მთავარი,სიახლეები

30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი

11.10.2022 •
30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი

30 წუთი – დაახლოებით ამ დროში იწვის და ფერფლად იქცევა აჭარაში ხის სახლები. ხულოდან რომელიმე მაღალმთიან სოფელში სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლას კი საშუალოდ 38-42 წუთი სჭირდება.

30 წუთში, სანამ სახანძრო გზაშია, ადამიანები კარგავენ ყველაფერს.

„იმ მომენტში, როცა სახლში შევვარდი, მარტო ერთ რამეზე ვფიქრობდი – შვილი გადამერჩინა. მარტო შვილზე ვფიქრობდი, შიშის გრძნობა არ მქონია. ბავშვი ოთახში იყო, ცეცხლი ყველაფერს იყო მოდებული და კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ჩემი პატარა ჩავიხუტე და გამოვიქეცი. ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლისას მე ხელები დამეწვა, ბავშვს – ფეხები.

მერე ცუდად გავხდი, სასწრაფოთი წაგვიყვანეს ხულოს საავადმყოფოში. სახლი დაიწვა, მაგრამ ჩემი შვილი გადავარჩინე,“ – გვიყვება ზეინაბ შავაძე.

ამ ზაფხულს ზეინაბს სახლი და მასთან ერთად ყველაფერი დაეწვა, რაც გააჩნდა. შვილი კი მხოლოდ საკუთარი სიმამაცის წყალობით გადაარჩინა.

როცა ხულოდან სოფელ ბოძაურში სახანძრო-სამაშველო მანქანა ავიდა, ზეინაბის სახლიდან აღარაფერი იყო დარჩენილი.

ხულოდან ბოძაურამდე 15 კილომეტრია, საავტომობილო გზა კი გაფუჭებულია.

„ერთი განსაკუთრებული თხოვნა მაქვს და გთხოვ, ეს ნაწილი აუცილებლად მოახვედრე სტატიაში. მე მინდა ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვო – თემში ერთი სახანძრო მანქანა მაინც იყოს, რომ უცებ რამე თუ მოხდა, დროულად მოვიდეს მანქანა,“ – გვითხრა ზეინაბმა.

ზეინაბ შავაძე მისი მშენებარე სახლის წინ, სოფელი ბოძაური

„ის ჩემი გმირი დედაა“, – გვეუბნება ზეინაბის მეუღლე, გურამ შავაძე და იმ დღეს იხსენებს, ცოლმა რომ დაურეკა მთაში მყოფს და უთხრა – „გურამ, ჩვენი სახლის კედელს ცეცხლი უკიდია“.

„მეზობლის პიკაპით წამოვედი. 38 წუთში აქ ვიყავი. აღმართი რომ ამოვიარეთ და ჭიშკართან მოვედით, სახლისგან არაფერი აღარ იყო დარჩენილი.

დიდი სახლი მქონდა. ყველაფერი მის ადგილას იყო, როგორც იტყვიან. 30 წუთში ჩაიფერფლა, ვერაფერი, აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ.

რამდენიმე დღე დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ძალიან, ძალიან რთული იყო იმასთან შეგუება, რომ ყველაფერი დავკარგეთ. დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი ბებია-ბაბუის კვალი იყო იმ სახლში. უცებ ყველაფერი ფერფლად იქცა.

სურათები, ნივთები, არაფერი აღარ დაგვრჩა. წუხელ ჩემმა შვილმა მითხრა – რატომ დარდობთ, ფეისბუქში ხომ დაგვრჩა ფოტოებიო. მე და ჩემს ცოლს გაგვეცინა. მერე დავსხედით და დათვალიერება დავიწყეთ. ჩემმა მეუღლემ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა,“ – გვიყვება გურამ შავაძე.

შავაძეები დამწვარი სახლისა და სათავსოების ადგილას ახალ სახლს აშენებენ

სამსართულიანი სახლი, საქონლის სადგომი და სხვა დამხმარე ნაგებობები, ყველაფერი, რაც შავაძეების ეზოში იდგა, ცეცხლმა შთანთქა. ერთადერთი, რისი გადარჩენაც გურამის მეზობლებმა მისთვის შეძლეს, მამის დანატოვარი სამჭედლოა, რომელიც სახლიდან ცოტა მოშორებით იდგა.

„ადამიანები სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში როცა გადადიან, ფიქრობენ, რომ ცხოვრებას ნულიდან იწყებენ. მე ვფიქრობ, რეალურად ცხოვრებას ნულიდან მაშინ იწყებ, როდესაც სახლი გეწვება და მასთან ერთად ყველაფერი, რაც შენთვის ძვირფასი და ფასეული იყო.

უცხო ქვეყანაში რომ მიდიხარ, აქ რაღაცა მაინც გრჩება, რაც შენია, შენ გეკუთვნის. როცა სახლი გეწვება, ეს საკუთრება ქრება. იფერფლება,“- გვეუბნება გურამი.

გურამ შავაძე მამისეულ სამჭედლოსთან

გურამი ხელოსანია, ხელოსნები იყვნენ მისი მამაც და ბაბუაც. სახლთან ერთად დაიწვა ძვირადღირებული სამუშაო დაზგებიც, რომლებიც სახლის პირველ სართულზე მოწყობილ სახელოსნოში ჰქონდა. სამჭედლო და იქ შენახული ძველი სამუშაო იარაღები არის ერთადერთი, რაც ცეცხლს გადაურჩა.

გურამი ხანძარს წელს მეორედ შეეჩეხა. სანამ საკუთარი სახლი დაეწვებოდა, გურამმა ნახა როგორ დაეწვა მის მეზობელს საცხოვრებელი. გურამის სახლი შემაღლებულ ადგილასაა, მისი მეზობლის, მარადი გობაძის კი – დაბლობში.

„რომ დავინახე მეზობლის სახლი იწვოდა, გზას რას დავეძებდი, ასე მინდორ-მინდორ დავეშვი. როცა მივედი, სხვა მეზობლებიც იყვნენ უკვე მისული და ცეცხლს აქრობდნენ. ერთი ადამიანი გადავარჩინეთ, მაგრამ მეორეს გადარჩენა ვერ შევძელით, ისე იყო ცეცხლი ყველაფერს მოდებული. ძალიან, ძალიან საყვარელი ბებო იყო, საშინლად დამწყდა გული,“ – გვიყვება გურამი და მისი მეზობლის სახლს გვაჩვენებს.

მარადი გობაძემ სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა, 2022 წელს ბოძაურში 3 სახლი დაიწვა

გობაძეებს დამწვარი სახლის ადგილას უკვე ახალი აქვთ აშენებული. ახალ სახლს აშენებენ გურამი და ზეინაბიც. კედლები უკვე ამოყვანილი აქვთ, ოთახებიც განაწილებული.

„აქ ჩვენი საძინებელი იქნება, აქ – ბავშვების. ეს მისაღები იქნება, აქ კი სამზარეულოს გავაკეთებთ,“ – ზეინაბი მის მშენებარე სახლში ახალამოყვანილ კედლებს გვაჩვენებს და გვიხსნის, სად რა იქნება, როცა სახლი დასრულდება.

„ეზოში, ონკანთან დიდი ბლის ხე გვქონდა. ცეცხლმა ყველაფერი გაანადგურა. ახლა აი, ეს ნამწვავია დარჩენილი,“ – ამბობს დანანებით ზეინაბი და ხელით იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში ბლის ხე ხარობდა.

ბლის ხისგან, რომელიც შავაძეების სახლის ეზოში იდგა, ახლა მხოლოდ ნამწვავებია დარჩენილი

მაისში დაეწვათ საცხოვრებელი სახლი ცისნამი იაკობაძესა და ბაგრატ შანთაძეს. მათ ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და სოფელ ბოძაურში ცხოვრობენ.

2022 წელი სოფელ ბოძაურისათვის რთული აღმოჩნდა. წელს სოფელში 3 სახლი დაიწვა. სამივე ბოლომდე განადგურდა და მეპატრონეებმა პირადი ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ღამის სამი საათი იყო, გამეღვიძა. სახლს ცეცხლი ეკიდა. სასწრაფოდ გავაღვიძე ცოლ-შვილი. საღამურებით გამოვცვივდით, რაც გვეცვა, ის დაგვრჩა მხოლოდ სახლიდან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაშენებდით,“- გვიყვება ბაგრატ შანთაძე მაისის ტრაგიკული ღამის შესახებ და ამბობს, რომ მეორედ უწევს ცხოვრების ნულიდან დაწყება.

ცისნამი იაკობაძე და ბაგრატ შანთაძე თავიანთ მშენებარე სახლში

ბაგრატს ორი ძმა ჰყავს. როდესაც ძმები გაიყვნენ, ბაგრატმა და მისმა მეუღლემ საკუთარი საცხოვრებლის მოწყობა დაიწყეს. ბაგრატის თქმით, ყველაფერი, რასაც ის და მისი მეუღლე აშენებდნენ, 25 წუთში დაიწვა.

„39 წუთი დასჭირდა სახანძროს აქ ამოსვლას. დაახლოებით 25 წუთში სახლი აღარ იყო, ჩავარდა. მეზობლები რომ არ მყოლოდა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დამხმარე ნაგებობებსაც ვერ გადავარჩენდი,“ – გვიყვება ბაგრატის მეუღლე ცისნამი.

„ახალი ჩამოსული ვიყავი თურქეთიდან. 22 დღე ვიმუშავე. რაც იქ ავიღე, ის ფულიც სახლთან ერთად ცეცხლში დაიწვა,“ – ცოლის მონაყოლს აგრძელებს ბაგრატი.

ბაგრატსა და ცისნამის 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ – სამი გოგო და ერთი ბიჭი.

„პატარა განსაკუთრებით ტანსაცმლის დაწვას განიცდიდა. პერიოდულად ახსენდებოდა ნივთები, რომლებიც დაეწვა. მოირბენდა და მეტყოდა – დედი, ეს დაგვეწვა, დედი ის დაგვეწვა.

დღემდე ვცდილობ არ ვიფიქრო და არ გავიხსენო ის ყველაფერი, რაც დავკარგე,“ – ამბობს ცისნამი.

ხანძრისგან დაზარალებულებმა სახელმწიფოსაგან კომპენსაცია მიიღეს. თანხა და დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს, სახლის აშენებას ძლივს ჰყოფნის. პირადი ნივთები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი – ეს მეზობლებისა და ახლობლების დახმარებით შეუგროვდა დაზარალებულებს.

ბოძაურში სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ სახანძრო სამსახურის იმედზე ყოფნა აღარ ღირს და აპირებენ მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავი საკუთარი ძალებით დაიცვან.

მოსახლეობა გეგმავს თავად მოაწყოს სახანძრო სისტემა სოფელში. თუ ხანძარი ისევ გაჩნდება, სახანძრო სამსახურის მოსვლამდე პირველადი რეაგირება რომ მოახერხონ.

„16 ათასი ლარია სოფლისთვის გამოყოფილი. ერთიანი კრება გვქონდა და სოფელმა გადავწყვიტეთ, ვიყიდოთ სახანძრო რეზინის მილები. სასმელი წყლის 5 აუზია ჩვენი სოფლის თავზე, ვიყიდით რეზინის მილებს და თუ ხანძარი გაჩნდა, გავშლით უცებ და დავეხმარებით მეზობელს,“ – ამბობს გურამ შავაძე.

  • რას აკეთებს სახელმწიფო, სანამ მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს ხანძართან ბრძოლას

როცა აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე რომელიმე სოფლის სახლში ხანძარი ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ მისი მფლობელი კარგავს ყველაფერს. რთული რელიეფისა და შორი მანძილის გამო სახანძროს ყოველთვის აგვიანდება. სახლიდან რაიმეს გადარჩენა ძირითადად მეზობლების მოხერხებაზეა დამოკიდებული.

სახელმწიფო უკან მიდევნებული ლამპრის როლშია. დაგვიანებით მისული სახანძრო სამსახური უკვე დამწვარ სახლში ხანძრის კერას საბოლოოდ აქრობს, ხოლო სახელმწიფო დაზარალებულს კომპენსაციას გამოუყოფს.

2019 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრამდე აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე 1 813 713 ლარი გამოყო. აქედან ყველაზე მეტი, 459 042 ლარი ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 35 ოჯახზე გაიცა. აჭარის 5 მუნიციპალიტეტს შორის ყველაზე მეტი სახლი სწორედ ხულოში დაიწვა.

2021 წლამდე საცხოვრებელი სახლის მთლიანად დაწვის შემთხვევაში დაზარალებული სახელმწიფოსგან კომპენსაციას 15 ათას ლარს იღებდა. 2022 წლიდან თანხა გაიზარდა და 20 ათასი ლარი გახდა.

გარდა ფულადი კომპენსაციისა, მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება, დაეხმარონ ხანძრისგან დაზარალებულებს. მუნიციპალიტეტის მერია უხდის ოჯახს დროებით ქირის ფულს, ასევე გადასცემს სამასალე ხე-ტყეს. ხულოს მერიამ ქირის სახით სახლის დაწვის გამო დაზარალებულებს ბოლო სამ წელიწადში 17 450 ლარი გადაუხადა.

  • რას აპირებს ხულოს მერია

ხულოში სახანძრო სამსახური მხოლოდ დაბაშია. ზაფხულობით ერთი მორიგე მანქანა დგას კურორტ „ბეშუმში“. რამდენიმე დღის წინ კი საპილოტე პროექტი „მოხალისე“ აამუშავეს ღორჯომის თემში და სოფელს სახანძრო ავტოცისტერნა გადასცეს.

ხულოდან მუნიციპალიტეტის ყველაზე შორ სოფლამდე, სოფელ ბაკომდე, 40 კილომეტრია, დაახლოებით 1 საათისა და 30 წუთის გზა. ამ დროში სახლი მთლიანად დაიწვება.

„ბათუმელებმა“ ხულოს მერიას მიმართა და ჰკითხა, გეგმავს თუ არა მუნიციპალიტეტი ერთგვარი შუამავლის როლის შესრულებას მოსახლეობასა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს შორის.

ხულოს მერიიდან გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ღორჯომის თემში მოგვარდა პრობლემა, მოგვიანებით კი, შესაძლოა, სხვა თემებშიც დაინერგოს მსგავსი პროექტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: