მთავარი,სიახლეები

ისპაჰანში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია – ელენე ფერეიდნიდან

16.12.2022 • 2819
ისპაჰანში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია – ელენე ფერეიდნიდან

დიზაინერი და კალიგრაფი ელენე იოსელიანი ფერეიდნიდანაა. საქართველოში პირველად 15 წლის წინ ჩამოვიდა, როცა გამოფენაზე მოიწვიეს ნამუშევრების ჩამოსატანად. ახლა ისპაჰანში ცხოვრობს და ოცნებობს ოდესმე საქართველოში გადმოვიდეს საცხოვრებლად.

„პირველად ქართული ანბანის ნიმუშების გადმოწერა და დამუშავება მამაჩემის ქართული ენის წიგნებიდან დავიწყე. ეს მისი საჩუქრები, სუვენირები იყო.

ქართული ასოების მოხაზვა რომ დავიწყე სილამაზემ წამიღო, თითქოს ხაზები ჩემ თვალწინ ცეკვავდნენ. ლაპარაკი მანამდეც ვიცოდი, ბებია და ბაბუა საუბრობდნენ ქართულად. მამა ძალიან ადრე დავკარგე, 7 წლის ვიყავი, მაგრამ ჩემ გვერდით დარჩნენ დედა და ფერეიდნელი ქართველები. 50 წლის ვარ, მეუღლე და ერთი შვილი მყავს.

ჯერ კიდევ მანამ, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი პირველად, ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე ჩამოდიოდა ფერეიდანში. მან მოაწყო ჩემი ერთ-ერთი გამოფენა საქართველოში.

ქართულად წერა-კითხვა გვიან ვისწავლე, საიდ მულიანის გაკვეთილებზე“, – ამბობს ელენე.

ელენე ისპაჰანში გრაფიკის, ლოგოს და პლაკატის დიზაინზე მუშაობს. ილუსტრირებული აქვს სპარსულენოვანი საბავშვო წიგნები და ჟურნალები.

თხუთმეტი წლის განმავლობაში ელენემ საქართველოში არაერთი გამოფენა გამართა, რომლის ორგანიზატორიც ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე იყო. გამოფენების მთავარი თემა სხვადასხვა დროს ქართული ანბანის დიზაინი იყო. ელენეს გამოფენა მოეწყო თურქეთშიც, ქართველოლოგიის ცენტრსა და თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტში.

ელენემ შექმნა ქართული ფონტის შვიდი ნიმუში, რომელიც ბეჭდვისას უკვე გამოიყენება. ქართული ასოების დიზაინით პარიზში ტიპოგრაფიის კონკურსშიც მონაწილეობდა.

ელენეს ნამუშევრები ხელმისაწვდომია თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

„ისპაჰანში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია. ისტორიულ სამშობლოზე სიტყვებით ვერ ვსაუბრობ, მხოლოდ გული გრძნობს რა არის საქართველო. ირანში, ფერეიდანში ყველამ იცის ჩემი დიდი ბაბუის, სეიფოლა ხან იოსელიანის შესახებ, საქართველოს სიყვარული მასაც წინაპრებმა შთაუნერგეს, ასე იყო ყოველთვის ფერეიდანში“, – ამბობს ელენე.

ელენე იოსელიანის გამოფენის პოსტერი

ქართველოლოგი ნათია ფუტკარაძე გვიყვება, რომ სეიფოლა ხან იოსელიანი ცნობილი ქართველი იყო ირანში, მდიდარი ოჯახის შვილი, ფერეიდანში მცხოვრები ქართველებისთვის მას ბევრი აქვს გაკეთებული:

„სეიფოლა ხალხის სამსახურში იყო, ყველამ იცის ფერეიდანში, როგორ შეხვდა ის რეზა შაჰს და თავისი იდეები, აზრები გაუზიარა. ირანის შაჰმა დააფასა ამ გონიერი ადამიანის მოსაზრებები და მსახურებს უბრძანა, სეიფოლასთვის მისი წონა ოქრო ებოძათ.

სეიფოლამ უარი თქვა ოქროზე და ირანის შაჰს სანაცვლოდ სხვა რამ სთხოვა. ძალიან გაუკვირდა ამხელა სიმდიდრეზე სეიფოლას უარი შაჰს და მას სურვილის ასრულებას დაჰპირდა. სეიფოლა ხანის სურვილი იყო ფერეიდანში სკოლა დაეარსებინა, ითხოვდა გაეგზავნათ რამდენიმე მასწავლებელი და ექიმი ფერეიდნელების დასახლებაში, ითხოვდა ასევე შემოეღოთ ფერეიდანში დაბადების მოწმობისა და გვარის რეგისტრაცია.

ძალიან გაუკვირდა ირანის შაჰს სეიფოლა ხანის ეს მოკრძალებული, მაგრამ პრინციპული თხოვნა და ყველაფერი შეუსრულა. ფერეიდნელებისთვის სეიფოლა ძალიან მნიშვნელოვანი ქართველია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იქაურების განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის, იდენტობის შენარჩუნებისთვის“, – ამბობს ქართველოლოგი.

სეიფოლა ხან იოსელიანი/ფოტო: ფერეიდნის ბიბლიოთეკის საცავიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: