მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას სრულყოფილად ვერ აკონტროლებდა – „გამჭვირვალობა“

19.12.2022 • 947
უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას სრულყოფილად ვერ აკონტროლებდა – „გამჭვირვალობა“

„2021-2022 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს არ იყენებდა და აჭარის მთავრობას სრულყოფილად ვერ აკონტროლებდა“ – ნათქვამია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც დღეს, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის ანგარიში მოიცავს მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს მუშაობას – 2020 წლის არჩევნების შედეგების ცნობიდან 2022 წლის 13 ივლისის მდგომარეობით და მისი მიზანია აჭარის მთავრობის კონტროლის მექანიზმების ანალიზი. ეს მექანიზმები განსაზღვრულია აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ  აღნიშნულ პერიოდში აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვერ განახორციელა აჭარის მთავრობის საქმიანობის ეფექტიანი, პროაქტიული და ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი კონტროლი; არ გამოავლინა პოლიტიკური ნება, შეისწავლოს საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობა და მათი გავლენა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე; უმაღლესი საბჭო არ სწავლობს გაწეული ხარჯების კანონიერებას, ბიუჯეტში თანხების აუთვისებლობის მიზეზებს და არ ცდილობს, გაითვალისწინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ხარვეზები.

ორგანიზაციის ცნობით, წინა პერიოდთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გაგზავნილი სადეპუტატო კითხვების რაოდენობა. თუმცა რეგლამენტით გათვალისწინებული ამ შესაძლებლობით საბჭოს წევრთა მხოლოდ 25%-მა ისარგებლა, ანუ საბჭოს  21 წევრიდან მხოლოდ 5-მა ისარგებლა სადეპუტატო შეკითხვით, 21 შეკითხვის ავტორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 3 წევრი იყო, ხოლო 20 კითხვის ავტორი – „ქართული ოცნების“ 2 წევრი.

„გამჭვირვალობა“ შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის საქმიანობის შეფასებისას გამოიყენა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ხოლო სხდომის თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ „პროცესის ნორმალიზებისთვის არ გამოიყენა რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმები, რომ მთავრობის თავმჯდომარეს შეეწყვიტა შეუსაბამო ლექსიკა და ემსჯელა მსხვილი პროექტების შესრულების გაჭიანურების, ბიუჯეტის გასაცემლების გაუხარჯაობის მიზეზების, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური, განათლების და სხვა სფეროს პრობლემების უკეთ მოგვარების გზებზე“.

„გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ უმაღლესმა საბჭომ უფრო აქტიურად და სრულად უნდა გამოიყენოს კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც მას მიანიჭა აჭარის კონსტიტუციამ, კონსტიტუციურმა კანონმა და რეგლამენტმა; საბჭოს დეპუტატებმა და ფრაქციებმა უფრო ხშირად უნდა დაიბარონ თანამდებობის პირები, ასევე ხშირად უნდა გამოიყენონ ინტერპელაციის მეთოდები, „მინისტრის საათის” ჩატარებამდე კი შესაბამის მინისტრს წინასწარ უნდა გაუგზავნონ კითხვები, სხვა შემთხვევაში, რეგლამენტის თანახმად, მინისტრს უშუალოდ სხდომაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება არ აქვს.

„უმაღლესი საბჭო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს აუდიტის სამსახურის მიერ ბიუჯეტის შესრულების შეფასების დოკუმენტებში გამოვლენილ ხარვეზებს და პროაქტიულად გამოითხოვოს ინფორმაცია პროექტების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ;

უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ფრაქციებმა და კომიტეტებმა მთავრობისა და ცალკეული სამინისტროების ეფექტიანი კონტროლისთვის უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან, რათა სრულყოფილად შეისწავლონ ავტონომიური რეგიონის მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები, მათ შორის მთავრობის სხვადასხვა უწყების არასათანადო მუშაობით გამოწვეული საჭიროებები“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში.

________________

ფოტო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: