შექმნა ქართული ფონტის შვიდი ნიმუში, რომელიც ბეჭდვისას უკვე გამოიყენება. ქართული ასოების დიზაინით პარიზში ტიპოგრაფიის კონკურსშიც მონაწილეობდა.

ელენეს ნამუშევრები ხელმისაწვდომია თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

„ისპაჰანში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია. ისტორიულ სამშობლოზე სიტყვებით ვერ ვსაუბრობ, მხოლოდ გული გრძნობს რა არის საქართველო. ირანში, ფერეიდანში ყველამ იცის ჩემი დიდი ბაბუის, სეიფოლა ხან იოსელიანის შესახებ, საქართველოს სიყვარული მასაც წინაპრებმა შთაუნერგეს, ასე იყო ყოველთვის ფერეიდანში“, – ამბობს ელენე.

ელენე იოსელიანის გამოფენის პოსტერი

ქართველოლოგი ნათია ფუტკარაძე გვიყვება, რომ სეიფოლა ხან იოსელიანი ცნობილი ქართველი იყო ირანში, მდიდარი ოჯახის შვილი, ფერეიდანში მცხოვრები ქართველებისთვის მას ბევრი აქვს გაკეთებული:

„სეიფოლა ხალხის სამსახურში იყო, ყველამ იცის ფერეიდანში, როგორ შეხვდა ის რეზა შაჰს და თავისი იდეები, აზრები გაუზიარა. ირანის შაჰმა დააფასა ამ გონიერი ადამიანის მოსაზრებები და მსახურებს უბრძანა, სეიფოლასთვის მისი წონა ოქრო ებოძათ.

სეიფოლამ უარი თქვა ოქროზე და ირანის შაჰს სანაცვლოდ სხვა რამ სთხოვა. ძალიან გაუკვირდა ამხელა სიმდიდრეზე სეიფოლას უარი შაჰს და მას სურვილის ასრულებას დაჰპირდა. სეიფოლა ხანის სურვილი იყო ფერეიდანში სკოლა დაეარსებინა, ითხოვდა გაეგზავნათ რამდენიმე მასწავლებელი და ექიმი ფერეიდნელების დასახლებაში, ითხოვდა ასევე შემოეღოთ ფერეიდანში დაბადების მოწმობისა და გვარის რეგისტრაცია.

ძალიან გაუკვირდა ირანის შაჰს სეიფოლა ხანის ეს მოკრძალებული, მაგრამ პრინციპული თხოვნა და ყველაფერი შეუსრულა. ფერეიდნელებისთვის სეიფოლა ძალიან მნიშვნელოვანი ქართველია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იქაურების განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის, იდენტობის შენარჩუნებისთვის“, – ამბობს ქართველოლოგი.

სეიფოლა ხან იოსელიანი/ფოტო: ფერეიდნის ბიბლიოთეკის საცავიდან

 

6 კადრი ბათუმის ისტორიიდან | ფოტოამბავი

ეს ბათუმში, სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებია ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფოტომატიანიდან. ფოტოების ელექტრონული ვერსიები საქართველოს პარლამენტის ციფრული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ინახება.

ბათუმი, ნურის ტბა, 1900 წელი.
ბათუმის ნავსადგური, 1943 წელი
ციხისძირი, 1959 წელი
ბათუმი, სანაპირო, გოგებაშვილის ქუჩა
მეთევზეები ბათუმის სანაპიროზე. 1940 წელი.
ბათუმი, 1960 წელი, ამჟამინდელი ვაჟა-ფშაველას ქუჩა

გაშლილი ხელის ჩარტყმა მწარეა თუ მუშტის? უკრაინამ უნდა შექმნას დამრტყმელი დაჯგუფება – ინტერვიუ

„გაშლილი ხელით უფრო მწარედ დაარტყამთ, თუ მუშტით?“ – კითხულობს გადამდგარი გენერალი, როცა მას ვთხოვეთ განემარტა: რამდენად შეიძლება წარმატებას მიაღწიოს უკრაინამ პატარ-პატარა კონტრშეტევებით?

„ომის ერთ-ერთი კანონია მასირება… უკრაინამ უნდა გაიჭირვოს და შექმნას დაჯგუფება, რომელიც იქნება დამრტყმელი დაჯგუფება,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მას ვესაუბრეთ კიევზე შეტევის განახლების რისკზე, რასაც ზალუჟნიც არ გამორიცხავს. გადამდგარი გენერალი ამ ეტაპზე ნაკლებად ელის, რომ რუსეთმა კიევს ისევ შეუტიოს. მისი დაკვირვებით, რუსეთი უფრო  საგაზაფხულოდ ემზადება.

ამასობაში კი, უკრაინელები აშშ-ში გადამზადებული ჯარისკაცების უკან დაბრუნებას ელიან, ასევე ახალ აღჭურვილობას. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ამით უკრაინა გარდატეხას ვერ შეძლებს, მაგრამ ის „დამრტყმელი დაჯგუფებას“ შექმნის.

„მე ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად მარიუპოლი მეჩვენება,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რამდენად ხედავთ რუსეთისგან შეტევის განახლების წინაპირობას ამ ეტაპზე? ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ბოლო ინფორმაციით, „პუტინი, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულამდე განახლებული შეტევის საფუძველს ამზადებს, რათა უკრაინა აიძულოს დათმობაზე წავიდეს…“ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნიც ამბობს, რომ რუსები 200 ათასამდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ და ეჭვი არ ეპარება, რომ კვლავ შეუტევენ კიევს.

თქვენთან ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ რუსებმა მოამზადეს 300-ათასკაციანი რეზერვი, საიდანაც 80 ათასამდე უკვე შესულია ბრძოლაში, სხვები კი, მომზადებას გადიოდნენ. ამას ემატება სავალდებულო-სამხედრო სამსახურის 125-130000 სამხედრო, როცა საშემოდგომა გაწვევა დაიწყო. ალბათ თვენახევარში ისინიც მზად იქნებიან, რომ შეუერთდნენ ამ საომარ მოქმედებებს. ალბათ ახლა უფრო საუბარია 200-ათასიანი დაჯგუფების შექმნაზე, რომელმაც შესაძლოა კონკრეტული მიმართულებით კონკრეტული დარტყმა განახორციელოს. ყველა ვარაუდით, მსგავსი დაჯგუფება ბელარუსიაში უნდა შეიქმნას, რისი ფაქტებიც ჯერ არ ფიგურირებს – არ ჩანს ნიშნები, რომ ეს დაჯგუფება ამ ეტაპზე იქმნება.

არა მგონია, რომ გაზაფხულამდე რუსეთმა რამე მნიშვნელოვანი დაიწყოს. ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე იქნება გარდატეხის ნიშნები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გარდატეხის ნიშნები იქნება უკრაინის მხრიდან.

კიევზე ხელახლა შეტევისთვის კი, რუსეთს სჭირდება დარტყმითი დაჯგუფების ჩამოყალიბება, ამის შექმნა ფარულად ცოტა საეჭვოდ მეჩვენება. ვიცით, რომ ამ პროცესს აკვირდება, როგორც უკრაინის დაზვერვა, ასევე მისი პარტნიორი ქვეყნები.

  • თუმცა ბელარუსში გააქტიურდა რუსეთი წვრთნებით. რა როლი შეიძლება შეიძინოს ამ ეტაპზე ბელარუსმა? ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, „ბელორუს-უკრაინის საზღვრის მახლობლად არსებული რელიეფი მანევრირებადი ომისთვის არ არის ხელსაყრელი“.

ომის კვლევის ინტიტუტის პატივცემულ ექსპერტებს ვერ დავეთანხმები: ჯერ ერთი ლანდშაფტი და არა რელიეფი. რელიეფი ხმელეთის ფორმებია, რაც მაგ მიმართულებაზე სწორედაც რომ ხელს უწყობს მანევრულ მოქმედებებს. აქ პრობლემაა ხშირი ტყის მასივები. ასე ეგონათ მოკავშირეებს, რომ გერმანელები კონტრადარტყმას ვერ განახორციელებდნენ არდენების მიმართულებაზე, ამბობდნენ, რომ ტერიტორია არ შეესაბამება მანევრული ომის წარმოებას, მაგრამ მოახერხეს გერმანელებმა იქ არსებული ტყის მასივების გამოყენება, დაარტყეს კიდეც მოულოდნელად და გარკვეული დროით ქაოსიც გამოიწვიეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ტყიანი რაიონებია, მაგრამ გაუვალი არსად არაფერი არ არის. მსგავს სიტუაციაში კონტრდარტყმა განახორციელეს გერმანელებმა ტანკებით, თოვლში, რაც სრული სიურპრიზი იყო მოკავშირეთა ძალებისთვის. ის, რომ იმ მიმართულებაზე არსებულ ბელორუსია – უკრაინის საზღვრის მონაკვეთზე გაუვალი ტყეებია და რუსები მას არ გამოიყენებენ საომარი მოქმედებებისთვის, არაა მართებული. მანევრსაც გააჩნია, რომელ დონეზეა საუბარი: ტაქტიკურ დონეზე, თუ ოპერატიულ დონეზე. თანაც, არ იქნება მანევრული ფართომასშტაბიანი ოპერაცია, იქნება ცალკეულ მიმართულებებზე სოლისებური შეჭრა და დაცვის დაქსასვა… გეოგრაფია ამ შემთხვევაში ორივე მხარისთვის ნეიტრალურია ოპერატიულ დონეზე, მთავარია როგორ გამოიყენებ მას.

  • აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების დაკვირვებით, რუსეთის მხრიდან შემოჭრის მარშრუტები ბელორუსიდან კიევზე თავდასასხმელად შესაძლოა გავიდეს ჩერნობილის დახურულ ზონაში არსებულ ვიწრო გასასვლელებზე. რამდენად რეალურია თქვენთვის ეს ვერსია?

ყველაფერი შესაძლებელია გამოიყენოს რუსეთმა. გასაგებია, რომ ჩერნობილი ყველაზე ახლო მიმართულებაა, თანაც, ერთხელ უკვე გაიარეს რუსებმა, თუმცა უკრაინელებმაც გააკეთეს შესაბამისი დასკვნები და ზღუდეებიც აღმართეს.

ჩემი აზრით, სადაც არის შესაძლებელი, რომ ფარულად მოხდეს მიახლოება, ყველაზე სუსტი ორგანიზება სადაც ექნება უკრაინას, წესით იქ დაარტყამს. ასევე მნიშვნელოვანია მოულოდნელობის ეფექტის შექმნა.

  • კიევზე დარტყმის მოლოდინი რატომ გაჩნდა, თქვენი დაკვირვებით? ზალუჟნიც არ გამორიცხავს ამას. 

ვერ გეტყვით. შესაძლოა, ასე თქმაც სჯობია იმიტომ, რომ მეტი დახმარება მიიღო დასავლეთიდან, რომ თუნდაც კიევი უფრო მეტად იყოს დაცული. ეს ასეც უნდა იყოს. მე ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა ისევ კიევის მიმართულებაზე განახორციელოს დიდი შეტევა. რა თქმა უნდა, ზალუჟნიმ უკეთ იცის – უკრაინელებს ჰყავთ დაზვერვა, ოპერატიული შტაბი და აქვთ გათვლები, მე ჩემი გადასახედიდან ვამბობ, რომ არ ჩანს ნიშნები, რაც აჩვენებს რუსების მომზადებას კიევზე დარტყმისთვის.

  • ის, რომ რუსები ამ დრომდე ბახმუტში არიან კონცენტრირებული, თუმცა დაახლოებით 100 – 200 მეტრით მიწევენ წინ, ეს რას აჩვენებს?

აჩვენებს იმას, რომ აპირებენ დასახული მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამოიყენონ. ბახმუტი – სოლიდარის მონაკვეთს იცავს საჰაერო მოიერიშე ძალების 71-ე ეგერების ბრიგადა, 24 და 53-ე მექანიზირებული ბრიგადა, ასევე მოხალისეთა დანაყოფები და ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ის კარგად არის დაცული. გასაგებია, რომ  რუსები 100 მეტრით მიიწევენ წინ, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ეს ხდება დაახლოებით 3 – 4 თვის განმავლობაში, რა სიღრმე გამოდის?

ბახმუტის ქალაქის შემოგარენშია უკვე ეს ბრძოლები. შესაბამისად, უკრაინამ უნდა გათვალოს, რამდენად უღირს ბახმუტის დაცვა და იქ დანაკარგების მიღება. გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური დატვირთვის მქონე მიმართულება, საკრალურია უკვე ეს ქალაქი, პუტინსაც უნდა, რომ ბახმუტის აღება გაპიარდეს რუსეთის დიდ გამარჯვებად, მაგრამ პოლიტიკურის გარდა, ოპერატიულ გათვლებსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა…

უკრაინელები ხარჯავენ იქ ძალიან ბევრ ძალას და საშუალებას. ამ დროს სხვაგან ვეღარ უტევენ რუსებს, მობილიზებულები არიან ძირითადად ბახმუტის დაცვაზე. რუსეთის მიზანია ისიც, რომ მაქსიმალურად დაახარჯვინოს უკრაინას შესაძლებლობები. მათ აქვთ ეს პოლიტიკური ამოცანა და ყველა საშუალებით ცდილობენ, რომ მიაღწიონ. მიაღწევენ თუ ვერა, სხვა თემაა. ჯერჯერობით იქითკენ მიდის საქმე, რომ ბახმუტში ამას აღწევენ.

  • გვითხარით საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის შესახებ. თუ ეს აღჭურვილობა გადასცეს უკრაინას, ამან რამდენად შეიძლება შეცვალოს ომის მიმართულება?

ეს არის ანტისარაკეტო სისტემა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემად გამოყენებაც. აქ ძირითადი ამოცანაა იმ სტრატეგიული ობიექტების დაცვა, რასაც რუსეთი ბომბავს. შესაბამისად, ეს არის თავდაცვითი იარაღი და არა შეტევითი. ამით ირიბად იზრდება შეტევითი შესაძლებლობებიც – როცა ზურგში დაცული ხარ, შეტევაც შეგიძლია უფრო თავისუფლად უზრუნველყო, მაგრამ ამით შეტევითი პოტენციალი უკრაინას მნიშვნელოვნად არ ემატება.

  • რა აღჭურვილობასაც დასავლეთიდან აწვდიან უკრაინას, ეს ვერ ქმნის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შესაძლებლობას? 

ჯერჯერობით ასეა, თუმცა გამოჩნდა ნიშნები, მაგალითად, გერმანია იწყებს ქარხნის ამუშავებას, რომელიც ჭურვებს გამოუშვებს უშუალოდ უკრაინისთვის, ასევე იზრდება უკრაინელების სამხედრო მომზადების შესაძლებლობები, ამაში ჩართული არიან აქტიურად ამერიკელი პარტნიორები. გარკვეული ნიშნები არის, მაგრამ ის, რომ მასიურად მიიღოს უკრაინამ შეტევითი შესაძლებლობები, ჯერ ეს არ ჩანს.

  • „რუსეთმა SS-26 „ისკანდერების“ საკუთარი მარაგი მთლიანად ამოწურაო“ – ეს ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაა. წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ ზუსტი დამიზნების იარაღი არა, მაგრამ რუსეთს უხვად აქვს საბჭოთა პერიოდის საჰაერო თავდასხმის საშუალებები. რამდენად ჩაანაცვლებს საბჭოთა „ისკანდერებს“ ირანული დრონები?

დრონი ბალისტიკურ რაკეტას ვერ ჩაანაცვლებს, მისი შესაძლებლობები აბსოლიტურად სხვადასხვაა. რუსეთს რომ ამოეწურა სახმელეთო ბაზირების „ისკანდერის“ რაკეტები, ეს ფაქტია, ამიტომაც, ძირითადად საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტებს იყენებს. რუსებს S-300-ებიც ბლომად აქვთ და მის გადაკეთებას განაგრძობენ „ხმელეთი-ხმელეთის“ რაკეტებად, ასევე „X” კლასის საბჭოთა პერიოდის ფრთოსანი რაკეტებიც აქვთ ბლომად.

გასათვალისწინებელია, რომ საარტილერიო საშუალებებს აქვთ ცვეთა, რაც მოითხოვს გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ჩანაცვლებას. თუმცა რუსეთს აქვს დარჩენილი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან საარტილერიო შესაძლებლობებიც. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ რუსეთს ირანთან აქვს მოლაპარაკებები და საუბარია იმაზე, რომ რუსები SU-35-ებს მისცემენ ირანს შეიარაღების სანაცვლოდ. არ არის გამორიცხული, რომ ამ შეიარაღებაში „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებიც იყოს ირნული წარმოების.

  • პუტინის პრესმდივნის, პესკოვის კომენტარი აჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნები ომში უცვლელია: რუსეთი კვლავ ცდილობს დაამყაროს კონტროლი მთელი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. თქვენი დაკვირვებით, რა არის პესკოვის გზავნილი, როცა ის ამბობს, რომ „ტერიტორიების გასათავისუფლებლად კიდევ ბევრია სამუშაო“?

როგორც ცნობილია, რუსებს ხერსონის დათმობა მოუწიათ და ხერსონის რაიონი არ აქვთ მთლიანად დაკავებული, ზაპოროჟიეც არ არის მთლიანად ოკუპირებული. შესაბამისად, როცა განაცხადა პუტინმა, რომ კონკრეტული რაიონები შეიერთა, ეს გულისხმობს ადმინისტრაციულ რაიონებს და ამ დროს ადმინისტრაციული რაიონებიდან არ არიან გასული. ერთადერთი, ლუგანსკში არიან გასულები ადმინისტრაციულ საზღვარზე, ისიც ნაწილობრივ. ეს იგულისხმებოდა ალბათ პესკოვის განცხადებაში, თორემ რუსეთი რომ აპირებს დაკავებული ტერიტორიების დაცვას, ეს ფაქტია.

  • რა შეიძლება მოჰყვეს სამხედროების ღია კრიტიკის გააქტიურებას რუსეთში? პუტინს საჯაროდ აკრიტიკებენ ე.წ. დნრ-ის ვეტერანები, რადგან რუსეთმა ვერ შეძლო დონბასის „დაცვა“. მაგალითად, დნრ-ის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ სტრელკოვ-გირკინი აკრიტიკებს პუტინის 9 დეკემბრის განცხადებისთვის, რომ „სპეცოპერაცია მიმდინარეობს სტაბილურად“. გირკინის თქმით კი, „მხოლოდ პუტინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევენ ომს წარმატებულად“. 

არ ვიცი, რამდენად გააქტიურდნენ, რადგან გირკინი თავიდანვე აკრიტიკებდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, შოიგუს – განსაკუთრებით. უფრო ადრე რუსი გენერლების წერილიც იყო პუტინის მიმართ ომის შეწყვეტის მოთხოვნით, მაგრამ ფაქტია, რომ ომი მიმდინარეობს.

მობილიზაცია შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით განახორციელეს რუსებმა. კიდევ ერთ მობილიზაციას თუ განახორციელებს მომავალ წელს, უკვე მილიონიანი არმია ეყოლება რუსეთს. მე ვერ ვხედავ ომის საწინააღმდეგო რამე განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ამ ეტაპზე რუსეთში. მით უმეტეს, თუ წარმატებას მიაღწევს რუსეთი სოლედარის, ან ბახმუტის მიმართულებით, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს რუსების სულისკვეთებას, რომ ომი გააგრძელონ.

  • რუსეთის ძალები აგრძელებენ ფრონტის ხაზის გასწვრივ ვრცელი თავდაცვითი პოზიციების მშენებლობას, რისთვისაც მნიშვნელოვან ძალისხმევას იღებენ. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის შეფასებით, „რუსული კონსტრუქციები მიჰყვება გამაგრების ტრადიციულ სამხედრო გეგმებს, რომლებიც ძირითადად უცვლელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი კონსტრუქციები, სავარაუდოდ, დაუცველი იქნება თანამედროვე, ზუსტი დარტყმების მიმართ“. თქვენი დაკვირვებით, რატომ არჩია რუსეთმა ისევ ძველი მეთოდით თავდაცვა?

ერთხელ აღვნიშნე თქვენთან, რომ რუსეთმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა ეომა ამერიკულად.

არის ის მოცემულობაც, რომ ფორთიფიკაცია როცა ეწყობა ბეტონით, სრული პროფილით, მას აქვს გარკვეულწილად ამაღლებული მდგრადობა, ესეც ერთ- ერთი საშუალებაა დაცვისთვის და თანაც, მხარეთა შეხების მთელ სიგრძეზე კეთდება ეს ფორთიფიკაცია: ტანკსაწინაარმდეგო თხრილები, ბოძკიტები,
ბუნკერები, დზოტები, დოტები, ტრანშეები, ტანკების ბეტონირებული საცეცხლე წერტილები. ადვილი გადასალახი ეს არ ქნება.

  • რამ შეიძლება შეცვალოს პოზიციური დაპირისპირების დინამიკა, რაც ახლა არის ფრონტის ხაზზე?  

ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ბახმუტი-სოლედარის მიმართულება, სადაც ომობენ „ვაგნერის“ დანაყოფები. ეს დანაყოფი ყველაზე ბრძოლისუნარიანია, ამ მებრძოლებს 3 ათასი დოლარი ხელფასი აქვთ, ეს დღევანდელ რუსეთში მნიშვნელოვანი თანხაა. თანაც, როცა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს მებრძოლი, ის 5 ათას დოლარს იღებს.

არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ 23000-ზე მეტი მსჯავრდებულია გამოშვებული ციხიდან და ბევრ მათგანს დასაკარგი ბევრი არაფერი აქვს.

  • ის უკრაინელი მებრძოლები როდის დაუბრუნდებიან უკრაინას, რომლებსაც აშშ-ში ამზადებენ? 

ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამერიკელები ამზადებენ დაახლოებით 2500 კაცს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთი ბრიგადა. ერთი ბრიგადა ოპერატიულ დონეზე ძირეულ ცვლილებას ვერ შეიტანს. ჯარების მცირე-მცირე შეყვანით, იგივე ბახმუტის მიმართულებაზე, არა მგონია, უკრაინამ შეძლოს გარდატეხის შეტანა. უკრაინამ შესანიშნავად იცის საკუთარი და მოწინააღმდეგის შესაძლებლობები.

ჩემი აზრით, უკრაინამ უნდა გაიჭირვოს და შექმნას სრულყოფილი დაჯგუფება, რომელიც იქნება დამრტყმელი დაჯგუფება. ეს უნდა გამოიყენოს უკრაინამ მძლავრი დარტყმისთვის კონკრეტულ მიმართულებაზე. ჩემი აზრით, ეს მიმართულება უნდა იყოს მარიუპოლი – აზოვის ზღვის  მიმართულება.

  • რატომ მარიუპოლი? 

იმიტომ, რომ აქ ყველაზე ვიწროა რუსების თავდაცვის სიღრმე და სიმკვრივე. ასევე აზოვის ზღვის ფაქტორი მომარაგებას გაურთულებს რუსეთს, მათ მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეუძლიათ უწყვეტად მოამარაგონ… ეს მე ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად მეჩვენება, მაგრამ ამას ალბათ რუსებიც ხვდებიან. ამიტომ შესაძლოა, სხვა მიმართულებაც გამოიყენოს უკრაინამ, მაგალითად, ხარკოვის მიმართულება.

პატარ-პატარა კონტრშეტევების გზით რამდენად შესაძლებელია უკრაინის წარმატება? თქვენ ძირითადად საუბრობთ ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე.

ომის ერთ-ერთი კანონია ძალისხმევის კონცენტრირება. წარმოიდგინეთ, გაშლილი ხელით უფრო მტკივნეულად დაარტყამთ, თუ მუშტით? შესაბამისად, უნდა იყოს ვიწრო ფრონტზე დიდი მასით აქცენტირებული დარტყმა, რათა გაიხლიჩოს რუსების დაცვის სისტემა, დაცალკევდეს და ნაწილ-ნაწილ განადგურდეს. შეიძლება წარმატების მიაღწევა უკრაინის მიერ მთელ ფრონტზე ცალ-ცალკე მოქმედებებითაც, მაგრამ ეს მოითხოვს მეტ დროს, თანაც წარმატება უფრო ბუნდოვანია. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც იქნება უფრო ეფექტური.

შეიძლება გალიფ ოზთურქის ბინაში ვინმე აივნიდანაც შესულიყო? – რეპორტაჟი სასამართლოდან

„ეს საგამოძიებო მოქმედება დაიგეგმა წინასწარ“,- თქვა დღევანდელ პროცესზე გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ. მან დღეს, 16 დეკემბერს „მილიონერ ოზთურქის საქმეზე“ სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა.

„რა დაიგეგმა ოზთურქის პირად ჩხრეკაზე კონკრეტულად?“- ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. მან რამდენიმე სხვა მოწმესთან სცადა იმის დადგენა, თუ რატომ არ გადაუღეს ვიდეო ბრალდებულ ოზთურქს პირადი ჩხრეკის დროს, როცა მისი აპარტამენტის ჩხრეკის პროცესი საგამოძიებო უწყებამ სრულად გადაიღო.

„პირად ჩხრეკას მე არ დავსწრებივარ“, – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

მოწმეებმა და, მათ შორის, გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ დაადასტურა, რომ იქვე სპეცდანიშნულების თანამშრომლებიც იყვნენ.

„ისინი ჩხრეკაში არ იღებდნენ მონაწილეობას… იყვნენ იმიტომ, რომ ზედმეტ ექსცესებს არ ჰქონოდა ადგილი“, – დასძინა გამომძიებელმა.

„ხელთათმანები გეკეთათ, ან ნიღაბი?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა გამომძიებელს, რასაც მან მოკლედ უპასუხა: „არა“.

„ეს წვრილმანი იყო და არ დაგიგეგმიათ ხომ?“ – გაღიმება სცადა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

ადვოკატმა წინა პროცესებზე აქცენტი გააკეთა გამოძიების ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს, რომ გამომძიებლებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ამოღების დროს შესაბამისად აღჭურვილი არ იყვნენ, გენეტიკური ექსპერტიზით კი, კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის გენეტიკური პროფილი დადასტურდა.

ადვოკატი ირიბ მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ შესაძლოა, ვინმე ოზთურქის ბინაში აივნიდანაც შესულიყო. ამ შესასვლელს დაცვა არ აკონტროლებდა. გალიფ ოზთურქი მე-18 და მე-19 სართულზე ცხოვრობდა, ორსართულიან ბინაში.

„მე-19 სართულზეც იყვნენ ეს ნიღბიანი პირები?“ – დაინტერესდა მოსამართლე ლევან ყოლბაია.

„არა, იქ არ იყვნენ“, – უპასუხა მოსამართლეს გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ.

„რატომ დარჩა საჭირო ეს სპეცოპერაცია? თქვენ ხომ აღნიშნეთ, რომ დაიგეგმა ეს ოპერაცია?“ – გამომძიებელს მიუბრუნდა ადვოკატი ენვერ ბარდაქი.

„არ ვიცი, მანამდე რა ეტაპზე იყო გამოძიება“, – მოწმემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ის ამ საქმის მთავარი გამომძიებელი არ იყო.

„გქონდათ ინფორმაცია, მაგალითად, რომ ნადგურდებოდა, ან განადგურდა რამე ფინანსური დოკუმენტაცია?“ – აღარ მოეშვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს ადვოკატი ენვერ ბარდაქი.

„არა, არ გვქონდა“, – თქვა მოწმემ, თუმცა პაუზით საგრძნობი გახდა ეჭვი: თუ დოკუმენტაციის განადგურების საფრთხე არ არსებობს და ამაზე ინფორმაცია გამოძიებას არ ჰქონდა, მაშინ რატომ ატარებ სპეცოპერაციას?

„ჩხრეკა ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებაა“, – დასძინა გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ.

„აივანზე ხომ არ შეგიმჩნევიათ ვინმე?“ – ეს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა ჰკითხა კიდევ ერთ გამომძიებელს, მირიან გოგიტიძეს.

„არა“, – დაფიქრდა და ისე უპასუხა ადვოკატს გამომძიებელმა. ისიც ფინანსური დოკუმენტების ამოსაღებად შესულა ოზთურქის აპარტამენტში. მისი თქმით, ჩხრეკის დროს ჩხრეკის პროცესში „ფხვიერი მასა“ შეხვდათ – ერთი ოთახში მდგარ ტუმბოში, მეორე – აბაზანაში.

„ჩვენ იქ შევედით ფინანსური დოკუმენტაციის და კომპიუტერული ტექნიკის ამოსაღებად“, – თქვა გამომძიებელმა, მირიან გოგიტიძემ.

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.

ახალ წლამდე პროკურატურა ბრალდების მხარის მოწმეების სასამართლოში წარმოდგენას დაასრულებს. შემდეგ დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ოზთურქს განაჩენი მომავალი წლის თებერვლის დასრულებამდე უნდა გამოუტანოს.

—————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

ზალუჟნი: უკრაინას 76 რაკეტა ესროლეს შავი და კასპიის ზღვიდან, ჩამოვაგდეთ – 60

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ცნობით, დღეს, პარასკევს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 76 რაკეტა გაუშვა, მათ შორის 72 იყო ფრთოსანი რაკეტა (X-101, „კალიბრ“, X-22). გენერლის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო საზენიტო ჯარებმა და სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ძალებმა 60 რაკეტა ჩამოაგდეს.

ზალუჟნის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტებს მიწიდან, ციდან, ზღვიდან ისროდნენ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისკენ.

ზალუჟნის შეფასებით, სარაკეტო ტერორის მიზანია კიევის საჰაერო თავდაცვის გარღვევა და უკრაინელების იძულება – დაყარონ იარაღი.

„ტრადიციულად, ისვრიან Ту-95 თვითმფრინავებიდან Kh-555 და Kh-101ტიპის რაკეტებს. შავი ზღვიდან „კალიბრებს“ ისვრიან, S-300 ტიპის რაკეტებს. იყენებენ ასევე Ту 22 М3 ბომბდამშენებს, რითაც Х-22 ტიპის რაკეტებს უშვებენ.

Су-35 ტიპის თვითმფრინავებიც გამოიყენეს Х-59 ტიპის რაკეტების სასროლად“, – ამბობს საჰაერო ძალების წარმომადგენელი იური იგნატი.

იური იგნატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა ენგელსის აეროდრომის სტრატეგიული ბომბდამშენები. მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმები დაფიქსირდა ასევე  კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან.

ინფორმაციას უკრაინული მედია და გამოცემა BBC-იც ავრცელებს, თუმცა ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ ომის დროს სააგენტო ვერ ახერხებს მეომარი მხარეების ბრალდებების სასწრაფოდ გადამოწმებას.

„პირველად დავაფიქსირეთ ბავშვების საწამებელი კამერები“ – უკრაინის ომბუდსმენი ხერსონზე

უკრაინის ომბუდსმენის დმიტრო ლუბინეცის თქმით, ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, ქალაქ ხერსონში აღმოაჩინეს საგანგებოდ არასრულწლოვანების წამებისთვის მოწყობილი კამერები. ზოგადად, მშვიდობიანი მოსახლეობის საწამებლად ოკუპანტებს ამ ქალაქში არაერთი კამერა ჰქონდათ მოწყობილი.

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, გაირკვა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილ საწამებელ კამერებში ბავშვები საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოვაჩინეთ ბავშვების საწამებელი კამერებ. ბუჩას და ირპენის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ეს იყო ფსკერი. ბალაკლიაში ვნახე წამების 2 კამერა, სადაც ერთი ბიჭი 90 დღე ჰყავდათ, შემდეგ კი დასახვრეტად გაიყვანეს. ხერსონში იყო 10 წამების საკანი, მათგან ერთ-ერთში – გამოყოფილ კამერაში ბავშვებს ამწყვდევდნენ“, – დასძინა ომბუდსმენმა.

ომბუდსმენმა დასძინა, რომ ბავშვებს მხოლოდ ყოველ მეორე დღეს აძლევდნენ წყალს, არ კვებავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ისინი მშობლებმა მიატოვეს.

„დააკავეს ბიჭი, რომელმაც ტელეფონით რუსული ტექნიკა გადაიღო, ის გამოკეტეს საკანში და აწამეს“, – დასძინა ლუბინეცმა.

ცნობილია, რომ საწამებელი კამერები უკრაინის სხვადასხვა დეოკუპირებულ ქალაქებშია აღმოჩენილი. ისინი აღმოაჩინეს ხერსონის რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზეც.

ლუბინეცმა აქამდეც აღნიშნავდა, რომ წარმოუდგენელია ხერსონის მაცხოვრებლებზე ძალადობის მასშტაბი. რუსი ჯარისკაცები ადგილობრივი მოსახლეობას აწამებდნენ ელექტრო შოკით. იყო ძვლების დამტვრევის შემთხვევები… ქალაქში იპოვეს ზურგზე ხელებშეკრული კაცის ცხედარი, რომელსაც თავში ჰქონდა ნასროლი.

ლუბინეცის თქმით, კამერები წამებისთვის მოწყობილი ჰქონდათ ხერსონის მარჯვენა სანაპიროს მთელ ტერიტორიაზე, სადაც უკრაინელებმა აღმოაჩინეს სექსუალური ძალადობის, დამცირებისა და ცემის კვალი.

ოქტომბრის მონაცემებით, გამოძიება უკვე დაიწყო 43 სისხლის სამართლის საქმეზე, ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალურ დანაშაულებებთან დაკავშირებით.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა ომის შესახებ მოხსენებაში რუსეთი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ამხილა.

საზღვარზე 111 მილიონი რუბლი, 45 000 ევრო და 134 000 აშშ დოლარი უკანონოდ შემოჰქონდათ

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ნოემბრის თვეში, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ყაზბეგი“, „ბათუმის აეროპორტი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დიდი ოდენობით თანხა გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი არადეკლარირებულმა თანხამ, ჯამში შეადგინა 134 000 აშშ დოლარი, 45 000 ევრო და 111 328 000 რუსული რუბლი.

უწყების ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 48 203 439 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში 4 820 343, 906 ლარით დაჯარიმდნენ.

თანხის თითქმის ნახევარი ისევ ბათუმის ქუჩებზე დაიხარჯება – 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი 285 მილიონ 950 000 ლარია. მომავალი წლის პრიორიტეტებში ისევ ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასვე განათლება ჩაწერეს. ბიუჯეტი ბათუმის საკრებულომ დღეს, 16 დეკემბერს დაამტკიცა. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია არ დაესწრო.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ „გახარია საქართველოდან“ და „ლელოდან“ ვაჟა დარჩიამ განაცხადეს, რომ ოპოზიციის შენიშვნები მერიამ არ გაითვალისწინა. ვაჟა დარჩიამ ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა მიმწოდებლები [ტენდერში გამარჯვებული კომპანიები] მომავალ წელსაც არაკეთილსინდისიერები აღმოჩნდნენ და ბიუჯეტი ისევ ვერ შესრულდეს.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიხედვით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მომავალ წელს, 121 მილიონ 366 500 ლარი დაიხარჯება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 25 მილიონ 462 ათას 300 ლარით დააფინანსეს, განათლება – 36 მილიონ 329 200 ლარით, ხოლო კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა – 18 მილიონ 594 ათას 900 ლარით დაფინანსდება.

მომავალ წელს მერია კიდევ 13 ქუჩის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს, ეს ქუჩებია: გრიგოლ ფერაძის, ივანე მესხის ქ. #14-16-18-ის მიმდებარედ, გიორგი ლეონიძის, ხახულის მე-2 შესახვევის #10-დან, იმედაშვილის, შავშეთის, ბაგრატიონის, შინდისის, მამია ვარშანიძის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ხახულის, ხახულისა და ოშკის ქუჩების დამაკავშირებელი გზა, ბაღის ქუჩის პირველი ჩიხი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ბათუმში 6 ახალი ბაღი უნდა აშენდეს, მათ შორის არის ის სამი ბაღი, რომელიც წელს უნდა აშენებულიყო, მაგრამ არ აშენებულა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 17 საბავშვო ბაღს. მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტების დანერგვაა დაგეგმილი.

ავარიული სახლების პროგრამისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 22 მილიონ 500 ათასი ლარი გაითვალისწინეს – მერია ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში 10 საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს.

სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა დაგეგმილია ჩაქვის დასახლებაში, დავით აღმაშენებლის ქ. #32, #30, #34-ში, გიორგი ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების გადაკვეთაზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე, მეფე მირიანის ქ. #13-15 -ში, კაკაბაძისა და ანწუხელიძის ქუჩების კვეთაში.

ჩაქვში მერია სარეკრეაციო სივრცის მოწყობას 2022 წელსაც გეგმავდა, თუმცა პროექტი ჩავარდა, ბათუმის მერიამ ტენდერის მსვლელობის პროცესში აღმოაჩინა, რომ პროექტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რაც არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მერია მომავალი წელს სკვერის მოწყობას გეგმავს ასევე გუდიაშვილის ქუჩაზე – „დინამო“ ბათუმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

სარეაბილიტაციო სკვერების ჩამონათვალშია ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერი, აკაკი წერეთლის სახელობის სკვერი და ევროპის მოედანი.

სატრანსპორტო სერვისის განვითარებისთვის 30 მილიონ 139 500 ლარი გაითვალისწინეს, დაგეგმილია 60 ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა.

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 5 მილიონი ლარით გაიზარდა. მერიის ინფორმაციით, პროგრამებით 55 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა გაიზარდა 427 ათას 600 ლარით და 1 639 500 ლარი შეადგინა. ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია – 2 636 700 ლარით დააფინანსეს. ბათუმში მცხოვრებ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება 151 200 ლარია. ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება – 201 600 ლარი. შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო რეაბილიტაცია – ბიუჯეტი გაიზარდა 116 800 ლარით და შეადგინა 716 800 ლარი. მერიის ინფორმაციით, ამ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 200-ით გაიზარდა. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისთვის 1 მილიონ 76 000 ლარი გაითვალისწინეს.

ბათუმის სამედიცინო სასწრაფო დახმარების მომსახურების განვითარებისთვის ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო.

კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირების ბიუჯეტი 832 300 ლარია. მოწყვლადი სოციალური კატეგორიების დახმარებისთვის კი მომავალ წელს ბიუჯეტში 3 მილიონ 886 ათას 200 ლარი იქნება.

მერიის ინფომაციით, მუნიციპალური სასადილოების დაფინანსება ბენეფიციარების რაოდენობის ზრდის შესაბამისად 610 900 ლარით გაიზარდა და შეადგენს 7 მილიონ 137 600 ლარს.

დროებითი ღამის თავშესაფრისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 756 500 ლარი გაითვალისწინეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება 176 300 ლარით დაფინანსდება.

___

ამავე თემაზე:

ბაგრატიონი – ქუჩა ბათუმში, რომელსაც სულ აკეთებენ | ბოლო 8 წლის ქრონოლოგია

რა სამარშრუტო ხაზებზე იმოძრავებს ახალი ავტობუსები ბათუმში

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის” ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

შესაბამისად, ძველი ავტობუსებს ახლებით შემდეგ შვიდ სამარშრუტო ხაზზე ჩაანაცვლებენ:

  • #2 [ადლიის ქ. – ახალშენის ცენტრი]
  • #2ა [ახალშენის ცენტრი-ადლიის ქ]
  • #4 [აღმაშენებლის ქ – სვიშევსკის ქ]
  • #8 [აღმაშენებლის ქ – მახინჯაური]
  • #9 [ქათამაძის ქ – ივანე მესხის ქ]
  • #11 [აღმაშენებლის ქ. – ფერიის ქ.]
  • #12ა [მაიაკოვსკის ქ. – მახოს ხიდი]

როცა 65 ახალ ავტობუსს მიიღებენ და „ძველ“ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ, პარალელურად დაიწყება როგორც ძველი ავტობუსების ტექნიკური ექსპერტიზა, ასევე სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაციაზე მუშაობა.

რაც შეეხება ყვითელი ავტობუსების სალონებს, მათ დიდ ნაწილში დაზიანებულია სკამები, არ მუშაობს ფანჯრები, პრობლემურია განათება. ამ ავტობუსებს კიდევ სხვა არაერთი პრობლემა აქვს.

11 ნომერი ავტობუსი

ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი-თი გრუპი“, ქალაქის მერიას თურქული წარმოების, „ისუზუს“ ბრენდის 9,5 მეტრი სიგრძის ავტობუსებს სთავაზობს. ბათუმის მერია ერთი ავტობუსში 536 600 ლარს იხდის.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკში ამ დროისთვის 154 ავტობუსია.

ხულოში, სოფელ იაკობაძეებში სახლი დაიწვა

ხულოში, დიოკნისის თემის სოფელ იაკობაძეებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძარი წუხელ, 15 დეკემბერს გაუჩნდა სახლს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან. აღნიშნული ოჯახი მეორედ გახდა ხანძრის მსხვერპლი, მათ სახლი 2014 წელსაც დაეწვათ.

„ბათუმელები“ ესაუბრა ხულოს მერის წარმომადგენელს დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გურამ კახაძეს. მისი თქმით, ამჟამად აგვარებენ ადმინისტრაციულ საკითხებს ოჯახის დროებით გადასაყვანად და ასევე, ოჯახს დაეხმარება მთავრობა.

აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე სარეზერვო ფონდიდან გასცემს თანხას.  2021 წლამდე საცხოვრებელი სახლის მთლიანად დაწვის შემთხვევაში დაზარალებული სახელმწიფოსგან კომპენსაციას 15 ათას ლარს იღებდა, 2022 წლიდან თანხა გაიზარდა და 20 ათასი ლარი გახდა.

ამავე თემაზე:

30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი

ავტომანქანის განმეორებითი ინსპექტირება თებერვლიდან ფასიანი იქნება – ნახეთ ფასები

სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება 2023 წლის პირველი თებერვლიდან ფასიანი იქნება.

დადგენილი წესის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ხარვეზ[ებ]ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში კი, უნდა ჩატარდეს ხელახალი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

დღეს მოქმედი რეგულაციით, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა წინარე ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან [2023 წლის პირველ თებერვლამდე].

სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებისას ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული იმ პოზიციების შემოწმება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს.

საქართველოს მთავრობამ სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირების საფასურებიც დაამტკიცა – სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით.

ამასთან, M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან მხოლოდ ელექტროძრავით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განსხვავებულია და 2023 წლის პირველი თებერვლიდან განისაზღვრება 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 15 ლარით.

სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების [მათ შორის, განმეორებითი ინსპექტირების] პერიოდულობა და საფასურები მათი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით [ამოქმედდება 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან]:

ამავე თემაზე:

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

Exit mobile version