მთავარი,სიახლეები

გაშლილი ხელის ჩარტყმა მწარეა თუ მუშტის? უკრაინამ უნდა შექმნას დამრტყმელი დაჯგუფება – ინტერვიუ

16.12.2022 • 1867
გაშლილი ხელის ჩარტყმა მწარეა თუ მუშტის? უკრაინამ უნდა შექმნას დამრტყმელი დაჯგუფება – ინტერვიუ

„გაშლილი ხელით უფრო მწარედ დაარტყამთ, თუ მუშტით?“ – კითხულობს გადამდგარი გენერალი, როცა მას ვთხოვეთ განემარტა: რამდენად შეიძლება წარმატებას მიაღწიოს უკრაინამ პატარ-პატარა კონტრშეტევებით?

„ომის ერთ-ერთი კანონია მასირება… უკრაინამ უნდა გაიჭირვოს და შექმნას დაჯგუფება, რომელიც იქნება დამრტყმელი დაჯგუფება,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მას ვესაუბრეთ კიევზე შეტევის განახლების რისკზე, რასაც ზალუჟნიც არ გამორიცხავს. გადამდგარი გენერალი ამ ეტაპზე ნაკლებად ელის, რომ რუსეთმა კიევს ისევ შეუტიოს. მისი დაკვირვებით, რუსეთი უფრო  საგაზაფხულოდ ემზადება.

ამასობაში კი, უკრაინელები აშშ-ში გადამზადებული ჯარისკაცების უკან დაბრუნებას ელიან, ასევე ახალ აღჭურვილობას. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ამით უკრაინა გარდატეხას ვერ შეძლებს, მაგრამ ის „დამრტყმელი დაჯგუფებას“ შექმნის.

„მე ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად მარიუპოლი მეჩვენება,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რამდენად ხედავთ რუსეთისგან შეტევის განახლების წინაპირობას ამ ეტაპზე? ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ბოლო ინფორმაციით, „პუტინი, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულამდე განახლებული შეტევის საფუძველს ამზადებს, რათა უკრაინა აიძულოს დათმობაზე წავიდეს…“ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნიც ამბობს, რომ რუსები 200 ათასამდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ და ეჭვი არ ეპარება, რომ კვლავ შეუტევენ კიევს.

თქვენთან ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ რუსებმა მოამზადეს 300-ათასკაციანი რეზერვი, საიდანაც 80 ათასამდე უკვე შესულია ბრძოლაში, სხვები კი, მომზადებას გადიოდნენ. ამას ემატება სავალდებულო-სამხედრო სამსახურის 125-130000 სამხედრო, როცა საშემოდგომა გაწვევა დაიწყო. ალბათ თვენახევარში ისინიც მზად იქნებიან, რომ შეუერთდნენ ამ საომარ მოქმედებებს. ალბათ ახლა უფრო საუბარია 200-ათასიანი დაჯგუფების შექმნაზე, რომელმაც შესაძლოა კონკრეტული მიმართულებით კონკრეტული დარტყმა განახორციელოს. ყველა ვარაუდით, მსგავსი დაჯგუფება ბელარუსიაში უნდა შეიქმნას, რისი ფაქტებიც ჯერ არ ფიგურირებს – არ ჩანს ნიშნები, რომ ეს დაჯგუფება ამ ეტაპზე იქმნება.

არა მგონია, რომ გაზაფხულამდე რუსეთმა რამე მნიშვნელოვანი დაიწყოს. ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე იქნება გარდატეხის ნიშნები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გარდატეხის ნიშნები იქნება უკრაინის მხრიდან.

კიევზე ხელახლა შეტევისთვის კი, რუსეთს სჭირდება დარტყმითი დაჯგუფების ჩამოყალიბება, ამის შექმნა ფარულად ცოტა საეჭვოდ მეჩვენება. ვიცით, რომ ამ პროცესს აკვირდება, როგორც უკრაინის დაზვერვა, ასევე მისი პარტნიორი ქვეყნები.

  • თუმცა ბელარუსში გააქტიურდა რუსეთი წვრთნებით. რა როლი შეიძლება შეიძინოს ამ ეტაპზე ბელარუსმა? ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, „ბელორუს-უკრაინის საზღვრის მახლობლად არსებული რელიეფი მანევრირებადი ომისთვის არ არის ხელსაყრელი“.

ომის კვლევის ინტიტუტის პატივცემულ ექსპერტებს ვერ დავეთანხმები: ჯერ ერთი ლანდშაფტი და არა რელიეფი. რელიეფი ხმელეთის ფორმებია, რაც მაგ მიმართულებაზე სწორედაც რომ ხელს უწყობს მანევრულ მოქმედებებს. აქ პრობლემაა ხშირი ტყის მასივები. ასე ეგონათ მოკავშირეებს, რომ გერმანელები კონტრადარტყმას ვერ განახორციელებდნენ არდენების მიმართულებაზე, ამბობდნენ, რომ ტერიტორია არ შეესაბამება მანევრული ომის წარმოებას, მაგრამ მოახერხეს გერმანელებმა იქ არსებული ტყის მასივების გამოყენება, დაარტყეს კიდეც მოულოდნელად და გარკვეული დროით ქაოსიც გამოიწვიეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ტყიანი რაიონებია, მაგრამ გაუვალი არსად არაფერი არ არის. მსგავს სიტუაციაში კონტრდარტყმა განახორციელეს გერმანელებმა ტანკებით, თოვლში, რაც სრული სიურპრიზი იყო მოკავშირეთა ძალებისთვის. ის, რომ იმ მიმართულებაზე არსებულ ბელორუსია – უკრაინის საზღვრის მონაკვეთზე გაუვალი ტყეებია და რუსები მას არ გამოიყენებენ საომარი მოქმედებებისთვის, არაა მართებული. მანევრსაც გააჩნია, რომელ დონეზეა საუბარი: ტაქტიკურ დონეზე, თუ ოპერატიულ დონეზე. თანაც, არ იქნება მანევრული ფართომასშტაბიანი ოპერაცია, იქნება ცალკეულ მიმართულებებზე სოლისებური შეჭრა და დაცვის დაქსასვა… გეოგრაფია ამ შემთხვევაში ორივე მხარისთვის ნეიტრალურია ოპერატიულ დონეზე, მთავარია როგორ გამოიყენებ მას.

  • აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების დაკვირვებით, რუსეთის მხრიდან შემოჭრის მარშრუტები ბელორუსიდან კიევზე თავდასასხმელად შესაძლოა გავიდეს ჩერნობილის დახურულ ზონაში არსებულ ვიწრო გასასვლელებზე. რამდენად რეალურია თქვენთვის ეს ვერსია?

ყველაფერი შესაძლებელია გამოიყენოს რუსეთმა. გასაგებია, რომ ჩერნობილი ყველაზე ახლო მიმართულებაა, თანაც, ერთხელ უკვე გაიარეს რუსებმა, თუმცა უკრაინელებმაც გააკეთეს შესაბამისი დასკვნები და ზღუდეებიც აღმართეს.

ჩემი აზრით, სადაც არის შესაძლებელი, რომ ფარულად მოხდეს მიახლოება, ყველაზე სუსტი ორგანიზება სადაც ექნება უკრაინას, წესით იქ დაარტყამს. ასევე მნიშვნელოვანია მოულოდნელობის ეფექტის შექმნა.

  • კიევზე დარტყმის მოლოდინი რატომ გაჩნდა, თქვენი დაკვირვებით? ზალუჟნიც არ გამორიცხავს ამას. 

ვერ გეტყვით. შესაძლოა, ასე თქმაც სჯობია იმიტომ, რომ მეტი დახმარება მიიღო დასავლეთიდან, რომ თუნდაც კიევი უფრო მეტად იყოს დაცული. ეს ასეც უნდა იყოს. მე ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა ისევ კიევის მიმართულებაზე განახორციელოს დიდი შეტევა. რა თქმა უნდა, ზალუჟნიმ უკეთ იცის – უკრაინელებს ჰყავთ დაზვერვა, ოპერატიული შტაბი და აქვთ გათვლები, მე ჩემი გადასახედიდან ვამბობ, რომ არ ჩანს ნიშნები, რაც აჩვენებს რუსების მომზადებას კიევზე დარტყმისთვის.

  • ის, რომ რუსები ამ დრომდე ბახმუტში არიან კონცენტრირებული, თუმცა დაახლოებით 100 – 200 მეტრით მიწევენ წინ, ეს რას აჩვენებს?

აჩვენებს იმას, რომ აპირებენ დასახული მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამოიყენონ. ბახმუტი – სოლიდარის მონაკვეთს იცავს საჰაერო მოიერიშე ძალების 71-ე ეგერების ბრიგადა, 24 და 53-ე მექანიზირებული ბრიგადა, ასევე მოხალისეთა დანაყოფები და ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ის კარგად არის დაცული. გასაგებია, რომ  რუსები 100 მეტრით მიიწევენ წინ, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ეს ხდება დაახლოებით 3 – 4 თვის განმავლობაში, რა სიღრმე გამოდის?

ბახმუტის ქალაქის შემოგარენშია უკვე ეს ბრძოლები. შესაბამისად, უკრაინამ უნდა გათვალოს, რამდენად უღირს ბახმუტის დაცვა და იქ დანაკარგების მიღება. გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური დატვირთვის მქონე მიმართულება, საკრალურია უკვე ეს ქალაქი, პუტინსაც უნდა, რომ ბახმუტის აღება გაპიარდეს რუსეთის დიდ გამარჯვებად, მაგრამ პოლიტიკურის გარდა, ოპერატიულ გათვლებსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა…

უკრაინელები ხარჯავენ იქ ძალიან ბევრ ძალას და საშუალებას. ამ დროს სხვაგან ვეღარ უტევენ რუსებს, მობილიზებულები არიან ძირითადად ბახმუტის დაცვაზე. რუსეთის მიზანია ისიც, რომ მაქსიმალურად დაახარჯვინოს უკრაინას შესაძლებლობები. მათ აქვთ ეს პოლიტიკური ამოცანა და ყველა საშუალებით ცდილობენ, რომ მიაღწიონ. მიაღწევენ თუ ვერა, სხვა თემაა. ჯერჯერობით იქითკენ მიდის საქმე, რომ ბახმუტში ამას აღწევენ.

  • გვითხარით საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის შესახებ. თუ ეს აღჭურვილობა გადასცეს უკრაინას, ამან რამდენად შეიძლება შეცვალოს ომის მიმართულება?

ეს არის ანტისარაკეტო სისტემა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემად გამოყენებაც. აქ ძირითადი ამოცანაა იმ სტრატეგიული ობიექტების დაცვა, რასაც რუსეთი ბომბავს. შესაბამისად, ეს არის თავდაცვითი იარაღი და არა შეტევითი. ამით ირიბად იზრდება შეტევითი შესაძლებლობებიც – როცა ზურგში დაცული ხარ, შეტევაც შეგიძლია უფრო თავისუფლად უზრუნველყო, მაგრამ ამით შეტევითი პოტენციალი უკრაინას მნიშვნელოვნად არ ემატება.

  • რა აღჭურვილობასაც დასავლეთიდან აწვდიან უკრაინას, ეს ვერ ქმნის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შესაძლებლობას? 

ჯერჯერობით ასეა, თუმცა გამოჩნდა ნიშნები, მაგალითად, გერმანია იწყებს ქარხნის ამუშავებას, რომელიც ჭურვებს გამოუშვებს უშუალოდ უკრაინისთვის, ასევე იზრდება უკრაინელების სამხედრო მომზადების შესაძლებლობები, ამაში ჩართული არიან აქტიურად ამერიკელი პარტნიორები. გარკვეული ნიშნები არის, მაგრამ ის, რომ მასიურად მიიღოს უკრაინამ შეტევითი შესაძლებლობები, ჯერ ეს არ ჩანს.

  • „რუსეთმა SS-26 „ისკანდერების“ საკუთარი მარაგი მთლიანად ამოწურაო“ – ეს ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაა. წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ ზუსტი დამიზნების იარაღი არა, მაგრამ რუსეთს უხვად აქვს საბჭოთა პერიოდის საჰაერო თავდასხმის საშუალებები. რამდენად ჩაანაცვლებს საბჭოთა „ისკანდერებს“ ირანული დრონები?

დრონი ბალისტიკურ რაკეტას ვერ ჩაანაცვლებს, მისი შესაძლებლობები აბსოლიტურად სხვადასხვაა. რუსეთს რომ ამოეწურა სახმელეთო ბაზირების „ისკანდერის“ რაკეტები, ეს ფაქტია, ამიტომაც, ძირითადად საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტებს იყენებს. რუსებს S-300-ებიც ბლომად აქვთ და მის გადაკეთებას განაგრძობენ „ხმელეთი-ხმელეთის“ რაკეტებად, ასევე „X” კლასის საბჭოთა პერიოდის ფრთოსანი რაკეტებიც აქვთ ბლომად.

გასათვალისწინებელია, რომ საარტილერიო საშუალებებს აქვთ ცვეთა, რაც მოითხოვს გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ჩანაცვლებას. თუმცა რუსეთს აქვს დარჩენილი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან საარტილერიო შესაძლებლობებიც. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ რუსეთს ირანთან აქვს მოლაპარაკებები და საუბარია იმაზე, რომ რუსები SU-35-ებს მისცემენ ირანს შეიარაღების სანაცვლოდ. არ არის გამორიცხული, რომ ამ შეიარაღებაში „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებიც იყოს ირნული წარმოების.

  • პუტინის პრესმდივნის, პესკოვის კომენტარი აჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნები ომში უცვლელია: რუსეთი კვლავ ცდილობს დაამყაროს კონტროლი მთელი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. თქვენი დაკვირვებით, რა არის პესკოვის გზავნილი, როცა ის ამბობს, რომ „ტერიტორიების გასათავისუფლებლად კიდევ ბევრია სამუშაო“?

როგორც ცნობილია, რუსებს ხერსონის დათმობა მოუწიათ და ხერსონის რაიონი არ აქვთ მთლიანად დაკავებული, ზაპოროჟიეც არ არის მთლიანად ოკუპირებული. შესაბამისად, როცა განაცხადა პუტინმა, რომ კონკრეტული რაიონები შეიერთა, ეს გულისხმობს ადმინისტრაციულ რაიონებს და ამ დროს ადმინისტრაციული რაიონებიდან არ არიან გასული. ერთადერთი, ლუგანსკში არიან გასულები ადმინისტრაციულ საზღვარზე, ისიც ნაწილობრივ. ეს იგულისხმებოდა ალბათ პესკოვის განცხადებაში, თორემ რუსეთი რომ აპირებს დაკავებული ტერიტორიების დაცვას, ეს ფაქტია.

  • რა შეიძლება მოჰყვეს სამხედროების ღია კრიტიკის გააქტიურებას რუსეთში? პუტინს საჯაროდ აკრიტიკებენ ე.წ. დნრ-ის ვეტერანები, რადგან რუსეთმა ვერ შეძლო დონბასის „დაცვა“. მაგალითად, დნრ-ის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ სტრელკოვ-გირკინი აკრიტიკებს პუტინის 9 დეკემბრის განცხადებისთვის, რომ „სპეცოპერაცია მიმდინარეობს სტაბილურად“. გირკინის თქმით კი, „მხოლოდ პუტინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევენ ომს წარმატებულად“. 

არ ვიცი, რამდენად გააქტიურდნენ, რადგან გირკინი თავიდანვე აკრიტიკებდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, შოიგუს – განსაკუთრებით. უფრო ადრე რუსი გენერლების წერილიც იყო პუტინის მიმართ ომის შეწყვეტის მოთხოვნით, მაგრამ ფაქტია, რომ ომი მიმდინარეობს.

მობილიზაცია შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით განახორციელეს რუსებმა. კიდევ ერთ მობილიზაციას თუ განახორციელებს მომავალ წელს, უკვე მილიონიანი არმია ეყოლება რუსეთს. მე ვერ ვხედავ ომის საწინააღმდეგო რამე განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ამ ეტაპზე რუსეთში. მით უმეტეს, თუ წარმატებას მიაღწევს რუსეთი სოლედარის, ან ბახმუტის მიმართულებით, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს რუსების სულისკვეთებას, რომ ომი გააგრძელონ.

  • რუსეთის ძალები აგრძელებენ ფრონტის ხაზის გასწვრივ ვრცელი თავდაცვითი პოზიციების მშენებლობას, რისთვისაც მნიშვნელოვან ძალისხმევას იღებენ. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის შეფასებით, „რუსული კონსტრუქციები მიჰყვება გამაგრების ტრადიციულ სამხედრო გეგმებს, რომლებიც ძირითადად უცვლელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი კონსტრუქციები, სავარაუდოდ, დაუცველი იქნება თანამედროვე, ზუსტი დარტყმების მიმართ“. თქვენი დაკვირვებით, რატომ არჩია რუსეთმა ისევ ძველი მეთოდით თავდაცვა?

ერთხელ აღვნიშნე თქვენთან, რომ რუსეთმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა ეომა ამერიკულად.

არის ის მოცემულობაც, რომ ფორთიფიკაცია როცა ეწყობა ბეტონით, სრული პროფილით, მას აქვს გარკვეულწილად ამაღლებული მდგრადობა, ესეც ერთ- ერთი საშუალებაა დაცვისთვის და თანაც, მხარეთა შეხების მთელ სიგრძეზე კეთდება ეს ფორთიფიკაცია: ტანკსაწინაარმდეგო თხრილები, ბოძკიტები,
ბუნკერები, დზოტები, დოტები, ტრანშეები, ტანკების ბეტონირებული საცეცხლე წერტილები. ადვილი გადასალახი ეს არ ქნება.

  • რამ შეიძლება შეცვალოს პოზიციური დაპირისპირების დინამიკა, რაც ახლა არის ფრონტის ხაზზე?  

ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ბახმუტი-სოლედარის მიმართულება, სადაც ომობენ „ვაგნერის“ დანაყოფები. ეს დანაყოფი ყველაზე ბრძოლისუნარიანია, ამ მებრძოლებს 3 ათასი დოლარი ხელფასი აქვთ, ეს დღევანდელ რუსეთში მნიშვნელოვანი თანხაა. თანაც, როცა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს მებრძოლი, ის 5 ათას დოლარს იღებს.

არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ 23000-ზე მეტი მსჯავრდებულია გამოშვებული ციხიდან და ბევრ მათგანს დასაკარგი ბევრი არაფერი აქვს.

  • ის უკრაინელი მებრძოლები როდის დაუბრუნდებიან უკრაინას, რომლებსაც აშშ-ში ამზადებენ? 

ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამერიკელები ამზადებენ დაახლოებით 2500 კაცს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთი ბრიგადა. ერთი ბრიგადა ოპერატიულ დონეზე ძირეულ ცვლილებას ვერ შეიტანს. ჯარების მცირე-მცირე შეყვანით, იგივე ბახმუტის მიმართულებაზე, არა მგონია, უკრაინამ შეძლოს გარდატეხის შეტანა. უკრაინამ შესანიშნავად იცის საკუთარი და მოწინააღმდეგის შესაძლებლობები.

ჩემი აზრით, უკრაინამ უნდა გაიჭირვოს და შექმნას სრულყოფილი დაჯგუფება, რომელიც იქნება დამრტყმელი დაჯგუფება. ეს უნდა გამოიყენოს უკრაინამ მძლავრი დარტყმისთვის კონკრეტულ მიმართულებაზე. ჩემი აზრით, ეს მიმართულება უნდა იყოს მარიუპოლი – აზოვის ზღვის  მიმართულება.

  • რატომ მარიუპოლი? 

იმიტომ, რომ აქ ყველაზე ვიწროა რუსების თავდაცვის სიღრმე და სიმკვრივე. ასევე აზოვის ზღვის ფაქტორი მომარაგებას გაურთულებს რუსეთს, მათ მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეუძლიათ უწყვეტად მოამარაგონ… ეს მე ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად მეჩვენება, მაგრამ ამას ალბათ რუსებიც ხვდებიან. ამიტომ შესაძლოა, სხვა მიმართულებაც გამოიყენოს უკრაინამ, მაგალითად, ხარკოვის მიმართულება.

პატარ-პატარა კონტრშეტევების გზით რამდენად შესაძლებელია უკრაინის წარმატება? თქვენ ძირითადად საუბრობთ ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე.

ომის ერთ-ერთი კანონია ძალისხმევის კონცენტრირება. წარმოიდგინეთ, გაშლილი ხელით უფრო მტკივნეულად დაარტყამთ, თუ მუშტით? შესაბამისად, უნდა იყოს ვიწრო ფრონტზე დიდი მასით აქცენტირებული დარტყმა, რათა გაიხლიჩოს რუსების დაცვის სისტემა, დაცალკევდეს და ნაწილ-ნაწილ განადგურდეს. შეიძლება წარმატების მიაღწევა უკრაინის მიერ მთელ ფრონტზე ცალ-ცალკე მოქმედებებითაც, მაგრამ ეს მოითხოვს მეტ დროს, თანაც წარმატება უფრო ბუნდოვანია. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც იქნება უფრო ეფექტური.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: